რეკლამაspot_img

ინტროდუცირება

სახეობათა მრავალფეროვნება ბიოლოგიური მრავალფეროვნების მთავარი განმსაზღვრელია.  მაგრამ სხვადასხვა მიზეზით სიცოცხლის წარმოშობიდან დღემდე უამრავი სახეობა გადაშენდა და მისი წარმომადგენლები სამუდამოდ აღიგავნენ პირისაგან მიწისა. მათი გადაშენების ოთხ ძირითად მიზეზს გამოყოფენ და მათ დამღუპველ კვარტეტსაც კი უწოდებენ, ესენია: ჭარბი მოპოვება (გარემოდან ორგანიზმთა ინტენსიური ამოღება); ჰაბიტატის განადგურება და ფრაგმენტაცია (საცხოვრებელი გარემოს მოსპობა); ინტროდუცირება (ამა თუ იმ ჰაბიტატისათვის უცხო სახეობის შემოჭრა ან შემოყვანა); გადაშენების ჯაჭვები (როცა ერთი სახეობის გადაშენება იწვევს მეორე სახეობის მოსპობას).
ამ ჩამონათვალიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ყურადღება გაგვემახვილებინა ინტროდუცირებაზე, როგორც ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემებისათვის. ინტროდუცირება, როგორც აღვნიშნეთ, ნიშნავს ჰაბიტატისათვის უცხო სახეობის შეჭრას ან  ხელოვნურად მის შეყვანას. ბუნებრივი გზით ინვაზია ძირითადად ხდება კონკრეტული სახეობის საცხოვრებელი არეალის გაფართოების ხარჯზე. რაც შეეხება ხელოვნურ ინვაზირებას, ის, როგორც წესი, გათვლილია ადამიანთა მატერიალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მსოფლიოში უამრავი სახეობა გადაშენდა აღნიშნული მიზეზით; მაგალითად, ახალ ზელანდიაში ინვაზირებულმა სახეობებმა  ფრინველების  – 23, ხოლო ამფიბიებისა და რეპტილიების 9 სახეობა გადააშენეს. თუმცა, ინტროდუცირების გაგონებაზე პირველად ალბათ ყველას ავსტრალია გაახსენდება, სადაც ინვაზირებულმა პლაცენტიანებმა უდიდესი ზიანი მიაყენა ავსტრალიის ფლორასა და ფაუნას.
სამწუხაროდ, ამ კომპონენტში არც საქართველო ჩამორჩა დანარჩენ მსოფლიოს. ერთ-ერთ  მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დიდი ლაფანჭამია (Dendroctonus micans).

იგი ციმბირიდან შემოტანილ გაუქერქავ წიწვოვან მცენარეთა მორებს შემოჰყვა, ვინაიდან აქ ბუნებრივი მტერი არ დახვედრია და თანაც აქაურ კლიმატს კარგად შეეგუა, ამ მწერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ლაფანჭამია აზიანებს წიწვოვან მცენარეთა გამტარ სისტემას და მცენარე ხმება.
საბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთიდან საქართველოში შემოიყვანეს ტელეუტური ციყვი (Sciurus vulgaris). მისი ინვაზირების მიზეზი გახლდათ სარეწაო ღირებულება, რაც განპირობებული იყო მისი მაღალი ხარისხის ბეწვით. თუმცა თბილი კლიმატის გამო შემოყვანილმა ციყვმა ბეწვის ხარისხი  დაკარგა და სარეწად აღარ გამოდგა, სამაგიეროდ, მან ადგილობრივი სახეობის კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus) მნიშვნელოვნად შეავიწროვა და ზოგან საერთოდ განდევნა კიდეც ჰაბიტატიდან. ტელეუტური ციყვი სპობდა ტყის ხვადასხვა წვრილი ბინადრის ბუდეებს, იკვებებოდა რა მათი კვერცხებით, მათ შორის – კოდალებსაც, რომლებიც, ავად თუ კარგად, მაინც გარკვეულწილად არეგულირებდნენ ზემოთ აღნიშნული ლაფანჭამიას რიცხოვნობას.
საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ეგზოტიკურ სახეობათა შემოყვანა და ამით ადგილობრივი ბიომების „გამრავალფეროვნება“.  სწორედ ამ ფენომენის გამო აღმოჩნდა ჩრდილოეთ ამერიკის ბინადარი ენოტი (Procyon lotor) საბჭოთა კავშირში.

იგი  უშუალოდ საქართველოს  გეოგრაფიულ საზღვრებში არ გაუშვიათ, თუმცა აღმოსავლეთის საზღვართან საკმაოდ ახლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ზაქათალას რაიონის მიმდებარედ იქნა გაშვებული, შემდეგ ის კარგად ადაპტირდა გარემო პირობებთან, გამრავლდა და დაიწყო არეალის გაფართოება. მოგეხსენებათ, ველური ბუნება არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს, ამიტომ ენოტი არც საქართველოში შემოჭრას მორიდებია. აქ მან საკმაოდ დიდი პოპულაცია შექმნა. ვინაიდან ენოტი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია და, როგორც ჩარლზ დარვინი ამბობდა, „სახეობებიდან ყველაზე ძლიერი და ყველაზე გონიერი კი არ გადარჩება, არამედ ის, რომელიც ყველაზე ადვილად შემგუებელია ცვლილებისადმი“.  ენოტის ასეთი ადაპტაციის უნარი გამოწვეულია მისი მრავალფეროვანი ცხოვრების ნირით. იგი ნამდვილი ევრიფაგია: იკვებება ყველაფრით, რისი შეჭმაც შეუძლია  და, ამავდროულად, ძალიან კარგად აქვს ათვისებული ხეზე ცხოვრებისა და გადაადგილების უნარი, ასევე კარგად ცურავს და ეგუება ცივ კლიმატურ პირობებს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მიუხედავად ადგილობრივი მტაცებლების (ტურა, მგელი…) ზომებში უპირატესობისა, ენოტი მაინც უკონკურენტო აღმოჩნდა და, ფაქტობრივად, დაცული მტაცებლებისაგან. ამიტომ იგი წარმატებით ანადგურებს ადგილობრივი სახეობების მიწაზე თუ ხეზე მობუდარ ფრინველთა ბუდეებს და ასევე მათ პატრონებსაც.
გარდა ენოტისა, იმავე მიზეზით საქართველოში შემოიყვანეს ენოტისებრი ძაღლი. იგი  გაუშვეს კახეთში, შიდა ქართლში, ერწო-თიანეთსა და აფხაზეთში, საკმაოდ კარგად გამრავლდა და ფართოდ გავრცელდა. ენოტისებრი ძაღლი ენოტზე ცოტათი დიდი ზომისაა და, ენოტის მსგავსად, მადას ნამდვილად არ უჩივის, იკვებება მღრღნელებით, კურდღლებით, მიწაზე მობუდარი ფრინველებითა და მათი კვერცხებით. იგი უპირატესად წყალსატევებთან ახლოს ბინადრობს და იკვებება თევზებითაც. განსხვავებით ენოტისაგან, შეიძლება ითქვას, რომ იგი უფრო შევიწროებულია ადგილობრივი მტაცებლებისაგან. მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი აშკარად სერიოზული ზიანის მომტანია ადგილობრივი სახეობებისათვის, რადგან ისინი ორმაგი პრესის ქვეშ მოექცნენ. ამ სახეობის შემოყვანის შემდეგ ადგილობრივ მტაცებლებს კიდევ ერთი მუქთამჭამელა დაემატა და მათი რაციონი მნიშვნელოვნად დაზარალდა.
კიდევ უფრო რთულადაა საქმე, ნუტრიას (Myocastor coyus) ინტროდუცირების ისტორიას თუ გადავხედავთ.

მისი შემოყვანა გაცილებით უფრო  დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ვინაიდან ნუტრიას ბეწვი ბევრად უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე  – ენოტისა თუ ენოტისებრი ძაღლისა. ამიტომ ნუტრია შემოჰყავდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც კი ხელეწიფებოდა. საქართველოში იგი გაუშვეს კოლხეთის დაბლობზე, აფხაზეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე ადგილას. თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მართალია,  ნუტრია  ადაპტირდა, მაგრამ მისმა ძვირფასმა ბეწვმა კლიმატური პირობების გამო დაკარგა ის ღირებულება, რისთვისაც იქნა იგი ინტროდუცირებული.
საბოლოოდ, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის  გათვალისწინებით, შეიძლება  ითქვას, რომ  ინტროდუცირება არის სერიოზული მტერი სახეობათა მრავალფეროვნებისა და ეს პრობლემა საქართველოში დღესაც მწვავეა, დღესაც დიდ ლაქად დარჩა ქვეყნის ეკოსისტემაში ინვაზირებულ სახეობათა  მიერ შექმნილი ნაიარევი. თუმცა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჯერ კიდევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ბუნება. კერძოდ, სულ რამდენიმე წლის წინ  შემოჭრილი ბზის ალურა (Cydalima perspectalis) ფაქტობრივად ანადგურებს ადგილობრივ კოლხური ქვეტყის შემქმნელ რელიქტურ მცენარეს – კოლხურ ბზას.
დაბოლოს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბუნება არის ფაქიზი მექნიზმების სისტემა და მასში უხეში ჩარევა არასოდეს მიგვიყვანს დადებით შედეგებამდე!

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები