რეკლამა

ეპიზოდი ველური ბუნებიდან – ბრძოლა გადარჩენისთვის

ცხოველებისა და ბუნების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ოთხი წლის ასაკიდან, რაც მახსოვს, სიზმრებშიც სულ დათვებსა და მგლებს ვხედავდი. რვა წლიდან მარტომ დავიწყე ჩემი სოფლის ტყეებში ბოდიალი. მას შემდეგ ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ბოლოს ჩემი ყველა სამსახური და ჰობი მაინც ცხოველებს, მთასა და ბუნების შესწავლა-დაკვირვებას დაუკავშირდა.

წინა ექსპედიციიდან ერთი თვის დაბრუნებული ვიყავი, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ირმის პოპულაციას აღვრიცხავდით მყვირალობაზე. ორი კვირა იქ გავატარე და გული  მაინც იქით მიმიწევდა. თოვლის მოსვლას ველოდებოდი და, როგორც კი ამინდი აირია, მოსვენება დავკარგე. ნოემბრის ბოლო იყო. ამ დროს ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტული სეზონი იხურება და ვიცოდი, რომ ცხოველებზე შედარებით მშვიდად დაკვირვების საშუალება მექნებოდა. პირველ თოვლზე ისინი აქტიურად გადაადგილდებიან და გამოსაზამთრებელ ადგილებს ირჩევენ, შესაბამისად, მათ ნაკვალევზე დაკვირვებით ბევრი რამის გარკვევა შეიძლება. როგორც კი ამინდი გამოვიდა, დილის შვიდ საათზე უკვე ლაგოდეხში ვიყავი ჩემს ორ მეგობართან ერთად და ცხენებს ვამზადებდით მთაში წასასვლელად. თოვლის საფარის მიუხედავად, მაინც მივაღწიეთ თავშესაფრამდე, ცხენები გამყოლს უკან გამოვატანეთ და დავბანაკდით.
დილით ექვს საათზე ავდექით, ,,მეტეოზე“ თერმომეტრი -19 გრადუსს აჩვენებდა, ყინვა ძვალ-რბილში ატანდა, მაგრამ  ასვლა მაინც გადავწყვიტეთ. დიდი თოვლის კვალვასა და ყინვაში, როგორც ჩანს, დიდი ენერგია დავკარგეთ. დემიდოვის ნაშალებისკენ აღმართს უნდა შევყოლოდით, როცა ჯგუფის ერთი წევრი თოვლში წამოწვა, მითხრა, – ცოტას დავისვენებ და დაგეწევით, თან ცოტა მეძინებაო. ძილი რომ ახსენა – 20 გრადუსში, მივხვდი, რომ კი არ დაიღალა იყინებოდა. გადასამოწმებლად რამდენიმე კითხვა დავუსვი, თუ სად ვიყავით და საით მივდიოდით. პასუხები არაადეკვატური იყო, მაშინვე მხარში შევუდექი, მყუდრო ხეობაში ჩავიყვანე და თოვლში ამოშვერილი ხმელი დიყებისგან ცეცხლი დავანთე. ცოტა შოკოლადი მივეცი და მალე მოვიდა გონებაზე. გზას ვეღარ გავაგრძელებდით, თავშესაფრისკენ დავრუნდით და იმ ღამის ყინვაც როგორღაც გადავაგორეთ….
მეორე დღეს ისევ უთენია გავემართეთ დანიშნულების წერტილისაკენ. ამჯერად ორნი წავედით. დღე თავიდანვე კარგად დაიწყო. წინა დღის გაკვალულზე გზა გაგვიადვილდა. არყიანებს როგორც კი ავცდით, გზა ირმების კვალმა გადაგვიჭრა. კვალის მიმართულებას თვალი გავაყოლე და მალევე ტყეში შეფარებული ირმების ჯოგი ვიპოვე. რამდენიმე ფოტო გადავიღე ახალგაზრდა და ზრდასრული ინდივიდების იდენტიფიკაციისთვის, კოორდინატი მოვნიშნე და გზა გავაგრძელე, – გული ზემოთ, კლდეებისკენ, ჯიხვებთან მიმიწევდა. წყაროსთან შესასვენებლად გავჩერდით, ბნელი ხეობა და მიტოს სერი ბინოკლით მოვათვალიერე, ფერდობები ნაკვალევებით იყო დასერილი. ვჩქარობდი. მინდოდა, დემიდოვის ნაშალების დათვალიერება მომესწრო და გონგიჩაიშიც გადამეხედა ტელესკოპით. მძიმე ზურგჩანთა მოვიხსენი და ნაკვალევების შესამოწმებლად მიტოს სერისკენ გავუყევი თოვლიან ფერდობს. მალევე, ძალიან ახლოს, ბატკანძერმა ჩამიფრინა, მივხვდი, რომ ფოტოაპარატის გარეშე წასვლა სანანებელი გამიხდებოდა. უკან დავბრუნი, ჩანთიდან აპარატი ამოვიღე და ნაკვალევების მიმართულებით გავეშურე. ადგილზე მისულს მაწიმის ხეობიდან გადმოსული ირმების კვალი დამხვდა, ნაწოლებიც იყო, როგორც ჩანს, ღამე იქ გაეთიათ. ჯიპიესზე კოორდინატი ავიღე და უკან გამოვბრუნდი, თან მიდამოს აქტიურად ვათვალიერებდი,  თუ ჯიხვს არ დაასწარი და პირველმა შენ არ დაინახე, მორჩა იმ დღის წვალება, იმას ახლოდან ვეღარ ნახავ…
ღელეში კვალი შევნიშნე. მკვეთრად ეტყობოდა ღრმა თოვლში გაჭრილი არხი. გავლისას აუცილებლად შევამჩნევდი, რომ ყოფილიყო-მეთქი, – ვიფიქრე. მაშინვე თოვლში ჩავიმუხლე და მოპირდაპირე ფერდს მივაშტერდი. ნაკვალევს ისეთი გეზი ჰქონდა, რომ იქ უნდა გასულიყვნენ. გული ამიჩქარდა, კვალი ჯიხვისას ჰგავდა და ის რამდენიმე წამი, სანამ ჯიხვები გამოჩნდებოდნენ, საათად გამეწელა…
პირველი შუნი გამოჩნდა და რამდენიმე წამში ფერდზე ჯიხვების პატარა არვე გაიბაწრა (მწკრივად მიდიოდნენ). სიტუაცია უცბად შევაფასე და მივხვდი, ფოტოს გადასაღებად მხოლოდ ერთი შანსი მექნებოდა: ჯიხვებს პატარა კლდისთვის უნდა შემოევლოთ და ქედზე ამოსულიყვნენ. როგორც კი კლდეს მოეფარნენ, დრო ვიხელთე და გზა მოვუჭერი…
ჯიხვებს ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ პირდაპირ უნდა მომადგნენ. თოვლიდან თავი ფრთხილად ამოვყავი და სავარაუდო მარშრუტს ვუყურებ. ჩემი თავის აწევა იყო და, ჯიხვებიც ამოლაგდნენ, მწყობრი დაარღვიეს, ერთად შექუჩდნენ და სტვენა დაიწყეს. ეს ხმა ჯიხვების  განგაშის სიგნალია, როდესაც საფრთხეს შენიშნავენ. უკვე საკმაოდ ახლოს არიან, ორმოციოდე მეტრი მაშორებს. სასწრაფოდ რამდენიმე ფოტო გადავიღე. ვჩქარობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ შემამჩნიეს და სტვენაც მაგიტომ დაიწყეს, ამიტომ ვფიქრობდი, მალე კლდეებში გაუჩინარდებოდნენ, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ჯიხვებმა რამდენიმე მეტრით გზა კვლავ ჩემკენ გამოაგრძელეს. მივხვდი, რომ სხვა რაღაც ხდებოდა. მათ გამოვლილ გზას თვალი მოვავლე და მგელი დავინახე, რომელიც ჯიხვების კვალში ჩამდგარიყო და ენაგადმოგდებული, დაქანცული, შენელებული ნახტომებით უახლოვდებოდა ჯიხვების არვეს. როგორც კი ჯიხვები შენიშნა, ძალა მოიკრიბა, აიჯაგრა და ჯიქურ გაემართა მათკენ…

ამ შეგრძნების გადმოცემა შეუძლებელია. უცებ ამერია გონება: ერთდროულად ფოტოს გადაღებაც მინდა, ვიდეოსიც და თან მინდა, თვალგაფაციცებულმა ვუყურო რა მოხდება, რომ არცერთი მომენტი არ გამოვტოვო…

მგლის მოახლოებისთანავე არვეს ხარჯიხვი გამოეყო, მგლისკენ გაემართა, ორ ფეხზე დადგა და უცებ, მოწყვეტილი, მგლისკენ დაეშვა. მეგონა კლდეზე მიასრესდა, მაგრამ მგელმა გადახტომა მოასწრო და უკვე ოთხ ფეხზე დამდგარ ჯიხვს პირისპირ შეუტია. ჯიხვი რამდენიმე წამს შეყოვნდა, უკან მოტრიალდა და დაღმართზე დაეშვა. მგელმა გვერდზე პირის მოკიდება მოასწრო მაგრამ, კარგად ვერ მისწვდა და კბილებში მხოლოდ ხარჯიხვის ხშირი ბეწვი შერჩა. ამ ორთაბრძოლის დანახვისას, დანარჩენი ჯიხვები სულ გადამავიწყდა, ფეხზე წამოვდექი და ფერდობზე გაფრენილ მებრძოლებს „კადრების წვიმა“ გავაყოლე…  დაღმართში ჯიხვი დაწინაურდა, პატარა ღელე გადაიარეს და შემდეგ ფერდზე ისევ წამოეწია. მგელი ბოლო შანსს ებღაუჭებოდა, –  გზა მოუჭრა და ისევ ჯიქურ შეეჯახენ ერთმანეთს, დათმობას არცერთი არ აპირებდა და, თოვლის კორიანტელში გახვეულები, ღელეში ჩაგორდნენ. მეც იმ ღელისკენ დავეშვი, რომ ამ საოცარი მოვლენის გაგრძელება მენახა. დაუწერელი კანონია: ასეთ დროს ველურ ბუნებაში ჩარევა არ შეიძლება! ორივესათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობდა და მეც ორივეს ვგულშემატკივრობდი, ერთი მხარის არჩევა მიჭირდა. მალევე გამოჩნდნენ შემდეგ ფერდზე ამ სიმკაცრეში გადარჩენისთვის მებრძოლი ბუნების შვილები, ჯიხვი ისევ დაწინაურებულიყო და სალი კლდეებისკენ მიიწევდა. აქ მგლის ისედაც დაბალი შანსები უფრო მცირდებოდა და ისიც დანებდა… დაქანცულმა და ენაგადმოგდებულმა ორი-სამი ლუკმა თოვლი ხარბად გადაყლაპა, გახურებული გულ-მკერდი გაიგრილა და წეღანდელი ბრძოლის ველს გადახედა. მის მზერას ჩემი გავაყოლე და მდედრი მგელი დავინახე, რომელიც ახლაღა წამოეწია თავის მეწყვილეს. როგორც ჩანს, დიდმა თოვლმა შეაყოვნა და ნადირობაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მისცა. დაღლილი მგლები ქედზე თოვლში ჩაწვნენ და ცქერა იმ მიმართულებით განაგრძეს, საითაც ჯიხვი გაუჩინარდა.
ტყულად დაიკარგა ამხელა ენერგია და მის ასანაზაურებლად ცივი თოვლი დიდი ვერაფერი ნუგეში იყო.
ჯიხვების არვემ სამხრეთ ფერდობზე გადაინაცვლა და საძოვრებს შეეფინა. ხარჯიხვმა თავისი მისია პირნათლად შეასრულა: შუნ თიკანს საფრთხე აარიდა და თვითონაც ცოცხალი გადარჩა. მგლებიც ტყეს შეერივნენ, მე კი გაოგნებული ვიდექი და კიდევ არ მჯეროდა, რომ ამ ყველაფრის შემსწრე გავხდი…
საღამოს უკვე თავშესაფარში ვიყავი. ეს კადრები თვალწინ მიტრიალებდა, თოვლის ნადნობ წყალს ვსვამდი და ვფიქრობდი, ჯიხვებმა იპოვეს უთოვლო ფერდობი და ცოტა გამხმარი ქუჩიც მოწიწკნეს, იმ ცივ ღამეს კი მგლებს მშიერი მუცლები არ დააძინებდათ და ამდენი ბრძოლისგან დასუსტებულებს ძლიერ ცხოველზე ნადირობისთვის საჭირო ენერგიაც აღარ ექნებოდათ… და მაინც, დრო არასდროს გაჩერდებოდა და განსაკუთრებით მთის მკაცრ პირობებში, გადარჩენისთვის ბრძოლა კვლავ გაგრძელდებოდა…

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები