რეკლამა

ცხენთან პირველი კონტაქტი (გაგრძელება)

მოძრაობა ნაბიჯით ინსტრუქტორთან ერთად

სანამ დამოუკიდებლად ჯირითს დავიწყებდეთ, უნდა ავითვისოთ ცხენზე ჯდომის შემდეგი ხერხები:

1) ჩამჯდარი ჯდომა ჩორთზე;
2) უუზანგოდ ჯდომა  ნაბიჯზე და ჩორთზე;
3) მხედრის ტანვარჯიში ნაბიჯზე და ჩორთზე;
4) ტანაყოლით ჩორთი.

გთავაზობთ თითოეული ხერხის მოკლე აღწერას, გარდა ჩამჯდარი ჩორთისა (მასზე ჟურნალის წინა ნომერში ვილაპარაკეთ)

უუზანგოდ ჯდომა  ნაბიჯზე და ჩორთზე

უუზანგოდ ჯდომა დღემდე მიიჩნევა ცხენზე ჯდომის სწავლის საუკეთესო საშუალებად, ამიტომ  მას შემდეგ, რაც შეეჩვევით უზანგებით ინსტრუქტორთან ერთად ნაბიჯით და ჩორთით სიარულს, შეგიძლიათ დაიწყოთ  უუზანგოზე  ვარჯიში.

შესრულების წესი

ინსტრუტორი გადაჰკიდებს უზანგებს ცხენს კისერზე და წაიყვანს ჯერ ნაბიჯით, ხოლო შემდეგ – ჩორთით. მხრები, მუხლები და ტერფები ჩაუშვით მაქსიმალურად ქვემოთ და მოადუნეთ. წელი ამოძრავეთ წინ და უკან ისევე, როგორც უზანგებით ჯდომისას. წელის წინ გაწევისას მეტად მოკუმეთ ბარძაყის ზედა ნაწილით, ხოლო უკან გამოწევისას ისევ მოადუნეთ. ჩორთის დროს არ მოეჭიდოთ ცხენს მუხლებითა და ქუსლებით, რათა არ შეიბოჭოთ და არ დაკარგოთ წონასწორობა. პირველი უუზანგო მეცადინეობები უნდა ჩატარდეს ძალიან რბილი ჩორთის მქონე ცხენზე. უუზანგოდ ჯდომის ხანგრძლივობა საწყის ეტაპზე არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წუთს.  უუზანგოდ ჯდომისას მხედარი არანაირ დისკომფორტს არ უნდა განიცდიდეს. თუკი ჩორთზე უუზანგოდ ჯდომა  ძლიერ ფიზიკურ დაძაბულობას გამოიწვევს, ესე იგი ჩორთი არ არის საკმარისად რბილი (ამ შემთხვევაში უპრიანია ცხენის შეცვლა), ან თქვენ ვერ ახერხებთ რაღაც მიზეზის გამო მოდუნებას. ამ შემთხვაში გაესაუბრეთ ინსტრუქტორს, რათა ერთად გამოარკვიოთ და დაძლიოთ დაძაბულობის წარმოშობის მიზეზი.

მხედრის ტანვარჯიში

მხედრის ტანვარჯიში წარმოადგენს სპეციალურ სავარჯიშოთა სისტემას, რომელიც სრულდება გაჩერებულ ან მოძრავ ცხენზე. იგი მნიშვნელოვნად ამოკლებს მხედრის მომზადების პერიოდს. განვიხილოთ ყველაზე უფრო გავრცელებულები:

1) გაშლილი ხელები ერთდროულად ნელა დაატრიალეთ  5-ჯერ წინ და 5-ჯერ უკან;
2) გაშლილი ხელები ცალ-ცალკე  ნელა დაატრიალეთ 5-ჯერ  წინ და 5-ჯერ უკან (ცურვისმაგვარად);

3) განზე გაშლილი ხელებით ზედატანი მიატრიალეთ 5-5ჯერ მარჯვნივ და მარცხნივ;
4) ხელები მოიკიდეთ წელზე და ფრთხილად დაატრიალეთ თავი ორივე მხარეს;
5) ხელები მოჰკიდეთ უნაგირის უკანა კეხს. ერთდროულად ნელა აწიეთ მუხლები ზემოთ და მიადეთ ერთმანეთს;
6) ხელები მოჰკიდეთ უნაგირის უკანა კეხს. აწიეთ მოხრილი მუხლები განზე და ამ მდგომარეობაში გაჩერდით, სადამდეც შეძლებთ;
7) აიკეცეთ რიგრიგობით მარცხენა და მარჯვენა ტერფი უკან  ზემოთ და ხელებით დაიჭირეთ. დარჩით ორივე ტერფებით ერთდროულად აკეცილ მდგომარეობაში დაახლოებით 20 წამი.

სავარჯიშოები სრულდება ჯერ ნაბიჯზე უზანგებით და უუზანგოდ, ხოლო შემდეგ ჩორთზე – უზანგებით და უუზანგოდ. სავარჯიშოები ფეხებისათვის სრულდება მხოლოდ უუზანგოდ. ფაქტობრივად, სავარჯიშოების დასრუებისთანავე ცხენზე თავს იგრძნობთ უფრო თამამად და უსაფრთხოდ,  ვიდრე მანამდე.

ტანაყოლით ჩორთი

ტანაყოლით ჩორთი წარმოადგენს მხედრის  ადგომა-ჩაჯდომის რიტმულ პროცესს. ტანაყოლით ჩორთი  გამოიყენება ცხენის მოთელვის დროს, ახალგაზრდა ცხენთან მუშაობისას, ლაშქრობებში და ცხენის გამძლეობაზე მუშაობისას. იგი უადვილებს ცხენს წინ მოძრაობას.

შესრულების წესი

ინსტრუქტორს მიჰყავს ცხენი მშვიდი ჩორთით. ჩამჯდარ მდგომარეობაში მოადუნეთ მენჯი. ბიძგის შეგრძნებისას სწრაფად და ენერგიულად აიწიეთ მენჯით უნაგირიდან ზემოთ წინ ხელების მიმართულებით, სანამ შარვლის უბით არ შეეხებით უნაგირის წინა კეხს და ისევ დაბრუნდით უნაგირის შუა ყველაზე დაბალ წერტილში. გააგრძელეთ ადგომა-ჩაჯდომა ცხენთან ერთ რიტმში. ადგომის დაწყებისას არ გადაიხაროთ წინ. ზედატანი ყოველთვის ვერტიკალური უნდა რჩებოდეს. ჩაჯდომისას არ ჩავარდეთ, არამედ რბილად დაეშვით. თუ ჩაჯდომისას ორმაგ დარტყმას განიცდით, ესე იგი გვიან დაეშვით უნაგირში. თუ ჩაჯდომისას დანარცხების ხმა გამოიცემა,  რბილად კი არ ეშვებით, არამედ ვარდებით უნაგირში, რაც საზიანოა თქვენთვისაც და ცხენისთვისაც. მხედრის ხელის მტევნები, მუხლები და ქუსლები ადგომა-ჩაჯდომაში არ მონაწილეობს და  რჩება იმავე ადგილებზე. ტანაყოლით ჩორთის დროს ცხენი ნაკლებად იღლება, ხოლო მხედრის ხერხემალი აღარ განიცდის ბიძგებს უნაგირიდან, რაც საშუალებას მოგცემთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იჯირითოთ დაუღლელად. ტანაყოლით ჩორთი არ არის ტექნიკურად რთული შესასრულებელი. მის ასათვისებლად სულ რამდენიმე გაკვეთილი დაგჭირდებათ.

სუნთქვა და მზერა

ცხენზე ჯდომისას  ისუნთქეთ მუცლისმიერი სუნთქვით ღრმად და თავისუფლად. გაჩერებულ ცხენზე ჯდომისას ჰაერი თქვენს ფილტვებში მიმოედინება ერთ უწყვეტ ნაკადად, მოძრავ ცხენზე კი, ბიძგების გამო, უფრო წყვეტილად.  ნაბიჯის  და ჩორთის დროსაც ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც ცხენის თანაბარი რაოდენობის ნაბიჯის გადადგმის განმავლობაში უნდა სრულდებოდეს (მაგ. სამი ნაბიჯის გადადგმის განმავლობაში ჩასუნთქვას უნდებით, შემდეგი სამი ნაბიჯის გადადგმის განმავლობაში – ამოსუნთქვას).
მზერა არ უნდა იყოს დაძაბული. რაც უფრო მოდუნებულია თვალი, მით  უფრო უმჯობესდება წონასწორობა და ცხენის გრძნობა. იყურეთ წინ და არა ქვემოთ. თუ გინდათ, რომ ცხენის კისერს დახედოთ, უნდა დახაროთ თვალები და არა თავი, რათა არ დაკარგოთ წონასწორობა.  სანამ ჯერ კიდევ ინსტრუქტორთან ერთად მოძრაობთ, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ირბინოთ დახუჭული თვალებით.  თვალდახუჭული სირბილი წონასწორობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

ზურაბ ჭინჭარაძე
ახალუბნის საცხენოსნო კლუბის დირექტორი

ENG
The professional instructor Mr. Chincharadze continues his horseback riding lessons for the beginners. He explains step by step all the details that the person not familiar with horses should pay attention and obey all the rules that makes one’s contact with the animal pleasant for both of the parties.

რეკლამა
წინა სტატიაცოფი
შემდეგი სტატიაშოკოლადი

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები