რეკლამა

საქართველოს მტკნარი მიწისქვეშა წყლები

მტკნარი წყალი ჩვენი სამყაროს უპირველესი საოცრებაა, ის ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც ბუნებაში გვხვდება  როგორც მყარ, ისე თხევად  და  აირად მდგომარეობაში.

ადამიანის ფიზიკური სიძლიერე და ჯანმრთელობა  დამოკიდებულია  ძირითადად  მტკნარი  სასმელი წყლის სისუფთავესა და სტრუქტურაზე. წყალი ცოცხალი ორგანიზმების ტემპერატურის  სწორუპოვარი „ავტორი“ და მისი მარეგულირებელია.
მტკნარი წყალი, როგორც  ბუნებრივი  პროდუქტი,  ერთი შეხედვით,  ქიმიური ელემენტების  –  წყალბადისა და ჟანგბადის შენაერთია, თუმცა, სინამდვილეში სიცოცხლის წყარო და მამოძრავებელი ძალაა ჩვენს პლანეტაზე. ამ თვალსაზრისით მას ალტერნატივა არ გააჩნია! ხარისხიანი  ბუნებრივი  წყლის  ხელოვნური გზით მიღება კი საკმაოდ რთულია.
მტკნარ, განსაკუთრებით კი მიწისქვეშა  წყალს, თვითაღდგენისა და თვითგაწმენდის იშვიათი უნარი  აქვს. მტკნარი  მიწისქვეშა წყალი, ეკოლოგიურად საიმედოდ დაცული, განსაკუთრებული   მნიშვნელობის სტრატეგიული და ამდენად, უძვირფასესი წიაღისეული და  სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული სიმდიდრეა. მტკნარი მიწისქვეშა წყლების რესურსების რაციონალური ათვისება, გამოყენება და დაცვა ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავია.

საქართველოს მტკნარი მიწისქვეშა წყლების შესახებ მრავალი ინფორმაცია მოიპოვება,  ამჯერად  კი  წარმოგიდგენთ  სურათს,  რომელიც  მომზადდა  ჰიდროგეოლოგიისა  და  საინჟინრო  გეოლოგიის  დარგში  ცნობილი  მეცნიერის,  აკადემიკოსის –  ლევან ხარატიშვილის  მრავალწლიან  დაკვირვებებსა  და სამეცნიერო მოსაზრებებზე  დაყრდნობით.
მართლაც,  მტკნარი წყლის  მნიშვნელობა  განუზომელია  როგორც  სოციალურ-პოლიტიკური თვალთახედვით,  ასევე  უნიკალურია ცალკეული  ინდივიდის,  მთლიანად კაცობრიობის არსებობის უზრუნველყოფისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მტკნარი წყალი სხვა წიაღისეულთან შედარებით უფრო ფართოდაა გავრცელებული დედამიწაზე, იგი ბევრად უფრო ნაკლებადაა შესწავლილი და, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, ყველაზე არასაკმარისადაა დაცული. წყლის მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების შედეგია დედამიწის დღევანდელი სახე.
მტკნარი წყლები მინერალიზაციის, ანუ ქიმიური ელემენტების შემცველობის მიხედვით,  ორ ჯგუფად  იყოფა: ულტრამტკნარი, რომლის მინერალიზაცია არ აღემატება 0.2გ/ლ-ს და საკუთრივ მტკნარი, რომლის მინერალიზაცია მერყეობს 0.2 – 1.0 გ/ლ-მდე.
ულტრამტკნარი წყლები ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან რაიონებში (1700მ-ის ზევით), თუმცა გვხვდება  დაბალმთიან ადგილებშიც, მაგრამ მხოლოდ ვულკანოგენური, კრისტალური და ძლიერი მეტამორფოზული ქანების გავრცელების არეებში.
საქართველოს ულტრამტკნარი წყლების ბუნებრივი რესურსი, მტკნარი წყლების საერთო რესურესების არანაკლებ 50%-ს, ანუ 285 მ3/წმ შეადგენს. ამ წყლების თითქმის 80% მაღალმთიან რაიონებში ფორმირდება და ძირითადად მყინვარების დნობის შედეგია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ მცირედაა შესწავლილი ამ წყლების სამკურნალო თვისებები. როგორც ცნობილია, ყინულის ნადნობი წყალი ცოცხალ ორგანიზმებში ბიოლოგიური პროცესების კატალიზატორი და სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი კომპონენტია.
ზედაპირული და მიწისქვეშა მტკნარი წყლების ბუნებრივი რესურსების რაციონალური ათვისება და დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კომპლექსურად, რომელსაც საფუძვლად უნდა ედოს მდინარეებისა და არტეზიული აუზების წყლის რესურსებისა და ეკოლოგიური გარემოს ფორმირების სრული ბალანსის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ძირითადი კანონზომიერებანი.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსი შეადგენს 573მ3/წმ. მისი სიუხვით გამოირჩევა აფხაზეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის, გურიის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები.
სამცხე-ჯავახეთში ლავური ზეგნის ფარგლებში თავმოყრილია უმაღლესი ხარისხის სასმელი წყლის 25მ3/წმ ოდენობის ბუნებრივი რესურსი, რომელიც თბილისის წყალმომარაგების უალტერნატივო წყაროს წარმოადგენს.
დასავლეთ საქართველოზე მოდის 63%, აღმოსავლეთ საქართველოზე – 24%, ხოლო სამხრეთ საქართველოზე – 13%.
არათანაბრადაა განაწილებული მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები არტეზიული აუზების მიხედვით. მათგან წყალუხვობის თვალსაზრისით გამოირჩევა ქართლის, ალაზნის, ბზიფის, რაჭა-ლეჩხუმის არტეზიული აუზები. მათ ფარგლებში მოთავსებულია მთათაშუა ღრმულის მთლიანი ბუნებრივი რესურსების ნახევარზე მეტი (53.2%).
მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები, მართალია, არათანაბრად, მაგრამ მაინც გარკვეული ზონალობითაა გადანაწილებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის ნაწილდება არა მარტო ტერიტორიულად და ჰიდროგეოლოგიური სტრუქტურების მიხედვით, არამედ მიწის ქერქში განლაგების სიღრმის მიხედვითაც.
ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ზედაპირული და მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსების ფორმირებაში გამოიხატება ტერიტორიული, ვერტიკალური, ჰიდროქიმიური და ჰიდროგეოლოგიურ-ჰიდროლოგიური ზონალობა.
რამდენადაც საქართველო მდიდარია მტკნარი, სასმელად ვარგისი წყლით, იმდენად რთულია  მისთვის ბუნებრივი  პირობების  მრავალფეროვნების ფორმირება   დაცვა- დაბინძურებისა და დაშრობისგან. ამდენად,  აუცილებელია ეკოლოგიური პირობების მაქსიმალურად   შენარჩუნება, რომ არაფერი ვთქვათ მათ გაუმჯობესებაზე.
უხარისხო წყლის სასმელად  გამოყენება  კაცობრიობას  გაცილებით  მეტ  ეკონომიკურ და სოციალურ ზიანს აყენებს, ვიდრე ნებისმიერი სტიქიური უბედურება. ჰელსინკის კონფერენციის მონაცემებით, უხარისხო სასმელი წყლის გამოყენებით მსოფლიოში ყოველწლიურად 500 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება, ხოლო მასთან დაკავშირებული მატერიალური ზარალი კი, რამდენიმე მილიარდ დოლარს აღემატება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში 1.5 მილიარდ ადამიანს დღემდე არა აქვს ხარისხიანი წყლით სარგებლობის საშუალება და ყოველწლიურად 2.4  მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება  უხარისხო  წყლისგან გამოწვეული დაავადებებისგან. ძალიან დიდია მტკნარი მიწისქვეშა წყლების დაბინძურებით გამოწვეული მრავალი სტიქიური უბედურებაც, რადგან მისი შედეგების ლიკვიდაციას გაცილებით მეტი დრო და მატერიალური საშუალება სჭირდება, ბუნებრივი პირობების სრულყოფილად აღდგენა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
გარემოს ჰიგიენის სამოქმედო ევროპული გეგმის თანახმად,  მოსახლეობის ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფა  პრიორიტეტულია  ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ადამიანის  უფლებების  საერთაშორისო  დეკლარაციით  (1948  და 1966 წწ),  დუბლინის დეკლარაციით (1992 წ),  გაეროს, ჰააგისა და ბერლინის მსოფლიო კონფერენციების მიერ „მტკნარი წყლის შესახებ“,  უფლება სასმელ  წყალზე,  ადამიანის  ფუნდამენტურ  უფლებადაა  აღიარებული.
მტკნარი წყლის რაციონალური გამოყენების საკითხი დიდი ხანია გასცდა ცალკეული ქვეყნების დაინტერესების ფარგლებს და იქცა საერთაშორისო, მსოფლიო მნიშვნელობის  პრობლემად.  მტკნარი წყალი გახდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის იმპორტისა და ექსპორტის მეტად ანგარიშგასაწევი ნედლეული.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და იმყოფება ევროპა-კავკასია-აზიის მაგისტრალზე. ეს უპირატესობა განპირობებულია საქართველოს ტერიტორიული სიახლოვით სასმელ წყალზე მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნილების მქონე ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა აფრიკის და  აზიის სახელმწიფოები. ჩვენს ქვეყანას აქვს იმისი პოტენციალი, რომ  წყლის  რესურსების გამოყენებით დაიკავოს წამყვანი პოზიცია მაღალხარისხოვანი მტკნარი და მინერალური წყლების ექსპორტის სფეროში.
განსაკუთრებით უნდა  აღინიშნოს, რომ მტკნარი მიწისქვეშა სასმელი წყლების ბუნებრივი რესურსები არის უპირველესი, სტრატეგიული დანიშნულების სიმდიდრე და, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უალტერნატივოა მისი სრულყოფილი შესწავლა, ათვისება და დაცვა.

 

 

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები