რეკლამაspot_img

კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის იდუმალებით სავსე მხარე განახლებული ინფრასტრუქტურითა და გასართობი აქტივობებით ელის მნახველებს

„აქ, კოლხეთის ჯადოსნურ დაბლობზე, უზარმაზარი ეროვნული პარკია: ასობით კილომეტრზე გადაჭიმული ფლორა-ფაუნა, მდინარეები, ტბები და წმინდა ჭაობები, რომელთა მიწისქვეშა ღვთაებებს  მეგრელები, კოლხთა შთამომავლები, უკანასკნელ დრომდე სცემდნენ თაყვანს. მიდიხარ კატერით ამ ლიანებს შორის, ჩამავალი მზით, როგორც მეწამული ყვავილებით ხელში და ხვდები: სადღაც აქ, ამ ჭაობის ქვეშ თვლემენ “სამსახოვანი ჰეკატეს” ტაძრები, მთვარისადმი მიძღვნილი კოშკურები, უძველესი კოლხური ქალაქები, სადაც უყვარდათ მთვარე და მზე და ცხოვრება…

სადღაც აქ, ამ ჭაობებში, იმალება კოლხური ცივილიზაციის უდიდესი საიდუმლოებები.” – წიგნიდან „აია“

 

USAID/Zrdaსაქართველოში ამჯერად გიწვევთ კოლხეთის ულამაზეს პარკში სამოგზაუროდ და გაგაცნობთ ნაკლებად ცნობილ და მეტად იდუმალ ნაწილს ამ პარკისას მდინარე ჭურიის შესართავთან.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შედეგად,USAID/Zrda-მ 2019 წელს კოლხეთის ეროვნული პარკის ეკო და სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებით განვითარების პროექტი დაიწყო, რომლის მიზანი გახლდათ კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის შესასვლელის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა მეტი რაოდენობის მოსაზიდად პარკის რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურულისა და სერვისების განვითარება.

პროექტის ფარგლებში, USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით, მოეწყო სხვადასხვა გასართობი ტურისტული აქტივობა, მათ შორის ე.წ. „თოკების პარკი“, „ზიპლაინი“, საკემპინგე სივრცე, ბიო-სველი წერტილები და საინფორმაციო ბუკლეტები. USAID/Zrda-მ ასევე ეროვნულ პარკს გადასცა სათევზაო მოწყობილობები, ნავი და პონტონი. ეს უკანასკნელი იტევს ცამეტ მგზავრს, შესაბამისად, მნახველებს კოლხეთის ეროვნული პარკის დათვალიერებაახლა უკვე უსაფრთხოების ყველა საშუალებით აღჭურვილი თანამედროვე,  კომფორტული ნავით შეეძლებათ, რაც კოლხეთის უნიკალური ეკო-სისტემისა და ულამაზესი ღირსშესანიშნაობების კიდევ უფრო სრულყოფილად აღქმის საშუალებას იძლევა. გარდა ესთეტიკური დატვირთვისა და კომფორტისა, აღნიშნული ტექნიკა ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც დაცული ტერიტორიის შემოსავლების ზრდის, ასევე ანაკლიაში მეტი ტურისტის დაინტერესებისა და ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

USAID/Zrda-მ ასევე გადაამზადა და შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვა კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერები. პარკის ეს სტუმართმოყვარე, თავისი საქმის მოყვარული პროფესიონალებიუდიდესი სიხარულით გიმასპინძლებენ,უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხო გადაადგილებას, სრულყოფილად დაგათვალიერებინებენ და მოგითხრობენ უაღრესად საინტერესო ისტორიებს თვალწარმტაცი პარკისა და მისი ჰაბიტატების შესახებ.

2021 წლის შემოდგომისთვის კი დასრულდება მეთევზეთა სახლის მშენებლობა, რომლის ეკო-მეგობრული გეგმაც USAID/Zrda-ს მხარდაჭერით მომზადდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა აქტივობა გარემოზე ზემოქმედების წინასწარი კვლევის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ყველა სტანდარტის გათვალისწინებით განხორციელდა.

კოლხეთის ეროვნული პარკის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციის მიზნით, USAID/Zrda-მ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და შპს „ანიმა ჩეტბოტიქს“-თან თანამშრომლობის შედეგად შექმნა კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ ინტერაქტიული წიგნი, სახელწოდებით „აია“. წიგნი მკითხველებს დროსა და სივრცეში ამოგზაურებს, მოუთხრობს კოლხეთის მდიდარი ფლორის, ფაუნის, ფოლკლორის, კულტურისა და ისტორიის შესახებ და აღწერს საინტერესო ისტორიულ ფაქტებს, მითებსა და ლეგენდებს. წიგნს ექნება ისტორიის მოყოლის უნიკალური მეთოდი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს, როგორებიცაა: ბოტანიკა, ზოოლოგია, არქეოლოგია და ა.შ. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რადგან გამიზნულია მკითხველთა ფართო სპექტრის, როგორც ქართველების, ისე უცხოელების მოსაზიდად. ამგვარი წიგნის შემუშავება ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობიერების ამაღლებას საქართველოში და კოლხეთის ეროვნული პარკის პოპულარიზაციას. წიგნის ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლის ზაფხულში.

       

 

 

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები