რეკლამა

სივრცითი მოწყობა – საქართველოს განვითარების აუცილებელი ინსტრუმენტი

გიორგი გოცირიძე – გეოგრაფი

სივრცითი მოწყობა – საქართველოს განვითარების აუცილებელი ინსტრუმენტი

წინაპირობები

სულ რაღაც სამი ათწლეულის წინ სსრკ-ს ნგრევამ საქართველო იმ სრულიად ახალი სოციალური და ეკონომიკური რეალობის წინაშე დააყენა, რომლებშიც ევროპისა და სხვა რეგიონების განვითარებული ქვეყნები ძალიან დიდი ხნის წინ (ზოგ შემთხვევაში ჯერ კიდევ 130 წლის წინათაც კი) იყვნენ და დღემდე ისინი თანმიმდევრული მიდგომებით ვითარდებიან.
საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნის მოცემულობას და ადეკვატური კონკურენტუნარიანობის მიღწევას მეტად ართულებს სსრკ-ის პერიოდში ჩატარებული დაგეგმვისა და განვითარების ,,ქირურგიული ჩარევის“ შედეგები, რომლებიც აისახა ადამიანთა მენტალურ, საკუთრებისა და პირადი დოვლათის დაგროვების, ეთნო-კულტურული მემკვიდრეობის შექმნისა და, რაც ყველაზე მთავარია, თავისუფალი აზროვნების ფორმირების ისტორიულ სიმშვიდეში.
სსრკ-ში საქართველოს, როგორც მთიანი ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ-გეოგრაფიული, სივრცით-ტერიტორიული, გეგმარებით-არქიტექტურული, ტერიტორიულ-ორგანიზაციული, საინჟინრო-ინფრასტრუქტურული და, მთლიანობაში, განვითარების იდეოლოგიური და ტექნოკრატიული სპეციფიკა სრულიად იგნორირებული იყო მასში საქართველოს გეოგრაფიის მსგავსი რესპუბლიკათა სიმცირის გამო; საბჭოთა კავშირის ტერიტორიის თითქმის 90%-ს შეადგენდა რადიკალურად განსხვავებული ბუნებრივ-ტერიტორიული, ლანდშაფტური და ეთნოკულტურული ტერიტორიები, რომლებიც სრულიად განსხვავებული მიდგომებითა და ხედვებით იმართებოდა – მით უმეტეს კომუნისტური გეგმური ეკონომიკის პირობებში, რომლისთვისაც სვანეთი იყო მხოლოდ რამდენიმე კოშკი და უპირობოდ მხოლოდ ენერგეტიკული კლასტერი და სხვა არაფერი,  თუშეთი – მხოლოდ საძოვრები და არა დასახლებული მხარე,  ბათუმი – თითქმის დახურული ინდუსტრიული ქალაქი, ხოლო ქუთაისი ვერ ვითარდებოდა ავტოქარხნის გარეშე და ა.შ.
აღნიშულმა დაღი დაასვა მოწინავე ქვეყნებთან თანაზომადი და თანადროული სივრცითი განვითარების ხედვების რეალიზებას, რაც მნიშვნელოვნად დაგვაშორა ისეთი ქვეყნების ეკონომიკებისა და მოწყობებისაგან, როგორებიცაა  შვეიცარია, ავსტრია, ასევე გერმანის, იტალიისა და საფრანგეთის მთიანი პროვინციები, რომლებთანაც თანადროულად საქართველოც განვითარების იმავე გზაზე დგებოდა გასულ საუკუნეებში. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს ჩვენს ტერიტორიაზე გაიარა მსოფლიოში პირველმა ნავთობსადენმა, ამავე პერიოდში შენდება ერთ-ერთი პირველი სამთო რკინიგზა და მაღალტექნოლოგიური ფუნიკულორი, მკვიდრდებიან ევროპული დეგაგმარების ქალაქები და საერთაშორისო პორტები და ტერმინალები და ეს ყველაფერი საბაზრო პირობებში…
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მესამე ათწლეულის მიწურულს, ეკონომიკის სწრაფი განვითარების მიუხედავად, ვდგავართ მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე, რომელთაგანაც აღსანიშნავია, ქვეყნის მოსახლეობის დიდი მიგრაცია, განსახლების ასიმეტრია, ბუნებრივი და ეთნო-კულტურული რესურსების დეგრადაცია, კლიმატის ცვლილება და ამის ფონზე, დამატებით, ვხდებით ეკონომიკის დარგების ერთმანეთისაგან იზოლირებულ განვითარებას და მოსახლეობის არასათანადო მზაობას და მკაფიო განვითარების ხედვებისა (ვგულისხმობ მკაფიოდ გაწერილ და ეროვნულ დონეზე შეთანხმებულ ერთიან ხედვებს) და მათი სინერგიის დეფიციტს.
ასეთ დროს ყოველთვის საინტერესო და ადეკვატურია ქვეყნის შედარება ადამიანის ორგანიზმთან ან მის ქცევასთან ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის:  

  • რას ვშვრებით, როდესაც ნაინფარქტალი გულის კედლებს სისხლით მომარაგება ესაჭიროება? – ფეხიდან ვიჭრით ვენური სადინარის ნაკვეთს, მერე ვიკერებთ გულში და სისხლით ვამარაგებთ მიოკარდის ნეკროზულ უბნებს, რომ სიცოცხლე გავახანგრძლოთ – დღეს თუშეთი და პირიქითა ხევსურეთი საქართველოს „სხეულის“ ზუსტად ასეთი ნეკროზული უბნებია!
  • რას ვშვრებით, როდესაც სიმსივნე ორგანიზმის უკიდურესი პერიფერიებიდან ყველა მინერალს ისრუტავს და ასუსტებს მთელს ორგანიზმს? – ხელოვნურად ვამცირებთ ორგანიზმზე მის უარყოფით გავლენას, ვაკონსერვებთ და პარალელურად ორგანიზმს ვამარაგებთ დამატებით საჭირო მინერალებითა და აუცილებელი სასიცოცხლო პრეპარატებით! დღეს  თბილისის განვითარების ,,რეაქტიულობა“ ბოლომდე დაანეკროზებს და დაცლის თითქმის ყველა რეგიონს, თუ ისინი არ უზრუნველვყავით ადგილზე ბიზნესისათვის მომხიბვლელი პირობებითა და აუცილებელი სოციალური ინფრასტრუქტურით, რითიც რეგიონები თავს დააღწევენ თბილისის ნეგატიური გავლენას!
  • ენერგიის აღდგენისათვის აუცილებელი ღრმა ძილის პირობებში მყოფი ადამიანის მოულოდნელი გაღვიძება მას სტრესავს და ასუსტებს – სწორედ ასე სუსტდება ქვეყანა, როდესაც უდიერად ვეპყობით ბუნებრივ გარემოს, კულტურულ მემკვიდრეობას, ეკო-და ეთნო-სისტემებს!

თუმცა ტერიტორიული მოწყობა არ არის იდეალური  გამოგონებების დარგი – ის გაწონასწორებული და ეკონომიკურად გამართლებული კომპრომისების მიგნების სფეროა, რომლის დათვლა და შედარება შესაძლებელია – ზუსტად ისეთივე ,,მარტივი“, როგორიც ოჯახის მართვა:
– როგორ ვიქცევით, როდესაც არ გვყოფნის ფინანსური რესურსები ერთდროულად ბავშვის რეპეტიტორის, კომუნალური, ავტომობილისა და სადღესასწაულო სუფრისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად? – ოჯახის წევრებთან შეთანხმებით ვპოულობთ გამოსავალს, ანუ კომპრომისს, რომელიც ემყარება ფასეულობებს, პრიორიტეტებს და ხარჯსარგებლიანობას; ზუსტად ასეთივე მიდგომებით იგეგმება და იმართება ქვეყანა, რეგიონი, მუნიციპალიტეტი და დასახლებები, ანუ ეროვნული სივრცითი მოწყობის, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დასახლებების მიწათსარგებლობის გეგმები – ეს გეგმები სწორედ ამ ,,ოჯახების“ მართვისა და კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის გეგმებია, რომლებიც უნდა დამუშავდეს ამ ,,ოჯახის წევრების“ – საზოგადოება, კერძო სექტორი და სახელმწიფო – თანამონაწილეობითა და თანხმობით!
– როგორ ვიქცევით, როდესაც  ჩვენი შემოსავალი საკმარისია კრედიტის უზრუნველსაყოფად და გვინდა გავიუმჯობესოთ ყოფითი გარემო, მაგალითად, ვიყიდოთ ბინა? – ვითვლით, ვადგენთ ოთახების რაოდენობას, არქიტეტორსა და დიზაინერს ვაკეთებინებთ პროექტებს, ვსაზღვრავთ ავეჯისა და სხვა ნივთების სახეობებს და ვიწყებთ ,,საოჯახო პროექტის“ წესებისამებრ განხორციელებას, სადაც საძინებელში ნამდვილად არ ვაყენებთ ნაგვის ურნას ან სამზარეულოში – საწოლს. აი, ზუსტად ასე იყენებს ქვეყანა დონორის/ბანკის კრედიტს, გზებისა და გვირაბების მშენებლობაში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციაში, დაცული ტერიტორიების შექმნაში, ენერგო და სხვა რესურსების მოპოვების უზრუნველყოფაში, ან თუნდაც ,,საოჯახო“ გეგმების დამუშვებაში; მაგრამ როდესაც ,,ოჯახში“ კონფლიქტია, ანუ როდესაც მაღალი ძაბვა გადადის დაცულ ლანდშაფტზე, როდესაც ეროვნული პარკი ზღუდავს ერთადერთ მისასვლელ გზას სოფლებთან, როდესაც ჰესი შენდება ღვარცოფზე, როდესაც მიწისძვრა ანგრევს ცუდად აშენებულ სახლს, როდესაც სასაზღვრო სოფლები მოუმარაგებელია ეკონომიკური სიცოცხლით და ქვეყანა ერთიანად კარგავს განვითარების შესაძლებლობას  დიდი კონკურენციის პირობებში, ამ დროს ერთადერთი გამოსავალი ხდება ქვეყნის „საოჯახო გეგმის“ დამუშვება, მასზე დისკუსია, ალტერნატივების განხილვა, კომპრომისების მოძებნა და მათზე შეთანხმება იმ სავალდებულო სამართლებლივი ფორმებით, რომლებიც დღეს დადგენილია ქვეყანაში სტრატეგიული დაგეგმვის, სივრცითი მოწყობისა  და ინტეგრირებული მართვის ვალდებულების სახით.
სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ სივრცით მოწყობის გეგმები სინამდვილეში ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებია, რომლებიც უნდა დამუშავდეს არამხოლოდ ურბანისტებისა და ეკონომისტების მონაწილეობით, არამედ ეკონომიკურ ხედვებსა და  პლატფორმებზე დაფუძნებული სრული დარგობრივი სპექტრის ექსპერტული ჯგუფების ერთობლივი და ინტეგრირებული მუშაობით, რომლის შედეგად უნდა შევძლოთ ყველა სივრცით-გეგმარებითი მიგნებების ეკონომიკური გაზომვა, გაზომვადი ალტერნატივების დამუშვება, რეალიზების შედეგების მოდელირება, საუკეთესო კომპრომისების შერჩევა და მასზე საერთო შეთანხმება.
თუმცა, აქაც გარკვეულ პრობლემბთან გვაქვს საქმე – რაც უფრო კარგია და რთულია გეგმა, მით უფრო რთულია მისი რეალიზება ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც  საქართველოა; პერფექტული გეგმების რეალიზება რთული ხდება არსებული გამოცდილებისა და რესუსრების სიმცირის გამო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კარგ გეგმებში გამოიყოს ადეკვატური და პირველი რიგის რეალისტური ეტაპები – ე.წ. ფაზები, რომლებიც აუცილებლად საერთო სურათის საფუძვლებს უნდა ქმნიდეს და ამ საერთო სურათის მიღწევის შეუქცევადობას ემსახურებოდეს – ზუსტად ისე, როგორც ამას დღეს საქართველოში დამწყები მეწარმე, მაგალითად მეღვინე, ახერხებს: ის პირველ რიგში გეგმავს თავის შესაძლებლობებს, მერე იღებს კრედიტს ვაზის გასაშენებლად, წარმატების შემდეგ კი იღებს მეორე კრედიტს იქვე მარანის დასაფინანსებლად, ხოლო მოგვიანებით – სასტუმროს ასაშენებლად და, თუ ყველაფერმა კარგად იმუშავა, საბოლოო ჯამში – აგრო-ტურისტული ჰაბის შესაქმნელად, რომლის გეგმა მას თავიდანვე ჰქონდა გააზრებული.
დღეს საქართველოს აქვს ინტეგრირებული და შეთანხმებული გეგმების ძალიან დიდი დეფიციტი. ეს დეფიციტი კიდევ უფრო მწვავეა ფრაგმენტულად ცალკეული დარგების სწრაფი განვითარების პირობებში და ერთიანი ეროვნული ინტეგრირებული ეკონომიკურ-სივრცითი ხედვის არარსებობის ფონზე – ანუ მაშინ, როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ არა აქვს ერთიანი ეროვნული სივრცითი განვითარების ხედვა.
სივრცითი მოწყობის დოკუმენტების უმრავლესობა 10-15 წლის პერსპექტივაში მუშავდება; ძნელია უფრო მეტ ვადაზე გათვლა, მით უმეტეს თანამედროვე ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური განვითარების ტემპის ფონზე.
ეს გეგმები საჭიროებს განახლებას და დაზუსტებას ახალი პრობლემების შესაბამისად და წარმოადგენს მუდმივ, მაგრამ პერიოდულად,  განახლებად დოკუმენტებს, რომლებსაც საზოგადოება ცვლის მოთხოვნილებების შესაბამისად, მაგრამ არა – ფასეულობებისა და რაციონალიზმის ხარჯზე.
სივრცით მოწყობის გეგმები არ ზღუდავს და არ აკონტროლებს ბიზნესს, კომერციას და არ ზღუდავს თავისუფალ ბაზარს, ისინი ხელს უწყობს მათ რაციონალურ მიმართვას ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით და იმ აუცილებელ ჩარჩოებს, რომელთაც ბაზარი თავისით ვერ დაარეგულირებს.
სივრცითი მოწყობის გეგმა არის ჩვენი ეროვნული ,,ოჯახისა“ და მისი მუნიციპალური ,,ოჯახის წევრების“ მიერ გააზრებული და შეთანხმებული ამ ოჯახის სამოქმედო გეგმა და ამ ,,ოჯახის“ ბინის/სახლის/ეზოს პროექტი, რომელიც ადეკვატურად მორგებულია სტუმარზე, მტერზე, დოვლათზე, დასვენებაზე, სიამაყეზე, ცნობადობაზე და, რაც მთავარია, ეროვნულ იდეაზე!
დღეს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს სივრცითი მოწყობის გეგმებზე და დროა  შემუშავდეს ერთიანი ეროვნული სივრცითი განვითარების გეგმა, სადაც გაეცემა პასუხი ისეთ მთავარ კითხვებს როგორებიცაა:

  • რას ვაკეთებთ?
  • რატომ ვაკეთებთ?
  • ვისთვის ვაკეთებთ?
  • რამდენს ვაკეთებთ?
  • სად ვაკეთებთ?
  • რა პერიოდზე ვაკეთებთ?
  • ვის ვეჯიბრებით?
  • რაში ვეჯიბრებით?
  • რატომ ვეჯიბრებით?
  • რა სარგებლისთვის ვაკეთებთ?

ამ კითხვებზე პასუხები უნდა მოიძებნოს რეგიონულ და მუნიციპალურ სივრცითი მოწყობის გეგმების მოზაიკით შევსებულ ერთიან ეროვნულ სივრცით მოწყობის გეგმაში.
აუცილებლად აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომლებიც უკვე მიღწეულია ამ სფეროში ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის:

  • დამუშავებულია აჭარის ა.რ.-ის, ბორჯომის, მესტიის, ამბროლაურის, ონის, ახმეტის მუნიციპალიტეტების, ვარძია-ხერთვისი ოლოდას კლასტერის სივრცითი მოწყობის გეგმები და ამ მუნიციპალიტეტბში შემავალი ათეულობით სოფლის განაშენიანების რეგულირების გეგმები;
  • დამტკიცებულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა;
  • დასრულებულია აბასთუმნის კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა;
  • მიმდინარეობს მცხეთის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება;
  • მუშავდება ყაზბეგის მუნუციპალიტეტისა და მასში შემავალი ყველა სოფლის სივრცითი განვითარების კონცეფციები;
  • დამუშავებულია, მიმდინარეობს და დაგეგმილია: ბორჯომის, სტეფანწმინდის, ჩოხატაურის, ბათუმის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ფოთის, რუსთავის, კასპის, ქობულეთის, დუშეთის, ჩხოროწყუს, ურეკი-შეკვეთილის, მესტიის, ბახმაროს, ბაკურიანის, დიდი მიტარბის, გუდაურის, ლებარდეს, ზუგდიდის, სურამის, გრიგოლეთისა და ფასანაურის მიწათსარგებლობის გენერალური და განაშენიანების რეგულირების გეგმები;
  • დამუშვებულია თბილისის, ბათუმის, მცხეთის, ვარძიის და სხვა ისტორიული ადგილების ურბანული განვითარების კონცეფციები და ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმები;
  • დაგეგმილია დასავლეთ საქართველოს ინდუსტრიული  კვანძების განვითარების ხედვების დამუშვება;
  • მომწიფებულია ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის კვანძების სივრცითი გააზრება;
  • აუცილებელია კარდინალური სივრცითი განვითარების ღერძების  კონცეფციების დამუშვება;
  • მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ერთიანი სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავების ტექნიკურ პირობებზე.

აღნიშნულმა პროექტების განხორციელებამ წინ წამოწია მნიშვნელოვანი მიმდინარე და პერსპექტიული ხასიათის პრობლემები და გამოწვევები, რის გარშემოც გაერთიანდნენ გეგმების დამუშავებაში ჩართული საზოგადოებრივი, კერძო და სახლემწიფო სექტორების წარმომადგენელები თანამშრომლობის, კომპრომისების მოძებნისა და შეთანხმების მიღწევის მიზნით.
დღეს უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ სივრცითი განვითარების დოკუმენტაციის შექმნა და მასზე შეთანხმება  ქვეყნის განვითარებისა და სტრატეგიული მიზნების მიღწევის ყველაზე პოზიტიული და შედეგის მომტანი ერთადერთი გზაა, რომელიც უკვე შეუქცევადი პროცესის სახით მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში.

This article describes the importance of spatial planning while developing both cities and rural areas. The author, George Gotsiridze briefly describes planning approach of Soviet era and its impact on current Georgia. He compares spatial planning to the activities such as treatment of diseases or planning of home infrastructure.
“…It is clear that the spatial arrangement of the plans are economic documents, which are to be handled not only by urbanists and economists, but by the integrated work of the full range of sectoral expert groups based on economic visions and platforms. As a result, we should economically measure all spatial planning findings, analyze measurable alternatives, modeling of the results, selection of the best compromises and reaching the general agreement…”

ილ.  1. საქართველო

სივრცითი პროექტები

 

ილ.  2. ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით – ტერიტორიული დაგეგმვა

სივრცითი ტერიტორიული ერთეულები და მათი მახასიათებლები დასახლებათა ფუნქციური ზონირება

ილ.  3. მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის

დოკუმენტაცია, მულახის თემის სოფლების – ჭოლაში, არცხელი, ზარდლაში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟაამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაშის განაშენიანების რეგულირების გეგმები

კონკრეტული უფლებრივი ზონირება

ილ.  4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების – ნიკორწმინდა, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის სივრცით-

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის კონკრეტული უფლებრივი ზონირება

ილ.  5. ფიროსმანი – კარგარეთელი – აღმაშენებლის გამზირის – საარბრუკენის მოედნის, მშრალი ხიდის და ორბელიანის მოედნის სივრცით-ფუნქციური და არქიტექტურულ-გეგმარებითი განვითარებისა და სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოების წარმოების კონცეფცია

სინთეზური რუკა

ილ.  6. დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების

დრონი

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები