რეკლამა

თბილისის ნაგავსაყრელი

პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენი ჟურნალის რედაქციას, რომ საშუალება მომეცა, სამშობლოსა და გარემოზე შეყვარებული ერთი რიგითი მოქალაქის თვალით დანახული და მოპოვებული ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას იმ სავალალო შედეგებზე, რომლებიც უკვე გვაქვს და იმ შესაძლო ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელშიც შესაძლოა აღმოვჩნდეთ.
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ქართული ხალხური ზღაპრების ამ შესავალით მინდა დავიწყო იმ რეალობის მოყოლა-აღწერა, რომელსაც აქ შევეხებით. მართლაც რომ, ზღაპარში გეგონებათ თავი, ოღონდ საშინელებათა ზღაპარში, ისეა ,,მორთული“ ხე -ბუჩქნარი და ქარსაცავი ზოლები ფერადფერადი პოლიეთილენის პარკებითა და ნაგვით. ალფრედ ჰიჩკოკსაც კი შეშურდებოდა და ძნელად წარმოიდგენდა ამდენ ნაგავსა და ყვავ-ყორანს ერთად.
ეს ყველაფერი კი დაიწყო ზუსტად ათი წლის წინ.  მოგახსენებთ, რომ 2010 წლიდან ნაციონალური მოძრაობის მიერ თბილისის ლანდშაფტის დაცვის ზონაში, დიდი ლილოს აგარაკებიდან 100 მეტრში, დიდი ლილოსა და ნორიოს მოსახლეობის კერძო საკუთრებაში არსებულ სახნავ-სათეს მიწებზე, თბილისის მერიამ (მერი გიგი უგულავა) ძალადობრივი გზით, რაც გამოიხატებოდა კერძო საკუთრების წართმევაში, განათავსა თბილისის ღია ნაგავსაყრელი პოლიგონი ისე, რომ პროექტი განთავისუფლებულ იქნა გარემოზე ზემოქმედების  შეფასების პროცედურისაგან.

აღნიშნული პროცედურის მიზანია გარემოს ცალკეული კომპონენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ასევე – შეისწავლოს, გამოავლინოს და აღწეროს პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე,  მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგაზე, ჰაერზე, წყალზე,  კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე, ან ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთიანობაზე; შეისწავლოს ამ ფაქტორების ზეგავლენა კულტურულ ფასეულობებსა (კულტურულ მემკვიდრეობაზე) და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.
ექსპერტიზის დასკვნის მესამე თავი მოიცავს პირობებს: ოპერატორი კომპანიის ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია თბილისის მთავრობის მიერ და წარმოადგენს მთავარ საკანონმდებლო საფუძველს ნაგავსაყრელის ოპერირებისათვის.
დღეს არსებული ნაგავსაყრელი პოლიგონით (,,გზშ-ს“ არჩატარება/შეუსრულებლობით) ათეულ ათასობით მოქალაქეს შეზღუდული გვაქვს ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული სიცოცხლის უფლება, კერძოდ, 37-ე მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდნენ ამ ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ჩვენი ამ უფლების შეზღუდვა გამოიხატება იმაში, რომ აუტანელი და გაუსაძლის სუნის გამო ხშირი მოწამვლის ფაქტების, სიმსივნური დაავადებების მატების, პოლიგონიდან გავრცელებული მომწამვლელი გაზების, დამტვერვის შედეგად მოწამლული მარცვლეულის და ხილბოსტნეულის, დაბინძურებული გარემოს, ეპიდემიების გადამტანი მწერების, გამრავლებული მავნე ქვეწარმავლებისა და ფრინველთა გამო გაუსაძლისი გახდა ამ ზონაში ცხოვრება. ნისლიან და წყნარ ამინდში, განსაკუთრებით დილით, გულისრევის შედეგად ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან. განსაკუთრებით ზუსტად ბავშვებსა და ხანდაზმულებს სჭირდებათ ჩვენი ზრუნვა და მოვლა-პატრონობა. ამდენი სასწრაფო დახმარების გამოძახება, რამდენიც დიდ ლილოსა და მიმდებარე დასახლებებშია, არსად არაა!
აღარაფერს ვამბობთ მდინარე ივრის, სამგორის ზემო მაგისტრალურ არხზე, რომელშიც მოხვედრილი ტონობით ნაგავი ჩადის თბილისის ზღვაში.

არ გაჭრა, არც ხვეწნამ, არც მუდარამ, არც საპროტესტო აქციებმა. პირიქით, ძალადობით, აქციის მონაწილეების სამსახურებიდან დათხოვნით, სხვადასხვა შანტაჟით, მუქარით გაგრძელდა პროცესები. დღემდე პასუხი ვერ მიგვიღია კითხვაზე: რატომ გვწამლავთ?  სხვადასხვა დროს მრავალჯერ მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ შედეგი – ნული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმედი გაგვიჩნდა, რომ სასიკეთოდ შეიცვლებოდა სიტუაცია, რადგან ქართული ოცნების მერობის კანდიდატ დ. ნარმანიას საარჩევნო პროგრამაშიც ჰქონდა აღნიშნული ნაგავსაყრელი პოლიგონის დახურვა და სხვა უსაფრთხო ადგილზე გადატანა. ამას ემატებოდა სამგორის რაიონის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაპირებებიც, მაგრამ დღემდე თვალით არ უნახავს ისინი არავის. გარემოს დაცვის სამინისტრო კი ისევ დუმს და თითს  თბილისის მერიის ზედამხედველობისკენ იშვერს, – ,,თბილისის ზონა ჩვენი პრეროგატივა არააო“.  არადა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით 3-ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში, ,,თბილსერვის ჯგუფს“, რომლის 100% წილის მფლობელი თბილისის მერიაა, უნდა შეუწყვიტოს ლიცენზია, კომპანია სამჯერ უკვე დაჯარიმებულია, მაგრამ ისევ დუმილი და გულგრილობა, თითქოს დიდი ლილოელები, მარტყოფლები, ნორიოელები, სამგორლები სხვა პლანეტაზე ვცხოვრობდეთ, ანკი როგორ ვერ წარმოუდგენიათ მავანთ, რომ ნაგვის ქალაქიდან გატანის ნაცვლად, პირიქით, პოლიგონი უფრო შიგნით განათავსეს, რომელიც უფრო დიდი უბედურებით შეიძლება დაუბრუნდეს თბილისის მოსახლეობას სასმელი წყლის სახით.  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს გრუნტის წყლები. ნაგავსაყრელის ქვეშ განფენილი გეომემბრანის დაზიანება, დიდი ალბათობით, გამოიწვევს აღნიშნული წყლების დაბინძურებასაც.
აღნიშნულ საკითხს არაერთი სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა. სტუდია მონიტორმა ჟურნალისტური გამოძიებაც ჩაატარა, მაგრამ შედეგი ვერაფერმა გამოიღო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის ზღვავრის სამგორის მაგისტრალური არხით მარაგდება, რომელზეც განთავსებულია 3 (სამი) ჰესი, რომელთაგან თეთრხევ ჰესის ტურბინები ნებისმიერ ქარში ჩერდება  ნაგავსაყრელიდან არხის საშუალებით მოხვედრილი ნაგვის გამო.
დღეს კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო ვხედავთ, თუ როგორი სოლიდარულია მსოფლიოდაზღვეული არავინაა. ბაქტერია წყალში 1000-ობით და მეტი წელი ცოცხლობს, თბილისის ზღვაში ტონობით მოხვედრილი ნაგვისა და ნაგავსაყრელზე  მობინადრე თოლიების (რომლებიც ასევე ბაქტერიების გადამტანები არიან)  გამო ეპიდემიამ, რომ იფეთქოს, მერე სად მიდიან ქალაქის ხელისუფალნი? ისინი, როგორც ჩანს,  მოქმედებენ ძველი ანდაზის მიხედვით: ,,ვინც რა უნდა თქვასოწისქვილმა კი ფქვასო!“
, არადა სულ რაღაც 300 მეტრში გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვნებიდან გადმოჰყურებენ ამ უბედურებას წინაპრები  თავიანთ დანატოვარ  ყველაზე ნაყოფიერ მიწას, რომელსაც ხოდაბუნები ეწოდებოდა, მაღლა, მათ საცხოვრისთან მდებარე კლდეს კი –,,სათუთი კლდე“. დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში დღითი დღე მცირდება ნაყოფიერი მიწების რაოდენობა, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვა აზრად სახნავსათეს მიწებზე ნაგავსაყრელი პოლიგონის მოწყობა, მითუმეტეს – გასარწყავებულის, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენთან მოუვიდათ! სარწყავი არხი კი მთიდან წვიმისა და ღვარცოფის შემაკავებლადღა თუ გამოდგება დღეს. სულ რაღაც ასიოდე მეტრში მყოფი ათეულობით აგარაკიდან კი ერთიც აღარ არის დღეს. ნაომარ ადგილს ჰგავს იქაურობა.
საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორი ბრძოლა (მარტყოფისა და სამგორის) ამ ადგილზე ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. სამგორის ბრძოლაში დახოცილი მტრის სიმრავლით სამი გორა დამდგარა, ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სამგორი, დღეს კი ერთი ნაგვის გორა დგას, მეორე ივსება, მესამე კი, არ ვიცი, ვისი და რისი დადგებაგვიან შუა საუკუნეებში ლილოს მთა ქართველთა ჯარის თავშეყრის ადგილი ყოფილა. აკი ქორწილიც გადაუხდია ლილოში ვახტანგ V-ს შვილს, ლუარსაბს. სულ მალე დადგება ის დროც, რომ კიდევ შევიკრიბებით დიდი ლილოელნი, მარტყოფელნი, ნორიოელნი, წინუბნელნი, ნასაგურელნი, სამგორელნი და თქვენთან ერთად, ყველა სამშობლოზე შეყვარებული ქართველი, ვისთვისაც ძვირფასია ყოველი გოჯი მიწა, ძვირფასია ხვალინდელი დღე და  მომავალი თაობები.  მხოლოდ ერთად დგომით, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობითაა შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარება არა მარტო თბილისის ნაგავსაყრელ პოლიგონზე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორც ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ,,რა სჯობია ლილოს ტბებზე (თბილისის ზღვის ადგილზე სამი ბუნებრივი მლაშე ტბა იყო. ქვაბული ბუნებრივია) წეროობას და ლოჭინზე კაკბობასო’’. სახელწოდება ლილო საქართველოში არცერთ ადგილს არ ქვია, ამ ადგილის (თბილისის ზღვიდან მდ. ლოჭინის ხეობამდე მთას ქვია ლილო) გარდა.
თვითონაც შევსწრებივარ უამრავ ფაქტს, როდესაც გადამფრენი ფრინველების ათასობით ფრთა ისვენებდა ამ მთაზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მიგრაციის დროს, ამიტომაც გახშირდა ფრინველებისა და თვითმფრინავების შეჯახების ფაქტები, რამაც უკვე რამდენიმე ასეულ შემთხვევას გადააჭარბა. ევროპისა და ევროატლანტიკური ფასეულობებისაკენ სწრაფვა უამრავ კონვენციაზე გვხდის მიბმულს. ერთ-ერთი ასეთი ჩიკაგოს კონვენციაა და ,,იკაოს“ (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაცია) სტანდარტებითაც, 13 კმის რადიუსში აკრძალულია ნებისმიერი ნაგავსაყრელის მოწყობა. აღნიშნული პოლიგონი კი  6-7 კმ-ია. აქაც დილეტანტობა და არაპროფესიონალიზმი გვჭირს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ნაგავსაყრელი დაიხუროს, ვიდრე დიდი უბედურება არ მომხდარა.
თავიდან ზღაპრის შესავლით დავიწყე, რადგან, თითქოს ერთი უბედურება არ გვყოფნია, მეორე და მესამე გვემატება. რაღაც ჯადოსნურ წრეში ვტრიალებთ, ვიღაცისთვის ეს ყველაფერი შორიდან იოლი საყურებელია, მაგრამ როგორც კი ჩაისუნთქავ მძიმე მეტალებით გაჯერებულ ნაგავსაყრელიდან გამოსულ აირებს, მაშინვე ხვდები, რომ სიკვდილსიცოცხლის ზღვარზე შეიძლება ცხოვრობდე, არადა, ამდენი ფიჭვნარი ტყე (რომლებიც საბჭოთა პერიოდში გააშენეს) თბილისის შემოგარენში, არსად არ არის.
გახვალ ამ ფიჭვნარში სუფთა ჰაერზე, ფიქრობ ფიჭვის ყვავილის მტვრით გაისუფთავო ფილტვები და უცებ შეიძლება სამხედროების გათხრილ სანგარში აღმოჩნდე. თბილისის ტყე-პარკს მიკუთვნებული დიდი ლილოს სატყეო, სადაც მოქალაქეები დასასვენებლად გავდივართ,  კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების შესაბამისად, უცებ შეცბები, როდესაც იგრძნობ, რომ ვიღაცეები გითვალთვალებენ. თვალს კარგად მოავლებ და შენიშნავ ვიღაც გადამთიელის დაკრეჭილ კბილებს. გადამთიელში ვგულისხმობ იმას, რომ სახეზე წასმული მურის მიუხედავად მაინც კარგად იგრძნობა უცხო სახე. ფერადკანიანის, აზიელის თუ ევროპეიდის. მხარზე ქართულ დროშას, რომ მოჰკრავ თვალს კიდევ ამოისუნთქებ, – ჯერ არ დავუპყრივართ არავის. ეს კიდევ არაფერი, გაივლი რამოდენიმე მეტრს და შეიძლება ისეთ ორხმრივ სროლებში მოჰყვე, რომ ქვეცნობიერად იმ სანგრებს ეძებ ჩასახტომად, ე მანდ ფუჭი ვაზნების ნაცვლად, დაუდევრობით ვინმეს საბრძოლო ტყვია არ გაუვარდეს. მთლად გული შეიძლება გაგისკდეს შენს საკუთარ ბაღჩაში დასახლების განაპირას, რომ ატყდება სროლები.
ატყდება სროლები და ატყდება მოსახლეობის ლანძღვა-გინება ჯარისკაცების მიმართ. ისე ჯარისკაცებს ვინ კითხავს, მაგრამ ვინც ამ სწავლებებს გეგმავს ამ დასახლებულ პუნქტებში და ტყე-პარკში, – ის არის დასასჯელი. მთელი უბედურებაც ის არის, რომ აქაც არ შველის ცხელ ხაზზე დარეკვა. მიუხედავად დაპირებისა და თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, – იგივე გრძელდება ერთობლივი სწავლებების დროს.
ნაგავსაყრელის თემით შეიძლება დაგღალეთ მკითხველი, მაგრამ იმ ნაგავს ფოტოებზე აღბეჭდილი თავდაცვის სამინისტროს სხავადსხვა უწყების ნაგავიც რომ არ ემატებოდეს, – კარგი იქნებოდა.
სხვა ქვეყნის ოკუპაციაზე რაღას ვსაუბრობთ და გულზე მჯიღს ვიცემთ, როცა სახელმწიფო ოკუპაციას საკუთარ მოსახლეობას უწყობს. ბასრ მავთულხლართებსაც ხშირად შეხვდებით ფიჭვნარში დაყრილს , რომელიც არაერთგზის გამხდარა შინაური  პირუტყვის დასახიჩრების მიზეზი. ოკუპაცია კი იმიტომ ვახსენე, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ სახნავ-სათეს მიწაზე დადის სამხედრო ტექნიკა.
თუმცაღა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანადგომა და დახმარება არის გარკვეული ქვედანაყოფებისაგან. მინდა მადლობა გადავუხადო ლოჭინის საწრთვნელი ბაზის ვიცე-პოლკოვნიკს ბ-ნ ვანო გაფრინდაშვილსა და მეთაურს გულისხმიერებისა და დახმარებისათვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრებსა“და მის თავმჯომარეს ქ -ნ ნინო ჩხობაძეს, რომელიც პირველივე დღიდან მონაწილეობს მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო პროცესებში და სიღრმისეულად იცნობს არსებულ პრობლემებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთოდ არ ჩატარებულა ,,გზშ, ადგილიც არასწორად იქნა შერჩეული და ტექნოლოგიური ციკლიც უამრავი დარღვევით იქნა დაწყებული. შესაბამისად, ოპერირებაც არასწორად სრულდება. თუმცა, უკეთესია თავად მას ჰკითხოთ ნაგავსაყრელის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ.
თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა ისევ სამოქლაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას, საქართველოს ყველა მოქალაქეს გთხოვოთ დახმარება არსებული პრობლემის მოგვარებაში. მხოლოდ ერთად დგომით, პროფესიონალების ჩართვით არის შესაძლებელი ყველა სიძნელისა და დაბრკოლების გადალახვა.
დასასრულს კი, როგორც თავიდან ზღაპრის შესავლით დავიწყე, – ასევე მინდა ჩემი თხრობა ზღაპრისავე დასასრულით დავამთავრო, ჭირი–იქა (ოღონდ ნურსად ნუ იქნება ჭირი), ლხინი –აქა, ქატო – იქა, ფქვილი – აქა!

რეკლამა
წინა სტატიააჯამეთის აღკვეთილი
შემდეგი სტატიაინტროდუცირება

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები