რეკლამა

სათევზაო ტურიზმი

სათევზაო ტურიზმს ბოლო დროს ბევრი მიმდევარი გაუჩნდა და ყველა ქვეყანა თავისებურად ანვითარებს ტურიზმის ამ მიმართულებას. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო, ჩემი აზრით, ამ კუთხით ევროპის ყველაზე მოწინავე ქვეყანა სლოვენია, რომელმაც ბოლო 10 წელია ლიდერთა სიაში გადმოინაცვლა და მილიონობით შემოსავალს ითვლის. სლოვენია – საქართველოზე 3 ჯერ პატარა ქვეყანა. მდინარეების რაოდენობა: სლოვენია – 323 მდინარე. საქართველო – 26 000-ზე მეტი მდინარე. როგორ მოახერხა ასეთმა პატარა ქვეყანამ ლიდერთა შორის მოხვედრა? ჩემი აზრით, მათ წინაშე შეუძლებელი ამოცანა არ მდგარა. მონდომებითა და სწორი რეგულაციებით საკმაოდ სწრაფად განავითარა ტურიზმის ახალი მიმართულება და დღეს სლოვენია, ამ დარგის მიხედვით, ევროპაში ლიდერია.

როგორ ხდება სლოვენიაში ?
სპორტული თევჭერა ფასიანია, რაც ასევე შემოსავალია ქვეყნისთვის; შემოსავალი, რომელიც თევზის პოპულაციის აღდგენას ხმარდება. 1 დღიანი ლიცენზია, „დაიჭირე გაუშვის“ პრინციპით თევზაობისათვის, 68 ევრო ღირს.

მეთევზეთა 95% ჩასული უცხოელია. ეს ნიშნავს: მეთევზემ შეიძინა ლიცენზია, დაიჭირა თევზი, ფოტო გადაიღო და ისევ გაუშვა. გადახდილი თანხის ნაწილი ისევ თევზის გამრავლე-ბას მოხმარდა, რამაც  პოპულაციის კლება კი არა, მატება გამოიწვია. რაც მეტია ჭერის ობიექტი, მით მეტია მსურველი.

ასევე არსებობს ლიცენზია, რომელიც 1 ცალი თევზის ამოღებას ითვალისწინებს და ასეთი ლიცენზიის ფასი 78 ევროა.
რადგანაც სლოვენია დიდი ხნის ჩაბმულია სათევზაო ტურიზმში, მათ ლიცენზიის 2 სახეობა აქვთ: „დაიჭირე გაუშვისა“ და თევზის ამოღების ლიცენზია. ასევე, დაშვებულია მხოლოდ 1 სატყუარა, მხოლოდ სპორტული ნემსკავი. ლიცენზიანტს აქვს უფლება უფასოდ ათევზაოს 15 წლამდე მოზარდი მხოლოდ მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ დეტალებს განვიხილავთ, მივხვდებით, რომ მსგავსი ტურიზმის დანერგვით ქვეყანაში განვითარდა სათევზაო ტურიზმი. დაინერგა და განვითარდა სპორტული თევზჭერა. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. განვითარდა ბიზნესი და გაიზარდა თევზის პოპულაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშკარაა, რომ ქვეყანამ არაფერი დაკარგა და საკმაოდ დიდი მოგება ნახა ყველა კუთხიდან.
ასევე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სლოვენიამ ეს ყველაფერი შეძლო საკმაოდ მცირე დროში, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ თევზის ამოღებით ვიყავით დაკავებულები ნებისმიერი მეთოდით, ყოველგვარი ლიმიტირების გარეშე  ჩვენს  26 000 ზე მეტ მდინარესა და 860-მდე ტბაში. რაც დრო გადის, სიტუაცია მეტად კრიტიკული ხდება და გამოსავლის ძებნისთვის მხოლოდ დისკუსიები იმართება, საქმე კი რეალურად არ კეთდება. თამამად შემიძლია განვაცხადო რომ მსგავსი ქმედება შეცდომაა. დღეს ჩვენ ჯერ გვაქვს შემორჩენილი რესურსი, საიდანაც კიდევ შესაძლებელია მსგავსი ტურიზმის განვითარება და არა  წამოწყება. ბოლო 8 წელია ვმასპინძლობ თევზაობის მიზნით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს და მათ მდიდარ გამოცდილებასაც ვეცნობი სათევზაო ტურიზმის შესახებ. სწორედ ამ სტუმრების დამსახურებაა სტატიები მსოფლიოს წამყვან სათევზაო ჟურნალებში საქართველოს შესახებ. სხვა ქვეყნის სტატიაში თუ თევზაობაა მოყვანილი, ჩვენს შემთხვევაში სტატიის დასაწყისი ყოველთვის იწყება დიდი ისტორიის მქონე ლამაზი ქვეყნით, ულამაზესი მდინარეებით, ძალიან მეგობრული ხალხით, უგემრიელესი სამზარეულოთი და გამორჩეულად განსხვავებული ღვინის გემოთი.

 

საკმარისია, ქვეყანამ დაიჯეროს და ჩაებას მსგავს ტურიზმში, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს სულ მალე გავზარდოთ მეთევზე ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომელთა მთავარი ინტერესი მხოლოდ თევზის დაჭერა, ფოტოზე აღბეჭდვა და გაშვებაა. მართალია, ერთ სტატიაში კონკრეტული სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბება შეუძლებელია, მაგრამ, მერწმუნეთ, საკმაოდ ადვილი და სწრაფად მოსაგვარებელი საკითხი დგას ჩვენს წინაშე: სულ რამდენიმე თვეშია შესაძლებელი სათევზაო ტურიზმის დაწყება და მომდევნო წლიდან ვიზიტორთა აშკარა მატება გვექნება. საქართველოში გვაქვს დაცული ტერიტორიები, სადაც ულამაზესი მდინარეებია და, რაც მთავარია, თევზის პოპულაციაც მეტია. თუ სათევზაო ტურიზმის დაწყებით ასევე თევზის პოპულაციის მხარდაჭერაა საჭირო და სწორი რეგულაციებით პოპულაციის მატებას მივიღებთ, მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ შეიძლება დაცული ტერიტორიებიდან შერჩეული იქნას რამდენიმე ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება დავპატიჟოთ უცხოელი თუ ადგილობრივი მეთევზეები სათევზაოდ თევზის ბუნებიდან ამოღების გარეშე? რა თქმა უნდა, ჩვენში სათევზაო ლიცენზია  სლოვენიური საფასური არ უნდა ღირდეს. გაჩნდება თანხები, საიდანაც შესაძლებელი იქნება თევზის პოპულაციის მხარდაჭერა და ეტაპობრივად დავემსგავსებით ევროპულ ქვეყნებს, სადაც, მართალია, თევჭერა ფასიანია მაგრამ თევზის პოპულაცია სამაგალითოა. ევროპულ სტანდარტში მხოლოდ მოსაკრებელი კი არ იგულისხმება, არამედ თევზის დაცვაც. ასევე უნდა ხდებოდეს ჩვენთანაც, რადგანაც თუ არ შევებრძოლებით ბრაკონიერობას, მაშინ ნებისმიერი შრომა და რესურსი ფუჭად იქნება დახარჯული. ბრაკონიერობა არის დანაშაული, რომელიც აუცილებლად უნდა ისჯებოდეს კანონით. ბარბაროსული ბრაკონიერობა, მაგალითად: დენით, მოსაწამლი საშუალებით, ასაფეთქებელი ნივთიერებით და სხვა, აუცილებლად უნდა ისჯებოდეს უმკაცრესად სისხლის სამართლის კოდექსით და არა ლმობიერი მიდგომითა და მცირე ჯარიმებით. ბრაკონიერის დაჭერა, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და მოითხოვს ადამიანური რესურსების საგრძნობლად გაზრდას, თუმცა საკმარისია დეტალური ანალიზის გაკეთება და მარტივად მივხვდებით, რომ ბრაკონიერს ტყეში კი არა გასაღების ბაზარზე უნდა გაკონტროლება და როდესაც შეუძლებელი გახდება მასშტაბურად უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის გასაღება, მსგავსი ფაქტებიც ნაკლები იქნება. ე.წ. შავ ბაზარზე თუ ბრაკონიერული მეთოდით მოპოვებული თევზი ცოტა იქნება, აქ უკვე ავტომატურად ლეგალური საშენები გაჩნდება ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, რაც, დამეთანხმებით,  ყველა მხარეს მოგებას მოუტანს კანონდამრღვევი ბრაკონიერის გარდა, რომელთა თარეშმა კატასტროფული ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.

შოთა ჯოხაძე 
საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი
GEORGIAN FLY FISHING CLUB

ENG
… by development of fishing tourism in the country, sport fishing was introduced and also developed, the business opportunities grew and therefor new jobs were created, and same time the populations of fish increased…

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები