რეკლამა

თბილისის ურბანული ტყე

პროექტი ითვალისწინებს  თბილისში  ურბანული  ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციას. მისი მთავარი მიზანია მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეებისა, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის შესაბამისი პროექტის მიხედვით განაშენიანება-რეაბილიტაცია.

მთაწმინდის ფერდი

პროექტის ფარგლებში შეისწავლება კომპლექსურად  საკვლევი არეალი და გაკეთდება სინთეზური ანალიზი; დადგინდება თბილისის ურბანული ტყის განვითარების ძირითადი ორიენტირები, მიდგომები და პრინციპები; დამუშავდება თემატური (ბუნებრივი გარემო, ტურიზმი, რეკრეაცია, ბიზნესი და ეკონომიკა) ხედვები და მათი ალტერნატივები; ინტეგრირდება თემატური ხედვები და თბილისის ურბანული ტყის განვითარების ერთიანი სივრცითი ხედვა (სივრცით-ფუნქციური, ლანდშაფტური, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნიკურ-ეკონომიკური და გეგმარებითი) ჩამოყალიბდება.
თბილისის ურბანული ტყის აღდგენა-განვითარება უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტია, იგი იმთავითვე იწვევს უამრავი ადამიანის ინტერესს, რადგან თბილისში არსებული ტყეების, როგორც დედაქალაქის „ფილტვების“,  აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურბანულ სივრცეში მცხოვრები ადამიანებისთვის.
პროექტს ახორციელებს ფონდი „განვითარება და გარემო“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი „ქართუს“ სრული დაფინანსებით.

ნიკო ჩხეტიანი  – ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე

„ ფონდი ქართუ“ ჩაერთო ახალ პროექტში, რომელიც გულისხმობს თბილისის გულში მდებარე მასივის გამწვანებას;  საუბარია დაახლოებით 700 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს მთაწმინდის მთლიან ფერდობს კუს ტბის ჩათვლით. ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 16 000 000 ლარამდე ამ ტერიტორიის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის. პორველი ეტაპი დაეთმობა საკვლევი არეალის მდგომარეობის შესწავლას, რაც  უკეთ დაგვანახებს პრობლემებს ამ მიმართულებით. შემდგომ ეტაპზე კი დიაწყება მცენარეების სახეობებისა და ჯიშების შერჩევა, დარგვა და ამ ტერიტორიის ხელახალი გამწვანება.“

თბილისის ურბანული ტყის აღდგენა-განვითარების პროექტში აქტიურად მონაწილეობს თბილისის მერია.
პროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბერობს თბილისის მერი კახი კალაძე

„დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ ამ წამოწყებისთვის. მთაწმინდის ფერდის აღდგენა – განვითარება, მისი გაჯანსაღება მთლიანად ქალაქისა და არსებული ეკოსისტემისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.

პროექტის სულისჩამდგემელი და განმახორციელებელია ფონდი „განვითარება და გარემო“.
თემურ ტყემალაძე – ფონდის „განვითარება და გარემო“ თავჯდომარე

„დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ვაჟას სიტყვები „გაძლება გვმართებს, ბუნება რასაც დაგვადებს ხარკადა”. სწორედაც რომ დღეს ხარკს იხდის კაცობრიობა ბუნებისადმი მხოლოდ გამოყენებითი მიდგომებისათვის. დროა გონს მოვეგოთ, რა გარემოში ვცხოვრობთ? რა რესურსი აქვს თბილისს, რომ გარემო გაუმჯობესდეს? მთაწმინდის ფერდი ჩვენი ქალაქის არა მარტო გულსა და სიმბოლოს წარმოადგენს, არამედ ის თითქმის ერთადერთი ადგილია დარჩენილი ქალაქის შემოგარენში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობით, სწორი მართვითა და დაცვით ქალაქის მნიშვნელოვან რეკრეაციულ ცენტრად უნდა გადაიქცეს.“

არქიმადრიტი იოანე (კიკვაძე)

„მთაწმინდა ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ყველაზე საუკეთესო და წმინდა ფიქრებს აღძრავს. მადლობა უფალს, რომ დღეს გაჩნდა დიდი სურვილი, უკვე გეგმა და მოცემულობა არსებობს იმისა, რომ მთაწმინდას მიეხედოს, მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ მონასტერსა და ეკლესიას, არამედ მთლიანად, ამ მთელ, მთის სისტემათა დამამთავრებელ ადგილს. ვფიქრობ,  თუკი ამ გეგმის განხორციელებას შევძლებთ, წინ გადავდგამთ ნაბიჯს როგორც ჩვენი ესთეტიური განვითარების, ასევე კულტურისა  და  ყველა იმ საქმისათვალსაზრისით, რითაც ერი უნდა იყოს გამორჩეული. ვლოცავ ყველას, ვის გონებაშიც დაიბადა ეს ბრწყინვალე იდეა, ჩვენი ამ წმინდა მთის კულტურულ სივრცეში ჩართვისა და ვთხოვ უფალს, რომ ყველაფერი პროფესიონალურ, მაღალ დონეზე დაამთავროთ, რაც ჩაიფიქრეთ.“
თბილისის ურბანული ტყის აღდგენა-განვითარების პროექტმა თავი მოუყარა და გააერთიანა სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები. დაიგეგმა სამეცნიერო კვლევები, თითოეული მათაგნი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ თბილისის ურბანული ტყე აღდგეს და შენარუჩუნდეს; მისი სიკეთეებით სარგებლობა კი მომავალმა თაობებმაც შეძლონ.

გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმუშაოთ ჰოლისტიკური მიდგომით, ვინაიდან ეს ერთი ქალაქი და ერთი ცოცხალი ორგანიზმია. გვინდა დავამკვიდროთ ქალაქური, ურბანული ტყე, სადაც მოსახლეობა და ბუნებრივი გარემო ერთიან ჰარმონიაში იქნება. შესაბამისი დარგის ექსპერტები გამოკვეთენ თბილისის ურბანული ტყის შექმნის საჭიროებებს, არსებულ პრობლემებს, მათი მოგვარების კონკრეტულ ხედვებსა და გეგმებს.  პროექტის მსვლელობისას გამოჩნდება ბუნებრივი ლანდშაფტშის წონასწორობის აღდგენის საჭიროება და მწვავე ადგილები; ასევე გამოიკვეთება გამოუყენებელი სარეკრეაციო რესურსი და შეფასდება იგი. ეს, პირველ რიგში, გამოადგება თბილისის მოსახლეობას, რომელიც ისარგებლებს ამ დიდი სარეკრეაციო აუზით, რაც ასე აუცილებელია ქალაქის მდგრადი განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის.“ 

არჩილ სუპატაშვილი – მეტყვე

ჩვენი გუნდი აღწერს და შეაფასებს ზეხმელ, ძლიერ ხმობად, მავნებელ-დაავადებათა არსებულ პათოლოგიურ მდგომარეობას,  მონიშნავს  მოსაჭრელებს, განსაზღვრავს გარკვეულ უბნებში სატყეო სამეურნეო ღონისძიებებს,  მათ შორის დასახავს ღონისძიებებს ფიჭვის წიწვებზე გამრავლებული ფარიანებისა და ქერმესების წინააღმდეგ“.

ნიკო ქერდიყოშვილი – ზოოლოგი

აღვრიცხავთ ფაუნას – ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს;  ტერიტორიაზე უნდა გამოიყოს ისეთი ადგილები, რომლებშიც დიდია ენდემური ან წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების რაოდენობა, ზოგადად, სახეობრივი მრავალფეროვნება. ასევე, უნდა მოინიშნოს ის ტერიტორიები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათზე მცხოვრები სახეობების გასამრავლებლად ან გამოსაზამთრებლად; ეს  საშუალებას მოგვცემს, ქალაქის ურბანული განვითრების პირობებში, არ დაზიანდეს აქ მცხოვრები სახეობების ჰაბიტატი, მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს  და გაეცნოს დედაქალაქის  ბიომრავალფეროვნებას. ასევე მნიშვნელოვანია იმ სახეობების აღდგენა, რომლებიც ამ ადგილებში უკვე გადაშენებულია,  მაგალითად კაკაბი, გნოლი და თბილისის დაარსებასთან დაკავშირებული ლეგენდის მთავარი გმირი  – ხოხობი.“

ირინა დანელია – ბიოლოგი

„პროექტის სიკეთეებს ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოიმკიან. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს მის განხორციელებაში ახალგაზრდობის მონაწილეობას. ურბანული ტყეები, დიდი ქალაქების შემთხვევაში, ერთადერთ ნიშაა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით. ისინი  წარმოადგენენ ერთადერთ თავშესაფარს გარეული ცხოველების, ფრინველებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის, რომლებიც ერთიანი ეკოსისტემის ნაწილი არიან. სწორად შერჩეული მცენარეები, არა მხოლოდ ხეები, არამედ ბუჩქები და ბალახოვნები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს; დაჩქარდება ნიადაგის ფორმირების პროცესი; ჩამოყალიბდება ბუნებრივი კვებითი ჯაჭვები; თაფლოვანი მცენარეები მოიზიდავენ დამმტვერავ მწერებს, რომლებიც, თავის მხრივ, ფრინველების მომზიდავები იქნებიან. ბუნებრივად გაჩნდებიან რეპტილიები, პატარა ზომის ძუძუმწოვრები.“

დავით ჭელიძე – ბოტანიკოსი

„ჩვენი სამუშაო ჯგუფი განახორციელებს საკვლევი ტერიტორიის ბოტანიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს მცენარეულობის ძირითადი ერთეულების იდენტიფიკაციას, მოკლე აღწერასა და რუკებაზე დატანას, ასევე მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მცენარეული დაჯგუფებებისა და სახეობების პოპულაციების გამოვლენასა და რუკაზე დატანას. გამოვლინდება ტერიტორიაზე მოზარდი ძირითადი სახეობები და შეირჩევა სხვადასხვა უბანში დასარგავი ხეებისა და ბუჩქების ასორტიმენტი.“

ლადო ვარდოსანიძე
არქიტექტორი – ურბანისტი

„მეტაფორების მოყვარული ვარ და ვიტყვი, რომ ამ პროექტის განხორციელება თბილისს „წვანე ალყაში“ მოაქცევს, შეიკვრება სხვადასხვა ტიპოლოგიის მწვანე სივრცეების რგოლი ქალაქის ირგვლივ, ვგულისხმობ თბილისის ეროვნულ პარკს, დიღმისა და კრწანისის ტყე-პარკებს და, მომავალში – თბილისის ურბანული ტყეს.“

პროექტის ფარგლებში კვლევები ტარდება შემდეგი მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკა. კვლევების შედეგებს პერიოდულად გაგაცნობთ ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები