რეკლამაspot_img

კოვიდ -19 გაკვეთილები

მსოფლიო საზოგადოება თანხმდება, რომ კოვიდ-19 პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მკვეთრად შეცვალა. დღეს უკვე ხშირად გვახსენებენ, რომ პანდემიის შემდეგ დედამიწა სულ სხვანაირი იქნება. თუმცა რა იგულისხმება ამ „სხვანაირობაში“ ჯერჯერობით ბუნდოვანია. რა ცვლილებები განიცადა დედამიწამ და გარემომ კოვიდ-19 პანდემიის ფონზე? იყო თუ არა ეს ცვლილებები დადებითი ან უარყოფითი? ამ კითხვებზე პასუხები, თითქოს ხელის გულზე დევს და იოლი დასანახიაა, მაგრამ ამავდროულად ღრმა და კომპლექსურ დაფიქრებასაც მოითხოვს.
2020 წლის პირველი ნახევარი მძიმე გამოდგა, მსოფლიო კოვიდ -19 პანდემიის ციებ-ცხელებამ მოიცვა, უამრავი ადამიანი იმსხვერპლა და დღემდე უცნობია, როდის დასრულდება პანდემიით გამოწვეული კრიზისი.
კორონავირუსმა მსოფლიო დააპაუზა, ადამიანების მტაცებლური მიდგომებით შეწუხებულმა დედამიწამ კი თითქოს ამოისუნთქა,  სულ რაღაც 2-3 თვეში „ძალები აღიდგინა“ და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არსებობისთვის მას ჩვენ არ ვჭირდებით, პირიქით, ადამიანებს გვჭირდება დედამიწა, მისი რესურსებითა და სიკეთეებით სარგებლობა ჩვენთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სამწუხაროა, რომ გარემოში სასიკეთო ცვლილებები იძულებითმა პაუზამ და ვირუსის გავრცელებამ დაგვანახა. მანამდე კი, გარემოსადმი გამოყენებითი დამოკიდებულებით „შეპყრობილებს,“ უბრალოდ დაგვავიწყდა, რომ მსოფლიოში არსებული  გარემოსდაცვითი პრობლემების შემოქმედნი სწორედ ჩვენ, ადამიანები, ვართ.
კოვიდ-19 პანდემიის შესაჩერებლად ქვეყნებმა უკიდურეს ზომებს მიმართეს. საგანგებო მდგომარების გამოცხადებასთან ერთად დროებით შეჩერდა ეკონომიკური საქმიანობა,  ჩაიკეტა საზღვრები, შეწყდა შიდა და საერთაშორისო ფრენები, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლა, ადამიანებს აეკრძალათ გარეთ გასვლა. იძულებითი შეზღუდვები, რა თქმა უნდა, დროებით, მაგრამ მაინც სასიკეთოდ აისახა გარემოს მდგომარეობაზე, რასაც ფაქტებიც მოწმობს. მაგალითისთვის, ათწლეულების მანძილზე პირველად მეცნიერებმა ჩინეთში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი დადებითად შეაფასეს, რადგან ატმოსფეროში აზოტის დიოქსიდის (NO2) შემცველობა საგრძნობლად შემცირდა. ეს პირველ რიგში ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ გამოიწვია და არა ადამიანთა მსოფლმხედველობის შეცვლამ ან ბუნებისადმი მეგობრულმა დამოკიდებულებამ. ცნობილია, რომ ჩინეთი მსოფლიოში ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია, საწარმოებიდან და ფაბრიკა-ქარხნებიდან გამოფრქვეული CO2 და სხვა საწვავი აირები, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოხმარება, მნიშვნელოვნად მოქმედებს მსოფლიოში კლიმატის ცვლილებაზე. კლიმატის ცვლილება კი უკვე დიდი ხანია განიხილება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გლობალურ საფრთხედ, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ჯანმრთელობაზე, ისე ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ჰაერის ხარისხი ასევე გაუმჯობესდა კორეაში, ინდოეთსა და ევროპის ქვეყნებში.
ინდოეთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო და რომ არა კოვიდ – 19 პანდემია, იძულებითი შეზღუდვები და შედეგად – ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ინდოეთის შტატ პენჯაბის მოსახლეობა კიდევ დიდხანს ვერ დაინახავდა ჰიმალაის მთათა სისტემას, რომელიც მათგან სულ რაღაც 200 კმ-ში მდებარეობს.
ამავე პერიოდში ჰაერი თბილისშიც გაიწმინდა, რადგან ცოტა ხნით აიკრძალა ტრანსპორტით მოძრაობა. შესაბამისად, შემცირდა ჰაერში სათბური აირების გაფრქვევა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვია და არა საწარმოები, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიკეტა.  ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ყველას გაგვიხარდა, მოსახლეობასაც და ქალაქის მთავრობასაც. სწორედ ამას მოჰყვა თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივა „ორი დღე ავტომობილების გარეშე“. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, რომელსაც კარგად დამუშავება და საჯარო განხილვა დასჭირდება.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ერთი შეხედვით ეს არის დადებითი შედეგი, რომელიც სამწუხაროდ დიდხანს არ გასტანს და მას შემდეგ რაც მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ჰაერის ხარისხიც ძველ (პანდემიამდე არსებულ) სტანდარტზე დაბრუნდება. ინდუსტირული საქმიანობის აღდგენა თავისთავად მოიტანს ემისიების გაფრქვევას და მათი კონცენტრაციის გაზრდას ატმოსფერულ ჰაერში.
რა თქმა უნდა ქვეყნების გახსნას და შემდგომ განვითარებას, ასევე ეკონომიკური საქმიანობისა და მიმოსვლის აღდგენას არავინ ეწინააღმდეგება და ყველას სურვილია, მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზე გარემოზე უფრო მეტად თუ ვიფიქრებთ მომავალში არაერთ გარემოდაცვით პრობელმას ავიცილებთ თავიდან. მითუმეტეს, რომ ზოგიერთი მეცნიერი ამ პანდემიას კლიმატის ცვლილების  ერთ-ერთ სავარაუდო შედეგად განიხილავს.
არსებულმა პაუზამ და პანდემიამ ჰაერის ხარისხზე კი იმოქმედა დადებითად, მაგრამ კიდევ უფრო მწვავედ წამოწია გარემოს ნარჩენებით დაბუნძურების საკითხი მთელ მსოფლიოში. ვირუსის საწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები – პირბადე, სპეც. აღჭურვილობა (ტანსაცმელი), ხელთათმანები – ერთჯერადად გამოყენების შემდეგ არის ნარჩენი, რომელსაც სწორი მართვა და განთავსება სჭირდება, რომ არ მოხდეს მათი გარემოში მოხვედრა. ერთი მხრივ იმიტომ რომ მსგავსი ნარჩენი შეიძლება იყოს ვირუსის გავრცელების წყარო, მეორე მხრივ კი ისინი წარმოადგენენ ისეთ ნარჩენებს, რომელიც გარემოში მოხვედრის შემდეგ, არ იშლება (პლასტიკი, ლატექსი). ინტერნეტ სივრცეში და სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა ნიღბებით და ხელთათმანებით დაბინძურებული ქუჩების და სანაპიროების ამსახველი ფოტომასალა.
რა იქნება პანდემიის შემდგომ? როგორ შევინარჩუნებთ გარემოს გაუმჯობესებულ მდგომარეობას კარანტინის დასრულებისა და ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შემდეგ? ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც უმეტესობას გვაწუხებს. თუმცა მათზე პასუხის გაცემა არ არის მარტივი. პირველ რიგში ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეიცვლება სამყაროსადმი ჩვენი მიდგომა,  გარემოსადმი ჩვენი დამოკიდებულება, რამდენად გაიზრდება ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ბუნებისადმი;  რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს მთავრობების მიერ ისეთი პოლიტიკის, სტრატეგიისა და ეკონომიკის განვითარება, რომელიც ორიენტირებული იქნება გარემოსდაცვით საკითხებსა და უსაფრთხოებაზე. მომავალი გვიჩვენებს, რა ვისწავლეთ კოვიდ-19 გაკვეთილებისგან და რამდენად მოიტანს ის მნიშვნელოვან ცვლილებებს გარემოსდაცვითი საფრთხეების აღმოფხვრის თვალსაზრისით.

COVID -19 pandemic has drastically changed our daily life. Coronavirus paused the world, and it seems that the troubled earth took a needed break from the predatory demands of humans. The earth has gained its strength and showed us that nature doesn’t need people, we need nature to live. Forced restrictions over the world had some positive impacts on the environment, especially on air quality. China’s lockdown led to a significant reduction of nitrogen dioxide (NO2 – a common air pollutant) and other greenhouse gases in the air. Unfortunately, the scientists claim that those are temporary changes and when the world returns to its rhythm of life, the air quality will return to the old (pre-pandemic) standard. What will happen after the pandemic? How can we maintain an improved environment after the quarantine?  These are important questions with difficult answers. The future will show what we learned from the COVID – 19 lessons and if those will bring significant changes in the field of environmental protection.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები