რეკლამა

კრიკინა ვაზი საქართველოში

დ. მაღრაძე
ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისი
რ. ჭიპაშვილი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისი
შ. კიკილაშვილი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თბილისი

შესავალი

„კრიკინა“ არის სახელწოდება საქართველოს ტყის ველური ვაზისა, რომელიც ჩვენი ფლორის ტიპური მცენარეა, წარსულში ფართოდ გავრცელებული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დღეს კი სპორადულად არსებული ქვეყნის ორივე მხარეს.
ამ ვაზის ლათინური სახელწოდებაა Vitis vinifera ssp. silvetsris Gmel. ბოტანიკური კლასიფიკაციით ის არის ქვესახეობა ჩვეულებრივი ვაზისაVitis vinifera L. ამავე სახეობაში  გვაქვს კიდევ მეორე ქვესახეობა Vitis vinifera ssp. sativa DC., რომელშიც გაერთიანებულია ყველა – რამდენიმე ათასი – კულტივირებული ჯიში ევრაზიის ქვეყნებიდან – მაგალითისათვის, საფერავი, რქაწითელი, ციცქა, ალექსანდროული, შარდონე, მერლო, ნებიოლო, ტეროლდეგო,  სანჯოვეზე, რისლინგი, ზინფანდელი, ტემპრალინიო, პუხლიაკოვსკი, კადარკა, სულთანინა, ასმა, რიზამატი, ტაბრიზი, არენი და ა.შ.

 ეკოლოგია.

კრიკინა ვაზის არეალი მოიცავს ტერიტორიას ავღანეთიდან აპენინის ნახევარკუნძულამდე, რომელიც გარს უვლის შავ და ხმელთაშუაზღვის აუზებს. ჩრდილოეთი მიმართულებით ის გერმანიამდე უწევს, სამხრეთით კი აფრიკის ჩრდილოეთ ტერიტორიას იკავებს. საქართველოში კრიკინა ვაზი მის ორივე ნაწილშია გავრცელებული ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრამდე (ჩოლოყაშვილი, 1983, რამიშვილი, 1988) (სურ. 01, 02. 03, 04, 05).
მცენარის სასიცოცხლო ფორმა ლიანაა და საყრდენად იყენებს ფოთოლმცვენ მცენარეებს. გვხვდება ტყეებში, მდინარეთა ხეობებში, ღია ადგილებზე.

საქართველოს ტერიტორიაზე წარსულში ველური ვაზის გავრცელების შესახებ ინფორმაციას მე-13 საუკუნიდან ვხვდებით, როდესაც ქართველი ავტორები (ჟაღმთააღმწერელი, სულხან-საბა ორბელიანი, ვახუშტი ბატონიშვილი, მაქსიმე ქუთათელაძე, დავით გურამიშვილი და სხვები) და უცხოელი მოგზაურები (ჟან შარდენი, იაკობ რაინგერსი, ჟაკ ფრანსუა გამბა, ჟ.პ. დე ტურნეფორი, აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი, ფრიდრიხ კოლენატი და სხვები) გვაწვდიან ინფორმაციას საქართველოს ტყეებში დიდი რაოდენობით ველური ვაზის არსებობის შესახებ, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა საკვები დანიშნულებით იყენებდა (კიკილაშვილი, 2018). ცალკე ინფორმაციას იძლევა ველური ვაზის მრავალფეროვანი კუთხური სახელები, რომლებიც ადასტურებენ ამ მცენარის გავრცელებას საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში მსგავსად „ბაბილო, ბრძღუამლი-ბურზღუმი-ბურძღუმი-ბურძრუმლი, ზღვამილა, ზღვაბლი-რძღვაბლი-ძღუამლი-რძღვამლი-ძღვლამი-რძღვლამი-ძღვამბლი-ძღვამლი, დათვიყურძენა, მამალ ვაზი, იაბან-ყურძენი, კირკენა-კრიკენა-კირკინა-კრიკინა-კრიკინა ვაზი, ჭანჭყატო, უსურვაზი, მორცხულა, ბურეხი, ჩხურში, მენცხერო-მოცხარი-ომცხვარო, მტკუი ბინეხი, პანტაყურძენი, ტყარ ყურზელ, ცხეკიში ყურზელ, ჰერწმიში ყურზელ, ჩიტიში ყურძენი, ძაღლყურძენა, ბურუხი“ (მაყაშვილი, 1961, ასათიანი, 1978).
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი გარდამტეხი აღმოჩნდა ევროპული და მათ შორის  საქართველოს ველური ვაზისათვის: ჩრდილო ამერიკიდან შემოჭრილი სოკოვანი დაავადებების, ჭრაქის, ნაცრისა და მწერ ფილოქსერას წინააღმდეგ მას დაცვითი მექანიზმები არ აღმოაჩნდა ისევე, როგორც ეს არ აღმოაჩნდა კულტივირებულ ჯიშებს. მაგრამ კულტივირებულ ვაზს ადამიანი მალევე ამოუდგა მხარში მცენარეთა დაცვის ღონისძიებებითა და ამერიკულ საძირეზე მყნობით, ველური კი  ამ სიკეთეს მოკლებული აღმოჩნდა და პირისპირ დარჩა აგრესიული პათოგენების წინაშე. შედეგად მან მხოლოდ ისეთ ბუნებრივ პირობებში შეძლო თავის გადარჩენა, სადაც არსებობს ეკოლოგიური ხელისშემშლელი პირობები ფოლოქსერას განვითარებისთვის და ჭრაქისა და ნაცრის შედარებით დაბალი ხარისხის უარყოფითი ზემოქმედებისა. შედეგად მივიღეთ ერთ დროს მდიდარი პოპულაციის ფრაგმენტაცია, ბიომრავალფეროვნებისა და რიცხოვნების შემცირების პროგრესირებადი ტენდენცია, რომელიც, თუ არ მიეხმარა ადამიანის მიზანმიმართული დაცვითი სტრატეგია, დიდი ალბათობით, საერთოდ გადაშენებამდე მივა. 

გამოყენება

საქართველოსა და ევროპის ეთნობოტანიკაში ფიქსირდება ველური ვაზის გამოყენების შემთხვევები: ღვინო, ძმარი, საძირე, გამანაყოფირებელი დამტვერვისას, სასელექციო-საწყისი მასალა, დეკორატიული მცენარე, ნაკეთობები მერქნისაგან, დაწნული ხიდები (ფრუიძე, 2016, კიკილაშვილი, 2018, Ocete, 2015).

ამპლოგრაფია

(მევენახეობის ნაწილი, რომელიც სწავლობს ვაზის ჯიშებსა და სახეობებს მათი კლასიფიკაციისა და დახასიათებისათვის).
კრიკინა საერთო აგებულებით მსგავსებას ავლენს ვაზის კულტურულ ჯიშებთან (Zdunić et al. 2017). მისი ზოგადი ამპელოგრაფიული დახასიათება ასეთია (სურ. 06, 07):

  • ახალგაზრდა ყლორტის ზრდის კონუსი ყოველთვის ღიაა, მუხლთშორისებზე სწორმდმგომი ბუსუსები (ქეჩისებური შებუსვა) არა აქვს ან ძალიან სუსტია;
  • თანამდევი პწკლების რაოდენობა ორი ან ნაკლებია;
  • ახალგაზრდა (მე-4) ფოთლის ზედაპირის ფერი ჩვეულებრივ მწვანე ან ყვითელია;
  • ზრდასრულ ფოთოლს არასოდეს აქვს მახვილი კბილები (ერთ მხარეს ამოზნექილია, მეორე მხარეს ჩაზნექილი). ფირფიტის ქვედა მხარეს ძაღვებს შორის შებუსვა არ არის ან ძალიან სუსტია. ყუნწის და ზედა ამონაკვეთები ყოველთვის ღიაა. შემოდგომის შეფერვა ყოველთვის ანტოციანურია;
  • მცენარე გაყოფილბინიანია მდედრობითი და მამრობითი ყვავილებით;
  • მტევანი პატარა, არასოდეს არის კუმსი;
  • მარცვალი პატარა ზომის, ძირითადად მომრგვალებული, შავი ფერის, გამორჩეული არომატის გარეშე;
  • წიპწა პატარა ზომის, მომრგვალებული ნისკარტით;
  • ჭრაქისა და ნაცრის მიმართ გამძლეობა არა აქვს ან ძალიან დაბალია.

დომესტიკაცია და სელექცია

საინტერესოა იმ საკითხის გარკვევა, თუ როგორ კავშირშია ერთმანეთთან კულტივირებული და ველური ვაზი:

სამეცნიერო ლიტერატურაში დადასტურებულია, რომ ველური ვაზი წარმოადგენს კულტივირებული ვაზის წინაპარს, რომელზედაც ადამიანის სელექციური მუშაობის შედეგად მოხდა რიგი ამპელოგრაფიული  და აგრონომიული ნიშნების გაუმჯობესება, რამაც გამოიწვია ველური ვაზიდან დღევანდელი ევრო-აზიური ვაზის კულტივირებული ჯიშების ჩამოყალიბება.
ვაზის დომეტიკაციის პროცესი განხორციელდა სამხრეთ კავკასიაში, რაც განაპირობა ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა – ველური ვაზის გავრცელებამ ადგილობრივ ფლორაში, როგორც დომესტიკაციის ობიექტმა და შესაბამისი დონის აგრარული ცივილიზაციის არსებობამ მოცემულ გეოგრაფიულ რეგიონში.
სამხრეთ კავკასიაში ვხვდებით ქვის ხანის  ე.წ. „ნეოლითური“ პერიოდის დასახლებებს, რომლებსაც ქართველი არქეოლოგები „შულავერის კულტურის“ სახელწოდებით მოიხსენებენ და  გავრცელებული იყო დღევანდელი ქვემო ქართლისა და მომიჯნავე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს იყო მიწათმოქმედი ხალხის დასახლება, რომლებიც ეწეოდნენ მრავალფეროვან სოფლის მეურნეობას: ჰყავდათ შინაური ცხოველები; ამუშავებდნენ ნიადაგს და მოჰყავდათ მარცვლოვანი, პარკოსანი, ხეხილოვანი კულტურები და ვაზი (კიღურაძე, 2000). უკანასკნელი სამეცნიერო აღმოჩენით (McGovern et al. 2017) კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ აქ დაიწყო ევროპული მეღვინეობისა და მევენახეობის ისტორია ძვ. წ. 6000 წელს – 8000 წლის წინ – რაც დადასტურებული იქნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში განხორციელებული მრავალპროფილური კვლევების შედეგად (Maghradze et al. 2016, 2018). კომპლექსური სამეცნიერო მიდგომით შესრულებულმა იმ დროის სამეურნეო ყოფის აღდგენამ აჩვენა ღვინის დაყენების უტყუარი პრაქტიკა და ვაზის სიახლოვე მაშინდელ ადამიანთან, ხოლო ნეოლითური კლიმატის რეკონსტრუქციამ მოგვცა დამატებითი საბუთი მაშინდელი აგროკლიმატური რეალობის სრული შესაბამისობის შესახებ ვაზის წარმატებული კულტივირებისათვის.
შულავერის კულტურაში მევენახეობა-მეღვინეობის ფაქტის დადასტურებამ გააჩინა კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი თარიღი – ვაზის სელექციის საწყისი: ე.წ. „ნეოლითურ რევოლუციამდე“ ადამიანი  ველურ ვაზს ტყიდან იცნობდა და იქ აგროვებდა მის ნაყოფს; სავარაუდოდ, ამასვე აგრძელებდა პირველი დასახლებების შემდეგაც. მაგრამ მიწათმოქმედების განვითარების პარალელურად და ტყიდან დაშორების შედეგად იწყებს ამ მცენარის ჯერ შენარჩუნებას თავისი საცხოვრებლის სიახლოვეს, შემდეგ უკვე გამორჩეული ინდივიდების დარგვა-კულტივირებას და გაუმჯობესებას გამორჩევის გზით. საბოლოოდ იქმნება ის აგრონომიული მასალა, რომელიც ღვინის დაყენების დაოსტატებასთან კავშირში ბიძგს აძლევს მევენახეობა – მეღვინეობის პრაქტიკის გავრცობას ჯერ სამხრეთ კავკასიაში, შემდეგ კი მთელს წინა აზიაში ძვ. წ. მე-4–მე-2 ათასწლეულებში „მტკვარ-არაქსის კულტურის“ დროს, უხსნის რა გზას დანარჩენ ძველ მსოფლიოში „მოგზაურობისათვის“ (Batiuk, 2013). ეს ინტროდუქცია მიმდინარეობს ჯერ ადგილობრივი ჯიშების გადატანით ახალ რეგიონებში, ხოლო შემდეგ მათი განვითარებით იქაურ მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყნებში.
ველურმა ვაზმა სელექციური პროცესის შედეგად და კულტივირებულ ვაზად ჩამოყალიბების პროცესში განიცადა შემდეგი ცვლილებები (სურ. 08):

  • პატარა ზომის, მეჩხერმტევნიანი, წვრილი და შავმარცვლიანი ყურძენი ხდება დიდი ზომის ნაყოფი მსხვილი, თეთრი და ფერადი მარცვლებით;
  • იზრდება ფოთლის ზომა;
  • ერთტიპური ველური ვაზი დასაბამს აძლევს დიდ ჯიშურ მრავალფეროვნებას სამი მნიშვნელოვანი სამეურნეო მიმართულებით: საღვინე, სასუფრე და საქიშმიშე;
  • გაყოფილბინიანი ველური ვაზისაგან ცალკ-ცალკე მცენარეზე არსებული მდედრობითი და მამრობითი ყვავილებით გამორჩეული და გავრცელებული იქნა ჰერმაფროდიტული ვაზის ჯიშები განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით, რაც საშუალებას იძლევა გაშენდეს მონოჯიშური ვენახები;
  • წიპწის ფორმა ხდება დიდი და წაგრძელებული, კარგავს რა საჭიროებას, გადატანილ იქნეს ფრინველების მიერ ველური ვაზის გამრავლების მიზნით.

შესწავლა

საქართველოს ველური ვაზი წარმოადგენს რა კულტივირებული ვაზის წინაპარსა და ევრო-აზიური ველური ვაზის პოპულაციის შემადგენელ ნაწილს, აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინტერესი როგორც: ა) ვაზის დომესტიკაციის საწყისს სამხრეთ კავკასიაში 8000 წლის წინ და შესაძლო გასაღებს ამ დომესტიკაცისს პროცესების ასახსნელად; ბ) საინტერესო მცენარეს კლიმატის გლობალური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა გამძლეობის მქონე ნიშნების/გენების ძიების მიმართულებით – ანუ სავარაუდო სასელექციო-საწყის მასალას; გ) მსოფლიო მევენახეთა მზარდი ინტერესის ქვეშ მყოფ მცენარეს ამჟამად; დ) დაცვის ობიექტს, შეტანილს საქართველოს წითელ წიგნში (კიკილაშვილი და სხვ. 2018).
გამომდინარე აქედან, ის ყოველთვის წარმოადგენდა მეცნირეული კვლევის ინეტერესს ქართველი თუ უცხოელი მკვლევრებისათვის – ისტორია იწყება 1846 წლიდან, როდესაც ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორმა ფრიდრიხ კოლენატიმ პირველად აღწერა კავკასიის ველური ვაზი. მე-19 საუკუნის მკვლევაებიდან გამორჩეულია ა. დეკანდოლი, ი. პლანშენი, ს. ტიმოფეევი და სხვები. კვლევები გაგრძელდა მე-20 საუკუნეში; აღსანიშნავია დ. სოსნოვსკის, ნ. ვავილოვის, ა. ნეგრულის, ა. კოლაკოვსკის, ა. გროსგეიმის, მ. რამიშვილის, ჩოლოყაშვილის, რ. რამიშვილი და სხვა ავტორების შრომები. მაქსიმე და რევაზ რამიშვილებმა შეაგროვეს და კოლექციაში დარგეს 400 ველურად მოზარდი (საკუთრივ კრიკინა ვაზი და გაველურებული კულტურული ვაზის ჯიშები) ვაზის გენოტიპი, რომელთაგან შემდეგ საუკეთესოები გამოარჩიეს კულტივირებისათვის.
21-ე საუკუნეში საქართველოს ველური ვაზის კვლევა წარმატებით გრძელდება (შარიქაძე და სხვ. 2010, Ekhvaia & Akhalkatsi, 2010, Maghradze et al. 2011, Pipia et al. 2012, Ocete et al. 2012 და სხვ.). ის ჩართულია სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში. 2003 წლიდან მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული IPGRI-ს პირველი საერთაშორისო პროექტის –„კავკასიისა და შავი ზღვის ჩრდილოეთ რეგიონების ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება“– ფარგლებში განახლდა 90-იან წლებში შეჩერებული ველური ვაზის კვლევა (Maghradze et al. 2009b) და გაგრძელდა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ პროექტებში იმავე სამეცნიერო ჯგუფის მიერ: ამჟამად აქტიური პროექტებიდან აღსანიშნავია ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო პროექტი“ (2014 წლიდან) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტი (FNR 18-18474) „საქართველოს ველური ვაზი: შესწავლა და დაცვა“ (2019-2021).

 დაცვა

კრიკინა ვაზის დაცვის საჭიროება ევროპის ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დადგა – ჭრაქის, ნაცრისა და ფილოქსერას შემოჭრის შემდეგ. ამ პრობლემატიკას დაემატა ურბანიზაციისა და გზების გაყვანით გამოწვეული ველური ბუნების შემცირება, ამერიკული წარმოშობის ვაზის საძირეების გაველურება კრიკინა ვაზის გავრცელების არეალში, ველური სავარგულების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის.
კრიკინა ვაზის დაცვის ნაბიჯებიდან აღსანიშნავია მცენარეთა კონსერვაცია ვაშლოვნის, ჭაჭუნას, მარიამჯვრის, გარდაბნის, ლაგოდეხის, საგურამოსა და სხვა დაცულ ტერიტორიებზე; ამ სახეობის შეტანა საქართველოს „წითელ წიგნში“ (1982); ველური ვაზის ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრედ აღიარება ადგილობრივ ჯიშებთან ერთად (საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“, 1998).
კონსერვაციის განსაკუთრებული მიმართულებაა კრიკინა ვაზის ფორმების საკოლექციო დაცვა მინდვრის კოლექციაში მათი შესწავლის მიზნით, რაც განხორციელდა მაქსიმე და რევაზ რამიშვილების მიერ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაშენებული 400 გენოტიპით (სამწუხაროდ, ქვეყანაში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო ამ გენოტიპებიდან მხოლოდ რამდენიმე გადარჩა) და ჩვენ მიერ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე 2014 წელს დაწყებული ველური ვაზის კოლექციის გაშენებით, სადაც დღეისათვის 80-მდე გენოტიპია თავმოყრილი.
გარდა დაცვის აღნიშნული ღონისძიებებისა, ასევე საფიქრალია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაუცველ ტერიტორიებზე  არსებული მცენარეების ბედი. სისტემატური ექსპედიციური გამოკვლევები; მოძიებულ მცენარეთა აღრიცხვა, აღწერა და ვიზუალიზაცია მათ შორის – გეოსაინფორმაციო სისტემების საშუალებებით; ველურ მცენარეებზე სისტემატური მონიტორინგის დაწესება; დაცულ ტერიტორიებზე არსებული მცენარეების ჩართვა ვიზიტორთა პროგრამაში; საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანა; მცენარეთა გამრავლება საკოლექციო ნარგაობაში დამაგრებისა და ბუნებრივ ცენოზებში აღდგენა-დაბრუნებისათვის; სისტემატური სამეცნიერო კვლევების გაგრძელება და შედეგების პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნითა და საერთაშორისო დონეზე და სხვა მსგავსი ღონისძიებები, მიგვაჩნია, რომ აქტუალურია და ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი მცენარის შენარჩუნებას ქვეყანაში.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები