რეკლამაspot_img

მდგრადი ქალაქგანვითარება – წარსულის ანალიზი და მომავლის პერსპექტივა

1. საქართველოში არსებული სიტუაცია მდგრადი ქალაქგანვითარების სარკეში

ურბანული მიგრაცია

მე-20 საუკუნის დან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება მოსახლეობის ჭარბი კონცენტრაცია ქალაქებში. ცნობილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი სწორედ ქალაქებში ცხოვრობს და ეს წარმოადგენს მიწათსარგებლობის ყველაზე სწრაფად მზარდ სახეს.   მეგაქალაქების (ქალაქები10 მილიონზე მეტი მოსახლეობით) რაოდენობა 1950 წლიდან დღემდე 10-ჯერ და უფრო მეტად არის გაზრდილი (გაერო, 2007[1]). საქართველოში ეს შეფარდება ბევრად მეტია და 60%-მდე აღწევს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 1990 წლის შემდეგ სოფლად დასაქმებისა და შემოსავლის შესაძლებლობები მკვეთრად დაეცა და მისი მოსახლეობა ქალაქში გადავიდა უკეთესი შემოსავლის, საცხოვრებელი პირობების, განათლებისა და ჯანდაცვის მიღების იმედით.

მიგრაციით განპირობებული გამოწვევები

ქალაქებში მოსახლეობის ჭარბი მატება გახდა არასწორი და ქაოტური ურბანული განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. პირველ რიგში ქალაქებში მოსახლეობის ზრდა იწვევს საცხოვრებელზე მოთხოვნილებას, რასაც ვერ აკმაყოფილებს უკვე არსებული განაშენიანება. შესაბამისად, ერთი მხრივ, მოთხოვნა იზრდება უკვე არსებული განაშენიანების გადაჭარბებულ ინტენსიფიკაციაზე (გამჭიდროვებაზე), ხოლო, მეორე მხრივ, გარე/უშენი ტერიტორიების ათვისებაზე, რასაც ეწირება ისედაც მწირი გამწვანებული/გაუნაშენიანებელი ტერიტორიები. განსაკუთრებით კი ეს ხდება ე.წ. „ფიზიკური ქალაქის“ არეალში, სადაც საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნა მეტია, ვიდრე გარეუბნებსა თუ შემოერთებულ ტერიტორიებზე. ამ მოჭარბებულ კონცენტრაციას, სუბურბანიზაციასა (პერიურბანიზაცია) და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების დაბალ დონეს თან სდევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და სხვა თანმდევი ეკოლოგიური პრობლემები, აგრეთვე სხვადასხვა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში, დაავადების წარმოშობისა და გავრცელების მაღალი რისკი.

რას გვასწავლის მდგრადი ქალაქგანვითარება?

მდგრადი ქალაქგანვითარება, ცხადია, ამის საპირისპირო შინაარსს გულისხმობს. ამ უკანასკნელში მოიაზრება: ქალაქების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მიმართულებების ორიენტირება სტაბილურ მომავალზე; ადამიანის საცხოვრებელი პირობების/საფუძვლების უზრუნველყოფა; სამშენებლო, გამწვანებული და სატრანსპორტო ტერიტორიებით მდგრადი სარგებლობა; ცხოვრების, მუშაობის, დასვენების, მობილურობის და ა.შ. ღირსეული წინაპირობების შექმნას.
ამ მხრივ საინტერესოა ქალაქების სიმწვანის შეფასება, რომელიც 2012 წელს SIEMENS-ის ჯგუფმა ჩაატარა (მწვანე ქალაქის ინდექსი[2]). კვლევის ავტორებმა ქალაქები მაცხოვრებელთა რაოდენობისა და ფართობის სიდიდის მიხედვით შეარჩიეს და ინდიკატორი შეიმუშავეს, რომელიც ქალაქის სიმწვანეს დაახლოებით 30 მაჩვენებლის მიხედვით ზომავს. ინდიკატორი CO2-ის გამოყოფას, ენერგეტიკას, შენობებს, მიწათსარგებლობას, ტრანსპორტს, წყალს და სანიტარიას, ნარჩენების მართვას, ჰაერის დაბინძურების დონესა და გარემოს დაცვას მოიცავს. ზოგადად, ერთ სულ მოსახლეზე სიმწვანის საერთო უნიფიცირებული სტანდარტი არ არსებობს, თუმცა, შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომელიც ამბობს, რომ ქალაქში გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე – სულ მცირე 9 მ2 უნდა იყოს. 2001 წელს ევროპის 386 ქალაქში ჩატარებულმა გამოკვლევამ[3], რომელმაც მოიცვა ევროპის მოსახლეობის  171 მილიონი (მთლიანი ევროპის მოსახლეობის 34%) აჩვენა, რომ მწვანე საფარს საშუალოდ უკავია ქალაქის 18,6%, რაც ვარირებდა 1,9%-დან იტალიის რეჯიო დი კალაბრიაში 46%-მდე ესპანეთის ფეროლში. ამ შესწავლის მიხედვით, მწვანე საფარის მინიმალური რაოდენობა ერთ მოსახლეზე 10 მ2-ია, ხოლო მაქსიმალური 236 მ2.

გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, სხვადასხვა ქალაქების მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს,  რომ მსოფლიოში ყველაზე გამწვანებულ ქალაქად ვენა ითვლება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 120 კვ.მ სიმწვანე მოდის. 66 კვ.მ-ია ეს მაჩვენებელი სინგაპურში, სტოკჰოლმში – 87.5 კვ.მ, ამსტერდამში – 45.5 კვ.მ, ლონდონში – 27 კვ.მ,სტამბულში 6.4 კვ.მ.სიმწვანის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ტოკიოსა და ბუენოს-აირესში – 1.9-3 კვ.მ. თუ თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების კოეფიციენტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცის მიხედვით განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის გამწვანების მაჩვენებელი (2001 წლის მონაცემებით), რომელიც 4-5 მ2-ს არ აღემატება, ძალიან დაბალია.
იმისათვის, რომ  ამ ქალაქებში შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ არსებული მწვანე საფარი და ეკოლოგიური მდგომარეობა, მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი მართვის ეფექტური სისტემა, რაც, ამასთანავე, გამაგრებული იქნება ქალაქგანვითარების სწორი პოლიტიკით, რომლის მეშვეობითაც მოწესრიგდება ორი ძირითადი პრობლემა: ქალაქგანაშენიანება და ტრანსპორტი. 2003 წლიდან ევროპის ხუთ ქვეყანაში: იტალია, ავსტრია, შვეიცარია, გერმანია და პოლონეთი დაინერგა ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მართვის პროგრამა RS3 GIS – ურბანული მწვანე სივრცის ეფექტური, ინტეგრირებული და სრულფასოვანი მართვა WEB და მობილური საშუალებებით (The WEB and Mobile Solutions for efficient, integrated and responsible management of urban green areas).  ეს არის WEB GIS პლატფორმაზე დაფუძნებული პროგრამა აღნიშნული პროგრამა იძლევა საშუალებას ერთიანი მიდგომით იმართოს ქალაქებში არსებული ყველა მწვანე ურბანული სივრცე, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ბაღები და სკვერები, კერძო ბაღები, სასაფლაოები, გზისპირა და სატრანსპორტო სივრცეში არსებული ნარგავები, მდინარის ნაპირებზე არსებული მცენარეულობა და სხვ. პროგრამა ფარავს არა მხოლოდ მცენარეულ საფარს, არამედ თანმდევ ინფრასტრუქტურასაც, როგორებიცაა: სათამაშო მოედნები, შადრევნები, დასასვენებელი სკამები, ბილიკები, გაზონები და სხვ. მოცემულ პროგრამაში თითოეულ ხეს აქვს საკუთარი უნიკალური კოდი და  დეტალურად დახასიათებულია შესაბამისი განსახორციელებელი ღონისძიების ვადის ჩათვლით. ორი წლის წინ აღნიშნული პროგრამა ავტორებმა წარუდგინეს თბილისის მერიას და დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა უმნიშვნელო დაფინანსება საცდელი პროექტის დასაწყებად ვერ გამოინახა.

2. ძირეული პრობლემები

ქალაქის მწვანე საფარის მდგომარეობა

დღეის მდგომარეობით  თბილისის გამწვანების მაჩვენებელი, სავარაუდოდ,  4-5 კვ.მ-ზე დაბალია, ვინაიდან განსაკუთრებით ბოლო 15-20 წელიწადში დედაქალაქი მოექცა ფართომასშტაბიანი, ქაოსური მშენებლობების გარემოში, რასაც თან სდევდა ავტოტრანსპორტის  რადიკალური ზრდა, შესაბამისად, ქალაქის ის ტერიტორიები, რომლებზეც, მდგრადი ქალაქგანვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, სკვერები და პარკები უნდა ყოფილიყო, გვაქვს უსახური, ყოველგვარ არქიტექტურულ სტილს მოკლებული, უზარმაზარი, მრავალსართულიანი შენობები, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ შენობებს ეწირებოდა არსებული სკვერები და პარკები. სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია თბილისიდან თანდათანობით გადაეცემა რეგიონებსაც, ბაკურიანის ურბანიზაციას თუ ავიღებთ მაგალითად.
როგორც აღინიშნა, თბილისის გამწვანების ობიექტების რაოდენობა და ფართობი არასაკმარისია, რათა მინიმალურ დონეზე მაინც უზრუნველყონ მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ატმოსფერული ჰაერის მკვეთრმა გაუარესებამ, რაც კიდევ უფრო გამწვავდა კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების ფონზე, გამოიწვია მცენარეთა ბევრი ახალი დაავადების და მავნებლის გააქტიურება, როგორც თავად ქალაქის ფარგლებში, ასევე მის შემოგარენში, რომლის გაშენებაზეც თავის დროზე დიდ შრომა და ფინანსები იყო ჩადებული.  ეს პროცესები შეიმჩნეოდა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, თუმცა სათანადო მოვლითი ღონისძიებები არ განხორციელებულა და შედეგად მივიღეთ ფიჭვის ხეების მასობრივი ხმობა, რამაც იძულებული გახადა ქალაქის ხელმძღვანელობა სულ ახლახანს  პრაქტიკულად პირწმინდად ამოეღო ისინი.  მეტად ყურადსაღებია კედრის და კვიპაროსის ხეების მდგომარეობაც, ვინაიდან შეიმჩნევა მათი ხმობის ნიშნებიც, განსაკუთრებით კვიპაროსისა თბილისის შემოგარენის ფერდობებზე და თუ არ მოხდა გამომწვევი მიზეზების დროული და სრულფასოვანი შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, სავსებით მოსალოდნელია, რომ განმეორდეს ფიჭვების ისტორია და დედაქალაქი საერთოდ წიწვოვანი ხეების გარეშე დარჩეს.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულია ქალაქის გამწვანების კუთხით ქმედებები, რაიონული გამგეობების მიერ, თუმცა, იმის გამო, რომ შემდეგ ეს ობიექტები პრაქტიკულად ბედის ანაბარა რჩებიან, განსაკუთრებით ის სკვერები, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსების ეზოებშია, მათი მდგომარეობის გაუარესების რისკი დიდია. ქალაქს აღარა აქვს საკუთარი სანერგე მეურნეობა, არ ხორციელდება მცენარეთა მდგომარეობის მუდმივი სისტემური მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში  რეაგირების გეგმის შემუშავება, რისთვისაც აუცილებელია სპეციალიზებული სამსახურის არსებობა და არა დროებითი კონტრაქტორების დაქირავება. მართვის დღევანდელის სისტემა უფრო დამდგარ უარყოფით შედეგთან ბრძოლაზეა ორიენტირებული, ვიდრე მის პრევენციაზე.

გენერალური გეგმების სინამდვილეში არარსებობა

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები მხოლოდ სათაურებში არსებობდა. სინამდვილეში მათთვის ამოსავალი იყო „ერთი ნაკვეთის განაშენიანებისთვის“ შესაბამისი საფუძვლების შექმნა. გენერალური გეგმის შემმუშავებელ ჯგუფებს უფლებამოსილი უწყებებისაგან, როგორც წესი, დაკვეთილი ჰქონდათ მიწის კაპიტალიზაცია და განვითარებისათვის კონკრეტული პარამეტრების განსაზღვრა. ამის გამო კი გენერალურ გეგმაში გაუთავებლად ხდებოდა „მაკორექტირებელი“ ცვლილებების შეტანა. თბილისის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში ეს არასწორი მიდგომა კარგად გამოჩნდა. ცხადია, შეუძლებელია ასეთი სახის დოკუმენტში იმავდროულად იყოს საკმარისად ნაფიქრი ქალაქის განვითარების კონცეფციასა და მისი განხორციელების ფინანსურ უზრუნველყოფაზე. განაშენიანებაზე ორიენტაციის გამო გენერალური გეგმებში არ ხდებოდა დასახლებათა ურბანული განვითარების პროგრამებისა და კონცეფციების შექმნა ტრანსპორტის, აგლომერაციის, ტურიზმის, ეკოლოგიისა და ა.შ. მიმართულებით. ამგვარად, გენერალური გეგმების არასწორი მიდგომა – შექმნას მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი – კვლავაც გრძელდება.

დასახლებათა მარგინალიზაცია

ნებართვის გამცემი ორგანოს მხრიდან „კეთილი ნების“ გამოვლენის შემთხვევაში, განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მარტივი იყო ცალკეული ნაკვეთების განვითარება არსებული სივრცითი წყობის თავისებურების, გარემოს დატვირთვისა და სამეზობლო ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამის შედეგად ურბანულად აქტიურ ქალაქებში ფორმირდებოდა ისეთი მარგინალიზებული დასახლებები, სადაც მაგ: ორი ან სამსართულიანი დომინირების ინდივიდუალურ განაშენიანებაში „სოკოებივით“ ჩნდებოდა სრულიად შეუსაბამო ინტენსივობისა და სიმაღლის მრავალბინიანი სახლები.

სტიქიური სუბურბანიზაცია

საკანონმდებლო დონეზე არ არსებობდა გარე ტერიტორიების ქაოტური განაშენიანების შემზღუდავი რეგულაციები. ამას ემატებოდა საეჭვო საპრივატიზაციო პოლიტიკა. ამის შემდეგ კი  ქალაქს საქმეს „უმარტივებდა“ ე.წ. „პარტიზანული მშენებლობები“, რომლებიც სპონტანურად წარმოქმნიდა ახალ-ახალ დასახლებებს ყოველგვარი სოციალური, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარეშე.

კოეფიციენტებით ვაჭრობა

„კოეფიციენტებით ვაჭრობის“ მახინჯი პრაქტიკა იყო ერთ-ერთ უმთავრესი მიზეზი, რაც ბევრი გამოუსწორებელი პრობლემის მიზეზი გახდა. სწორედ ეს საბაზრო ელემენტებზე ორიენტირებული ინსტრუმენტები იყო მიკერძოებული გადაწყვეტილების, სოციალური უთანასწორობის, კორუფციის, სამეზობლო ინტერესების შელახვის, არამდგრადი პოლიტიკის გატარების, სასიცოცხლო საბალანსო ერთეულის რღვევის მიზეზი.

ახალი კოდექსის მნიშვნელოვანი ნაწილის გადავადება თბილისში

2018 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, რითაც მოხდა სამშენებლო სფეროს ძირეული რეფორმა. კოდექსი 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო. კოდექსის ამოქმედების ვადის გადაწევა ორჯერ იყო მოთხოვნილი. მოთხოვნის ინიციატორი ორივეჯერ თბილისის მერია იყო. პირველად მოთხოვნილი ორწლიანი ვადა 6 თვემდე შემცირდა. შესაბამისად, კოდექსის ამოქმედებამ მხოლოდ 2019 წლის 3 დეკემბრამდე გადაიწია. ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო ძველი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და სერვისების ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც, თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად მოხერხდა კიდეც. თუმცა გასული წლის ნოემბერში კოდექსის გადავადება თბილისის მერიამ კვლავ მოითხოვა პარლამენტში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ დაუჭირა მხარი და კოდექსის ქალაქგეგმარებთი ნაწილი უკვე 10 წლით, 2029 წლამდე გადავადდა, რაც, არ მეტი არც ნაკლები, ურბანულ განვითარებაში მთელს ეპოქას უდრის. კოდექსი, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ევროპულ გამოცდილებას, ძალიან ბევრ პრობლემას დაასრულებდა თბილისში.

3. ურბანული ქალაქგეგმარების პოლიტიკის, გამწვანებისა და ტრანსპორტის თანამედროვე მიდგომებით წარმართვის ზოგიერთი ასპექტი

გენერალური გეგმა არ უნდა იყოს ნებართვის გაცემის საფუძველი

გენერალური გეგმა, თუნდაც ის კონკრეტულ პარამეტრებს მოიცავდეს, არ უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი, რაც დღეს არსებული ქაოტური განაშენიანების უმთავრესი მიზეზია. მშენებლობის ნებართვისთვის გეგმარებითი საფუძვლების შესაქმნელად უნდა დამუშავდეს ცალკეული კვარტლის განვითარების განაშენიანების დეტალური გეგმა, რომლის მოქმედების არეალში გარანტირებული უნდა იქნეს სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული გათანაბრებული განაშენიანება. ამიტომ გენერალურ გეგმას, განაშენიანების თვალსაზრისით, უნდა ჰქონდეს მოსამზადებელი ფუნქცია. კონკრეტული კვარტლის მოწესრიგებული და გააზრებული განაშენიანების ფუნქციას კი მხოლოდ დეტალური გეგმები შეასრულებენ. შესაბამისად, ამ მოდელში გენერალური გეგმა მის ძირითად ფუნქციას ემსახურება. ის არ იქნება ნებართვის გაცემის საფუძველი, რაც უკვე დიდი ხანია არათანაბარი მიდგომის, ქალაქის ნაკვეთ-ნაკვეთ განვითარების, კორუფციის, არაკალკულირებადი გარემოს შექმნის მიზეზი გახდა.

განაშენიანების ჩამოყალიბებულ (მოწესრიგებულ) სისტემაში არსებითი ცვლილების შეტანის აკრძალვა

იმ მიწის ნაკვეთებზე, სადაც არ არსებობს კვარტლის განვითარების გააზრებული გეგმა, განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში არსებითი ცვლილების შეტანა უნდა აიკრძალოს. იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარეობს, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს, თუ ის განაშენიანების პარამეტრების (მაგ., სიმაღლე, კოეფიციენტები), განაშენიანების სახეობის და მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების თვალსაზრისით შეესაბამება განაშენიანების არსებულ გარემოს და არ ეწინააღმდეგება სამეზობლო ინტერესებს. თუ კვარტალური განვითარების გეგმით განისაზღვრება განაშენიანების ჩამოყალიბებული სისტემაში ცვლილების შეტანა, მაშინ ამოსავალი უნდა იყოს არა ცალკეული ნაკვეთები და დეველოპერის კერძო ბიზნეს ინტერესები, არამედ კვარტლის თანაბარი განვითარების პერსპექტივები და მისი სიცოცხლისუნარიანობა. ამით უნდა შეჩერდეს ქალაქში საცხოვრებელი პირობების გაუგონარი დეგრადაციის პროცესები.

სუბურბანიზაციის შეზღუდვა

სუბურბანიზაციისა და ქაოტური განაშენიანების შეზღუდვის მიზნით, უნდა აიკრძალოს უშენი (გარე) ტერიტორიის განაშენიანება. ამ მხრივ არჩეული უნდა იქნას ამერიკული ლიბერტარიანული მოდელის საპირისპირო გზა (ანუ საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის გზა), რომელიც უშენ გარე ტერიტორიებზე კრძალავს განაშენიანებას. ამ მოდელის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ამით უზრუნველყოფილი იქნება ლანდშაფტური და რეკრეაციული ტერიტორიების დაცვა და დამოუკიდებლად განვითარება ნაშენი ტერიტორიებისაგან. დღეს ე.წ. გრგ-ის მახინჯი მოდელი უშენი ტერიტორიების ათვისების შესაძლებლობას ქმნის. უნდა დასრულებულიყო ეს მიდგომა ახალი კოდექსით, რომლის ამოქმედება, როგორც უკვე ითქვა, თბილისში 10 წლით გადავადდა.

მდგრადობის მოთხოვნები შენობათა მიმართ

შენობათა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეიქმნას მყარი საკანონმდებლო საფუძვლები ენერგოეფექტურობის, ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობის, ხმაურისა და ა.შ. თაობაზე. ახალ კოდექსს შემოაქვს ეს მიდგომები. მისი ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნაა აგრეთვე, რომ ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებისას გათვალისწინებული იქნეს შენობათა დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ შემუშავებული ევროპული სტანდარტები (ე.წ. „ევროკოდები“). ნორმების გათალისწინების ვალდებულება უნდა მოქმედებდეს შენობათა დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე. ეს მნიშვნელოვანწილად შეამცირებდა ენერგიის მოხმარებისა და გაფრქვევის ოდენობას.

ქალაქგამწვანების კუთხით:

  • ჩასატარებელია არსებული ნარგავების სრული ინვენტარიზაცია; ჩამოსაყალიბებელია სპეციალიზებული სამეცნიერო განყოფილება, რომელიც გრძელვადიან ჭრილში განახორციელებს მცენარეთა მდგომარეობის მუდმივ ფიტოსანიტარიულ მონიტორინგს, მ.შ. ნიადაგის მდგომარეობის ცვლილების დინამიკას, განსაკუთრებით ფიტოპათოგენი სოკოების მიმართ;
  • მისაღებია/შესათანხმებელია გასაშენებელი მცენარეების ასორტიმენტი და შესაქმნელია სანერგე მეურნეობა;
  • შესათანხმებელია გამწვანებული ობიექტების აუცილებელი მინიმალური ოდენობა და გამოსაყოფია დამატებითი ფართობები;
  • შესამუშავებელია მწვანე ნარგავების მართვის ერთიანი სისტემა საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით (R3 GIS TREES, THE WEB AND MOBILE SOLUTION FOR EFFICIENT, INTEGRATED AND RESPONSIBLE MANAGEMENT OF URBAN GREEN AREAS).

ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით:

  • უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც უპასუხებს საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას;
  • მოსაწესრიგებელია ტაქსების პარკირების საკითხი (ანუ როდესაც გამოძახებამდე ტაქსი ლოკალიზებულია პარკირების ადგილზე);
  • უნდა დარეგულირდეს ქაოსი საჯარო სამსახურების სამსახურებრივი ტრანსპორტის გამოყენების სფეროში; მიზანშეწონილია მნიშვნელოვნად შემცირდეს სამსახურებრივი მანქანების რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების გადაყვანა მოხდეს დაქირავებული ან საკუთარი ავტობუსებით. ეს მოგვცემს ქალაქის ყოველდღიური  სატრანსპორტო ნაკადის 20-30% შემცირების საშუალებას, საბიუჯეტო ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ;
  • შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის ცენტრში, ამის კარგი გამოცდილებაა ევროპის ბევრ ქვეყანაში;
  • განვითარდეს ელქტროტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობა (დაიქირავე და დატოვე);
  • და ბევრი სხვა.
მერაბ მაჭავარიანი, სატყეო ექსპერტი, მეცნიერებათა დოქტორი
კობა ყალიჩავა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი

[1] United Nations. United Nations; New York, NY: 2007. World urbanization prospects: the 2007 revision.

[2] http://sg.siemens.com/city_of_the_future/_docs/gci_report_summary.pdf

[3] https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2679924/#bib21

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები