რეკლამა

როგორ ისარგებლა ვასილ მჟავანაძემ ხრუშჩოვის საყვედურით

საქართველოში სამონადირეო საქმის განვითარებაში ვასილ მჟავანაძეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. ამ დარგში მის ღვაწლზე საუბრობს ელიზბარ მენთეშაშვილი, ბიოლოგ-ზოოლოგი და ნადირობის მცოდნე, რომელიც ათეული წლის მანძილზე სამონადირეო სამმართველოში მუშაობდა.

ბატონო ელიზბარ, რა დროიდან დაიწყო საქართველოში ნადირობის აღმავლობა?
ნადირობას საქართველოში ოდითგანვე დიდი ყურადღება ექცეოდა. ჩვენი მეფეები არა მარტო გატაცებულნი იყვნენ ნადირობით, არამედ სახელმწიფო დონეზე ჰქონდათ დაყენებული ეს დარგი და შესაბამისი თანამდებობებიც კი არსებობდა. სამეფო ნადირობით იწყება “ვეფხისტყაოსანი”, სულხან-საბას ლექსიკონშიც მრავლადაა ნადირობისთვის დამახასიათებელი ტერმინები. ასე რომ, ნადირობის კულტურა ქართველებს ისტორიულად მოგვდევს.
რაც შეეხება უახლეს ისტორიას, ნადირობის აღმავლობა საქართველოში და ამ დარგის სახელმწიფო დონეზე აყვანა ვასილ მჟავანაძის სახელს უკავშირდება. იგი იყო საოცრად მოწესრიგებული მონადირე, კანონის დამცველი, არასდროს დაუშვებდა ჭარბი რაოდენობის ნადირის მოკვლას. ერთხელ ასეთი შემთხვევაც იყო: ვასილ მჟავანაძეს დაბადების დღესთან დაკავშირებით აჩუქეს ძალიან ძვირფასი კარაბინი, რომელიც მისმა შვილმა ალექსანდრე მჟავანაძემ წაიღო ჯიხვზე სანადიროდ. შინ დაბრუნებული შვილი გახარებული მივარდა მამას – ნახე, რა კარგი თოფია, სამი ჯიხვი მოვკალიო. უცებ ნახა მამამისის ცივი, გაბრაზებული სახე, რომელმაც ასეთი საქციელისთვის, შვილი მწარედ დატუქსა შემდეგი სიტყვებით: – ეს რა ღორობა ჩაგიდენია, ერთი არ გეყოფოდაო.
ვასილ მჟავანაძე 1953 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ცეკას პირველი მდივნის პოსტი დაიკავა და, ბევრ სხვა მამულიშვილურ საქმესთან ერთად, სამონადირეო დარგის აღმავლობასაც ჩაუდგა სათავეში.
ძალიან ბევრი განკარგულება და ბრძანება  აქვს გამოცემული ვასილ მჟავანაძეს ნადირობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, დიდი გულისყურით ეკიდებოდა ბუნებას, მთელი საქართველოს ფარგლებში ჰქონდა მოწყობილი ნაკრძალები და სამონადირეო მეურნეობები მათთვის აუცილებელი შენობა-ნაგებობებით, არჩევდა ბუნებისმოყვარე ხალხს და ასახლებდა ამ ადგილებში.მმისი მოღვაწეობის დროს ძალიან მომრავლებული იყო ირემი მცხეთა-საგურამოში, გარდაბნის რაიონში, ალაზნის ჭალებში, აღარაფერს ვიტყვი ბორჯომსა და ლაგოდეხის ნაკრძალზე, რაც მოწესრიგებული ნადირობის შედეგი იყო. თვითონ იყო ძალიან კარგი, იშვიათი მსროლელი, ჲუყვარდა იხვსა და ტახზე ნადირობა. უბრალო კაცი იყო, არ იცოდა სხვების მოკლული ნადირის მითვისება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საქართველოში ნადირისა და ფრინველის მოშენება.
1954 წელს ვასილ მჟავანაძემ ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების განყოფილება დააარსა, რომელიც ორიოდე წლის შემდეგ სამმართველო გახდა. მჟავანაძემ მოსკოვიდან ჩამოიყვანა გამოცდილი კადრები – სტალინის რეფერენტი, სამონადირეო დარგის სპეციალისტი, იოსებ ჩოდრიშვილი, რომელიც სამონადირეო სამმართველოს უფროსად დანიშნა, მოადგილედ კი სტალინის ადიუტანტი, სამონადირეო საქმის საუკეთესო მცოდნე, გრიშა კარანაძე დაუნიშნა. ეს ფაქტი მოწმობს და ნათლად გამოხატავს მის განუსაზღვრელ სიყვარულს ნადირობისადმი.

ვასილ მჟავანაძის ძალისხმევით სამონადირეო დარგს ბრწყინვალე სპეციალისტები და ჭეშმარიტი მამულიშვილები ჩაუდგნენ სათავეში. რამდენიმე წელიწადში ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარ სამმართველოში 14 ნაკრძალი და ხუთი სახელმწიფო სამონადირეო მეურნეობა შედიოდა. გარდა ამისა, სამონადირეო მეურნეობის გარკვეული ტერიტორია მონკავშირზე იყო მიწერილი და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში სატყეო ტერიტორიის 5-დან 20 ათას ჰექტრამდე მონკავშირის დაქვემდებარებაში შედიოდა. სწორედ ამ დროიდან იწყება ნადირ-ფრინველის აღრიცხვიანობა, მონიტორინგი, ზრუნვა მათ გამრავლებასა და ნადირობის წესების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
საქართველოს ნაკრძალებსა და ტყეებში ძალიან ბევრია იმდროინდელი სახლები, რომელთაც დღესაც მჟავანაძის სახლებს ეძახიან, რა დანიშნულება ჰქონდათ მათ?
ე.წ. მჟავანაძის სახლების მშენებლობა ნაწილობრივ ხრუშჩოვთანაცაა დაკავშირებული. 1961 წელს საქართველოში ჩამოვიდა ნიკიტა ხრუშჩოვი. ცხადია, იოლი საქმე არ იყო ნიკიტასნაირი ზნის ადამიანის სტუმრობა. ხრუშჩოვს ნადირობა უყვარდა და გარდაბნის ე.წ. სამთავრობო სამონადირეო მეურნეობაში წაიყვანეს, სადაც მრავლად იყო ირემი, ტახი და ხოხობი. ნადირობის შემდეგ კარვები და სუფრა გაიშალა. კარგად რომ გამოთვრა ნიკიტა, ცუდ ხასიათზე დადგა, გაბრაზდა და მჟავანაძეს ეუბნება  – სახლები რატომ არ გაქვთ აშენებული სტუმრებისთვის, კარავში როგორ უნდა მოვისვენოო. ამ საყვედურით ისარგებლა მჟავანაძემ, რაც მის ნება-სურვილსაც ემთხვეოდა და გასცა განკარგულება, რომ ყველა ნაკრძალსა და სამონადირეო მეურნეობაში აშენებულიყო სათანადო შენობები სტუმრების მისაღებად.
მართლაც, ერთ წელიწადში ყველა ნაკრძალსა და სამონადირეო მეურნეობაში, პატარა სახლები აშენდა, რომელთაც შემდგომ მჟავანაძის სახლები დაარქვეს, თუმცა ზოგან იგი იშვიათად, ან საერთოდ არ ყოფილა. დღემდე ინერციით მოდის მისი დატოვებული მადლი: შენობები და ადგილები. შეიძლება ზოგი რამ გაპარტახდა, მაგრამ ის, რაც შემორჩენილია და ჩვენამდეა მოღწეული, მიუთითებს მის დამოკიდებულებას ამ დარგისა და საქმისადმი. ჩვენ მოვალენი ვართ, მადლიერებით მოვიხსენიოთ ნადირობის სფეროში გაწეული მისი უდიდესი ღვაწლი და შრომა.

თუშეთი – ნინა მჟავანაძე
1961 წელია და თუშეთის საკითხი ძალიან მწვავედ დამდგარა. კლიმატი, მოგეხსენებათ, იქ ალპურია, ზამთარი – მძიმე, არც სინათლე ჰქონდათ, საქონელიც – ცხვარი, ძროხა, მაშინდელი კანონებით შეზღუდული რაოდენობით უნდა ჰყოლოდათ. თუშებს გაუჭირდათ ასეთ პირობებში ცხოვრება და იძულებულნი გახდნენ ბარში ჩამოსულიყვნენ. ნელ-ნელა იცლებოდა თუშეთი, დაღესტანი კი თუშეთის დაცლას სათავისოდ უყურებდა. დაღესტნელი პოეტი რასულ გამზათოვი ამ დროისათვის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია მოსკოვში, პოპულარობით სარგებლობს და ხრუშჩოვის  კეთილგანწყობაც მოუპოვებია. თურმე გამზატოვმა მოსკოვის ლიტერატურულ გამოცემაში გამოაქვეყნა ლექსი და წერილი – თავისი მიწის სიმცირეზე ლაპარაკობდა და აღნიშნავდა რომ თუშეთში აღარ უნდათ თუშებს ცხოვრება, ბარში ჩადიან, ჩვენ კი მთის ხალხი ვართ და მიწა არა გვაქვსო. გამზატოვის ლექსის შემდეგ საქართველოს ცეკაში კრემლიდან ოფიციალური წერილი მოდის – გაეცანით თუშეთის მდგომარეობას და მომახსენეთ. ეს წერილი წინაპირობა უნდა ყოფილიყო, იმისი, რომ თუშეთის მიწა ხრუშჩოვს დაღესტნისთვის გადაეცა, სამაგიეროდ, დაღესტნელები თურმე საძოვრებს გვპირდებოდნენ ყვარლის გადასწვრივ, კავკასიონის მეორე მხარეს. ერთი სიტყვით, საქმე სერიოზულად იდგა, საერთოდ, ხრუშჩოვს შეეძლო ყოველგვარი შეკითხვის გარეშე გადაეცა თუშეთი დაღესტნისთვის, როგორც რუსეთის ყირიმი უკრაინას მისცა.

მამა, ვასილ მჟავანაძე, ალექსი ინაური, და გივი ჯავახიშვილი თუშეთში ასულან. თუშები მათ სტუმრობაზე ძალიან საინტერესოდ ყვებიან, ბევრი სახალისო კურიოზიც მომხდარა. თუშები, როგორც გადამრჩენლებს, ისე დახვედრიან თბილისიდან ჩასულ ხელმძღვანელობას. ერთ-ერთ უხუცესს, 91 წლის მარკოზა პაპას თურმე უთქვამს – ერეკლე მეფის შემდეგ თუშეთში მეფე არ ამოსულაო, რაზეც ბევრი უხალისიათ თუშებს, მამასა და ინაურს. თუშები ყვებიან, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, მამას იქ საბჭოთა მეურნეობა დაუარსებია და თუშებისთვის უთქვამს – რამდენიც გინდათ იმდენი ცხვარ-ძროხა იყოლიეთო. სარეისო ვერტმფრენებიც დაუნიშნავს და სანამ ელექტროენერგიას გაიყვანდნენ ოთხი დიზელ გენერატორი  აუტანიათ – მთელი ღამე სინათლე უნდა ენთოს, თვითმფრინავი რომ გადმოიფრენს, თუშეთი გაჩახჩახებული უნდა ჩანდესო. ამის შემდეგ ბარში ჩასული თუშები ისევ მთაში დაბრუნდნენ და თუშეთი შეივსო. თუშეთს საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური მნიშვნელობის საკურორტო სტატუსი მიანიჭა, ყველა ეს მონაცემი მოსკოვში გადააგზავნეს და ასე გადაურჩა თუშეთი გასხვისებას.

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები