რეკლამა

კრწანისის პარკი თუ ტყე-პარკი?

ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წრეებში ამ ბოლო დროს ბევრს მსჯელობენ კრწანისის ყოფილი ტყე-პარკის აღდგენაზე. საუბრობენ ინვესტორების მოძიებასა და შემდგომ ტყე-პარკის ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე ურბანული პარკის აშენებაზე, სადაც განთავსდება უამრავი ულამაზესი დეკორატიული სკვერი, დაირგვება ათასგვარი დეკორატიულად ფორმირებული იმპორტული და ეგზოტიკური სახეობის ხე-მცენარე; დაიგება და მოიკირწყლება შიდა გზები და ბილიკები, აშენდება სპორტული მოედნები, ამფითეატრები და კინოთეატრები, ატრაქციონები და კომერციული ცენტრები, შეიძლება სასტუმრო და გასართობი დაწესებულებებიც, ეს ყოველივე კი მნიშვნელოვან შემოსავალს მისცემს ბიზნესს… მგრამ ეს აღარ იქნება ტყე-პარკი.
ტყე-პარკის ძირითადი განსხვავება თანამედროვე ურბანული პარკისგან შემდეგია: ადამიანის მუდმივი ჩარევა პარკის შექმნის შემდეგ მინიმალური ხდება, მცენარეთა უმრავლესობა ადგილობრივ ტყისშემქმნელ სახეობებს ეკუთვნის. ხელი ეწყობა ორნიტოფაუნისა და წვრილი ძუძუმწოვრების პოპულაციებს. მართალია, ხდება ფრაგმენტული დეკორირება, მაგრამ უპირატეოსბა ენიჭება ადგილობრივ ტყისშემქმნელ და მარადმწვანე სახეობებს. გარკვეული ინფრასტრუქტურული ჩარევა ტყე-პარკშიც დაშვებულია, ოღინდ მშენებლობისას თითქმის არ გამოიყენება რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, არამედ – მინა, ხე, ქვა და სხვა ბუნებრივი მასალები, გამართულია ველობილიკები, სპორტული-სათევზაო ტბორები, ადგილობრივი ფაუნის ზოობაღები და სახეობათა დენდრო-ექსპოზიციები, ბუნებასთან დაკავშირებული სასწავლებლებლები, ტარდება გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები და ა.შ. და, რაც მთავარია, ზოგადად ტყე-პარკი წარმოქმნის ბევრად მეტ ჟანგბადს, ვიდრე თანამედროვე ურბანული ბაღი. მსხვილი ურბანული დასახლებების სიახლოვეს განლაგებული ტყე-პარკების მნიშვნელობა შეუფასებელია.
ფონიჭალა-ყარაჭალის მონაკვეთზე ორგანიზებული კრწანისის ტყე-პარკი, რომელსაც უდიდესი სარეკრეაციო დანიშნულება ჰქონდა არიდულ, ნახევრად უდაბნოს ზონაში განთავსებული თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილისა და ქ. რუსთავის მოსახლეობისთვის, აღემატებოდა 1200 ჰა-ს. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ტყე-პარკის ტერიტორია განახევრებულია, უკვე წლებია არ მიმდინარეობს ჭალის ტყისა და ხელოვნური ნარგავების მოვლითი და სანიტარული ღონისძიებები, პერმანენტულად ხდება უკანონო ჭრა, ძოვება, დანაგვაინება, განადგურებულია ღობე, დაშლილია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები, განადგურებულია პარკის კოლხური ხოხბის პოპულაცია, მტკვარი-ალაზნის აუზის იქთიოფაუნა, რომელიც მოშენებული იყო 26 ჰა-მდე ფართის ხელოვნურ ტბორებში, ტბორების კასკადი დაჭაობებულია და წარმოადგენს მავნე მწერების გავრცელების მნიშვნელოვან კერას, გვაქვს სხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვების უკანონო ფაქტები მდ. მტკვარზე და ა.შ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნულ საშენ მეურნეობაში, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, უკვე მეორე წელია განიხილება კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა-განახლების ზოგადი გეგმა, რომლის დანიშნულებაც მისი სარეკრეაციო მნიშვნელობის გაზრდა, უფრო ზუსტად კი – დაბრუნება იმ წერტილთან, რომელიც შეიქმნა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, როდესაც ფრაგმენტულად შემორჩენილ ტუგაის ჭალის პირას გაუქმნა მაშინდელი მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობა და ხე-მცენარეთა მთელი რიგი სახეობები შეიტანეს და დარგეს, რის შედეგადაც ადამიანის მიერ წახალისებულმა ბუნებამ კვლავ გაიმეორა თავისი სასწაული და სულ რაღაც ორ ათეულ წელიწადში თბილისსა და რუსთავს შორის, მდინარე მტკვარის ორთავე სანაპიროზე, აღიმართა უღრანი ტყე, ქვა-ღორღის კარიერები გადაიქცა ტბორებად, ტყესა და ტბორებს მოაკითხა ათეულობით სახეობის გადამფრენმა ან მობუდარმა ფრინველმა, სამუდამოდ დაიბუდა კიდევ ათეულობით ადგილობრივად მობინადრე სახეობამ.
სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საზოგადოების სამსჯელოზე აპირებს გამოიტანოს იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია არა მხოლოდ ტყე-პარკის გადასარჩენად, არამედ მისთვის საზოგადოებრივად სასარგებლო პოლიფუნქციის მისაცემად, მათგან უმთავრესი იქნება 3 განმსაზღვრელი მიმართულება:

  • ტყე-პარკის მწვანე მასის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი გაზრდა;
  • მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებათან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქვეყნის მასშტაბით პოლიფუქციური საბაზისო ერთეულების ჩამოყალიბება;
  • ორი ქალაქის და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობისთვის დასვენების მყუდრო ზონის შექმნა.

სარეკრეაციო მნიშვნელობის გაზრდა

კერძოდ, იგეგმება სამუშაოების განხორციელება შემდეგი მიმართულებით:

  1. ტყე-პარკის მთლიანი შემოღობვა, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის განთავსება და მთავარ საკონსერვაციო ჭალაში ხე-მცენარეთა ინვენტარიზაციის, სანიტარულ-მოვლითი და შემდგომში დარგვითი ღონისძიებების ჩატარებას, რაც გულისხმობს კუნძების, დაავადებული და ამორტიზებული ხე-მცენარეებისა და სხვა ნარჩენების გატანას და ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი სახეობების, პირველ რიგში კი „საქართველოს წითელი ნუსხის სახეობების“ – ჭალის მუხის, პატარა თელის და ლაფანის, ასევე ტყის შემქმნელი რამდენიმე სახეობის – მინდვრის ნეკერჩხლის, დიადი ბოყვის, ჩვეულებრივი იფნის, ცაცხვის, ქართული მუხის, ხოლო გზატკეცილის მიმდებარე მონაკვეთში ელდარის ფიჭვის, საღსაღაჯის და სხვა ადგილობრივი ქსეროფიტული ნერგების დიდი რაოდენობით (100 000-მდე ძირი) შეტანასა და ჩარგვას.
  2. იგეგმება „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობათა დენდროპარკის შემქნა ტყე-პარკის გამეჩხერებულ ტერიტორიაზე, რაც გულისხმობს სახეობათა მონოკორომების ექსპოზიციური კუნძულების შექმნას, სადაც ზომით დაახლოებით 25X25 მ-ზე კვადრატებში დაირგვება „საქართველოს წითელი ნუსხაში“ შემავალი იშვიათი სახეობები, რომელთაც თავისთავად ექნებათ არა მხოლოდ საექსპოზიციო და გარკვეულად დეკორატიული, არამედ საგანმანათლებლო დანიშნულებაც და რომელთა მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ფართო ფენებში ნაკლები ინფორმაციაა, ასეთებია: უხრავი, საკმლის ხე, თურანულა, ყამბრო, ბალამწარა, პონტოს, ჰართვისისა და იმერული მუხები, ურთხელი, წაბლი, ძელქვა, ქართული ნუში, ქართული ნეკერჩხალი, კოლხური ბზა, სახოკიას ბერყენა, ქიქოძის ტირიფი, ხემარწყვა, მრავალნაყოფა და შავნაყოფა ღვიები და სხვა. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა „ტუგაის“ ჭალის ტყის ფრაგმენტისა და მტკვრის ნაპირსამაგრი ზონის აღდგენა-განახლებას შესაბამისი სახეობებით, როგორებიცაა – ხვალო, ოფი, ქაცი, ფშატი და ა.შ კორომებით. ტყე-პარკის მუდმივი ბინადრების – ცხოველთა სამყაროს მხარდაჭერის მიზნით დაირგვება სხვა მსხმოიარე სახეობები: კუნელი, პანტა, ზღმარტლი, მაჟალო, ტყის ხურმა, ველური ბროწეული, კინჩხი და სხვა.
  3. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს გეგმის მიხედვით, ტყე-პარკის ტერიტორიაზე იგემება ველურ ბუნებასთან ინტეგრირებლი გარემოსდაცვითი სოფლის მეურნეობის მიღწევათა მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცის შექმნა და მასთან ერთად, გარემოსდაცვითი მიმართულების ორგანიზაციების, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების, ასევე სამონადირეო და სამეთევზეო საზოგადოებებისა და კლუბების მუდმივმოქმედი „მწვანე საბჭოს“(Green Council) საკონფერენციო დარბაზის განთავსება.
  4. ამავე გეგმით მოხდება, ენდემური იქტიოფაუნის საშენის გადმოტანა (ტბორი N1), სპორტული თევზაობის ტურების ორგანიზება (ტბები N1,2,3 და 4) და ყველა არსებული ტბორის (ნახაზზე N1-7) ტექნიკური და ბიოლოგიური დასუფთავება და ენდემური იქტიოფაუნის სახეობებით შევსება.
  5. კოლხური ხოხბის საშენი – საინკუბატორო მეურნეობის გადმოტანა სართიჭალიდან ტყე-პარკში და მე-20 საუკუნის მე-2 ნახევარში პარკის ტერიტორიაზე არსებული კოლხური ხოხბის პოპულაციის აღდგენა.
  6. სააგენტო განიხილავს მოზარდებისთვის „ბირდვოჩერების“ (ფრინველებზე დაკვირვება) საკვირაო სკოლის ორგანიზებას. ასევე იგეგმება ადგილობრივი ფაუნის სახეობების მინი ზოო-ბაღის მოწყობა, რომელიც მოსახლეობას გააცნობს ჩვენი ბუნებისთვის დამახასიათებელ, ხშირად ნაკლებად ცნობილ და თავისი არსით უნიკალურ სახეობებს.
  7. გეგმის მიხედვით, ასევე განიხილება დეკორატიული და სატყეო სახეობების ხე-მცენარეთა მარკეტ-ორანჟერიის მოწყობა, ე.წ „ფრინველეთა ბაზრობის“ თანამედროვე სახით ორგანიზება და მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება, სადაც იურიდიული და ფიზიკური პირები თავიანთ წარმოებულ პროდუქციას გამოფენენ და გაყიდიან, ხოლო მოსახლეობა შეძლებს შეიძინოს სხვადასხვა სახეობებისა და სელექციური ჯიშების ნერგი, ბოლქვი, თესლი, ეგზოტიკური ფრინველები, ჯიშიანი ძაღლები, აკვარიუმისა და ტბორის თევზები და მცენარეები და უამრავი სხვა, როგორც დეკორატიული თუ სპორტული, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სერტიფიცირებული მასალა.

აღნიშნული გეგმით ტყე-პარკის აღდგენისა და მოწესრიგების შემდეგ დღის წესრიგში დგება ბიზნესის მოწვევისა და ინვესტირებების საკითხიც, ვინაიდან ტყე-პარკისთვის პოლიფუნქციური დანიშნულების ხორცშეხმისთვის მნიშვნელოვანი გახდება ისეთი საქმიანობების ინფრასტრუქტურის ორგანიზება, როგორებიცაა: ტურისტული “Camping area”, რომელიც ფოთი-ბაქოს ტრანსაკვკასიურ მაგისტრალზე მოძრავ ველო და მოტო, აგრეთვე ფეხოსან ტურისტებს მისცემს პარკში შესვენების საშუალებას; შესბამისად, განსათავსებელი ხდება სწრაფი კვების ობიექტები და სხვა ინფრასტრუქტურა. ამავე კუთხით განსახილველია ველობილიკის მოწყობა ტყე-პარკის მთელ პერიმეტრზე, ასევე „პონის“ სახოების ცხენების საჯინიბოსა და იპოდრომის აშენება, ხოლო განათლების კუთხით განსახილველი ე.წ. „მწვანე კოლეჯის“ ორგანიზება, რომლის ფაკულტეტებზეც ასწავლიან ლანდშაფტის დიზაინს, დეკორირებას, სათესლე მენერგეობის, მყნობა-დაკალმების, ფაუნის სახეობათა მოშონებას, “Wild life” მენეჯმენტს, ტაქსიდერმიას, სამონადირეო და სამეთევზეო, დაცული ტერიტორიების “Hiking”, ”Birdwaching” – ის ტურისტების გიდების, მოთხოვნადი პროფესიების მომზადებას და გადამზადებას.  ისევ დავუბრუნდები ძირითად განსხვავებას პარკსა და ტყე-პარკს შორის, რომელიც 2016 წელს ტყე-პარკის დათვალიერებისას თავისებურად გამოთქვა GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია) მოწვეულმა შვედმა ექსპერტმა, ტყის გაშენების სპეციალისტმა ბატონმა სტელან კარლსონმა: „ განსხვავება ისაა. რომ პარკში დადიხარ ქვაფენილსა და ასფალტზე, ხოლო ტყე-პარკში ფოთოლსა და ბალახზე… პარკში უსმენ მუსიკას, მიირთმევ სენდვიჩს ან დასდევ ბურთს, ხოლო ტყე-პარკში ამისთვის არ გცალია… 21-ე საუკუნის რკინა-ბეტონის ურბანული უღრანიდან გამოქცეული, აქ ხარბად მხოლოდ ჟანგბადს ეწაფები და მშვიდად უსმენ უამრავი ფრთოსნის გალობას“.

ნათია ლაგურაშვილი

ეკოკლუბი

სკოლის ეკოკლუბმა 2 წლის წინ წამოვიწყეთ აქტიური კამპანია, რომლის მიზანიც კრწანისის ტყე-პარკის ცნობადობის გაზრდა იყო მოსახლეობაში. შევქმენით ეკოკლუბების ქსელი, რომელშიც დაინტერესებული სკოლები გაერთიანდნენ. ამერიკის სატყეო სააგენტოსა და USAID – ის ერთობლოვი პროექტის, „ისწავლე, გაუზიარე, გააკეთე – უფრო მწვანე თბილისისთვის“, ფარგლებში, CENN-ის დახმარებით, მოვაწყევთ გამწვანებისა და დასუფთავების აქციები, საველე გასვლები, ვორქშოფები და მასშტაბური ღონისძიებები, როგორიცაა ფლი მარკეტი, სადაც 1000 – ზე მეტი სტუმრის 80%-ი პირველად სტუმრობდა ტყე-პარკს; ჩვენთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, როგორც თბილისის პერიფერიულ ზონაში მცხოვრებთათვის, ცენტრალური გამწვანებული ტერიტორიების სტუმრობა გარკვეიულ დისკომფორტთანაა დაკავშრებული, კრწანისის ტყე-პარკიკი სულ რაღაც 5 წუთის სავალზეა. გარდა ამისა, ვინაიდან ტყე-პარკი საქართველოს ორ საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს – თბილისსა და რუსთავს შორისაა, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. თბილისი არ არის მდიდარი სარეკრეაციო ზონებით, არ აქვს ხალხს იმის შესაძლებლობა, რომ შაბათ-კვირას მოსწყდეს ქალაქის რუტინულ გარემოს და დაისვენოს. ამ მხრივ, კრწანისის ტყე-პარკი თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც თავს, ქალაქიდან გაუსვლელად, ქალაქგარეთ გრძნობ.
ტყე-პარკის მნიშვნელობას ერთი-ორად ზრდის უნიკალური ბიომრავალფეროვნება, 80-ზე მეტი სახეობის ფრინველი და ბუნებრივი ჭალის ტყე, რომელიც თითზე ჩამოსათვლელადაა საქართველოში დარჩენილი. ზუსტად ესაა ის მიზეზები რის გამოც კრწანისის ტყე-პარკს უპირობოდ ესაჭიროება დაცვითი სტატუსი.

რეზო გეთიაშვილი

CENN

ტყე-პარკის ეკოლოგიურ ფუნქციაზე და მის ურბანისტულ მნიშვნელობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მათ შორის, თბილსის გენერალურ გეგმაშიც. სწორედ ეს ღირებულებები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარების ხაზს, კერძოდ, მისი ბუნებრივი სახით შენარჩუნების აუცილებლობას, თუმცა, ტყე-პარკის განასაკუთრებული ღირებულება მისი რეკრეაციული პოტენციალია. ის სრულიად განსხვავებულია როგორც თბილისის განაშენიანებულ ნაწილში შემორჩენილი მწვანე ზონებისგან, ასევე ქალაქის შემოგარენის ტყიანი ფერდობებისგან. მისი ლანდშაფტური მახასიათებლები რეკრეაციის მრავალფეროვანი ფორმების და შესაბამისი სერვისების განვითრების საშუალებას იძლევა. ცალკე უნდა ითქვას ტყე-პარკის ფაუნაზე, განსაკუთებით კი, იქ მობინადრე და მობუდარ ფრინველებზე, თბილისის და თუნდაც რუსთავის მოსახლეობას შეუძლია, ქალაქიდან გაუსვლელად მოხვდეს ბუნებრივ გარემოში, მთელი დღით მოცილდეს ქალაქის ხმაურს, მისი ცხოვრების რიტმს, კორპუსებისა და მანქანების სამყაროს და ისიამოვნოს ჭალის ტყის უნიკალური ეკოსისტემით.
ევროპაში მსგავს ადგილებს „უდაბნოებს“ უწოდებენ და ყველა განვითარებული ქალაქი ცდილობს მის შექმნას. ჩვენ კი, ეს, 200 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობად მივიღეთ. სწორედ ასეთ ადგილებში ყოფნა იძლევა სრულფასოვანი დასვენებისა და გადატვირთვის საშუალებას ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. განაშენიანების ტემპებიდან გამომდინარე, ამ ადგილების ფასი მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება და ნებისმიერი ქალაქის მოსახლეობისთვის ნამდვილი ფუფუნება ხდება.
ამიტომ, დღეს თბილისისს აქვს მართლაც უნიკალური და ისტორიული შანსი, რათა მომავალში პრეტენზია ჰქონდეს საცხოვრებალდ თუ ტურისტულად მიმზიდეველი ქალაქის სახის შენარჩუნებაზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კი ცხოვრების შანსი აქვთ და მომავალში ამით აუცილებალდ იამაყებენ. თუმცა, წლების განმავლობაში მიმდინარე საზოგადოებრივი კამპანიიდან გამომდინარე, საჭირო გადაწყვეტილების მიღება აღარ განიხილება, როგორც სწორი არჩევანი.
CENN-მა, პარტნიოორ ორგანიზაციებთან ერთად, შეძლო და იდეის გარშემო ათასობით ადამიანი გააერთიანა. ეს კი ქმნის მოლოდინს, რომ ხელისუფლება ხალხის აზრს აუცილებლად გაითვალისწინებს. ამ ეტაპზე მოვლენების სხვა სცენარით განვითარების არანაირი წინაპირობა არ არსებობს და ვიდრე მსგავსი რისკები გაჩნდება, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.

რევაზ ბეჟაშვილი
სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები