რეკლამა

ცხენით ლაშქრობა

ცხენით ლაშქრობა

მანეჟში ვარჯიში მოსაწყენი რომ არ გახდეს, მხედართა ჯგუფი ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით სისტემატიურად უნდა გადიოდეს კლუბის ტერიტორიის გარეთ ჯგუფის მომზადების დონის მიხედვით, სასეირნოდ, სავარჯიშოდ თუ სალაშქროდ.

ამისთვის, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები: კლუბის გეოგრაფიული მდებარეობა, წელიწადის დრო, ამინდი, რელიეფი, ტრასის საფარის ტიპი და ა.შ.
გარეთ გასასვლელად გამოიყენება მხოლოდ გამოცდილი და წყნარი, საშუალო და უფროსი ასაკის ცხენები. ნერვიული და ფრთხალი ცხოველები გარეთ გასასვლელად არ გამოდგებიან. შეიძლება მანეჟში საკმაოდ მშვიდი ცხენი გარეთ გასვლისას სულ სხვაგვარი გახდეს, ამიტომ ინსტრუქტორი კარგად უნდა იცნობდეს თითოეული ცხენის ბუნებას.
გარეთ გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მხედრებს, რომლებიც თავისუფლად მართავენ ცხენს მანეჟში ნაბიჯით ჩორთით და ნავარდით.

პირველი გასვლები

პირველი გასვლები კეთდება ვარჯიშის ძირითადი ფაზის დასრულების შემდეგ. ნაცვლად მანეჟში ნაბიჯით მოძრაობისა, მხედრები გადიან კლუბის ტერიტორიიდან და სეირნობენ ნაბიჯით ცხენების ძალების სრულ აღდგენამდე და შემდეგ ბრუნდებიან თავლაში. შემდგომში გარეთ გასვლა ხდება ვარჯიშის წინ მოთელვისათვის. როდესაც მხედრები კარგად შეეჩვევიან კლუბის გარეთ მოძრაობას, შეიძლება მოეწყოს მცირე ექსკურსიები დროგამოშვებით, ვარჯიშის მაგივრად, თავდაპირველად მხოლოდ ნაბიჯით, ხოლო შემდგომ ნაბიჯით და ტანაყოლითი ჩორთით.

მცირეხნიანი ექსკურსია

გარეთ, ისევე, როგორც მანეჟში, ჯგუფი ეწყობა ერთ კოლონად. კოლონის წინ დგას ინსტრუქტორი, ხოლო ყველაზე გამოცდილი მხედრები კოლონას თავსა და ბოლოში უდგებიან. მხედრებს შორის მანძილი ერთი ცხენის კორპუსის ტოლია (დაახლოებით 2,5 მეტრი). გასვლის საათი, მარშრუტის დრო, მანძილი და სიჩქარე წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. გარეთ გასვლისას ცხენი უფრო აქტიური და ფხიზელი ხდება, ამიტომ მხედარი ძალზე ყურადღებით უნდა იყოს. უზანგების სიგრძე ერთი ან ორი ნახვრეტით უნდა იყოს დამოკლებული, ისევე, როგორც დაბრკოლებების გადალახვისას, სადავეები – ოდნავ უფრო მეტად მოჭიმული. აღმართში ცხენი უჩქარებს ნაბიჯს და კისერს აგრძელებს, ამ დროს მხედარი წინ იხრება ზედატანით, რათა შეუმსუბუქოს ცხენს ზურგის კუნთების მუშაობა და ხელებს აყოლებს ცხენის კისრის მოძრაობას. დაღმართში ცხენი, პირიქით, ამოკლებს ნაბიჯს და ანელებს სიჩქარეს, ამ დროს მხედარი უკან იხრება ზედატანით, აგრძელებს და ჭიმავს სადავეებს  და უზანგებს წევს ოდნავ წინ, რათა მოეხმაროს ცხენს წონასწორობის დაცვაში. ინსტრუქტორი ხმით ან ჟესტებით გადასცემს ჯუფს მითითებებს: ხელის მარჯვნივ ან მარცხნივ გაშლა შესაბამის მხარეს მოხვევას ნიშნავს, ზეაღმართული ხელი კი მოძრაობის შეჩერებას. განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებს ჯგუფს სამანქანო გზაზე მოძრაობისას. მანქანის გამოჩენისთანავე ჯგუფი გზის კიდისკენ იწევა და ანელებს სვლას. მძიმე სატვირთო მანქანებსა და სპეცტექნიკას გამოცდილი ცხენებიც კი შეუძლიათ დააფრთხონ, ამიტომ მათი გამოჩენისას ხელით ვანიშნოთ მძღოლს გაჩერება და გადავიწიოთ გზიდან, რამდენადაც შესაძლებელია.

მინდორში ვარჯიში

სასურველია დროგამოშვებით ვარჯიშის ჩატარება ტრიალ მინდორში, თუკი ამის საშუალება იქნება. მინდორში ცხენს სიჩქარე და წინ მოძრაობის სურვილი მეტი აქვს, ვიდრე მანეჟში, ამასთან, თუ ცხენი ხშირად არ გადის მინდორში, მას შეიძლება თამაშის ან მხედრის გატაცების სურვილი გაუჩნდეს, ამიტომ მხედარს მუხლები უფრო მოჭერილი უნდა ჰქონდეს,  ხოლო სადავეები უფრო დაჭიმული. ჩორთის დროს ცხენებს შორის მანძილი ორი ცხენის კორპუსი ან მეტია. ნავარდი კეთდება რიგრიგობით ან ცხენებს შორის დიდი დისტანციის დაცვით. ინსტრუქტორი დგას შუაში და აკვირდება. ნავარდის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 600 მეტრს წუთში. მიდორში ვიყენებთ წინგადახრილ (საველე) ჯდომას.

დიდხნიანი ლაშქრობა

თუ ლაშქრობა სამი ან მეტი საათი გრძელდება, თან უნდა გქონდეთ სასმელი წყალი. ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა ჩამოვქვეითდეთ, მოვუშვათ მოსართავები და მცირე ხნით ვაძოვოთ ცხენები. მარშრუტი არ უნდა მოიცავდეს გადატვირთულ სამანქანო გზებს, ავტობანებსა და ესტაკადებს, ადიდებულ და წყალუხვ მდინარეებს, აგრეთვე, დიდი საწარმოებისა და მშენებლობების მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც ხშირია მსხვილი სატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო ტექნიკის გადაადგილება. სამანქანო გზის გადაკვეთისას ყველანი ერთად ვგროვდებით და ველოდებით ხელსაყრელ დროს. ცხენებს უნდა ჰქონდეთ გზაში დარწყულების საშუალება. ლაშქრობა ცხენთან დაახლოების საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ითქვას, იგი ცხენზე ჯდომის სწავლის დაჩქარებული კურსია, თანაც – სასიამოვნო და სასარგებლო.

 

რეკლამა
წინა სტატიაპრეპარატი “შილდი”
შემდეგი სტატიაკალმახსაშენი

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები