რეკლამა

სამონადირეო ტურიზმი

საქართველოს სამონადირეო ტურიზმის პოტენციალის კვლევა

ამონარიდი შემდეგი თავიდან ,,ვიზიტორთა პროფილი“

როდესაც სამონადირეო ტურიზმში ვიზიტორთა პროფილის იდენტიფიკაციას ვცდილობთ, საჭიროა გავითვალისწინოთ მრავალი ფაქტორი. ადამიანის მოდგმა მილიონობით წელია ნადირობს, იგი მის გენეტიკურ მოთხოვნილებად იქცა, რაც გამოიხატება დაუცხრომელ ლტოლვაში. თუმცა მონადირეთა უმრავლესობისთვის მან მომპოვებლობითი ხასიათი დაკარგა. ნადირობა ახლა აღიქმება, როგორც ველურ ბუნებასთან სიახლოვის, მძაფრი შეგრძნებების მიღების, საკუთარი თავის ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდის, ურბანული ცენტრებიდან თავის გარიდების და კიდევ მრავალ სხვა საშუალებად. შეიძლება ითქვას, რომ რამდენი მონადირეცაა, იმდენი მიზეზია, თუმცა შესაძლებელია მათი დაყოფა ჯგუფებად და ჩვენი ქვეყნისთვის შესაფერისი სტრატეგიის შემუშავება, რათა იდენტიფიცირებულ იქნას სამიზნე ჯგუფები.
ვიზიტორთა პროფილის განსაზღვრისას, პირველ რიგში მოვახდინოთ მათი პირობითი დაყოფა უცხოელ და ადგილობრივ მონადირეებზე.

დავიწყოთ უცხოელ ვიზიტორთა პროფილის განხილვით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მონადირეთა შორის მომრავლდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, მათ მონადირე მამაკაცები მაინც ბევრად აღემატებიან. აქედან გამომდინარე, სამიზნე ჯგუფად ქალბატონების აღება ჯერ ნაადრევია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი ვიზიტორთა შორის მცირე პროცენტით მაინც იქნებიან წარმოდგენილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონადირეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მეუღლეებთან ერთად მოგზაურობენ. მათი თანმხლები ქალბატონები შეიძლება არ ნადირობდნენ, თუმცა მთლიანად არიან ჩართულნი ნადირობის პროცესში, ტროფეის მომზადებაში და სხვა მასთან დაკავშირებულ აქტივობებში.
ასაკის განსაზღვრისას საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: უმეტეს ქვეყნებში მონადირის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია 16 ან 18 წლის შესრულების შემდეგ. როგორც წესი, მათი უმრავლესობა ამ ასაკში ნადირობის მიზნით არა თუ ქვეყანას, არამედ საკუთარ რეგიონსაც კი არ სცდება. ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, მონადირე პირველ რიგში იწყებს საკუთარი ქვეყნის სამონადირეო პოტენციალის ათვისებას, საჭირო უნარჩვევებისა და გამოცდილების შეძენა-განვითარებას და მხოლოდ ამის შემდგომ იჩენს ინტერესს სხვა ქვეყნების მიმართ. აქვე იჩენს თავს მატერიალური მხარეც, ახალგაზრდა მონადირემ შეიძლება 5-10 წელიწადში შეიძინოს საკმარისი უნარჩვევები და მცირე გამოცდილებაც, თუმცა რთულია ამავე პერიოდში მატერიალური მდგრადობის შეძენაც, რაც საერთაშორისო მონადირეობის სტატუსის მისაღებად გარდაუვალი ფაქტორია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისას ასაკობრივი ქვედა ზღვარი 35-40 წელი მიიჩნევა. სწორედ ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანი მატერიალურად მეტნაკლებად უზრუნველყოფილია და იწყებს მეტი დროისა და ფინანსების ხარჯვას დასვენებასა და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება ზედა ზღვარს, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მონადირეთა უმრავლესობა მხოლოდ მას შემდგომ იწყებს უცხოეთში ნადირობას, რაც საკუთარი ქვეყნის პოტენციალი კარგად აითვისა და ახლა განსხვავებული გარემოსა და გრძნობების ძებნაშია, მაშინ ზედა ზღვარის დაწესება ზედმეტი შეზღუდვაა, რადგან აღნიშნული ძიება იქამდე გრძელდება, სანამ გადაადგილების საშუალება არსებობს და თუ გავითვალისწინებთ მონადირის კარგ ფიზიკურ მდგომარეობას, ძალიან ძნელი სათქმელია რომელ წლამდე არ შეეზღუდება მას გადაადგილების საშუალება  და  ახალ ადგილებში  ნადირობის  ჟინი.

პოტენციურ ვიზიტორთა გეოგრაფიული დაყოფა გაცილებით რთულ საქმეს წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ცნობადობას, როგორც სამონადირეო მიმართულებას, მაშინ პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობადობაც მაღალია და ლეგენდები წარსულში ნადირობის შესახებ ბევრად აქტუალური. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, საქართველოში ნადირობა მხოლოდ სამეფო ოჯახის პრივილეგია გახლდათ. იმ დროს საქართველო მოისაზრებოდა კავკასიაში სანადირო საქმიანობის ეპიცენტრად და იმართებოდა ქართველი ხალხის მიერ. მიხეილ ბატონიშვილის მიერ ყარაიაზში მოპოვებული ნადავლის შესახებ შემორჩენილია არაერთი ფოტო და მცირე ვიდეომასალაც. ევროპელების ინტერესს იწვევს კავკასიის განსხვავებული და რაც მთავარია მრავალფეროვანი ბუნება. ჩვენი ქვეყნის მცირე ტერიტორიაზე არსებული კლიმატური ზონების სიმჭიდროვე ბუნებრივია აისახება ბიომრავალფეროვნებაზეც, რაც იწვევს ისეთი სანადირო ობიექტების სიმჭიდროვესაც, რომელთა ნახვა ხშირ შემთხვევაში ჩვენზე გაცილებით დიდ ქვეყნებშიც ვერ ხერხდება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელ მონადირეთა მოსაზიდად აუცილებელი არის მოქმედი „წითელი ნუსხის“ გადახედვა, რადგან პრაქტიკულად მათთვის საინტერესო ყველა ობიექტი აღნიშნული ნუსხის დაცვის ქვეშ იმყოფება. ეს არა მხოლოდ ევროპელებს ეხება, არამედ ყველა მონადირის ინტერესის სფეროშია. აღსანიშნავია ბოლო პერიოდში არაბული ქვეყნების ინტერესის მკვეთრი ზრდა, რაც ძირითადად ნადირობის სპეციფიურ ფორმას, ბაზიერობას უკავშირდება. ბაზიერობის ძირძველი ტრადიციები, გამოცდილება და ბაზის დაჭერისა და შემდგომი წვრთნის უნიკალური მეთოდები ამ საქმიანობის მოყვარულთ მთელი მსოფლიოდან იზიდავს. და ბოლოს, როგორც ტურიზმის ნებისმიერ მიმართულებაში, სამონადირეო ტურიზმშიც აქცენტები უნდა გაკეთდეს მეზობელ ქვეყნებზე, რადგან ტერიტორიული სიახლოვე აადვილებს როგორც თვით მონადირის, ასევე მოპოვებული ტროფეის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სამონადირეო ტურიზმში ვიზიტორთა პროფილის განსაზღვრისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ მონადირის ძირითადი ინტერესის სფერო, რაც როგორც წესი ორ ნაწილად არის დაყოფილი: მსხვილ ნადირზე მონადირეები (Big Game Hunters) და წვრილ ნადირზე მონადირეები (Small Game Hunters). მიუხედავად იმისა, რომ მონადირეთა უმრავლესობა, როგორც წესი ორივე ნადირობას სიამოვნებით თანხმდება, მათ მაინც გააჩნიათ თავიანთი მისწრაფებები, რაც აუცილებლად აისახება მათ თოფზე, აღჭურვილობაზე და ძაღლზე. აქ აუცილებელია ერთი ფაქტორის გათვალისწინება: ფრინველზე სანადიროდ მოწვეული სტუმარი ინადირებს მხოლოდ ფრინველზე და მათ ჩვეულებისამებრ მსხვილი ნადირი არ აინტერესებთ, ხოლო მსხვილ ნადირზე მონადირის მოზიდვა თუ ასევე მხოლოდ შესაბამის სანადირო ობიექტზე არის შესაძლებელი, აღნიშნული ნადირობის შემდეგ მან შეიძლება წვრილ ნადირზეც ასე ვთქვათ წაინადიროს. დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით მსხვილ ნადირთა შორის ნადირობა მხოლოდ გარეულ ღორზე, შველზე (ზოგიერთ ქვეყანაში შველიც წვრილ ნადირს მიეკუთვნება) და მტაცებლებზე არის შესაძლებელი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ღორი და შველი ალბათ ნებისმიერ ქვეყანას ჩვენზე გაცილებით მეტი ჰყავს და მათზე სანადიროდ ვიზიტორთა მოზიდვისას მხოლოდ ერთადერთი ბერკეტი გვრჩება, რაც განსხვავებულ ადგილას და გარემოში ნადირობას წარ-მოადგენს. რაც შეეხება მტაცებლებს, იქიდან გამომდინარე, რომ სპეციალურად მათთვის პირობების შექმნა და ხელოვნურად მომრავლება არ ხდება, მათზე მონადირეთა რაოდენობაც ძალიან მცირეა, რადგან გარანტირებული ნადირობის შეთავაზებაც ძალიან რთულია. თუმცა აქვე უდნა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არავის აღუწერია საქართველოში მათი რაოდენობა, ყოველგვარი კვლევისა და მონიტორინგის გარეშეც შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად ტურაზე ნადირობაზე მეტად გარანტირებული საქართველოში არცერთ სხვა ცხოველზე ნადირობა არ არის, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია მოიზიდო მონადირეები ტურაზე სანადიროდ.

წინამდებარე კვლევა შესაბამის თავებში და რეკომენდაციებში დეტალურად ეხება სანადიროდ აკრძალულ ცხოველთა საკითხს, ამიტომ ვიზიტორთა პროფილის განხილვისას ამით თავს არ შეგაწყენთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მეტი აქვს შესათავაზებელი წვრილ ნადირზე, ანუ ფრინველზე მონადირეთათვის, ვიდრე მსხვილ ნადირზე. აქვე  უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო წარმოადგენს გადამფრენი ფრინველების (წყალმცურავები, ტყის ქათამი და სხვა) სამიგრაციო ზოლს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
და ბოლოს, მატერიალურ სტატუსსაც რომ შევეხოთ, პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ნადირობა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ხშირ შემთხვევაში საშუალო ფენის წარმომადგენლებიც მნიშვნელოვნად არიან შეზღუდულები სეზონის განმავლობაში სანადირო დღეების როგორც რაოდენობის, ასევე გეოგრაფიული არეალის არჩევისას. თუმცა, ფასების დარეგულირების შემთხვევაში, ფრინველზე სანადიროდ სწორედ რომ საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან სამიზნე ჯგუფის მთავარი პრეტენდენტები. რაც შეეხება მაღალი ფენის საზოგადოებას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სტატუსის მქონე მონადირეებს პრაქტიკულად ყველაფერი აქვთ მონადირებული, ხშირ შემთხვევაში მათ შორის ასაკოვანნი მეორე-მესამე წრეზე არიან უკვე და მათი მთავარი ინტერესი ახლა უკვე ახალი ადგილების, გარემოს და შეგრძნებების მოძიებაა. სწორედაც ეს გახლავთ ის ნიშა, რომელიც საქართველომ კარგად უნდა გამოიყენოს. ამისათვის საჭიროა არა ფასზე მუშაობა, არამედ შესათავაზებელი სერვისების და ინფრასტრუქტურის შესაბამისად დახვეწა. უცხოელ პოტენციურ ვიზიტორთა პროფილის მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, შეგვიძლია სამიზნე ჯგუფის იდენტიფიცირება შემდეგი მონაცემებით: 35 წელს გადაცილებული საშუალო ფენის წარმომადგენელი მამაკაცი ევრაზიის კონტინენტიდან, რომლის ძირითადი ინტერესი ფრინველებზე ნადირობას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, აღნიშნული მახასიათებლების მქონე მონადირეების დასაკმაყოფილებლადაც არის საჭირო კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება, თუმცა საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, ნადირ-ფრინველის აღწარმოების სისტემის შექმნის, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვე-ვაში, სამიზნე ჯგუფს აუცილებლად შეუერთდებიან მსხვილ ნადირზე მონადირეები და მაღალი ფენის წარმომადგენლები.

ENG
Our magazine keeps publishing fractions of the document “The research on hunting tourism potential of Georgia” ordered by the National Tourism Administration and conducted by the Federation of Hunters and Fishermen of Georgia. The topic discussed in this edition is “visitors’ profile”.

According to the experts and based on their research, taking into account the current situation Georgia should view as a target group: middle class, male, 35 years old and above, small game hunter from Eurasian continent.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები