რეკლამა

კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა – რევაზ ბეჟაშვილი

ინტერვიუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან ბატონ რევაზ ბეჟაშვილთან

უკვე ნახევარი წელზე მეტია, რაც კრწანისის ყოფილი ტყე-პარკის აღდგენა გადაწყდა. ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუ რა ხდება ამჟამად, როგორ მიმდინარეობს  დაგეგმვა  და  რა  სამუშაოები  წარმოებს?


– გეთანხმებით, ეს ნახევარი წელი ძალიან სწრაფად გავიდა. დიდი დრო მიაქვს დაპროექტების სამუშაოებს. ამ ეტაპზე აშენდა მცირე სამეურნეო კოტეჯი და მოეწყო მცირე სასაწყობო მეურნეობაც, რომ უკვე შევძლოთ ფუნქციონირების დაწყება. პარალელურად მიმდინარეობს ტყის აღრიცხვის სამუშაო, რომელიც, სავარაუდოდ, არცთუ მცირე ხანს გასტანს. ამაში გვეხმარებიან ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები და გარემოსდაცვით ორგანიზაციათა საკოორდინაციო ქსელი – CENN.  აღსარიცხია ყველა ზეხმელი და ხმობადი ხე და მოჭრის შემდეგ გასატანია ტე-რიტორიიდან, აღსარიცხია, აგრეთვე, „საქართველოს წითელი ნუსხის“მცენარეები, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა დასჭირდებათ. პარკში დგას რამდე-ნიმე ათეული ჭალის მუხა, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აგრეთვე არის ძელქვის ძალიან საინტერესო სამი ეგზემპლარი, რომლებიც საუკეთესო მდგო-მარეობაშია და გაფრთხილება სჭირდება, რადგან საქართველოს წითელი ნუსხის ეს სახეობა ამ რეგიონისთვის არატრადიცუიულია, მაგრამ ტყე-პარკში მშვენივრად ხარობს.

თქვენ ისაუბრეთ დაზიანებებსა და ხეების ჭრაზე. მაგრამ თუ დაირგვება ახალი?

– რა თქმა უნდა, და თანაც – დიდი ოდენობით. სააგენტოს შემადგენლობაშია სართიჭალის სანერგე მეურნეობა, რომელსაც ტყის შემქმნელი სახეობების ნერგების დიდი მარაგი გააჩნია. ოღონდ აქცენტირება მოხდება ჩვენს, კავკასიურ სახეობებზე. დეკორირება შეეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაშენების მიმდებარე ადგილებს – შიდა გზას, შენობებს და ა.შ. ადრე გაზაფხულიდან ვიწყებთ დარგვას და ყველა მსურველს მოვიწვევთ მასში მონაწილეობის მისაღებად.

რა ხდება ტყე-პარკის ინფრასტრუქტურული მოწყობის მხრივ? კარგი იქნება, თუ გაგვაცნობთ თქვენს გეგმებს.

– იანვრიდან ვიწყებთ პარკის შემოღობვის სამუშაოებს. პირველ ეტაპზე შეიღობება 150 ჰა. ტერიტორია. დასრულებულია სააგენტოს ოფისის პროექტი და, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში დავიწყებთ მშენებლობას, რის შემდეგაც პარკში სააგენტოს 70 თანამშრომელი იმუშავებს. ვითარების კონტროლი, მცენარეთა მოვლა – დამეთანხმებით, ეს ყველაფერი ითხოვს ადამიანის მონაწილეობას, ცოდნასა და ფიზიკურ შრომასაც.
ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარების მხრივ გაგაცნობთ სხვა სიახლეებსაც – შექმნილია კიდევ ორი პროექტი – პარკის ელექტრიფიკაციის, შიდა განათების ქსელის მოწყობის ჩათვლით, ასევე, 2020 წლიდანვე ვაპირებთ საირიგაციო ქსელის მოწყობას, რადგან ტყე-პარკში ხეების ხმობა დიდწილად გამოწვეულია უწყლობით, რასაც დაე-მატა ბოლო ორი, მნიშვნელოვნად უნალექო, გვალვიანი წელი…

კრწანისის ტბები, რომელთაც ხალხში „საპატრიარქოს ტბებს“ უწოდებენ, დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენ და მოყვარულ მეთევზეებში. ამჟამად ერთი ტბა დამშრალია, მეორე შრება, სხვებში წყალი მნიშვნელოვნადაა დაკლებული. სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ ამ მიმართულებით და უკმაყოფილებას ვერ მალავენ. რას გვეტყვით ამის შესახებ?

 

– ტბების აღდგენა, მისი მარჯვენა ნაპირების დასუფთავება და თევზის მოშენება ასევე 2020 წელს მოხდება. საქმე ისაა, რომ წყალს ეს ტბები მხოლოდ გაზაფხულის განმავლობაში ღებულობენ მდ. მტკვრიდან ინფილტრატის სახით და ბუნებრივი ნალექით. გასულ საუკუნეში, როდესაც ეს ტბები მოეწყო, ისინი წყალს იღებდნენ შავნაბადა-თელეთი-გიგანტი-ფონიჭალის მაგისტრალიდან, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს და ძველი ფორმით ვეღარც აღდგება, რადგან კომუნისტური მმართველობის დროს ენერგიის დანახარჯს დიდად არავინ ითვლიდა, ხოლო ახლა ფულის წყაროს გამოძიება, გამომდინარე რენტაბელობიდან, სხვანაირ გადაწყვეტას მოითხოვს.  ტბები ნელ-ნელა შრება, ხოლო ბოლო ორმა გვალვიანმა წელმა თავისი დაღი საბოლოოდ დაატყო… ჩვენ ვაპირებთ იქვე, სიახლოვეს, მდ. მტკვარზე განვათავსოთ ოთხი ტუმბო, რომლებიც კონკრეტულად ტბებს მოემსახურება. იმისათვის, რომ ელექტროენერგია იყოს იაფი, ვაპირებთ ავაშენოთ მზის ენერგიის 100 კვტ-მდე ქვესადგური. ესეც ერთგვერი „ნოუ-ჰაუა“: ტყე-პარკს –სარწყავი წყლით, ასევე ტბებსა და შიდა განათებას უზრუნველყოფს მზე – სიცოცხლის მთავარი წყარო ჩვენს პლანეტაზე…
ზოგი მეთევზე წუხს, რომ ტბებზე, მათი აღდგენისა და თევზის მოშენების შემდეგ, თევზაობა აიკრძალება…

– მეც ვაკითხავ ხოლმე სოციალურ ქსელებს და მიკვირს – რატომ ჰგონიათ? პირიქით, კრწანისის ტბები სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის, ვიტყოდი ასე, „მექად“ გადაიქცევა. ის გახდება ბუნებაში დასვენების უსაყვარლესი ადგილი. ზოგიერთ ტბაზე ავამუშავებთ რეკრეაციული თევზჭერის მთავარ პრინციპს – „დაიჭირე და გაუშვი“.
სააგენტოს იხტიოლოგებს უკვე აქვთ დაჭერილი თადარიგი. მას შემდეგ, რაც ავწევთ წყლის დონეს 150 – 200 სმ-ით, მოვაშენებთ კობრსა და თეთრ ამურს ლიფსიტით, შემდეგ უკვე შემვიყვანთ და გავუშვებთ კაპარჭინას, რომელიც „ფიდერითა“ და „ფსკერულა“ ანკესებით სპორტული თევზჭერის მნიშვნელოვანი სახეობაა და ჩვენში თითქმის ამოწყდა. არც „სპინინგის“ მოყვარულებს ვაწყენინებთ და მას შემდეგ, რაც პირველი სამი სახეობა პოპულაციებს მოაძლიერებს, ვაპირებთ გავუშვათ ასევე ჩვენში ამომწყდარი სახეობები – ფარგა და ჭერეხი, რომლების მოზრდილი ლიფსიტი ორგანიზაციებმა „მწვანე ბოლნისი“ და ფონდმა „განვითარება და გარემომ“ 1000-1000 ერთეულის სახით გადმოგვცა.  მათ წარმატებით გაიარეს ადაპტაცია ჩვენი სააგენტოს სხვა ტბორებში.
აქვე მინდა მივმართო ზოგიერთ ენთუზიასტსა და დილეტანტს – კრწანისის ტბებში, ასევე ლისის ტბასა და სხვა ბევრგან, ვითომ სპინინგით სპორტულ – სამოყვარულო თევზაობის განსავითარებლად და გასაძლიერებლად თვითნებურადაა გაშვებული დასავლეთ საქართველოდან შემოტანილი ორი მტაცებელი სახეობა – ქორჭილა და ქარიყლაპია. ეს ორი სახეობა არაა აღმ. საქართველოსთვის დამახასიათებელი და მათ გავრცელებას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მთლიანად ადგილობრივი იქტიოფაუნისთვის, რასაც უკვე სჩადის ჩვენში ინტროდუცირებული ვერცხლისფერი კარჩხანა. თვითნებური ინტროდუქცია – ეს ქმედება დასჯადია და უნდა შეწყდეს. ფარგა და ჭერეხი, აგრეთვე ლოქო – ესაა მტკვარი-იორი-ალაზნის აუზის მტაცებელი სახეობები.
ესეიგი, კრწანისის ტყეპარკი მოქალაქეებისთვის შეუზღუდავ დასვენების  ადგილად  გადაიქცევა?

-არა მხოლოდ. ტყეპარკი გახდება გარემოსდაცვითი განათლების უმთავრესი კერა ჩვენს ქვეყანაში. ასეთია ჩვენი სამინისტროს გეგმა და მთავრობის დავალება. აქ მოეწყობა მრავალი, მათ შორის – დენდროექსპოზიცია, სადაც გვერდიგვერდ  იდგება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ხემცენარე, მაგალითად, „მუხების ცოცხალ ექსპოზიციაში“ გვერდიგვერდ იდგება ჭალის მუხის, ქართული მუხის, ჰართვისის მუხის, იმერული მუხის, პონტოს მუხის, ჭოროხის მუხისა და მაღალმთის მუხის მცირე კორომები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველვყოფთ სპეციალური საშუალებებით, ასევე იქნება „ჩვენი“ ნეკერჩხლების ექსპოზიციის შემთხვევაში – ერთად იხილავთ მინდვრის ნეკერჩხალს, ქორაფს, ლეკის ხეს, დიად ბოყვს, მთის ნეკერჩხალს, ქართულ ნეკერჩხალს  და ასე შემდეგ. დამეთანხმებით, დღეს საქართველოში არა გვაქვს ისეთი ადგილი, სადაც, თუნდაც მომავალი მეტყევე, ბოტანიკოსი ან დენდროლოგი ყველა სახეობას გვერდიგვერდ იხილავს და გაეცნობა…
რაც შეეხება შეუზღუდავობას, ამაზეც მინდა გითხრათ ორი სიტყვა – რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვა იქნება. ღობე და შესასვლელი ჭიშკრები, დაცვა – ეს უკვე შეზღუდვაა. შეიზღუდება შიდა წვის ძრავებით მანქანების გადაადგილება. სამაგიეროდ, ხელი შეეწყობა ველოსიპედს. მოეწყობა სარბენი ბილიკები და სავარჯიშო მოედნები… ცალკე გამოიყოფა კოცონის დასანთები და საპიკნიკე ადგილები. მნიშვნელოვანი ჯარიმები დაწესდება დანაგვიანებაზე და ა.შ.  მე ახლა სჯობია ჩამოვთვალო, თუ რა ხდებოდა ტყე-პარკში გასულ წლებში  დღემდე, და ყველა თვითონ მიხვდება დანარჩენს: სასურსათო ნაგვის დაყრა, ხეების ჭრა, ელექტროშოკერით თევზჭერა, ნადირობა, ძოვება, ავტომანქანებით სიარული ტყეში, თვითნებური დათევზიანება რეგიონისთვის ინვაზიური სახეობებით, სამშენებლო ნაგვის ჩამოცლა, სხვაა კიდევ კონკრეტული კრიმინალი, რომლის სახეების ჩამოთვლისგან, უბრალოდ, თავს  შევიკავებ.

მინდა გითხრათ, რომ გეგმა შთამბეჭდავია. და ეს ყველაფერი მოესწრება მომავალ წელს?

– ჩვენ გვაქვს სამწლიანი გეგმა. მოუსწრებელი არაფერია. შენ მხოლოდ უნდა დაეხმარო, ხელი შეუწყო, თუ   რამ გააფუჭე – გამოასწორო. დანარჩენს კი ყველაფერს თვითონ აღადგენს მისი უდიდებულესობა – ბუნება.

მაშინ, მგონი, კიდევ ერთი კითხვა დაიბადა – რა გაწუხებთ ამჯერად ყველაზე  მეტად?

– ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის დამოკიდებულება… ღამის საათებში გრძელდება ნაგვის დაყრა. გატეხეს ახალდაკიდული აბრა, რომელიც მომსვლელს ქარქცევადი ხეების შესახებ აფრთხილებდა. გადატეხილია რამდენიმე ახალდარგული ელდარის ფიჭვი. ზოგიერთი მეთევზე ტოვებს პოლიეთილენის ნაგავს, რომლითაც ტბების ნაპირები აივსო… განა ხვალ ისევ აქ არ უნდა მოვიდნენ?

– ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ შეღობვა და დაცვა სასწრაფოა. სავარაუდოდ – იანვრიდან ტყე-პარკი რეკონსტრუქციის პერიოდში ერთი წლით დაიკეტება და დაიშვება მხოლოდ გამწვანების აქციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებულად ჩატარება. 2020 წლის ბოლოსთვის, როგორც კი მოვრჩებით ინფრასტრუქტურის გამართვის სამუშაოებს, ტყე-პარკი გაიხსნება ყველასთვის.

 

ინტერვიუ მოამზადა
დავით კაკაჩიამ

 

ENG
An interview with the head of National Agency of Wildlife of the ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia, Mr. Revaz Bejashvili.
Krtsanisi Forest Park is located between the cities of Tbilisi and Rustavi dividing two urban zones with only recreational area for the surrounding. The National Agency of Wildlife recently took the responsibility for the management of this park.
Mr. Bejashvili tells us about ongoing projects and future plans concerning the development of Krtsanisi Forest Park as a recreational zone, which will include various sites of endemic nature, lakes, environmental education centers and other infrastructure suitable for forest park.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები