რეკლამა

მისია 1.5 – როგორ შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება

ეს ინფორმაცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც კომპიუტერული თამაშები აინტერესებს.
ასევე მათთვის, ვისაც სურს, რომ დედამიწა კლიმატის ცვლილებას გადაურჩეს.
ასევე მათთვის, ვინც ცოტა რამ თუ იცის კლიმატის ცვლილების შესახებ და სურს, რომ მეტი გაიგოს ამ გლობალურ მოვლენაზე და მის შედეგებზე.

თუმცა, ვიდრე მისია 1.5-ზე მოგიყვებოდეთ, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორია 21-ე საუკუნე, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება. ეს შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის შედეგებს ებრძვის და ახალ გამოწვევებს უმკლავდება.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჰუმანური განვითარების ანგარიშის მიხედვით, 21-ე საუკუნე ახალი შესაძლებლობების, მაგრამ ამავდროულად ახალი გამოწვევების ერაა, როდესაც ადამიანს უნარების სწრაფი ათვისება და აზროვნების, ქცევისა და საქმიანობის მოძველებული მოდელებისგან გათავისუფლება მოუწევს. ამ მხრივ, ტექნოლოგიების გავრცელება და კლიმატის ცვლილება ტექტონიკურ ძვრებთანაა შედარებული, რომელთა მსგავსი მსოფლიოს ინდუსტრიული რევოლუციის დროიდან არ ახსოვს.
კლიმატის ცვლილება უკვე დიდი ხანია მსოფლიოს დღის წესრიგშია. ეს გლობალური საფრთხე ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ცვლის ჩვენს ცხოვრებას და უფრო მძაფრი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. სხვა შედეგებთან ერთად პანდემიებიც სწორედ კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი სავარაუდო შედეგია.
საქართველოს წვლილი კლიმატის ცვლილებაში საკმაოდ დაბალია, რადგან ქვეყანაში ადრე არსებული დიდი საწარმოების უმრავლესობა, რომლებიც სათბური აირების გაფრქვევისა და გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიხურა. მიუხედავად ამისა, საქართველო სრულად განიცდის კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს, რომელთა გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და, შესაბამისად, ადამიანების კეთილდღეობაზე მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მყისიერ და ეფექტიან ზომებს არ გავატარებთ.

ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში საგრძნობლად გახშირდა წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყერი და ღვარცოფი, ხოლო ზარალის სტატისტიკა ნამდვილად საგანგაშოა – 152 დაღუპული ადამიანი და 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ეკონომიკური დანაკარგი. მეცნიერების წინასწარი გათვლებით, 10 წელიწადში ეს ზარალი ათჯერ გაიზრდება და 12 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. კლიმატურ კატასტროფებთან ერთად, საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა საფრთხეებიც ემუქრება:

  • შავი ზღვის დონის მატება
  • გაუდაბნოება
  • გახშირებული და ინტენსიური თბური ტალღები
  • საშუალო ტემპერატურის მატება
  • წყლის რესურსების შემცირება
  • გახშირებული ტყის ხანძრები

2000 წლებიდან საქართველოს ეკონომიკამ ეტაპობრივად აღმასვლა დაიწყო, და შესაბამისად, სათბური აირების გაფრქვევამაც იმატა. 2015 წელს საქართველოში სათბური აირების ემისიებმა ნახშირორჟანგის ექვივალენტში 17.5 მილიონ ტონაზე მეტი შეადგინა. აქედან ემისიების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის სექტორზე მოდის (62%), რომელსაც სოფლის მეურნეობა (19%), წარმოება და ინდუსტრია (12%) და ნარჩენების სექტორი (7%) მოჰყვება.

გასული 50 წლის მანძილზე საქართველოს  ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 3 ან 4°C-ით მოიმატა, რაც უკვე სცილდება 1.5°C-ით მატების დასაშვებ ზღვარს, რომლის შემდეგ კლიმატის ცვლილება შეუქცევადი გახდება. მყინვარების რაოდენობამ 13 პროცენტით იკლო, ხოლო მათი ფართობი 30 პროცენტით შემცირდა.
ამ ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები და საზოგადოების ერთიანობა კლიმატის ცვლილების საკითხებში კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს აქტიური მხარდამჭერია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში. ევროკავშირთან, გლობალურ გარემოსდაცვით ფონდთან (GEF), კლიმატის მწვანე ფონდთან (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, UNDP ხელს უწყობს შესაბამისი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებას, კლიმატური კატასტროფებისგან დაცვის ეროვნული სისტემის დანერგვას და ინფორმაციის გავრცელებას კლიმატის ცვლილების შედეგებისა და მათთან ადაპტაციის ზომების შესახებ.
მისია 1.5 UNDP-ის ერთ-ერთი გლობალური პროექტია, რომელიც მთელს მსოფლიოში ხორციელდება და კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ისახავს მიზნად.
მისია 1.5 მობილური თამაშია, რომლის მოთამაშეები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ  როგორ შეაჩერონ გლობალური ტემპერატურის ზრდა 1.5°C-ის ფარგლებში.
თამაში ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს – ენერგეტიკას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, ბიზნესს, ურბანულ განვითარებას. მოთამაშე ეცნობა, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ამ სფეროებზე, და შემდეგ ირჩევს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები უნდა გაანეიტრალოს.
თამაშის დასრულების შემდეგ, მოთამაშეს შეუძლია ხმა მისცეს კლიმატის ცვლილების დაძლევის იმ ზომებს, რომელთა განხორციელებასაც ის ქვეყნის მთავრობისგან ელოდება. მიღებული მონაცემები დამუშავდება და ყველა ქვეყნის მთავრობებს, მათ შორის საქართველოს მთავრობასაც გაეგზავნება.
მისია 1.5-ს უკვე მთელი მსოფლიო თამაშობს. მაისიდან ამოქმედდა თამაშის ქართული ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://www.mission1point5.org/ge

ითამაშეთ მისია 1.5, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კლიმატის ცვლილება თამაში როდია.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები