რეკლამაspot_img

ართვინი ქართული პრესის ფურცლებზე

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ტერი­ტორიის დიდი ნაწილი დღეისათვის თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია მოქცეული. მეცხრამეტე საუკუნესა(რუსეთ თურქეთის ომის შემდეგ 1877-1878წ) და მეოცე საუ­კუნის დასაწყისში მრავალი ექსპედიცია მოეწყო ტაო-კლარჯე­თის ტერიტორიაზე, მრავალი მკვლევარ-მოგზაური აფიქსირებ­და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაში ამა თუ იმ ელემენტის არსებობას ქართული კულტურიდან. ასეთ ელემენტებს დღესაც შევხვდებით მეტ-ნაკლები ინტენსივობით. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ,1921 წლის თებერვალში,ბოლშევიკური რუსეთიაქტიურად შეუდგა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დანაწილებას საკუთარი ინტერე­სებიდან გამომდინარე. სწორედ ამ სიტუაციაში 1921 წლის 13 ოქტომბერს, ქ. ყარსში დადებული ხელშეკრულების საფუძველ­ზე, ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ისტორიული მხა­რეების ნაწილი ოსმალეთს გადასცა, საბოლოო შედეგი კი ის იყო, რომ საქართველომ თავისი მიწა-წყლის ნაწილი დაკარგა. 1921 წლიდან მოყოლებული 90-იანი წლების დასაწყისამდე ქა­რთველი მკვლევრები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ამ ისტორიულ მხარეში სამეცნიერო კვლე­ვა-ძიება ეწარმოებინათ. მას შემდეგ, რაც საქართველომ და­მოუკიდებლობა მოიპოვა და თურქეთის სახელმწიფოსთან კე­თილმეზობლური ურთიერთობის დალაგება დაიწყო, ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ მრავალი სამეცნიერო ექ­სპედიცია მოეწყოთ და დღესაც გრძელდება ასეთი ექსპედიცი­ები ტაო-კლარჯეთში, თავადაც მრავალი ექსპედიციის წევრი გახლდით ამ მხარეში.

ქართველთა ისტორიული ძნელბედობის მიუხედავად,  ქვეყ­ნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და მისი მოსახლეობა დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა და დღესაც ინარჩუნებს ქართუ­ლი კულტურის მახასიათებლებს. ტაო-კლარჯეთის ტერიტორი­აზე ხშირად შევხვდებით ეთნოლოგიურ მასალას, რომელსაც ცალსახად ქართულ ფესვებთან აქვს კავშირი.

მასალის გაანალიზებისას ვიგებთ, რომ ართვინსა და თურქე­თის სხვა ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრებმა ქართვე­ლებმა, ისტორიულ სამშობლოსთან დიდი ხნის თანაცხოვრე­ბის წყვეტის მიუხედავად, ყოფითი კულტურის მახასიათებლები კვლავაც შეინარჩუნეს. ართვინის ვილაიეთის ადგილობრივ ქართველებში დანარჩენ საქართველოსთან ყველაზე დიდი კავშირი თამარ მეფის ხსოვნასა და მის საკრალურ არსებობაზე გადის. დიდი მეფის ხატება საქართველოს ყველა მხრის მო­სახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, განურჩევლად რელი­გიური აღმსარებლობისა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად შევხვდებით სხვადასხვა ადგილს, ხიდს, რუსა თუ ნაგზაურს, რომელიც, ადგილობრივ ქართველ­თა წარმოდგენით, თამარის აგებულია და მის სახელს ატარებს. ცხადია, ეს ყოველივე რწმენით დაკავშირებულია იმ დიდ და ძლევამოსილ წარსულთან, რომელიც სწორედ თამარ მეფის დროს იყო და მათი საამაყო წარმომავლობის ნაწილია, რომ­ლითაც დღესაც საზრდოობს და ქართველობასთან ისტორიულ წარსულს აიგივებს.

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, თურქეთის რეს­პუბლიკაში, ისტორიული საქართველოს მხარე- ტაოში, მდე­ბარეობს ართვინი. ართვინში დიდი აღმშენებლობა ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული, ხოლო შემდგომი განვითარება, როგორც ართვინის, ისე მთელი სამხრეთ-დასა­ვლეთ საქართველოსი, ბაგრატიონებს უკავშირდება. იგი იყო ქართველთა სამეფოს განუყოფელი ნაწილი და ისტორიული ქარტეხილებიც ისევე გაიარა (შეიძლება უფრო რთულადაც), როგორც დანარჩენმა საქართველომ.

ართვინის გუბერნია (ვილაიეთი) დღეისათვის 7267 კვ.კმ-ს მოიცავს, რომელსაც არტაანის, ერზრუმის, ყარსისა და რი­ზეს გუბერნიები ესაზღვრება. ართვინის ტერიტორია საკმაოდ კლდოვანია, შუა კი მდინარე ჭოროხი ჩამოუდის, რომელიც დღეს დიდი კაშხლების წყლით მომარაგების წყაროდ აქციეს. ვინაიდან ართვინის მხარეში გავრცელებულია ერთის მხრივ, შავი ზღვის თბილი, ხოლო მეორეს მხრივ, კლიმატი, დაბლობებში კარგად ხარობს ხილისა და ბოსტნე­ულის მრავალი სახეობა. აქაურ ქართველებში დღესაც შემო­რჩენილია ტრადიციული ქართული კვებითი კულტურა. ტრა­დიციულ კერძებს განსაკუთრებით დღეობებზე ამზადებენ. ხალხში ისტორიული დღეობები დღესაც ცოცხალია და ადგი­ლობრივები დღესაც აღნიშნავენ. ასეთი დღეობებია: მარიობა და შუამთობა, ასევე ტრადიციულად აწყობენ ბუღების დაჭი­დებას. ამ ღონისძიებისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან და ხშირად ბუღებს სწორედ ამ დღისთვის ზრდიან. ადგილობ­რივებში ეს ღონისძიება „კავკასორსის“ სახელითაა ცნობილი. ეთნოგრაფიულად დადასტურებულია, რომ ამ ტიპის პაექრობა საქართველოს სხვა მხარეებშიც იმართებოდა.

1877-1878 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ, ართვი­ნი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. ოსმა­ლეთსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცა თურქეთის ქალაქებში გა­დასახლების საშუალება. მიგრაციულ პროცესებს ორივე მხა­რე აქტიურად უწყობდა ხელს. რუსეთი მისთვის არასასურველ მოსახლეობას იშორებდა, ხოლო ოსმალეთი სანდო ხალხს ასახლებდა თავის ცენტრალურ ტერიტორიებზე. ასე შეიქმნა მრა­ვალი დასახლება ეთნიკური ქართველებისა ბურსის რეგიონ­ში, სტამბოლში და სხვა დიდი ქალაქების სიახლოვეს. დღეი­სათვის საუკუნე–ნახევრის წინ გადასახლებული მოსახლეობა ზაფხულობით უბრუნდება მშობლიურ მიწა-წყალს. 2011 წლის თურქეთში მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ართვინის გუ­ბერნიაში ცხოვრობდა 166 394 ადამიანი. ცხადია, ეთნიკური შემადგენლობის გამორკვევა ამ რაოდენობიდან ძალიან ძნე­ლია, ვინაიდან თურქეთის კანონმდებლობით მოსახლეობის აღწერისას ეთნიკური კუთვნილება არ იწერება და ყველა თურ­ქადაა მიჩნეული, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეთნიკურ ქა­რთველთა ხვედრითი წილი დიდი უნდა იყოს. საქართველოს სამეფოს ზეობის პერიოდში მრავალი ციხე, ეკლესია თუ ხი­დია აგებული, ასევე კულტურული მემკვიდრეობის მრავალი ძეგლია აშენებული, რომელებიც დღეს მსოფლიო საგანძურის ნაწილია: ხანძთის მონასტერი, პარხლის მონასტერი, ტბეთის ტაძარი, არტანუჯის ციხე, სათლის ციხე, ფეთერექის ციხე, ბე­რთას ხიდი, დოლისყანის ეკლესია და სხვა უნიშვნელოვანესი ძეგლები, რომლებიც დღეს დიდი ზრუნვის საგნად უნდა იქცეს.

სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ოსმალეთის მიერ მწვავედ დადგა ეთნიკური ქართველების გამაჰმადიანების საკითხი. ქართველი მოსახლეობის ნაწილმა ამ მოცემულო­ბიდან თავის ასარიდებლად კათოლიკობა მიიღო. კათოლიკე ქართველების სულიერი მწყემსვა ლათინი სასულიერო პირე­ბის ნაცვლად სომეხ კათოლიკეთა სამღვდელოებას დაეკისრა, ასევე, მათი აქტიური მოთხოვნით, წირვა-ლოცვა სომხურ ენაზე აღესრულებოდა, ამას გარდა სომხეთის სამღვდელოება აქტი­ურად ერეოდა ქართველთა ცხოვრებაში და გარკვეულ წნეხშიც მოაქცია ეთნიკური ნიშნით, რასაც ქართული მოსახლეობა სრუ­ლიად სამართლიანად აპროტესტებდა. ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა ართვინის მხარეშიც. ამ პრობლემას ქართვე­ლმა საზოგადოებამ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მიაქცია ყურადღება, რაც აისახებოდა იმდროინდელ პრესაში. იმ პერიოდის გაზეთები – „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „ივე­რია“, „მწყემსი“, „კვალი“ და სხვა განსაკუთრებულ ყურადღე­ბას უთმობდნენ ართვინს, მის გეოგრაფიულ დახასიათებას, იქაური მოსახლეობის ეთნიკური და დემოგრაფიული მდგომა­რეობის აღწერას, რელიგიურ ვითარებას, ენობრივ მდომარე­ობას ეთნიკურ ქართველებში. განსაკუთრებულად შუქდებოდა ქართველთა ეთნიკური თვითშეგნებისა და წარმომავლობის საკითხები. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პრესის ფურცლებიდან ავტო­რები დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას აცნობდნენ ართვინში მიმდინარე ამბებს. კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის ამსახველ სტატიებს დიდი ადგილი ეკავა აღ­ნიშნული პრესის ფურცლებზე.

მნიშვნელო­ვანია თვალი გადავავლოთ იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, რაც საუკუნე–ნახევრის წინ ართვინში ხდებოდა და ასევე საი­ნტერესოა გავეცნოთ, თუ როგორ ეხმაურებოდა ამ ყოველივეს ქართული პრესა. გაზეთ „ცნობის ფურცლის“ 1896 წლის 4 ნოემბრის ნომერში ვკითხულობთ: „ართვინელების სამდურავი: ართვინში ფოსტა მხოლოდ ერთხელ მოგვდის კვირაში და ამიტომ აქაურები საფუძვლიანად სჩივიან ამის გამო. ართვინი უმთავრესი ქალაქია მთელის ოლქისა და სამართალიც მოითხოვს, რომ იქ სამჯერ მაინც მივიდეს კვირაში ფოსტა. უეჭველია ამ გარემოებას ყურადღებას მიაქცევს ბ.ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსი.“

გაზეთი „ივერია“ (1893წ. 10 ივლისი) კი გვამცნობს საინტერესო ამბავს: „ჩვენ მივიღეთ ართვინიდამ, ბ-ნ მ.მრევლიშვილისაგან, 60 მან. ნ. ბარათაშვილის სახელობაზედ დაარსებულ სალიტერატურო ფონდის სასარგებლოდ. ეს ფული შეუგროვებიათ პ.მიქელაძესა და ნ.აბაშიძეს ართვინის ქართველთა შორის. ‘’

კვლავ გაზეთი ივერია გვამცნობს(1898, 11 მოემბერი): „წელს ართვინის ოლქში ღვინის მოსავალი შარშანდელზედ უკეთესი იყო. ყურძენი იყიდებოდა ფუთი 60-80 კაპეიკად, მაჭარი – ერთი ბათმანი 60 კაპ. სიმინდის მოსავალი საშუალოზედ ნაკლები იყო. ზეთისხილი, ზამთრის ყინვების გამო ნაკლები მოვიდა, ვიდრე წინა წლებში“.

უაღრესად საინტერესო სტატიას ვხვდებით გაზეთ „კვალის“ 1903 წლის 18 მაისის ნომერში: „ქალაქ ართვინის მცხოვრებლები არიან სომხები და მცირე ნაწილი მაჰმადიანი ქართველებიც. არიან საკმაოთ ქრისტიანი ქართველებიც. ეს ქალაქი დღეს-დღეობით პირველყოფილ მდგომარეობაშია. მთელ ქალაქში არ მოიპოვება ერთი ბიბლიოთეკა; ბიბლიოთეკას დავეთხოვოთ, წიგნის მაღაზიაც კი არ არის. ასე განსაჯეთ, ჟურანალ-გაზეთებსაც კი იშვიათად შეხვდებით“.

უღრესად მნიშვნელოვან ცნობას ვაწყდებით გაზეთ „ამირანის“ 1908 წლის 26 ივლისის ნომერში:        „ როგორც ვწერდით, ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადასწყვიტა ართვინის ოლქში, სოფელ ჭინკათხევში, ქართველ მაჰმადიანთათვის გამართოს ერთკლასიანი სასწავლებელი ოთხი წლის კურსით. ამ დღეებში საზოგადოების გამგეობამ ჭინკათხევის მომავალ სკოლის სასწავლო გეგმა გაუგზავნა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორს და სთხოვა, შუამდგომლობა გაუწიოს საზოგადოებას სამოსწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე, ნება დაერთდოს სკოლის დაარსებისა“.

ამ სანიმუშოდ წარმოდგენილი საგაზეთო პუბლიკაციებიდან ნათლად ჩანს ქართული საზოგადოების უდიდესი ინტერესი და მზრუნველობა საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის, ართვინისა და  მისი მოსახლეობის მიმართ.  თითოეული სტატიის გაანალიზებისას თვალსაჩინოა ქართული ელიტის ინტერესი ართვინის ოლქის კულტურული ცხოვრების, სამეურნეო თავისებურებებისა და ყოველდღიური ყოფის მიმართ.  ასევე ვლინდება ცხოველმყოფელი ინტერესი განათლების გაღრმავების თვალსაზრისით. ნიშანდობლივია, ართვინი და მისი მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსათვის ყოველთვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და სწორედ ამით არის განპირობებული განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები