რეკლამაspot_img

მარიამ ქვრივიშვილი – ახალი ისტორიული მაქსიმუმი

ახალი ისტორიული მაქსიმუმი

2019 წლის 11 თვეში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. 11 თვეში ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების ახალ, რეკორდულ – 8,690,352 – ნიშნულს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 7.2%-ით აღემატება.
2019 წლის 11 თვეში საქართველომ უკვე მიიღო უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური, ვიდრე ჯამურად 2018 წელს.
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 3,051,424,548 აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა +1.2%), რაც  35,4 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რა იყო ის ძირითადი აქტივობები, რომლებიც თქვენმა ადმინისტრაციამ განახორციელა მიმდინარწელს?
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა: ეს არის მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტის შექმნა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით, წელს აქტიური მარკეტინგული კამპანია გავმართეთ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ტელეკომპანიებისა და ონლაინ-პლატფორმების საშუალებით, როგორებიცაა: BLOOMBERG, CNN, NATIONAL GEOGRAPHIC, CONDE NAST TRAVELER, Google, Adara და სხვა. კამპანიის დროს მთავარ გზავნილს წარმოადგენდა ის, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა თავისუფალი ხალხითა და ევროპული ფასეულობებით, ისტორიით, თანამედროვეობითა და უსაფრთხო გარემოთი.
ჩვენ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს

წარმოადგენს პოტენციური მზარდი ბაზრების ეფექტური დაინტერესების მიმართულებით. ამასთან, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ვუმასპინძლეთ პრეს და ინფოტურს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისთვის. მაგალითისთვის, 2019 წელს ჩატარდა 111 პრესტური 600-მდე ჟურნალისტისთვის და 21 გაცნობითი ტური 250-ზე მეტი ტუროპერატორისთვის.
ამ და სხვა აქტივობების შედეგად, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან ერთად ახორციელებს, საქართველომ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე მყარად დაიმკვიდრა თავი. საერთაშორისო გავლენიანმა გამოცემებმა ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დაასახელეს ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად.

რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც უნდა მოიზიდოს ტურისტები ჩვენს ქვეყანაში?


უძველესი ქვეყანა, სახელგანთქმული 8 000 წლოვანი მეღვინეობის ტრადიციები, მდიდარი ისტორია, შთამბეჭდავი კავკასიონის მთები, შავი ზღვის სანაპირო, ბიომრავალფეროვნება, სამკურნალო მინერალური წყლები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ქართული ცნობილი სტუმარ-მასპინძლობა და უნიკალური სამზარეულო – ყოველივე ეს ტურისტებს სურვილს უჩენს, რომ საქართველოში იმოგზაურონ. განსაკუთრებით მიმზიდველია საქართველოს ეროვნული პარკები და ზოგადად, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, რაც ეკოტურიზმის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.

ხდება თუ არა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული რისკების  შეფასება?
თუმცა, ტურისტების დინამიკური ზრდა ახალი პრობლემების წინაშე გვაყენებს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მეტი ძალისხმევა გვმართებს, რათა სექტორი მდგრადი გზით განვითარდეს. საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ტურიზმის განვითარების სტრატეგია ხაზს უსვამს ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მათი მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას.
დღეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მასობრივი ტურიზმია, რომელიც მდგრადი ტურიზმისგან განსხვავდება და ყველაზე მეტად ორიენტირებულია შემოსავლების გამომუშავებაზე. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის მასობრივი ტურიზმით გამოწვეული ნეგატიური შედეგების ასაცილებლად მნიშვნელოვანია მდგრადი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა. ჩვენი გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად აუცილებელია სწორი პოლიტიკის შემუშავება და ტურისტული პროდუქტებისა და შეთავაზებების დივერსიფიცირება.

ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციის მიზნით მიმდინარეობს თუ არა ტურიზმის კონკრეტული მიმართულებების განვითარებისთვის მუშაობა?
მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაში, დასაქმებაში, ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ამ დიდ წარმატებას განაპირობებს თითოეული იმ ინდივიდის ძალისხმევა, რომლებიც დაუღალავად შრომობენ საკუთარი იდეის განხორციელებისათვის.
გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად აუცილებელია სწორი პოლიტიკის შემუშავება, ტურისტული პროდუქტებისა და შეთავაზებების დივერსიფიცირება და ამ ტურისტულ პროდუქტში ერთ-ერთი წამყვანი როლი შეიძლება აგროტურიზმს მივანიჭოთ. მისი განვითარება საქართველოში საწყის ეტაპზეა, თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი აგრარული დარგის მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების დადებითი ეფექტი. როგორც იცით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ  „ღვინის გზაში“ 200-ზე მეტი საოჯახო მარანი, მეღვინეობა და დიდი საწარმო მონაწილეობს. ეს პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს.
გურიაში არსებობს რამდენიმე ჩაის ობიექტი, სადაც მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, დააგემოვნონ ადგილობრივი ჩაი, მონაწილეობა მიიღონ მის კრეფაში, დაგრეხვასა და მომზადების პროცესში.
ახალ ტურისტულ პროდუქტად ყალიბდება სხვა დარგებიც: მეხილეობა, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა და სხვა.
აგროტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურება უკვე არსებულ  მეურნეობებში და სასურველია, რომ მასპინძელი თავად იყოს ჩართული სოფლის მეურნეობის ცოცხალ პროცესში, რადგან სწორედ ავთენტური გარემო და მასში ჩართვის შესაძლებლობა იზიდავს სოფლად ჩასულ ადამიანს. აგროტურიზმის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ზედმეტად ურბანიზებულ გარემოში მცხოვრები ადამიანი ჩავიდეს და გაეცნოს სოფლის ცხოვრებას, გარკვეული დრო გაატაროს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მიიღოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ასევე, თავად მიიღოს მონაწილეობა ამ პროდუქტის მოპოვებისა თუ შექმნის პროცესში. აქტივობებად შეიძლება შეთავაზებულ იქნას ხილისა და ბოსტნეულის კრეფა, შინაური ცხოველების მოვლა, სკიდან თაფლის ამოღება, თევზაობა, ცხენით გასეირნება და უამრავი რამ.  ამასთან, აღნიშნული აქტივობებით, ტურისტულ პაკეტად შეკვრის გარდა, ასევე წახალისდება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზება, რაც, თავისმხრივ, დამატებით შემოსავალს აჩენს აგრომეურნეობისათვის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოხატავს მჭიდროდ ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შემუშავდეს აგროტურიზმის სტრატეგია, განვითარდეს ეს მიმართულება, როგორც ტურისტული შეთავაზება და საქართველო სხვა ტურისტულ პროდუქტებთან ერთად ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე ამ კუთხითაც წარმოჩინდეს.

როგორ შეაფასებდით ეკოტურიზმის განვითარების პროცესს?
დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ეკოტურისტულ პროდუქტზე, შესაბამისად, ყველა ტურისტული ქვეყანა აქტიურად მუშაობს კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნასა და შეთავაზებაზე. ამ ტენდენციას, მნიშვნელოვანია, საქართველომაც აუწყოს ფეხი. ჩვენი უდიდესი პოტენციალის მიუხედავად, ამ ეტაპზე ეკოტურისტული პროდუქტის შეთავაზება საერთაშორისო და შიდა ტურისტული ბაზრისთვის მხოლოდ დაცული ტერიტორიების ბაზაზე ხდება. მნიშვნელოვანია პროდუქტის არეალის გაფართოება და რესურსის მაქსიმალური გამოყენება, რისთვისაც 2020 წელს ადმინისტრაცია არაერთ აქტივობას გეგმავს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ეკოტურისტული პროდუქტის განვითარების მკაფიო ხედვის ჩამოყალიბება ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ENG
The head of Georgia National Tourism Administration, Ms. Mariam Kvrivishvili announces the historical maximum of international visits to Georgia for 11 months – 8,690,352 visits (7, 2% growth). This is already more than total number of visits during whole 2018, which means that we will have a new record by the end of the year. There is a 1.2% growth concerning revenues from international visits – 3,051,424,548 USD.

რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები