რეკლამა

კალმახსაშენი

ამა წლის თებერვალში, ნაკადულის კალმახის მხარდაჭერის მიზნით, სსიპ ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ დაშბაშის კანიონის მიმდებარედ, მდინარე ხრამში, 700-მდე მოზარდი ნაკადულის კალმახი გაუშვა. ტერიტორიაზე დამონტაჟდა ფოტო-ვიდეო ხაფანგები და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი.
სამწუხაროდ, საზოგადოების მცირე ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს, მათი მოსაზრებით, არ არის საჭირო კალმახის ხელშეყობა, რადგანაც საკმარისია
არ ჩავერიოთ და ავტომატურად მოხდება პოპულაციის აღდგენა. მსგავსი მოსაზრება შეცდომაა, რაც მსოფლიოს მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს.
თუ რა საჭიროა ნაკადულის კალმახის მხარდაჭერა, ამაზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ, მაგრამ მოკლედ შესაძლებელია ახლაც აღვნიშნოთ, რომ ამერიკაში, ევროპაში, სკანდინავიასა და სხვა ქვეყნებში რომ კარგი კალმახის პოპულაცია ჰყავთ, ეს სწორედ ყოველწლიური მხარდაჭერის შედეგია.

მარტის თვეში ასევე დათევზიანდა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მდინარე, მაგრამ უკვე თანამედროვე მეთოდის საშუალებით, რაც გულისხმობს მდინარის სათავეში ნაკადულის კალმახის ქვირითის (თვალების სტადიაზე) განთავსებას სპეციალური ე.წ. მდინარის ინკუბატორის მეშვეობით. მდინარეში განთავსებულია 20,000-მდე ქვირითი, რომლებიც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გამოიჩეკება, ამჯერად ადამიანის მიზერული ჩარევით, რაც ნიშნავს ველურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მეთოდს, რომელიც ხელს შეუწყობს ველური პოპულაციის მიღებას. კალმახის ლიფსიტი იჩეკება მდინარეში. ნაკადულის კალმახის საშენში ხდება მხოლოდ ქვირითის აღება, განაყოფიერება და თვალების სტადიაზე მიყვანა. შემდგომ უკვე ბუნება განაგრძობს მთელს პროცესს.

მსგავსი თანამედროვე ტიპის დათევზინება დიდი ხანია ხშირად გვხდება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და საქართველოშიც უკვე ინერგება.
რადგანაც მსგავსი მიდგომა ჩვენთვის მაინც სიახლეა, წელს მხოლოდ ვაკვირდებით, როგორც განვითარდება ეს პროცესი და მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს უფრო მასშტაბურად განთავსდეს ქვირითი მდინარეების სათავეებში.

წელს  დაგეგმილია როგორც რაჭის რეგიონის მდინარეების,  ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე მდინარის დათევზიანებაც. სხვადასხვა მდინარეში გაშვებული იქნება 200,000-ზე მეტი ნაკადულის კალმახის ლიფსიტი; წინასწარ შერჩეულ მდინარეებს პირველ რიგში შეისწავლიან და შემდგომ დაათევზიანებენ. დათევზიანების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მდინარის დაცულობა, კერძოდ, ფოტო-ვიდეო ხაფანგების განთავსება და 24 საათიანი მონიტორინგი. ამისათვის ვიყენებთ თანამედროვე მოწყობილებებს, რომლებიც მომენტალურად გადასცემს ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისათვის.
ნაკადულის კალმახის საშენი დაარსდა 2016 წლის შემოდგომაზე და გამრავლება დაიწყო მხოლოდ 6 ცალი აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვირს აუზი) მწარმოებელი კალმახით, შემდგომ დაემატა 50-მდე დასავლეთ პოპულაციის (რიონის აუზი) შედარებით პატარა ზომის მწარმოებელი კალმახი. პირველივე ლიფსიტიდან მოხდა მწარმოებლების გაზრდა. დღეს 2000-მდე მწარმოებელი კალმახი გვყავს საშენში და ყოველწლიურად ვამატებთ მწარმოებლებს.
მომავალში დაგეგმილი გვაქვს  სხვადასხვა აუზის პოპულაციის მწარმოებლის მოძიება შემდგომი გამრავლების მიზნით.

                                                                                                              შოთა ჯოხაძე

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები