რეკლამაspot_img

„არემჯი გოლდისა“ და „ეკოსოლუშენსის“ წარმატებული რეკულტივაციის პროექტი

მიზანი – ნაკლები ზიანი გარემოს

„არემჯი გოლდისა“ და „ეკოსოლუშენსის“ წარმატებული რეკულტივაციის პროექტი „კაზრეთის“ ტუფობრექჩიების კარიერის რეკულტივაცია

რეკულტივაცია ტექნოგენური ეკოსისტემის ერთგვარ გარდაქმნას ნიშნავს და წარმოადგენს სამთო ტექნიკურ, საინჟინრო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო და გამწვანების სამუშაოების ერთიან კომპლექსს, შესრულებულს დროის გარკვეულ მონაკვეთში. წყობიდან გამოსული ნიადაგების ვარგის მდგომარეობამდე მიყვანის პერიოდს, როდესაც სრულდება აუცილებელი სამუშაოების ციკლი, ეწოდება სარეკულტივაციო პერიოდი, რომელიც შესაძლებელია  გაგრძელდეს 10-15  წლამდე.

სასარგებლო წიაღისეულისა და სამშენებლო მასალების მოპოვება თანამედროვე ცხოვრებისათვის მეტად საჭირო და აუცილებელია, ამასთან ღია წესით მადნის მოპოვებისას ლანდშაფტების აღდგენა და კეთილმოწყობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, სამუშაოები ისე უნდა წარიმართოს, რომ ამა თუ იმ კარიერის დამუშავების შემდგომ კვლავ შესაძლებელი იყოს ამ ფართობების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო თუ ტყის კულტურების გასაშენებლად, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების მოსაწყობად, სამრეწველო და საცხოვრებელი ნაგებობების ასაშენებლად და ა.შ. საქართველოში შემუშავებულია მეცნიერულად და პრაქტიკულად დასაბუთებული ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ითვა-ლისწინებს დარღვეულ ტერიტორიებზე რელიეფური პირობების შესაბამისად ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაციის ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს უსიცოცხლო, თითქმის სტერილური ნაყარების აღდგენა-გამწვანებას, მათ გაუმჯობესებას ყველა შესაძლო მიმართულებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მადნეულის პოლიმეტალების კარიერზე დღის წესრიგში დადგა დარღვეული ტერიტორიების აღდგენა, რისთვისაც მზაობა გამოხატა მომპოვებელმა კომპანიამ. ამ მიზნით შეირჩა შესაბამისი ტერიტორია, დამუშავდა ტექნიკური თვალსაზრისით საჭირო რელიეფური ფორმის მისაცემად. ტერიტორიაზე ბიოლოგიური რეკულტივაციის ჩასატარებლად აუცილებელი შეიქმნა შემუშავებულიყო შესაბამისი ე.წ. საპილოტე  პროექტი.
სამუშაო პროექტის შედეგნას წინ უნდა უსწრებდეს: მოსამზადებელი სამუშაოები, სარეკოგნოსციო კვლევები და  საველე  დეტალური  ძიებანი.
მოსამზადებელ სამუშაოებში ვგულისხმობთ ტოპოგრაფიული საფუძვლების მოპოვებას ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების დასახასიათებლად, აგრეთვე საველე-საძიებო და კამერალური სამუშაოებისათვის მეთოდური ლიტერატურის, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, სამეცნიერო ლიტერატურის შერჩევა-შეგროვებას და  გაცნობა-სისტემატიზაციას.
სარეკოგნოსციო კვლევები ითვალისწინებს მოსამზადებელი სამუშაოების დროს მოგროვილი ლიტერატურული მონაცემებისა და სხვა მასალის შედარებას ნატურალურ მონაცემებთან და მათი სრულყოფილებისა და ვარგისიანობის დაზუსტებას, განსაკუთრებით ძლიერ დაზიანებული და საყურადღებო მონაკვეთების მონიშვნას. ძლიერ დაქანებული ფერდობებისა და სარეკულტივაციოდ პრობლემური გაშიშვლებების დაფიქსირებას, სარეკულტივაციო ობიექტის მრავალფეროვნებაზე სრული წარმოდგენის  შემუშავებას.
საველე დეტალური ძიება წარმოადგენს რეკულტივაციის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველს, ნაყარი გრუნტების ბიოლოგიური რეკულტივაციის რაციონალური ხერხებისა და მეთოდების შემუშავების პროცესში ნაყარების შემადგენელი ქანების ვარგისიანობის მეცნიერულად დასაბუთებულ პროგნოზირებას. ნაყარი გრუნტების ქიმიური, გრანოლომეტრული შედგენილობისა და მთლიანად მათი თვისობრივი მახასიათებლების დადგენა ნათელ სურათს იძლევა მათი ნაყოფიერების პოტენციალისა და მათზე მცენარეთა ზრდა-განვითარების შესაძლებლობაზე. ამ მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია ჩატარდეს ნაყარი გრუნტების დეტალური საველე კვლევა ცალკეული მიკროუბნების მიხედვით, რის საფუძველზეც გამოიყოფა კლდოვანი, დამლაშებული, ტოქსიკური და ძლიერ მჟავე ნაყარების მიკროუბნები. აღნიშნული მიკროუბნები საჭიროებენ ძირეულ გაუმჯობესებას. ამ მიზნით აუცილებელია მათი მაქსიმალურად ღრმად განთავსება და მათზე შედარებით ნაყოფიერი ქანების შეტანა. მადნეულის ტერიტორიაზე ასეთად მიჩნეულია დელუვიური თიხები, თუმცა აუცილებელია მათი საველე გამოკვლევის ჩატარება, შემდგომი ლაბორატორიული ანალიზური შესწავლით. დელუვიური თიხების სისქე უნდა შეესაბამებოდეს დასარგავად გათვალისწინებული მცენარეული ფორმაციების ფესვთა სისტემის თავისებურებას იმ გათვლით, რომ ფესვთა სისტემამ ტოქსიკურ ქანებამდე ვერ ჩააღწიოს. ამის ერთგვარ ხელშეწყობად შეიძლება ჩაითვალოს დელუვიურ თიხებზე წინასწარ დასაწყობებული ჰუმუსის შემცველი მასის შეტანა შესაძლებლობის მაქსიმალური სიმძლავრით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასასაც სჭირდება ლაბორატორიულ-ანალიზური გამოკვლევა მისი პოტენციური ნაყოფიერების დადგენის  მიზნით.
აღნიშნულ სამიარუსიან ნაყარებზე გათვალისწინებულია მრავალწლიანი ბალახების ე.წ. „ჰიდროთესვა“. აღნიშნული მეთოდი შემუშავებული და მოდიფიცირებულია ქართველი მკვლევრების მიერ და ითვალისწინებს მაღალდისპერსიული კომპონენტებისა და ბალახების თესლის წყალნარევს, რომელიც თავსდება სპეციალურ მიქსერში გარკვეული პროპორციით და ტუმბოს საშუალებით ხდება გაშხეფით შეტანა. ავტორების მონაცემებით აღნიშნულ სუბსტრატზე ბალახეული საფარი წარმოიქმნება 2-3 კვირი-დან  2-3  თვემდე  ვადაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაყარებზე მრავალწლიანი ბალახების თესვა აუცილებელი ღონისძიებაა ფართობების ნაყოფიერების ასამაღლებლად. ამ ღონისძიებამ წლების მანძილზე დიდი საწარმოო გამოცდა გაიარა და ამჟამად რეკულტივაციის პრაქტიკაში წარმატებით ინერგება. მრავალწლიანი ბალახები ხელსაყრელ გავლენას ახდენს ნაყარების ნაყოფიერების ამაღლებისა და მიკრობიოლოგიური პროცესების აქტივაციაზე. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ნაყარი გრუნტების გაკულტურებას. აღსანიშნავია, რომ ნაყარი გრუნტები უმეტესად ძლიერქვიანია. ეს გარემოება სხვა არა-ხელსაყრელ პირობებთან ერთად უარყოფითად მოქმედებს ბალახის თესლების გაღვივებაზე, აქედან გამომდინარე, თესვის ნორმა უნდა გაიზარდოს 1,5-ჯერ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღება ძლიერმეჩხერიანი ბალახის საფარი. იზრდება დასარეველიანება, რის შედეგადაც მკვეთრად ეცემა ბალახის პროდუქტიულობა და ეფექტურობა. ბალახებმა თავიანთი ნაყოფიერებით უნდა შექმნან პლაცდარმი შემდგომში ხე-მცენარეულობითა და ბუჩქნარით ტერიტორიის ათვისებისათვის. გასაშენებელი მერქნიან მცენარეთა ასორტიმენტი დაზუსტდება  საველე  კვლევა-ძიების  განმავლობაში.
მცენარეული საფარის შემქმნელი სახეობები უნდა მივიჩნიოთ უპირველეს გენეტიკურ მასალად, რომელიც გვიკარნახებს რეკულტივაციისათვის უკეთეს სარგავ-სათეს სახეობათა ასორტიმენტს. მიუხედავად ლანდშაფტის ძირეული ცვლილებისა, მიმდებარე (დაურღვეველ) მონაკვეთში მაინც უხვადაა ის ელემენტები, რომელთა გადატანა, შესაბამისი ფონის შექმნის შემდგომ, სარეკულტივაციო ნაკვეთებში  უკეთეს  შედეგს  მოგვცემს.

ეკონომიური ეფექტურობის კრიტერიუმად მიჩნეულ უნდა იყოს როგორც სამეურნეო, ასევე სოციალ-ეკოლოგიური ეფექტიანობაც, კერძოდ, გასათვალისწინებელია გარემოზე საზიანო ზემოქმედების შემცირება, ტერიტორიის სანიტარულ-ჰიგიენური, ესთეტიკური და რეკრეაციული პირობების გაუმჯობესება. პროექტით გათვალისწინებული სატყეო რეკულტივაცია შედარებით იაფი და ეფექტიანია გარემოს გაჯანსაღებისა და ბუნების დაცვის თვალსაზრისითაც.

თამაზ სუბელიანი

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი 

 

ENG
Sites that are under the pressure of large-scale mining companies are damaged not only visually but the structure of the soil is degraded. The re-cultivation process serves a rehabilitation of soil to the extent that it can develop independently. After the realization of the re-cultivation project given territory returns to the local society to serve as an agricultural land, pasture, recreation area, etc. Re-cultivation processes are underway in RMG Gold, with high rate of success and future plans to cover most of the territory where they are operating.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები