რეკლამა

უნდა აშენდეს თუ არა ჰიდროელექტროსადგურები (ჰესების) და როგორ?!

ჰიდროენერგეტიკა, როგორც განახლებადი ენერგია, ქვეყნის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. საქართველო საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა წყლის რესურსებით (26,000-მდე მდინარე) და ამ პოტენციალის გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა – გარკვეული ზემოქმედებისა და მოსალოდნელი ბუნებრივი საფრთხეების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტირებისას აუცილებელია მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის დეტალური შესწავლა, რისი მეშვეობითაც დადგინდება მდინარის ჩამონადენის ენერგეტიკული პოტენციალი, რათა მაქსიმალურად რაციონალურად იქნას გამოყენებული წყლის რესურსები. ყოველივე ზემოხსენებული მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ საჭიროა ჰიდროლოგიური მონიტორინგის არსებობა ქვეყანაში, არა მარტო ენერგეტიკული, არამედ საირიგაციო, სასმელი წყლისა და სხვა მიზნებისთვის. 
დღეისათვის ჰესების დაპროექტება 90-იან წლებამდე არსებული მრავალწლიანი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ხდება, რადგან მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, წყლის ბალანსი აღარ გაკეთებულა. დღევანდელ რეალობაში კი, როდესაც კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და ჰიდროლოგიური რეჟიმზე საგრძნობლად აისახება, დაუშვებელია იმავე მონაცემებზე დაყრდნობით ხდებოდეს ჰესების დაგეგმარება. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გარკვეულ მდინარეებზე ჰიდროლოგიური დაკვირვებები საერთოდ არ წარმოებდა (ანუ არ არსებობს ისტორიული მონაცემები) არადა უკვე გვაქვს აშენებული და ექსპლუატაციაში გაშვებული ჰესები.   
ჰესების პროექტირებისას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მომზადება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ საფრთხეების კვლევაც, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემომ კონკრეტულად ჰესსა და იქ მომუშავე პერსონალს, რისი სამართლებრივი ვალდებულებებიც, სამწუხაროდ, არ არსებობს. ამის კარგი მაგალითია დევდორაკის კატასტროფით ცნობილი სტიქიური მოვლენა, რომელიც 2014 წლის 17 მაისს, მდ. დევდორაკ-ამალის ხეობაში მოხდა, რა დროსაც ჰესის წყალმიმღები და სალექარი ნაგებობები მთლიანად დაზიანდა. იგივე მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ 2019 წლის 27 ივლისს განვითარებულ მოვლენაზე, როდესაც მურყვამის მყინვარზე განვითარებული კლდეზვავის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფულმა მოვლენამ მდ. მესტიაჭალის ხეობა შეაგუბა და ტბის გარღვევის შედეგად მესტიაჭალის ჰესს 50 მლნ-მდე ზარალი მიაყენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მესტიაჭალის შემთხვევაში ჰესმა ძალზე დიდი როლი ითამაშა წყალმოვარდნის შეკავებაში, რადგან ტალღის პირველადი დარტყმა თვითონ მიიღო და ღვარცოფული ნაკადის საკმაოდ დიდი ნაწილი ჰესის სათავე ნაგებობასთან დააგროვა. ამით დაბა მესტიას დიდი საფრთხე აშორდა.
აღსანიშნავია წყალსაცავის ტიპის ჰესის დადებითი ფაქტორი წყალდიდობა/წყალმოვარდნების მართვის კუთხით, რადგან პრევენციისთვის ესაა ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება. გავიხსენოთ 2005 წლის ზამთარ-გაზაფხული, რომელიც საქართველოში საკმაოდ უხვნალექიანი პერიოდი იყო. მდინარე არაგვის აუზში არსებული ჭარბი თოვლის საფარმა მდინარეთა წყლიანობაზე საკმაოდ დიდ გავლენა იქონია. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გაცემული ჰიდროლოგიური პროგნოზის საფუძველზე, ჟინვალის ჰესმა წყალსაცავში წყალი საგრძნობლად დაცალა და წყალდიდობას მომზადებული შეხვდა, რამაც ჰესის ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტები შესაძლო უარყოფით შედეგებისაგან დაიცვა.
კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარების დნობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად დიდ საფრთხეს უქმნის მდინარეთა ქვემო წელში არსებულ დასახლებულ პუნქტებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. პერიგლაციალური პროცესების შედეგად მდინარეთა ხეობებში აკუმულირდება დიდი რაოდენობის მორენული მასალა, რაც ძლიერი წვიმების შედეგად პოტენციურ ღვარცოფად გადაიქცევა. სწორედ ამიტომ ბუნებრივი საფრთხეების კვლევა, განსაკუთრებით ჰესების დაგეგმარებისას, აუცილებელ პირობად უნდა იქნას მიღებული.   ასე, რომ დაუბრუნდეთ თავდაპირველ კითხვას: უნდა აშენდეს თუ არა საქართველოში ჰესები? პასუხი ჩემის აზრით ცალსახაა: აუცილებელიც არის, რომ აშენდეს და განვითარდეს ეს დარგი, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების კუთხით. წყლის რესურსებს ენერგეტიკაში ბევრი სხვა ქვეყანა იყენებს: კანადა, აშშ, ნორვეგია, ავსტრია, ჩინეთი და სხვ. მაგალითად, ნორვეგიაში ელექტროენერგიის 99% ჰიდროენერგეტიკით მიიღება, თუმცა ზემოხსენებული ქვეყნები ყველანაირ საფრთხესა და  გარემოზე ზემოქმედებას ითვალისწინებენ და ისე ახდენენ ჰესების ექსპლუატაციას.
ჰესის მშენებლობის ნებართვის გაცემისას უაღრესად მნიშვნელოვანია სანიტარულ-ეკოლოგიური ხარჯის გათვალისწინება, რისი გაანგარიშებაც მრავალწლიური სტატისტიკური ანალიზის საფუძველზეა შესაძლებელი. დღეისათვის სანიტარულ-ეკოლოგიური ხარჯის დადგენა უაღრესად პრობლემატურია, რადგან დღემდე გამოიყენება ძველი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სანიტარულ-ეკოლოგიურ ხარჯად მიჩნეულია მდინარის საშუალო მინიმალური ხარჯის 10%, რომელიც მდინარის კალაპოტში უნდა დარჩეს. ამ ვალდებულებების კონტროლის მექანიზმი, სამწუხაროდ, დღეისათვის ქვეყანაში არ არსებობს და ამის ნათელი მაგალითია მდ. ბროლისწყალზე (მდ. კისტინკა) არსებული ეკოლოგიური კატასტროფა. მდინარის კალაპოტში წყალი საერთოდ აღარ მოედინება, რაც, ფაქტობრივად, სპობს და ანადგურებს მიმდებარე ეკოსისტემას.
მსოფლიოში არსებობს სანიტარულ-ეკოლოგიური ხარჯის გაანგარიშების მრავალი თანამედროვე მეთოდიკა, რომელთა საქართველოში შემოღება აუცილებელია, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებითაც გვეკისრება.
ამრიგად, ჰესების მშენებლობამდე საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი ჰიდროლოგიური სამსახური და დროულად შემუშავდეს სააუზო მართვის გეგმები (საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება), რათა ქვეყანამ მაქსიმალურად და რაციონალურად აითვისოს ქვეყნის ჰიდრორესურსები და თავიდან ავიცილოთ ისეთი პოტენციური საფრთხეები, როგორებიცაა ეკოლოგიური და ბუნებრივი კატასტროფები.

რეპორტაჟი მოამზადა

ნიკოლოზ ერისთავმა

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები