რეკლამა

რარიტეტული გამოცემა ნადირობის შესახებ

გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება ადამიანი უხსოვარი დროიდან მისდევდა. საზოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმები. სამეფო ყოფა-ცხოვრებაში მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ეს იყო სამხედრო სიძლიერისა და საომარი აღჭურვილობის შემოწმების საშუალება; ბრძოლის ველზე თანმიმდევრული და ორგანიზებული მოქმედების უნარის გამოვლინება და სხვა. მოგვიანებით, სამეფო ნადირობა  გადაიქცა ხელოვნებად – ყველაზე საყვარელ სამეფო გართობად, რომელიც ასრულებდა მნიშვნელოვან სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ფუნქციას. მისი ტრადიციები თავისი კულტურითა და  რიტუალებით უცვლელად გადაეცემოდა თაობებს.
საიმპერატორო ნადირობის ისტორიის შესახებ წიგნის შექმნის იდეა დაებადა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ს,  გატჩინაში საკუთარი სამონადირეო მეურნეობის მონახულების დროს. მან 1891 წლის მაისში გამოთქვა ისტორიული ნარკვევის მომზადების სურვილი. ამ ამოცანის გადაჭრა დაევალა ნიკოლაი ივანეს-ძე კუტეპოვს (1851-1907).
ოთხი ორდენის კავალერი, იმპერიული ბატალიონის სამაგალითო მებრძოლი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, ორგანიზაციული ნიჭისა და მაღალი ინტელექტის გენერალ-მაიორი ნებაყოფლობით გავიდა პენსიაზე და მიიღო  სამოქალაქო ჩინი – სამეფო კარის მრჩეველის წოდება.
არჩევანი კუტეპოვზე შემთხვევით არ შეჩერებულა. ის გახლდათ ნადირობის ისტორიის, ადათებისა და ტრადიციების შესანიშნავი მცოდნე. ამასთანავე, იგი პირდაპირ კავშირში იყო საიმპერატორო ნადირობასთან – ხელმძღვანელობდა საიმპერატორო სანადირო მეურნეობას გატჩინის სამეფო რეზიდენციაში.
პირველი საჩვენებელი ეგზემპლარები რუსეთში  საიმპერატორო მონადირეობის შესახებ კუტეპოვმა გამოაქვეყნა 1894-1905 წლებში  (პირველი ტომი – 1894, მეორე – 1895, მესამე – 1900, მეოთხე – 1905). ილუსტრაციების გარეშე დაბეჭდილი ნარკვევი მომავალი წიგნის ერთგვარი დეტალური გეგმა გახლდათ. მცირეტირაჟიანი კრებული გამოცემისთანავე იშვიათობად იქცა. პირველი ტომი დაიბეჭდა 10 ეგზემპლარად, შემდეგ დაბეჭდეს კიდევ მისი 35 ეგზემპლარი. გამოცემა გამიზნული იყო მონარქების, მეგობრებისა და კონსულტანტებისათვის.
კუტეპოვის ნაშრომის – „საიმპერატორო და სამეფო ნადირობა რუსეთში“ – მეორე გამოცემა გამოვიდა მას შემდეგ, რაც იმპერატორმა პირველი გამოცემის ტექსტი დაამტკიცა. იგი გამოქვეყნდა შეზღუდული რაოდენობით: პირველი ტომი – 400 ეგზემპლარის, მეორე–მეოთხე ტომები –  500 ეგზემპლარის ოდენობით.
ნიკოლაი კუტეპოვის ფუნდამენტური ნაშრომი ნადირობის შესახებ გახლავთ ისტორიულ-მხატვრული მნიშვნელობის გამოცემა და პოლიგრაფიული ხელოვნების განსაკუთრებული ნიმუში. იგი მოიცავს რუსეთის ცხრა საუკუნოვან ისტორიას, ძველი რუსეთის პირველი მთავრებიდან იმპერატორ ალექსანდრე II-ის მმართველობის პერიოდის ჩათვლით. წიგნი მოგვითხრობს არა მხოლოდ ნადირობის ისტორიის, არამედ რუსი მონარქების ცხოვრების წესისა და მათი გატაცებების შესახებ.
გამოცემაში გამოქვეყნებულია მონაკვეთები მეფეთა სამონადირეო დღიურებიდან, რომლებშიც აღწერილია სამეფო ნადირობის კონკრეტული ადგილები, რიტუალები და ცალკეული საყურადღებო შემთხვევები, ცნობები ნადირობის ორგანიზებისა და პერსონალის სპეციალური აღჭურვილობის შესახებ, საინტერესოა ინფორმაცია ცხენებით ნადირობის  ხელოვნებაზე. წიგნში საუბარია დათვებზე, ლომებზე, მელიებზე ნადირობის ხერხებზე, სამონადირეო შელოცვების, რიტუალების, რწმენისა და მრავალი სხვა საკითხების თაობაზე. შენიშვნები, რომლებიც თითოეული ტომის თითქმის ნახევარს შეადგენს, შეიცავს ისტორიული დოკუმენტების ტექსტებს. ეს ისტორიული ნარკვევი დღემდე შეუდარებელია შეგროვებული მასალის სიმდიდრის თვასაზრისით. იგი გამოქვეყნებისთანავე  იქცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად. ოთხტომეული გამოდიოდა 1896-1911 წლებში:

Том 1. Великокняжеская и царская охота на Руси с X по XVI век.  (1896). XVI, 212 с., с илл., карт.; I л. фронт. (илл.), 7 л. илл.

Том 2. Царская охота на Руси царей Михаила Федоровича и Алексея Михайловича. XVII век. (1898). XXIV, 316 с., с илл.; I л. фронт. (илл.), 37 л. илл.

Том 3. Царская и Императорская охота на Руси. Конец XVII и XVIII век. (1902). XXXII, 300, 284 с., с илл.; I л. фронт. (илл.), 25 л. илл.

Том 4. Императорская охота на Руси. Конец XVIII и XIX век. (1911). XX. 226, 289 с., с илл.; 15 л. цв. илл.

ეს გახლავთ შესანიშნავი სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც თავმოყრილია რუსეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში  იმ დროისთვის დაცული ყველა ცნობილი დოკუმენტი ნადირობის ისტორიის შესახებ. ნარკვევის წერისას ავტორმა გამოიყენა მეცნიერების რჩევები. მისი კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალ «Исторический Вестник»-ის მთავარი რედაქტორი ს. ნ. შუბინსკი, ცნობილი ფილოლოგი და არქეოლოგი ი. ვ. პომიალოვსკი, მწერალი და ლიტერატურათმცოდნე პ. ნ. პოლევა, საიმპერატორო სასახლის სამინისტროს არქივის ხელმძღვანელი ა. ვ. პოლოვცოვი და მრავალი სხვა.
ეს რარიტეტული ტომეული გამოიცა სანკტ-პეტერბურგში, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ექსპედიციის მიერ. ეს იყო საუკეთესო სტამბა რუსეთში, რომლის მთავარი ფუნქცია საბანკო ბარათების და სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომების ბეჭდვა იყო. მისმა აღჭურვილობამ შესაძლებელი გახადა ლამაზი შრიფტების დამზადება და ფერწერული ტილოების რეპროდუცირება. პუბლიკაცია დაიბეჭდა  36.1x 26.7 სმ. ზომის ცარცის ქაღალდზე, რომლის წარმოების მეთოდი თავად ექსპედიციის მიერ იქნა შემუშავებული. გამოცემა დამშვენებულია დახვეწილი მუარის ფორზაცითა და მრავალი ფერადი ილუსტრაციით. წიგნები გამშვენებულია სამმხრივი ოქროვარაყით და შემოსილია ძვირფასი ყდით.
წიგნის მხატვრული გაფორმებისთვის ნიკოლაი კუტეპოვმა შეარჩია ფერმწერთა და გრაფიკოსთა შესანიშნავი გუნდი: ა. ბენუა, ე. ლანცერე, ი. რეპინი, ფ. როუბო, ნ. სამოკიში, ვ. სეროვი, ვ. სურიკოვი, ლ. პასტერნაკი, ა. რიაბუშკინი, ა. და ვ. ვასნეცოვები. საერთო ჯამში, პუბლიკაციაში ჩართული იყო 87 ცალკეული ილუსტრირებული  ფურცელი და მრავალი ტექსტში ჩართული ილუსტრაცია. წიგნის მხატვრული გაფორმების ხელმძღვანელი გახლდათ  გამორჩეული გრაფიკოსი, აკადემიური სკოლის წარმომადგენელი ნიკოლაი სიმიონის-ძე სამოკიში. მასვე ეკუთვნის 173 მინიატურა და ოთხივე ტომის ორნამენტული, ყდისა და ფორზაცის გაფორმება.
საილუსტრაციო მასალისთვის კუტეპოვმა გამოიყენა  გრავიურები  პ. ი. დაშკოვის ყველაზე ღირებული კოლექციიდან. ამიტომაა, რომ ამ წიგნებში გვხვდება ისტორიული და ძალიან იშვიათი გრავიურების რეპროდუქციები, ფრესკები ნადირობის ამსახველი სცენებით, მთავრებისა და მეფეების სიგელები და წერილები.
გამოცემის ავტორის გარდაცვალების შემდეგ (1907 წლის 23 დეკემბერი) ნარკვევი დაასრულდა მისმა მეუღლემ, ელენა კუტეპოვამ.
გამოცემის რამდენიმე ვარიანტი დაიბეჭდა. ყველაზე ძვირადღირებული იყო ვერცხლით მოოჭვილი ორთავიანი არწივის გამოსახულებიანი ტყავის ყდიანი წიგნები ოქროს შემონაჭერით. ტირაჟის ნაწილი დანომრილი გახლდათ, რომელთა რაოდენობა სავარაუდოდ, 150-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები