რეკლამა

კომპოსტის დამზადებით ჩვენ ვიცავთ გარემოს !

Ecovision/ ეკოხედვა

დღეს უკვე მეცნიერულად დადასტურებულია ქიმიური სასუქების მავნე ზეგავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.  მეცნიერებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ქიმიური სასუქების და პესტიციდების ინტენსიური გამოყენება საბოლოოდ ნიადაგის დეგრადაციას და ნაყოფიერების შემცირებას იწვევს, ამიტომ, დღეს ნიადაგში საკვები ნივთიერებების დაბალანსების და მისი ნაყოფიერების შენარჩუნების საუკეთესო გზად ბიოლოგიური მიწათმოქმედება მიიჩნევა.
ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და ამაღლების ბევრი ბუნებრივი საშუალება და მეთოდი არსებობს. მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კომპოსტი – მიწის ორგანული გამანოყიერებელი.
კომპოსტირება, ორგანული ნარჩენის შემცირების და ამგვარი ნარჩენის მდგრადი მართვის საუკეთესო საშუალებაა. კომპოსტი შეიძლება დამზადდეს საკომპოსტე ქარხნებში, სახლებში, საბაღე და ფერმერულ მეურნეობებში.

რა არის კომპოსტი?

კომპოსტი – არის მიწის ბუნებრივი გამანოყიერებელი, რომელიც მდიდარია ორგანული და მინერალური ნივთიერებით და შეიცავს მცენარის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს. იგი ორგანული ნაერთია, რომელიც მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და წარმოადგენს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ბიოლოგიურ სასუქს.

კომპოსტირება – ბიოქიმიური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს ორგანული ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ტენისა და ჟანგბადის ურთიერთზემოქმედების შედეგად. კომპოსტირების დროს მყარი ორგანული ნარჩენები ჰუმუსის მსგავს პროდუქტად გარდაიქმნებიან.

 ბუნება – კომპოსტირების საუკეთესო მაგალითია

კომპოსტირების საუკეთესო მაგალითს ბუნება გვაძლევს, სადაც ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს. ჩამოცვენილი ფოთლები, მცენარის გამხმარი ნაწილები და სხვა ორგანული მასა მიწაში არსებული მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად ტყის ნაყოფიერ ნიადაგად გარდაიქმნება.

რატომ კომპოსტი:

  • აღადგენს ნიადაგის ნაყოფიერებას;
  • აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას;
  • ამდიდრებს ნიადაგს ორგანული და მინერალური ნივთიერებებით;
  • აუმჯობესებს ნიადაგის ტენიანობას;
  • ზრდის მოსავლიანობას;
  • აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხს;
  • ეხმარება ფერმერს ფინანსების დაზოგვაში;
  • ამცირებს ნარჩენს.

კომპოსტის მომზადება:

საოჯახო პირობებში, საკომპოსტე ყუთი ხის ფიცრებისგან მზადდება. მისი ოპტიმალური ზომა 1-1,5 მეტრია სიგანეში, ხოლო სიგრძე დამოკიდებულია ორგანული ნარჩენების რაოდენობაზე. კომპოსტის ასეთი მოცულობა კარგი აერაციის და საკომპოსტე მასის მარტივად გადაბრუნების საშუალებას იძლევა. კომპოსტი ასევე შეიძლება დამზადდეს კონტეინერებში, პლასტმასის ან ლითონის ყუთებსა თუ ბადეში. შესაძლებელია საკომპოსტე ორმოს მოწყობაც.

კომპოსტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილის შერჩევას. საკომპოსტე ყუთი პირდაპირ მიწის ზედაპირზე უნდა განთავსდეს. კომპოსტი ადვილად მისადგომი უნდა იყოს, რათა გამარტივდეს საკომპოსტე მასალის მიტანა და განთავსება, ასევე საკომპოსტე მასის პერიოდული დანამვა და ამორევა. საჭიროა ისეთი ადგილის შერჩევა სადაც წვიმის დროს კომპოსტს წყალი არ შეუდგება. სასურველია შეირჩეს ჩრდილიანი ადგილი, უმჯობესი იქნება თუ ეს ადგილი არ იქნება წიწვოვანი ხეების ქვეშ.

საკოპოსტე მასალის მომზადება:

  • საკომპოსტე მასის შემადგენელი კომპონენტები ფენებად უნდა იყოს განთავსებული;
  • კომპოსტის ყველა ფენა უნდა იწყებოდეს ადვილად შლადი ორგანული მასალით;
  • ყველა ფენას უნდა მოეყაროს მიწის გარკვეული რაოდენობა;
  • კომპოსტის გროვის უკანასკნელი ზედა ფენა უნდა შედგებოდეს ნახშირბადის შემცველი ორგანული ნარჩენებისაგან (თივა, ფოთლები);
  • კომპოსტი პირდაპირ მიწის ზედაპირზე უნდა განთავსდეს, რომ ჭიაყელებსა და მიკროორგანიზმებს ჰქონდეთ თავისუფალი მიგრაციის საშუალება;
  • კომპოსტის გროვის ზემოთ თავსდება მოთიბული ბალახი ან ჭილოფის ტომრები, რადგან მზემ არ ააორთქლოს ტენი.

კომპოსტში გამოიყენება:

ბაღის ორგანული ნარჩენი; ხეხილისა და ვაზის ანასხლავი; სამზარეულოს ორგანული ნარჩენი; ყავის ნარჩენი; გამოყენებული ჩაი; კვერცხის ნაჭუჭი; ყურძნის ჭაჭა; ნამჯა; ბუმბული; ფოთლები; მიწა; ნაცარი; ნახერხი; ქაღალდი; ჩალა; ძროხისა და ფრინველის ნაკელი.

კომპოსტში არ უნდა მოხვდეს:

  • ცხოველური ნარჩენები (ძვლები, ხორცი, ტყავი);
  • მავნებლებით დაზიანებული მცენარეები, რადგან შესაძლოა შეიცავდნენ დაავადებების გამომწვევ ორგანიზმებს ან მათ კვერცხებს;
  • კატისა და ძაღლის ექსკრემენტები, რადგან შესაძლოა შეიცავდნენ პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს;
  • სოკოვანი ან სხვა დაავადებებით დასნებოვნებული მცენარეები;
  • ხის დიდი ნაჭრები;
  • შხამიანი მცენარეები ალკალოიდების შემცველობით (ოლეანდრი, კონიო, ლენცოფა, ლემა, აბუსალათინი), რადგან შესაძლოა გაანადგურონ ნიადაგში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმები;
  • დიდი რაოდენობით მუყაო ან ქაღალდი;
  • მცენარეები, რომლებსაც დიდი მჟავიანობა ახასიათებთ (ფიჭვის წიწვი)

კოპოსტირების პროცესი:

კომპოსტირების პროცესი 3 ფაზისგან შედგება:

  • გათბობის ფაზა
  • გაცივების ფაზა
  • დამწიფების ფაზა

კომპოსტის შემქმნელი ორგანიზმები:

კომპოსტირების პროცესში ძირითადად მონაწილეობს ცოცხალი ორგანიზმების ორი ჯგუფი: მიკროორგანიზმები და უხერხემლოები. კომპოსტირების პროცესში აუცილებელია ჭიაყელების კოლონიის საკომპოსტე გროვაში ჩასმა. ჭიაყელების კვებითი აქტივობისა და ცხოველქმედების შედეგად ხდება ნიადაგის ორგანული ნაერთებით გამდიდრება და მისი ხარისხის გაუმჯობესება. შესაბამისად, ისინი წარმოქმნიან საუკეთესო ხარისხის კომპოსტს. სწორედ ჭიაყელების აქტიური ცხოველქმედების შედეგად კომპოსტი იღებს მუქ ფერს და ხდება ფორიანი. ამ პროცესში ასევე მონაწილეობენ მწერები. იმისათვის, რომ ცოცხალ ორგანიზმებს გაუადვილდეთ კომპოსტის მასაში შეღწევა, საკომპოსტე ყუთის ფსკერი უშუალოდ მიწაზე უნდა იდოს.ამ ორგანიზმების საკმარისი რაოდენობის უზრუნველსაყოფად საჭიროა კომპოსტის გროვას დავამატოთ უკვე მზა კომპოსტი ან ბაღის მიწა.

კომპოსტის გამოყენება

კომპოსტი გამოიყენება ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად. ამავდროულად ზრდის ქვიშიანი ნიადაგის ტენიანობას, იცავს მცენარეს გვალვისაგან. თიხნარი ნიადაგისთვის კომპოსტის გამოყენება აუმჯობესებს დრენაჟისა და აერაციის უნარს. იგი უზრუნველყოფს ნიადაგის მკვებავი ნივთიერებებით გამდიდრებას. ნიადაგის განოყიერების მიზნით, დროთა განმავლობაში, კომპოსტის გამოყენება ამარტივებს მის დამუშავებას (დაბარვა, გამარგვლა,გათოხნა).

ორგანული ნარჩენების მდგრადი მართვა

ორგანული ნარჩენები დიდ ზიანს აყენებენ გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთი ნარჩენები, სხვა მყარ ნარჩენებთან ერთად აბინძურებენ ატმოსფერულ ჰაერს, ნიადაგს, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს. საშიშია მათი ნაგავსაყრელზე განთავსებაც, სადაც ორგანული ნარჩენი იფარება მიწის ფენით. უჰაერო სივრცეში კი მიმდინარეობს ანაერობული პროცესები, ანუ ლპობა. შედეგად, დიდი რაოდენობით გამოიყოფა მეთანი (აირი), რომელიც 25-ჯერ უფრო საშიში სათბურის აირია, ვიდრე ნახშირორჟანგი. სასოფლო თემებში მშრალი ფოთლების უტილიზაცის ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა ღია წესით ფოთლების დაწვა. როგორც წესი, დაგროვილ მშრალ ფოთლებს ერევა პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები და სხვა ნარჩენები პოლიესტერის შემცველობით. შედეგად, წვის დროს გამოიყოფა ისეთი მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (POPs), როგორებიცაა დიოქსინები და ფურანები. ამ კვამლს კი ადამიანები სუნთქავენ. კვამლი ვრელცდება ქარის მეშვეობით და აღწევს იმ ადამიანებამდე, რომლებიც აღნიშნული ადგილიდან მოშორებით ცხოვრობენ. ცეცხლი იოლად ვრცელდება ქარის მეშვეობით, შესაბამისად არსებობს მიმდებარე ადგილებში ხანძრის გაჩენის საშიშროებაც.

კომპოსტის დამზადებით ჩვენ:

  • ვამცირებთ ნარჩენებს;
  • ვიცავთ ჰაერს დაბინძურებისგან;
  • ვამცირებთ სათბურის აირებს;
  • ვამცირებთ ხანძრის საფრთხეებს;
  • ვიცავთ გარემოს.
რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები