რეკლამა

აჯამეთის აღკვეთილი

იმერეთი – მრავალფეროვანი და მრავალმხრივ საინტერესო კუთხე, უძველესი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მღვიმეებით, ჩანჩქერებით, დინოზავრის ნაკვალევით, ტაძრებით, საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით. იმერეთის გულში, ქუთაისიდან, სულ რაღაც 15 კილომეტრში, ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, აჯამეთის აღკვეთილი მდებარეობს.
ულამაზესი პეიზაჟები, უნიკალური მუხნარი, საინტერესო ველური ბუნება – აჯამეთის აღკვეთილში საოცარ გამოცდილებას შეიძენ.

აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1946 წელს დაარსდა, 2007 წლიდან კი აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა. მისი შექმნის მიზანი იშვიათი სახეობების – იმერეთის მუხისა და ძელქვის შენარჩუნება იყო. სწორედ, აჯამეთის მუხნარი ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმერეთის კლიმატის გაუმჯობესებაში და შეგვიძლია იმერეთის ფილტვები ვუწოდოთ.
5000 ჰექტრამდე გადაჭიმული უნიკალური ტყის კორომები იმდენად ძველია, ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტსაც ითვლის და საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, უკვე მრავალი წელია, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, აქტიურად მიმდინარეობს მისი აღდგენა- შენარჩუნების ღონისძიებები.

აჯამეთის აღკვეთილს კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნნია, რასაც ქუთაისთან და თბილისი-ქუთაისის მაგისტრალთან სიახლოვე მნიშვნელოვნად განაპირობებს. აღსანიშნავია, ქუთაისის აეროპორტის ხელსაყრელი მდებარეობაც, განსაკუთრებით მისი ყოველწლიური განვითარების ფონზე.
ამ შესაძლებლობების გათვალისწინებით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 1 წელია დაიწყო აჯამეთში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მდიდარი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აჯამეთის აღკვეთილი ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს ელის. ზამთარში  დათოვლილი უზარმაზარი ხეები, გაზაფხულზე ყვავილობის პერიოდი, შემოდგომის ფოთოლცვენა და ზაფხულის გრილი სიო ასწლოვანი ხეების ჩრდილში დაუვიწყარი მოგონებების შექმნის ადგილია.

ლაშქრობის მოყვარულთათვის 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა, რომლის შემოვლა როგორც ფეხით, ისე ველოსიპეტით თუ ცხენით იქნება შესაძლებელი. ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება მოგზაურობა დაიწყოს სოფელ ვარციხეში მდებარე აჯამეთის ადმინისტრაციის შენობიდან, გაუყვეს სოფელ საიმედოსკენ სამხრეთ-დასავლეთით, და უკან დაბრუნეს ისევ სოფელ ვარციხის ადმინისტრაციულ ცენტრში.
აღსანიშნავია აჯამეთის აღკვეთილის რელიეფი, რომელიც ძალიან მარტივს ხდის მარშუტს და სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა ექნება ბილიკს ესტუმროს.
აჯამეთის აღკვეთილი არაჩვეულებრივი ადგილია ოჯახური პიკნიკის მოსაწყობად თუ კარვებით სამოგზაუროდ. ცეცხლის დასანთებად განკუთვნილი სივრცეები განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის და ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებს.

ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები აჯამეთის აღკვეთილში წლის ბოლოს დასრულდება და პირველ ვიზიტორს მიიღებს.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები