რეკლამაspot_img

ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

 

ჩვენი ჟურნალის სტუმარია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე

 – პირველ რიგში, ჩვენი მკითხველის სახელით გვინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ უაღრესად დიდი პროფესიონალიზმის და თავდაუზოგავი შრომისთვის.  

როგორია ველური ბუნების როლი ინფექციების გავრცელებაში? 

გასულ საუკუნეებში ველური ბუნების პათოგენებს შესწავლიდნენ უპირატესად ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მაგრამ თანდათან მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ცხოველებისა და მწერების, როგორც ველური ბუნების ნაწილის, მიერ გადატანილი დაავადებები ხშირად ადამიანებსაც აავადებს. ასეთი დაავადებების რიცხვი საკმაოდ დიდია და თანდათანობით იზრდება. მაგალითად, შავი ჭირი, ჯილეხი, ლეპტოსპიროზი, ბორელიოზი, ბრუცელოზი, ტულარემია, ცოფი, მარბურგისა და ებოლას ცხელებები, სხვა ჰემორაგიული ცხელებები, ერლიქიოზი, ნიპა-ს და დასავლეთ ნილოსის ვირუსებით გამოწვეული ინფექციები, SARS-ი, MERS-ი, ფრინველის გრიპი და მრავალი სხვა. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ პანდემიასაც (COVID-19) უკავშირებენ ღამურებს.     

მრავალი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ღამურები წარმოადგენენ ზოონოზური წარმოშობის გასაოცრად მრავალფეროვანი ვირუსების რეზერვუარს, მათ შორის, ისეთების, რომლებიც იწვევენ დაავადებებს მაღალი სიკვდილობის მაჩვენებლით. ასეთია მარბურგის, ებოლას, ნიპს ვირუსები, კორონავირუსები და სხვ. სხვადასხვა ავტორმა დამოუკიდებელი ანალიზის შედეგად დაასკვნ, რომ ღამურები, სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით, არაპროპორციულად მეტი რაოდენობის ვირუსს „ინახავენ“. 
რა იწვევს ცხოველთა რეზერვუარიდან ადამინებში ვირუსების გადმოსვლას? ეს შესწავლის საკითხია. გამოყოფენ მრავალ ფაქტორს; მიმდინარეობს კვლევები ვირუსების წარმოშობის შესახებ: მაგ. ებოლას და მარბურგის ვირუსების წარმოშობას 30 წელია სწავლობენთუმცა კი მიუთითებენ, რომ ღამურებია მათი ბუნებრივი რეზერვუარი. 
რეზერვუარის დადგენა მხოლოდ დასაწყისია. ველური ბუნებიდან ინფექციების ადამიანებზე გადაცემის პრევენციისთვის ჯერ საჭიროა დადგინდეს პათოგენის განვითარების პროცესი ცხოველურ მასპინძელში და როგორ ხდება ადამინამდე მისი მიტანა. ხანგრძლივი კვლევების შედეგად აღმოაჩინეს ნიპ-ს ვირუსის გავრცელების ლოგიკა მალაიზიაში: კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ღორების ფერმების სიახლოვე ხეხილის ბაღებთან ხელს უწყობდა ღამურებიდან ამ ვირუსის გადაცემას ღორებსა და ადამიანებზე. საბოლოოდ, სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით, ღორების ფერმები განაცალკვეს ხეხილის ან ტყეების მიდამოსგან, რომ ღამურებთან კონტაქტი შეეზღუდათ და, შედეგად, აღნიშნული ვირუსის ეპიდაფეთქებები მალაიზიაში აღარ დაფიქსირებულა.  
ბოლო პერიოდში განვითარდა თეორიები, რომ ეკოსისტემა თვითონ არეგულირებს დაავადებებს, თუ ამ ეკოსისტემაში ყველა რგოლი დაბალანსებულად მუშაობს (ბიოლოგიური სახეობების მრავალფეროვნების ხარჯზე). ადამიანური სამრეწველო აქტივობები კი გარკვეულწილად არღვევს ამ სისტემას, მრავალფეროვნებას და იზრდება პათოგენების ადამიანებში გაველების რისკიც. ამისი მაგალითია ბორელიებით გამოწვეული ლაიმის დაავადება, რომლებიც ცხოველებიდან ტკიპებს გადააქვთ ადამიანზე. 
მნიშვნელოვანია ველური ცხოველებით ვაჭრობის და მათი მოხმარების როლიც სახეობრივი და გეოგრაფიული ბარიერების გადალახვაში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ გლობალური სავაჭრო შეთანხმებები ეწინააღმდეგება ცხოველების იმპორტ/ექსპორტის კონტროლ
დღევანდელი COVID-19-ის პანდემიაც თეორიულად უკავშირდება ცხოველთა ბაზარს ჩინეთში, ქ. უხანში, და კორონავირუსის რეზერვუარად ღამურებს მოიაზრებენ, მაგრამ პირდაპირ ღამურიდან ადამიანზე გადაცემას ეჭქვეშ აყენებენ მეცნიერები და ითვლება, რომ უნდა არსებობდეს შუალედური გადამტანი ცხოველი. ამ კუთხით სხვადასხვა მოსაზრებ არსებობს. იყო ვერსია, რომ პანგოლინებიდან (ჯავშნოსანადან) მოხდა ადამიანზე ვირუსის გადაცემა. ეს საკმათო თემად იქცა და ეს საკითხი ჯერაც არ არის დახურული. 

  • გლობალური დათბობის პირობებშიროდესაც დნება მწვერვალები, რა საფრთხეები გველის ჩვენთვის უცნობი ვირუსებისა და ინფექციების გაჩენის კუთხით? 

ბოლო დეკადებში მეცნიერები საუბრობენ, რომ კლიმატის ცვლილება (მათ შორის გლობალური დათბობა) ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ახალი ვირუსების გავრცელებისა და ახალი ეპიდაფეთქებების წარმოშობაში. ფაქტია, რომ ცხოვლების და მწერების სხვადასხვა სახეობ საკმაოდ მგრძნობიარე ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილებების მიმართ და ეს ზეგავლენას ახდენს მათ მიერ ვირუსების გავრცელებაზე. მაგალითად, მღრღნელების განაწილება და რაოდენობაც იცვლება კლიმატის ცვლილების მხარდახარ და ასევე იცვლება მათ მიერ ინფექციების გავრცელების პოტენციალი. 

ისტორიული ფაქტია, რომ 1878 წლის ზაფხულში აშშ-ის სამხრეთი (მისისიპის შტატი) მოიცვა ყვითელი ცხელების საშინელმა ეპიდაფეთქებამ (ინფექციის გადამტანია მოსკიტები). დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დაინფიცირდა და 20 ათასამდე დაიღუპა. ზოგადად, ამ ტერიტორიისთვის ყვითელი ცხელების გავრცელება უცხო არ იყო, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით. ამ ეპიდაფეთქებას მეცნიერები უკავშირებენ 1877-78 წლებში ელ-ნინიოსნობილ ეპიზოდს (ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა; თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში) და კლიმატის ანომალიებს, რაც აღმოსავლეთ შტატებში აღინიშნებოდა ამ პერიოდში.   
რაც შეეხება გლობალურ დათბობას და მყინვარების დნობას, ეს არა მხოლოდ ეკოლოგიურ, არამედ ბიოლოგიურ საფრთხესაც შეიცავს. არსებობს მყარი თეორიები, რომ ყინულის დნობა გამოათავისუფლებს მასში „მიძინებულ“ პათოგენებს, რომლებიც შემდგომ  მწერებმა შეიძლება გადაიტანონ, რაც ახალი ეპიდემიის საფრთხეს ქმნის. მაგ. NASA-ს მეცნიერებმა 2005 წელს ალასკაში აღმოაჩინეს ყინულში კაფსულირებული ბაქტერია, რომელიც 32 ათას წელზე მეტხანს იყო გაყინული და გალღობის შემდეგ ინარჩუნებდა სიცოცხლისუნარიანობას. არაერთი მსგავსი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული მეცნიერების მიერ.  

2016 წლის აგვიტოში ციმბირში 12 წლის ბიჭი ჯილეხით (ციმბირის წყლულით) გარდაიცვალა. თეორია არსებობს, რომ 75 წლის წინ ინფიცირებული ირემი მოკვდა და გაყინული მიწის კარკასში მოექცა, ხოლო სითბური მოქმედებით გალღვა და იქცა ინფექციის გავრცელების წყაროდ.  

 

  • როგორ მოვიქცეთ ველურ ბუნებაშირათა მაქსიმალურად დავიცვათ თავი ინფექციებისგანომ ჩვენ თვითონ არ გავხდეთ მისი გამავრცელებლები? 

პირველ რიგში, ალბათ მნიშვნელოვანია საკითხის განხილვა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე, თან – გლობალური მასშტაბით. მოგეხსენებათ, ველური ცხოველებით ვაჭრობა, ბრაკონიერობა და სხვა მსგავსი პრაქტიკა ხელს უწყობს ახალი ვირუსების და ეპიდემიების გავრცელებას. ამგვარად, ცხოველთა ვაჭრობის რეგულაციები გადახედვას მოითხოვს, ეს თუნდაც უხანის მაგალითმაც დაგვანახა და ამ მხრივ გარკვეეული საწყისი ნაბიჯები გადაიდგა.
გარდა ამისა, მინდა მოვიყვანო თანამედროვე მულტიდისციპლინური მიდგომა One Health, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანების ჯანმრთელობა მჭიდრო უკავშირდება ცხოველთა ჯანრთელობას და გარემოს. ეს მართლაც ასეა და აღნიშნული მიდგომა მოიცავს კომპლექსურ მოქმედებას, სხვადასხვა სექტორების მონაწილეობას ეპიდემიების პრევენციის მიზნით.
One Health-ის დაფარვის სფეროა ზოონოზების კონტროლი, საკვების უსაფრთხოება, ანტიბაქტერიული რეზისტენტობა, გარემოს დაბინძურება. აღნიშნული მიდგომა მოითხოვს სხვადასხვა სექტორს  ურთიერთთანამშრომლობას. 
One Health-ის თეორიები მე-19 საუკუნეში იქნა მოწოდებული, შემდეგ, 1980 წელს, ეპიდემიოლოგებმა მისი თანამედროვე კონცეფცია განავითარეს. 2007 წელს The American Veterinary Medical Association და the American Medical Association-მა ამ მიდგომის ადაპტაცია მოახდინეს. 2009 წელს აშშ CDC-იმ დააფუძნა სპეციალური განყოფილება  –  One Health office. 
ინდივიდუალურ დონეზე კი თითოეულმა ადამიანმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვას დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები ველურ ბუნებასთან კონტაქტისა და პირადი ჰიგიენის კონტექსტში, როგორებიცაა: ტყეში ლაშქრობის დროს შესაბამისი ჩაცმულობის უზრუნველყოფა, ცხოველებთან კონტაქტის დროს ხელების ჰიგიენა, ცხოველთა ხორცის მოხმარების დროს შესაბამისი სანიტარული ნორმების დაცვა და ა.შ. ის ამით საკუთარ ჯანმრთელობასაც დაიცავს და შეიძლება ამ ყველაფრით მასშტაბური ეპიდაფეთქებების აცილებაც მოვახერხოთ.
ველურ ბუნებაში მოგზაურობის დროს, ინფექციების თავიდან არიდების მიზნით, არ მიიღოთ უმი ან ცუდად დამუშავებული ხორცი, დაიბანეთ ხელები მიწასთან ან ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ, გამოიყენეთ მწერების დასაფრთხობი საშუალებები, ატარეთ გრძელმკლავიანი მაისურები, შარვლის ტოტები ჩაიტანეთ ფეხსაცმელებში და ეცადეთ, ჩაიცვათ მაღალყელიანი წინდები. თუ მოგზაურობთ იმ მიდამოებში, სადაც ცნობილია ტკიპების არსებობა, კარავში ან შენობაში დაბრუნების შემდეგ დაითვალიერეთ მთელი სხეული (საჭიროებისამებრ გამოიყენეთ სარკეც), რათა გამორიცხოთ ტკიპის არსებობა სხეულზე.  ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღებით დაუთვალიერეთ ყურის უკანა მიდამო, კისრის  ზედაპირი, თმის ზოლის მიდამო და წელი. ეცადეთ, მოიცილოთ ტკიპა სპეციალური პინცეტის საშუალებით, მაგრამ არ გასრისოთ მწერი ამოღებისას, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების გამომწვევის უფრო სწრაფ გამოყოფას. ტკიპს მოცილების შემდეგ დაიბანეთ ხელები და  კანის დაზიანებული ნაწილი დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი ხსნარით, რათა თავიდან აირიდოთ ჭრილობის დაბინძურება და მეორადი ინფექციის განვითარების რისკი. თუ იცით, რომ ახლოს მდებარეობს სამედიცინო პუნქტი, არ სცადოთ ტკიპას თვითნებური ამოღება და მიმართეთ სამედიცინო პერსონალს. გახსოვდეთ, რომ ტკიპა რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს კანში, იმისთვის, რომ მოასწროს დაავადების გამომწვევის გადატანა. შესაბამისად, ტკიპის დროული მოცილება დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. 

 

ინტერვიუ ჩაიწერა
გოჩა კობერიძემ
მთავარი რედაქტორი 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები