რეკლამაspot_img

არასწორი წარმოდგენები ნადირობაზე

ტექნოლოგიური განვითარების ერაში, როდესაც ურბანიზაცია შეუჩერებელი გახდა, ბუნება და ველური სამყარო რეალური და ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. დღეს გარეული ცხოველების პოპულაციის მკვეთრი კლება უჩვეულო აღარ არის. ბიომრავალფეროვნების შემცირება და გაქრობა ეკოლოგიური სერვისების (biodiversity service) კოლაფსს იწვევს. ბიოლოგიური კატასტროფისა და ბიოსახეობების გადაშენების პროცესის შეჩერება ასეთი სასწრაფო და მნიშვნელოვანი, როგორც დღესაა, ჯერ არასდროს ყოფილა. ველური ბუნების მენეჯმენტი ბიოსახეობების გადარჩენის ძირითად გზას წარმოადგენს, თუმცა იგი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საზოგადოებაში. ერთი მხრივ, ნადირობა, როგორც ველური ბუნების მენეჯმენტის ძირითადი საშუალება, მხარდაჭერას პოულობს სოფლებში, რადგან ნადირობა უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული საკვების მაღალი ხარისხის სტანდარტების განვითარებასა და შენარჩუნებას, გარეული ცხოველების სახეობების პრობლემატიკის დარეგულირებას, აუმჯობესებს ბიოტოპებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. თუმცა, მეორე მხრივ, ნადირობის მოწინააღმდეგე ორგანიზაციების მხრიდან უფრო და უფრო მზარდი წინააღმდეგობის ობიექტი ხდება, რის გამოც საკმაოდ გავრცელებულია არასწორი წარმოდგენები ნადირობაზე. ცხოველთა უფლებების დამცველები და აქტივისტები ვერ აცნობიერებენ მონადირეების რეალურ მოტივებს და, შესაბამისად, ითხოვენ ნადირობის აკრძალვას. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა  კენია, ბოცვანა, ინდოეთი და ახლა უკვე პოლონეთი, ნადირობა ან საერთოდ აკრძალულია ან მკაცრად შეზღუდული. გარდა ამისა, ცხოველების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მუდმივად ცდილობენ გავლენა მოახდინონ ნადირობის პოლიტიკის შემქმნელებსა და მედიაზე მსოფლიო მასშტაბით, ასეთი ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ნადირობის ამსახველი ფოტოები და რეპორტაჟები, როგორც წესი, მცდარი და უზუსტობების შემცველია. ისინი სარგებლობენ საზოგადოების მხარდაჭერით და, ჩვეულებისამებრ, თამაშობენ ადამიანური გრძნობებითა და ემოციებით, მალავენ მეცნიერულ ფაქტებსა და ხშირ შემთხვევებში – ამახინჯებენ კიდეც.

ნადირობის როლი ველურ ბუნებაში

სინამდვილეში, რეგულირებადი ნადირობა წარმოადგენს პოპულაციის სიუხვისა და სიმრავლის შენარჩუნების, გამრავლების, ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა სახეობის სტრუქტურის და ქცევების მოწესრიგების გარანტიას. ნადირობის მიზანია ცხოველთა გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ასევე, გადაშენების პირას მყოფი ჯიშების კონსერვაცია. ნადირობის ლიცენზიის მოპოვების მსურველებს, როგორც წესი, წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც სურთ მნიშვნელოვანი თანხა გადაიხადონ გამოცდილების მისაღებად. მონადირეების მიერ ასეთი ხარჯების გაწევა უზრუნველყოფს ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებას, რომელთა მიზანია ველური ბუნების დაცვა.

მიუხედავად განსხვავებული წარმოდგენისა, ნადირობა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ველური ბუნების მდგრად განვითარებაში. რეგულირებადი ნადირობის ძირითადი აზრია ცხოველთა პოპულაციის შენარჩუნება და აღნიშნულის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად განვითარების ჯანსაღ საფეხურზე აყვანა. იმისათვის, რომ ცხოველთა გარკვეული სახეობებისა და ჯიშების პოპულაციის რაოდენობა დარეგულირდეს და თავიდან იქნეს აცილებული გადამეტებული ნადირობა, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ადგენენ ნადირობის კვოტებსა და სეზონს ველური ბუნების სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებზე. მონადირეები ე.წ. „სამართლიანი დევნის“ პრინციპით ხელმძღვანელობენ და ნადირობენ ცხოველების მხოლოდ გარკვეული სქესისა და ასაკის ჯგუფებზე. გადამეტებული ნადირობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ნანადირევის აღრიცხვის მეთოდი, რაც მნიშვნელოვანია პოპულაციის დინამიკის შესასწავლად და დიდ როლს თამაშობს  მართვის გეგმის არსებული მდგომარეობის შესაბამისად კორექტირებაში. რეგულირებადი ნადირობის არსი ეფუძნება ადაპტირებული მართვის პრინციპს, რომლის თანახმადაც ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი და კონკრეტული დროის მონაკვეთში სიტუაციის შესწავლა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მმართველობითი გეგმის დაკორექტირება.

პოპულაციის სიჯანსაღის უზრუნველყოფა წარმოადგენს მდგრადი ნადირობის ძირითად პრიორიტეტს. საკვების ნაკლებობა დამანგრეველია ველური ბუნებისთვის და იწვევს ცხოველების იმუნური სისტემის დასუსტებას, რაც, თავის მხრივ, მათ უფრო დაუცველს ხდის დაავადებების წინაშე. დაავადებები, როგორც წესი, გადაეცემათ ცხოველებს ერთმანეთზე ნადირობისას, უშუალო კონტაქტითა და გამრავლების დროს. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც გარკვეული დაავადებები, მაგალითად, ღორის ცხელების აფრიკული ვირუსი, გარეული ცხოველებისგან გადაედოთ შინაურ ცხოველებს, რასაც, თავის მხრივ, შეუძლია გამოიწვიოს შინაური ცხოველების ამოწყვეტა. დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე ძლიერი და ჯანმრთელი ცხოველების გასამრავლებლად აუცილებელია სუსტი და დაავადებული ცხოველების გამოხშირვა. ასეთი სისტემა უზრუნველყოფს პოპულაციის სიჯანსაღესა და ასევე გარეული ცხოველების მიერ სოფლის თემებისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ძირითად შემთხვევებში, როდესაც გარეულ ცხოველებზე ნადირობა დაბალი შემოსავლის მომტანია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, გარეული ცხოველების არალეგალურ მკვლელობასთან გვაქვს საქმე. არალეგალურად ნანადირევი ნადავლი იყიდება როგორც საკვები ან სხვა ძვირადღირებული ნივთების სახით, ხოლო მათი ჰაბიტატები განადგურების მსხვერპლად იქცევა და მათ არადანიშნულებისამებრ იყენებენ. რეგულირებადი ნადირობა უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ველური ბუნებიდან მეტი სარგებლის მიღებას. ეს სისტემა ზრდის მოსახლეობის დასაქმების პირობებს, პროცესში რთავს ადგილობრივ მონადირეებს და ხელს უწყობს ნანადირევი ხორცის უტილიზაციის ოპტიმიზაციას.

ნადირობის ბიოლოგიური და ეკოლოგიური სარგებლები

იმ მცდარი წარმოდგენის შედეგად, რომ ველური ბუნების რესურსები არასოდეს ამოიწურება, ჩრდილოეთ ამერიკის მცხოვრებლებმა გარეული ცხოველების მრავალი სახეობა გადაშენების პირას მიიყვანეს 1800-იანი წლების ბოლოს. ევროპელების ჩასვლამდე ირემი (Cervus canadensis) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო, რომლის გეოგრაფიული დიაპაზონიც იყო კანადიდან ჩრდილოეთ მექსიკამდე, თუმცა 1800-იანი წლების ბოლოს ირმებმა კლება დაიწყეს. 1970-იანი წლებისთვის მათი რაოდენობა 10 000 000-დან 500 000-მდე დაეცა. აღნიშნული გამოწვეული იყო ირმის ჰაბიტატის განადგურებით და მასზე არარეგულირებადი ნადირობით. აქტიურმა არარეგულირებულმა ნადირობამ ხორცისა და ტყავისთვის ამერიკული ბიზონის პოპულაციის შემცირება გამოიწვია. 60 მილიონიანი ბიზონების პოპულაცია 1800-იანი წლების ბოლოსკენ 168 000-მდე დაეცა.

Boone and Crockett Club-მა დაადგინა, რომ გარეულ ცხოველთა სახეობების აღდგენა სამომავლოდ მათი პოპულაციის შემცირებისგან დასაცავად, მდგრადი ნადირობის სტიმულაცია და ხელშეწყობა უნდა მომხდარიყო. ეს სისტემა იცავს პოპულაციის მდედრებს და ახალგაზრდა მამრებს, ხოლო ნადირობის ნებას რთავს სახეობის ასაკიან მამრებზე, რომელთა გენის კონტრიბუცია უკვე განხორციელდა სახეობის გენოფონდში. მდგრადი ნადირობისა და კონსერვაციის სხვა ხერხების კომბინაციამ გამოიღო თავისი შედეგი და ჩრდილოეთ ამერიკაში გადაშენების პირას მყოფი გარეული ცხოველების პოპულაციამ სტაბილურ მაჩვენებლამდე აწია.

რიგი ორგანიზებული ჯგუფებისა ითხოვენ ნადირობის აკრძალვას, რადგან ნადირობას მიიჩნევენ არაეთიკურ და არაეფექტურ საქმიანობად. თუმცა კონსერვაციის ერთ-ერთი ძირითადი ხერხის აკრძალვა წარმოუდგენელია. ბრაკონიერობასთან და სპილოს ძვლით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლაში კენიაში 1977 წელს აიკრძალა ნადირობა. ნადირობის აკრძალვით ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ უკეთეს შედეგებს მიაღწევდა, სინამდვილეში კი აკრძალვას სწორედაც რომ საპირისპირო შედეგი მოჰყვა. კენიის ქარიზმატული მეგაფაუნა, რომელთა შორის იყვნენ ლომები, მარტორქები, სპილოები და დიდი ანტილოპები, 1970 წლიდან მოყოლებული განადგურებისკენ მიისწრაფვის. 1977 წლიდან 2016 წლის ჩათვლით გარეული ცხოველების რიცხვი შემცირდა დაახლოებით 68%-ით. რაოდენობრივი მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი შემცირება სერიოზულ პრობლემად იქცა აფრიკის რეგიონისთვის, განსაკუთრებულად კი წამოიჭრა პრობლემა სტრატეგიების, პრაქტიკისა და კონსერვაციის პოლიტიკის ეფექტურობისა. რა თქმა უნდა, მცდარი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ გარეული ცხოველების რიცხვობრივი შემცირება მხოლოდ ნადირობის აკრძალვის შედეგია, რადგან ფუნდამენტური მიზეზი მაინც არაეფექტური პოლიტიკის გატარებაა, ასევე – ინსტიტუციური და მარკეტინგული შეცდომები.

ადამიანისა და ველური ბუნების კონფლიქტი

ველური ბუნების მენეჯმენტის ყველაზე გავრცელებული და გადაუჭრელი პრობლემაა ველურ ბუნებასა და ადამიანებს შორის არსებული კონფლიქტი. გარეული ცხოველები მუდმივად აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რაც ფერმერებისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური ზიანის მომტანია. თუმცა, მცდარი იქნება ვამტკიცოთ, რომ ეს საკითხი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწების დაზიანებას იწვევს. თანაცხოვრება გარეულ ცხოველებთან ერთად ბევრ სხვა პრობლემას უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას: შინაური ცხოველების გატაცება, დასაწყობებული საკვების განადგურება ან გაძარცვა, თავდასხმა ადამიანებზე და შინაური ცხოველების დაავადება.

ირემი (Odocoileus virginianus) განსაკუთრებულად ხელს უწყობს მცენარეების სახეობების გამრავლებას. მაგალითად, ირემი გავლენას ახდენს პარკოსანი მცენარეების სიხშირეზე, რომლებიც, თავის მხრივ აზოტის გამომმუშავებელი ბაქტერიების თავშესაფარია. შესაბამისად, ცვლილებები ირმების პოპულაციაში მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ნიადაგში აზოტის შემცველობაზე, რაზეც აგრარული პროცესების წარმატებით წარმართვაა დამოკიდებული.

მტრედები (Columba palumbus) არიან სოფლის მეურნეობის სფეროს მნიშვნელოვანი მავნებლები, რომლებიც უზარმაზარ ზიანს აყენებენ რაფსის ზეთის თესლებს; დადგინდა, რომ სპეციალური კონტროლის გარეშე მათ აღმოსავლეთ ინგლისში 45 მილიონი ფუნტი სტერლინგის ზიანი ადგება, სწორედ ამიტომ მონადირეების 50%-ზე მეტი თესლების მტრედებისგან დაცვას ემსახურება.

ეკონომიკური მაჩვენებლები

ველური ბუნების კონსერვაცია და მდგრადი განვითარება უზრუნველყოფილია ევროპაში 7 მილიონი, ხოლო აშშ-ში 11 მილიონი მონადირის საქმიანობით. მხოლოდ 2008 წელს ევროპაში ნადირობით გამომუშავებულ იქნა 16 მილიარდი ევრო.

2007 წელს ირლანდიაში ნადირობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 111.6 მილიონი ევრო. აღნიშნული თანხის 82% მოხმარდა სოფლების განვითარებას, 16% – ქალაქების განვითარებას და მხოლოდ 2% იქნა დახარჯული ქვეყნის საზღვრებს გარეთ. დიდ ბრიტანეთში სულ მცირე 600 000 ადამიანია დაკავებული ნადირობით და მათ 2 მილიარდი ფუნტ სტერლინგი დახარჯეს ნადირობისთვის, რის შედეგადაც კონსერვაცია გავრცელდა 2 ჰექტარ მიწაზე. მონადირეები საშუალოდ 4 მილიონ სამუშაო დღეს უთმობენ კონსერვაციის პროგრამებს. იტალიაში 3.26 მილიონი ევრო გამოიმუშავა 850 000-მა მონადირემ, გარდა აღნიშნულისა, დამატებით 43 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

2016 წელს აშშ-ში11.5 მილიონი ადამიანი იყო აქტიურად ჩართული ნადირობის პროცესში. მონადირეები საშუალოდ 20 დღეს ატარებენ ველზე გარეული ცხოველების დევნაში. აშშ-ში ყველაზე პოპულარულია დიდ ცხოველებზე ნადირობა, ისეთებზე, როგორებიცაა  ირემი და გარეული ინდაური, რამაც ჯამში 9 მილიონი მონადირე მოიზიდა, ციყვებსა და კურდღლებზე ნადირობამ 3.4 მილიონი მონადირე მოიზიდა, ხოლო იხვებსა და მტრედებზე მონადირეების რაოდენობამ 2.4 მილიონი შეადგინა. ჯამურად, 2016 წელს, მონადირეებმა აშშ-ში 25.6 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავეეს.

ალექსანდრა კალანდარიშვილი

 

ENG
Hunting is often viewed as a cruel and unethical activity. True motives behind hunters’ actions are overlooked and most of the times misunderstood. All over the world ban on trophy hunting is a common demand, however the consequences of the ban are highly underestimated. Unmanaged and unregulated wild animal populations are the main reason for human-wildlife conflict in both rural and urban areas. Hunting is a vital tool for conservation and when done properly it not only resolves conflicts arising between wildlife and human worlds, but also plays a key role in recovering endangered species and greatly contributes to nations’ economies. Hunting is a method by which natural populations are kept at numbers that the available habitat can support. For species that frequently cause damage to private property, hunting helps maintain populations at levels that are compatible with human activity and land use. It is important to consider wildlife as a renewable natural resource with a surplus, which is harvested by hunters seasonally. Quotas and specific hunting seasons for each species ensure that the population is not overharvested. It is important to point out that revenue generated from application fees/hunting permit/stamp sales have helped many wildlife species to recover from declining numbers. In 2008 hunting was estimated to be worth €16 billion which directly financed habitat improvement and maintenance works, research, public information/education, and wildlife law enforcement work. Moreover sustainable hunting has significant cultural value in many societies, it employs local resident in numerous activities and involves them in decision making processes.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები