რეკლამა

კოლხური ზუთხი

გადაუდებელი დაცვის აუცილებლობა და მნიშვნელობა

სტატია მომზადებულია ბინების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტის – საქართველოში ზუთხისებრთა კონსერვაციის – ფარგლებში.

საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობები

ზუთხისებრთა ოჯახს 27 სახეობის თევზი მიეკუთვნება. საქართველოში ისტორიულად გავრცელებული 6 სახეობა: სვია (Huso huso); რუსული ზუთხი (Acipenser  gueldenstaedtii); ტარაღანა (Acipenser stellatus); ჯარღალა (Acipenser nudivertis); ევროპული (ატლანტური) ზუთხი/ ფორონჯი (Acipenser sturio) და კოლხური ზუთხი (Acipenser persicus colchicus).
ზუთხისებრთა ექვსივე სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მათგან ფორონჯი (A.sturio) შეტანილია გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი (CR) სტატუსით, ხოლო დანარჩენი ხუთი სახეობა – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი (EN) სტატუსით. ზუთხისებრთა სახეობებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით, საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა ყველა სახეობა გლობალურად გადაშენების კრიტიკული საფრთხს წინაშე იმყოფება. შესაბამისად, ზუთხისებრნი წარმოადგენენ ყველაზე მოწყვლად და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჯგუფს საქართველოში.

საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობები

  • სვია (Huso huso);
  • რუსული ზუთხი (Acipenser gueldenstaedtii);
  • ტარაღანა (Acipenser stellatus);
  • ჯარღალა (Acipenser nudivertis);
  • ევროპული (ატლანტური) ზუთხი/ ფორონჯი (Acipenser sturio);
  • კოლხური ზუთხი (Acipenser persicus colchicus).


ამ დროისთვის საქართველოში გავრცელებული კოლხური ზუთხი არ არის აღიარებული როგორც ცალკე ქვესახეობა ან სახეობა და ის ოფიციალურ დოკუმენტებში (IUCN – ის წითელი ნისხა, საქართველოს წითელი ნუსხა, CITES – ის დანართები) განიხილება როგორც სპარსული ზუთხი (Acipenser persicus).

ზუთხისებრთა ისტორია და საფრთხეები

ზუთხისებრნი ჩვენი პლანეტის უძველესი ბინადრები არიან. ისინი დაახლოებით 245 მილიონი წლის წინ გაჩდნენ, რასაც ადასტურებს მათი ნამარხი ნაშთები. ზუთხისებრთა ნამარხი ნაშთები 245-208 მილიონი წლისაა და მეზოზოური ერის ტრიასულ პერიოდს მიეკუთვნება. ზუთხისებრთა სახეობებს „ცოცხალ ნამარხებს“ უწოდებენ, რადგან მათ მილიონობით წლის მანძილზე მხოლოდ უმნიშვნელო მორფოლოგიური ცვლილებები განიცადეს. მეზოზოური ერის ბოლოს (65 მილიონი წლის წინ) გაქრა ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობა, მათ შორის გადაშენდნენ დინოზავრები და სხვა დიდი რეპტილიები. ზუთხისებრთა სახეობებმა, დინოზავრებისგან განსხვავებით, გაუძლეს ბუნებრივ კატაკლიზმებს და ჩვენს დრომდე მოაღწიეს. დღეს კი ზუთხისებრთა თითქმის ყველა სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მათი ინტენსიური მოპოვების და ჰაბიტატების განადგურების გამო.
ზუთხისებრთა სახეობების კატასტროფულად შემცირების ძირითადი მიზეზებია წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობის გამო მდინარეთა რეგულირება, ჰაბიტატების ფრაგმენტაცია და სატოფო (საქვირითე) ადგილების განადგურება, ბრაკონიერეობა და ახალმოზარდეული ინდივიდების თანჭერა. ზუთხისებრთა ინდივიდებს დიდი დრო სჭირდებათ სქესმფწიფე ასაკამდე მისაღწევად და გამრავლების დასაწყებად, რაც განაპირობებს საფრთხეების მიმართ მათ მოწყვლადობას. ზუთხებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ზღვაში იმ ახალგაზრდა ინდივიდების ჭერა ან თანჭერა, რომლებმაც ჯერ ვერ მოასწრეს გამრავლება და ასევე, იმ სქესმწიფე ინდივიდების ჭერა, რომლებიც გასამრავლებლად მიგრირებენ მდინარეებში.
სპეციალური დაცვითი ღონისძიებების გატარების გარეშე მოსალოდნელია ზუთხისებრთა სამუდამო გაქრობა საქართველოს მდინარეებსა და სანაპიწო წყლებში.

ზუთხისებრთა ბიოლოგია და სასიცოცხლო ციკლი

ზუთხისებრთა თევზები დიდი ზომის გამსვლელი (ანადრომული) ფორმებია. ისინი გამრავლებისთვის ზღვის სანაპირო წყლებიდან მტკნარ წლებში მიგრირებენ, ტოფობენ (ქვირითობენ) მდინარეებში და ტოფობის შემდეგ სქესმწიფე ინდივიდები და ახალმოზარდები სანაპირო წყლებში ინაცვლებენ. ძირითადად გვხვდებიან ზღვის ფსკერისპირა შრეში, იკვებებიან ფსკერული უხერხემლოებით (მოლუსკები, კიბოსნაირები, ჭიები, მწერები) და თევზებით. ზუთხისებრნი კვებას წყვეტენ ანადრომული მიგრაციებისა (მდინარეში აღმართობისა და დაღმართობის) და გამოზამთრობის დროს (80 C დაბალი ტემპერატურა). ზუთხისებრნი ხასიათდებიან ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლით – ცოცხლობენ 30-100 წელი და იშვიათად მეტიც. სახეობების მიხედვით ზუთხისებრთა თევზები სქესობრივი სიმწიფის ასაკს აღწევენ 7-8 წლიდან და უფრო მეტ ასაკშიც. ზუთხისებრნი ყოველწლიურად არ ტოფობენ – განმეორებითი ტოფობის შემთხვევები ფიქსირებდა 2-5 წლიანი ინტერვალით, როდესაც ისინი გასამრავლებლად ბრუნდებიან მშობლიურ მდინარეში. ქვირითს დებენ მხოლოდ მდინარეებში, გამდინარე კენჭოვან გრუნტზე. ტოფობა მიმდინარეობს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. ქვირითი ფსკერულია, საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა და მოიცავს დაახლოებით 10 დღეს. ზუთხისებრთა ნაყოფიერება დამოკიდებულია ასაკზე, ზოგადად კი მათი ნაყოფიერება მაღალია- ძირითადად 50 ათასიდან 1 მილიონ ქვირითამდე. საქართველოში ზუთხისებრთა სატოფო მიგრაციები იწყება მარტის თვიდან, ინტენსიურად მიმდინარეობს აპრილსა და მაისში, ივნისში ინტენსივობა შედარებით იკლებს, ხოლო ივლისში აღმართობის ერთეულ შემთხვევებს აქვს ადგილი. მწარმოებლები ტოფობისთანავე დაღმართობენ ზღვაში, ახალმოზარდეულის დაღმართობა დროში უფრო გახანგრძლივებულია და ოქტომბრამდე გრძელდება.

 ზუთხისებრთა კრიტიკულად შემცირებული არეალი და რიცხოვნობა

1922 წელს ზუთხისებრნი მიგრირებდნენ საქართველოს 16 მდინარეში, 1975 წლისთვის მათი მიგრირებისა და ტოფობის ადგილები მკვეთრად იყო შემცირებული. წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობის გამო, სრულიად შეწყდა ზუთხისებრთა ინდივიდების შემოსვლა კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში. დასავლეთ საქართველოში ჩვენი საუკუნის დასაწყისში ზუთხისებრნი ჯერ კიდევ შედიოდნენ მდინარე რიონში, კოდორში, ჭოროხში, ხობში, ბზიფსა და ენგურში. ისტორიულად ზუთხისებრნი ქვირითობდნენ მდინარე რიონში, ენგურსა და ცხენისწყალში. მდ. ენგურის 35 კმ-იანი და მდ. ცხენისწყლის 32 კმ-იანი საქვირითე მონაკვეთები განადგურდა მდინარეების ბუნებრივი დინების რეგულირების გამო. ამჟამად ზუთხისებრნი მხოლოდ მდინარე რიონში მრავლდებიან. ზუთხისებრთა რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია. საქართველოში ზუთხისებრთა პოპულაციების კვლევები 1973 წლიდან მიმდინარეობს, მე-20 საუკუნის დასაწისიდან 70 -იან წლებამდე კი მათი მდგომარეობის შესახებ მსჯელობა თევზჭერის მონაცემების მიხედვით არის შესაძლებელი. გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში ზუთხისებრთა რიცხოვნობა 370 ათას ინდივიდს აღემატებოდა. ბოლო წლების განმავლობაში მათი რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია. მაგალითად, 2007 წლისთვის საქართველოში გავრცელებული ექვსივე სახეობის რაოდენობა 10 ათას არ აღემატებოდა (ა. გუჩმანიძე, 2009).

მდინარე რიონი – ზუთხისებრთა ბოლო თავშესაფარი საქართველოში

მსოფლიოში ზუთხისებრთა სახეობების გასამრავლებლად საჭირო ბუნებრივი სატოფო არეალი საკმაოდ შეზღუდულია. მდ. რიონი ერთ – ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც შემორჩენილია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და, შესაბამისად, ჯერ კიდევ ხდება მათი გამრავლება ბუნებრივ გარემოში.
აღასანიშნავია, რომ ამჟამად შავი ზღვის აუზის მხოლოდ ორ მდინარეში – რიონსა და დუნაიში –  ხდება ზუთხისებრთა ბუნებრივი გზით აღწარმოება.
აღნიშნულის გამო მდ. რიონი მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ჰაბიტატია და მას გააჩნია განსაკუთებული ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა ზუთხისებრთა გადარჩენის, დაცვისა და მათი სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის აღდგენისთვის.

ზუთხისბერთა დაცვისთვის არსებული სამართლებრივი გარემო

ზუთხისებრთა ყველა სახეობა დაცულია კონვენციით „გადაშენების წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“(CITES). საქართველო აღნიშნული კონვენციის მონაწილე მხარეა 1996 წლიდან და, შესაბამისად, აღებული აქვს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულიერების მიმართულებით. CITES-ის ფარგლებში ხდება ზუთხისებრთა სახეობების ნიმუშებით, მათ შორის ხიზილალით, საერთაშიროს ვაჭრობის რეგულირება და მონიტორინგი სპეციალურად განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის საშუალებით.
ზუთსიხებრნი შეტანილი არიან საქართველოს წითელ ნუსხაში და შესაბამისად, საქართველოში მათი მოპოვება აკრძალულია საქართველოს კანონით „წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის“ შესახებ. ამ კანონის თანახმად, აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რასაც შეიძლება მოჰყევს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების ადგილებისა და სამიგრაციო გზების დარღვევა.
ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ზუთხისებრთა ჭერა, მათ შორის თანჭერილში და სამოყვარულო -სპორტული თევზჭერისას, ასევე მათი რეალიზაცია და შენახვა. ზუთხისებრთა თევზების თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას ისინი დაუყოვნებული უნდა იქნენ გაშვებულნი საბინადრო გარემოში.აღნიშნული საკანონმდებლო აკრძალვები უკვე მრვალი წელია მოქმედებს, თუმა ზუთხისებრთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც დამატებითი დაცვითი ღონისძიებების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ზუთხისებრთა გადარჩენისთვის

გლობალურ დონეზე ზუთხისებრნი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პრიორიტეტულ სახეობათა ნუსხაშია და, შესაბამისად, ორგანიზაციას მათი დაცვის გლობალური სტრატეგიაც შემუშავებული აქვს. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, სტრატეგიულ დოკუმენტში განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებს ზუთხისებრთა კონსერვაციულ ღონისძიებებს. აღნიშნულ სტრატეგიულ დოკუმენტში მდინარე რიონს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ზუთხისებრთა კონსერვაციის თვალსაზრისით, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
WWF-ის კავკასიის ოფისი, WWF შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრთა სახეობების კონსერვაციის გაძლიერება საქართველოში, პროექტის წამყვანი კომპონენტია მდ. რიონზე და მდინარის შესართავის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება. პროექტი ასევე მოიცავს კანონაღსრულების გაუმჯობესების მიზნით შესაძლებლობების გაძლიერებას, ცნობიერების ამაღლებასა და კონსერვაციულ ღონისძიებებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის კომპონენტებს.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები