რეკლამა

მწვანე ბიბლიოთეკები ჭიათურაში

დღეს მთელს მსოფლიოში და, ცხადია, საქართველოშიც გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის პრობლემა ძალზე მწვავედ დგას. მე -19 საუკუნიდან მოყოლებული კაცობრიობის მიერ ბუნებრივი რესურსების უკიდეგანო ათვისება დაიწყო. ამ პროცესმა დღეს შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ჩვენი ქვეყანა არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არ არის. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება მარტო ამოწურვას კი არ გულისხმობს, მას სხვა ბუნებრივი რესურსების დაბინძურება მოჰყვება, რაც, ცხადია, გარემოს აზიანებს და საბოლოოდ ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ამ საკითხების გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესია ჩვენს მოქალაქეებს გააჩნდეთ ცოდნა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური პრობლემების მიმართულებით. თანამედროვე ეპოქაში ცოდნის მიღების მრავალი გზა არსებობს. ცოდნის მიღების ერთ-ერთი ტრადიციული გზა ბიბლიოთეკების მეშვეობით მიღებული ცოდნაა. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში რეგონული და სასოფლო ბიბლიოთეკების მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ბიბლიოთეკების წინაშე მდგარი პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადად ერგვაროვანი იყო: მოძველებული წიგნადი ფონდი, გაუმართავი შენობა-ნაგებობები, ძველი კომპიუტერული ტექნიკა ან საერთოდ ტექნიკის არქონა, ბიბლიოთეკარების თანამედროვე საბიბლიოთეკო პროგრამებში გადამზადების პრობლემა და სხვა. თუმცა ბოლო პერიოდში რეგიონული ბიბლიოთეკების განვითარებისა და ახალი ბიბლიოთეკების გახსნის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ასევე, საბიბლიოთეკო ასოციაციის  ძალისხმევით მრავალი ბიბლიოთეკა გაიხსნა და განახლდა, ბიბლიოთეკებს გადაეცათ ახლი წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა, ბიბლიოთეკარების ნაწილმა გაიარა მნიშვნელოვანი საბიბლიოთეკო ტრენინგები. საბიბლიოთეკო სისტემის მხადაჭერის პროცესი დღესაც გრძელდება სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად.
 საბიბლიოთეკო ასოციაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ,,ჯორჯიან მანგანეზისა“ და გაეროს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ უმნიშვნელოვანეს პროექტს ,,მწვანე ბიბლიოთეკები ჭიათურის მუნიციპალიტეტში“.    
აღნიშნული პროექტი საქართველოში უნიკალურია და მისი მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის 5 სასოფლო ბიბლიოთეკის „მწვანე ბიბლიოთეკებად“ ტრანსფორმაცია, რომელთაც, გარდა ტრადიციული საბიბლიოთეკო საქმიანობისა, ექნებათ ვალდებულება სოფლის მოსახლეობას დაეხმარონ პრაქტიკული გარემოსდაცვითი და ეკოლოგიის ცოდნის მიღებაში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის დიალოგს გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად, ასევე დაეხმარონ ქალებსა და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით საქმიანობაში.

პროექტის ამოცანებია:

  • ბიბლიოთეკის ტრანსფორმაცია „მწვანე ბიბლიოთეკებად “, სადაც შესაძლებელი იქნება სოფლის მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრის, ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვისა და გარემოზე ზემოქმედების, ეკოლოგიის დარღვევის გარეშე ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობების შეცვლის შესახებ.
  • ბიბლიოთეკარების გარდაქმნა თემის მობილიზატორებად, რომელთაც შეეძლებათ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა, პრიორიტეტული სირთულეების გამოკვეთა და ამ საჭიროებებზე დაყდრნობით მცირე სათემო პროექტების შექმნა.
  • საინფორმაციო მასალის შექმნა მწვანე ბიბლიოთეკის მნიშვნელობისა და ეკოლოგიის შესახებ.
  • ბიბლიოთეკის მოდერნიზება და თანამედროვე საინფორმაციო და სატრენინგო ცენტრად ქცევა, რაც გულისხმობს მათ აღჭურვას კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და ინტერნეტით.

ამ ეტაპისთვის უკვე პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა: ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურა მიახლოებულია „მწვანე ბიბლიოთეკის“ კონცეფციასთან, გამწვანდა და მოეწყო მარადმწვანე ნარგავებით ხუთი ბიბლიოთეკის ეზო.  შერჩეული 5 ბიბლიოთეკიდან 2-ის შენობა აღიჭურვა მზის პანელებით, ბიბლიოთეკის შენობას აქვს ალტერნატიული დენის წყარო რომელიც არ აბინძურებს გარემოს და განახლებად ენერგიაზე მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის. ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ჩატარებულია ტრენინგები გარემოსდაცვის თემებზე. ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებში ინტელექტუალური თამაშების ჩატარების შედეგად მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს გარემოს დაცვის მნიშვნელობა. ხუთივე ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და გადაეცათ ახალი წიგნები. უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება  სათემო მობილიზაციისა და კოპიუტერული ტრენინგები, პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკარებს ექნებათ შესაძლებლობა მცირე სათემო პროექტების შექმნისა და მათი განხორციელებისა. აღნიშნული პროექტებიდან შეირჩევა ხუთი საუკეთესო,  რომლებიც დაფინასდება, ცხადია, დაფინანსებული პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა შეიქმნას ციფრული ეკო–ბიბლიოთეკა, სადაც განთავსდება საგანმანათლებლო მასალები გარემოსდაცვის შესახებ;
მომზადდება ვიდეორგოლი მწვანე ბიბლიოთეკების არსებობის მნიშვნელობისა და პროექტის წარმატების ისტორიის ამსახველი. ასევე მომზადდება საკომუნიკაციო მასალა (ბროშურები, ბუკლეტები, პლაკატები) და დარიგდება ბიბლიოთეკებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.
ამ პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბიბლიოთეკების განვითარებით დაინტერესდა და რესურსი გამოყო კომპანია ,,ჯორჯიან  მანგანეზმა“ რომელიც თავის საქმიანობას სწორედ ჭიათურაში ახორციელებს არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის მოპოვების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია გაეროს დაინტერესება და თანამშრომლობა მწვანე ბიბლიოთეკების საპილოტე პროექტის განხორციელებაში. ეს თანამშრომლობა სამაგალითო უნდა იყოს  სხვა ორგანიზაციებისთვისაც, ვისაც გარემოს დაცვა და ეკოლოგიური საკითხები აღელვებს, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონში ბუნებრივ რესურსებს იყენებენ თავიანთი წარმოებისთვის და გარკვეულწილად აზიანებენ გარემოს. სწორედ ეს მიდგომა არის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა.

The project is unique in Georgia and aims to transform Chiatura Municipality’s 5 Libraries into Green Libraries, which, in addition to traditional library activities, will be obliged to assist rural populations in gaining practical environmental knowledge and fostering civil society and government engagement in order to improve environmental governance, and to help women and various social groups become more involved in environmental activities.

მირიან ხოსიტაშვილი

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები