რეკლამაspot_img

ნადირობა ვანო სარაჯიშვილთან

თეატრის კანტორაში შემოვიდა მსახიობ-მომღერალი ლ. ისეცკი, ლაპარაკი ჩამოვარდა ჯერ მომღერალ ქალებზე, მერე ძაღლებზე, მერე თოფებზე და შემდეგ ნადირობაზე.

– საწყალი ვანო! სთქვა ერთმა ჩვენთაგანმა: მას ძალიან უყვარდა ნადირობა, სულითა და გულით იყო გატაცებული.
– ის ყველაფერზე სულითა და გულით იყო ხოლმე გატაცებული, – სთქვა ისეცკიმ და მოგვიყვა  ამბავს:
– დეკემბერი იდგა, მე და ვანო ჯგუფურ ნადირობაში ვიყავით. ყარაიაზი განთქმულია თავისი მრავალი სახის ნადირით: ყველაფერი მოიპოვება და ალბათ იმისთვის, რომ ყარაიაზი წინათ დაცული იყო, როგორც ნადირთათვის თავშესაფარი ოაზისი ძველი კავშირის მიერ; ამასთანავე იქ ნადირობის უფლება ყველას არა ჰქონდა და იმ დროს, რომელზედაც მე მოგახსენებთ, არ იყო ძალიან გავრცელებული ნადირობა, როგორც ეხლა (ყველას თოფი უჭირავს). ამის გამო აუარებელი ნადირი იყო. ფეხს ვერ აუქცევდი. მე და ვანო მოვწყდით ჩვენს ჯგუფსა და მხოლოდ ორნი  მივდევდით ცალფეხა ბილიკს.
– ხოხობი ხოხობს, დურაჯი დურაჯს, კურდღელი კურდღელს მოჰყვა და ორივენი ისე დავიტვირთენით, რომ მეტის ზიდვა აღარ შეგვეძლო. ჩამოვიკიდეთ თოფები ყელზე და მივყვებოდით ცალფეხა ბილიკს. მე წინ მივდიოდი და ჩემს უკან ნანადირევის ქვეშ დაძარღული ვანო მომდევდა ქშენით. ჩუმად მივდოდით. დეკემბრის საღამო უცბად წამოგვეპარა, ბინდდებოდა და აშკარად ვატყობდი, რომ არ ვიცოდი, სად მივყავდი ბილიკს, რომელიც უკვე ჰქრებოდა ტყის  უდაბურობაში.
– დასწყევლოს ღმერთმა! მგონი გზა ამერია! ვსთქვი და შევდექ.
– რაო?! შეშინებულის კილოთი წამოიძახა ვანომ.
– არაფერი, გზა დამეკარგამეთქი.
– როგორ თუ არაფერი! გზა დაგეკარგა და არაფერი! იპოვე ჩქარა! მითხრა ვანომა და განრისხებით განაგრძო:
– მე შენ დაიმედებით მოგდევ, მგონია გზა იცი და შენ ჯანდაბაში მიგყევარ! რათ ჩამოჰშორდი ამხანაგებს, თუ გზა არ იცოდი!
– დაიცა, დაიცა, ნუ ცხარობ, ვიპოვი გზას. დავამშვიდე ვანო და ისევ განვაგრძე გზა. მივდევდი, მაგრამ რა გულით მივდევდი ჩემთვის იმ უცნობ ბილიკს. მაგრამ ცოტა სიარულის შემდეგ გავედით სხვა, დიდ გზაზე, რომელზედაც, ეტყობოდა, ურმებსაც ევლოთ. ცოტაოდნად გაგვეხარდა, მაგრამ ვატყობდი, გზა სრულიად სხვა მხრიდან სრულიად  სხვა მხარეს მიდიოდა. უფრო შეიმღვრა სინათლე. აქა – იქ, მტკვარ-გაღმა, მთებზე, ნისლები ჩამოწვა და საღამოს მთიები მწუხრად დალაგდა  თოვლით დაპენტილ მინდორ-ტყეებში.
– ვანო, სხვა მხარეს მივდივართ: ეს გზა აქ სადმე თათრების ბინაში მიგვიყვანს და ძაღლები დაგვჭამენ.
– რას ამბობ, კაცო! ამ სამ სიტყვაში იმოდენა წყრომა, და საყვედური იყო ჩემდამი, რომ გამეცინა  და ვუთხარი:
– რა გეფიქრება: ნაბდები გვაქვს, პური გვაქვს – ნანადირევიც გვაქვს და ასანთიც ხომ მოგვეპოვება, ღამე რომელიმე მუხის ძირას გავათიოთმეთქი!
– გიჟი ხომ არა ხარ, კაცო, რაებს მიედ-მოედები! წამო, თუ ძმა ხარ, იპოვე გზა. აქ დგომა არ შემიძლიან, მოკვდი და, საცა იყოს, იპოვე გზა!- მეუბნებოდა ვანო და თან მიყურებდა  გაბრაზებით.
ცოტა არ იყოს, მეც დავფიქრდი და ვსაზრობდი – საით წავსულიყავ, რომ დაბნელებამდე რკინის გზის ლიანდაგზე შეგვედგა ფეხი. ამ ფიქრებში ვიყავ, რომ უცბად მოგვესმა ცხენების თქარათქური. ისეთი საიდუმლოდ ისმოდა საღამოს ბინდბუნდში ეს თქარათქური, რომ თვით გამბედავ ფირალსაც შიშის წინწკლები დაასხდებოდა ტანზე.
–  ყაჩაღები არიან, ბიჭო – ვუთხარი ვანოს.
– მერე რა იცი შენ, რომ ყაჩაღები არიან, რადიო გიდგას მაგ ყურებში?!
– მაშ, ოპერის არტისტები ხომ არ იქნებიან ამ უდაბურ ჭალაში ცხენებით?!
ვანო ჩემსავით გაშრა, ხმა ვეღარ ამოიღო. მეც ჩამჭიდა შიშმა კლანჭები ყანყრატოში და ოდესმე თეატრში რამოდენიმე ათასი კაცის გასაგონად მომღერალს ჩემი საკუთარი ყურის გასაგონადაც ვეღარ ამომეღო ხმა. ორივენი გაშეშებული ვუყურებდით ერთმანეთს.
– გაგვძარცვავენ, ბიჭო! – ამოტეხა შეკრული ყანყრატო ვანომ.
– მა რა ჯანდაბას გვიზამენ! – დავუკარ მეც კვერი.
ცხენების თქარათქური სულ ახლო მოვიდა და უცბად შეჩერდა: სჩანს დაგვინახეს და შედგნენ.
– იცი რა, ვანო? – უთხარ მე.
– რა?
– მოდი, თოფები დავაწყოთ ძირსა და მშვიდობიანად დავხვდეთ.
– მაშ, არადა, „ბამბანდიროვკას“ გაუმართავ! დავაწყოთ, მაშ!
ორივემ მოვიხსენით თოფები და ნელა-ნელა წამოვაწვინეთ დედამიწაზე. ვანო კუნძზე ჩამოჯდა, მე ჯიბეში ჩავიწყე ხელები და დავიწყე სიარული წინ და უკან. შიგა და შიგ ამოვიმღერე კიდეც,  ვითომ არაფერია.
– რა ღმერთი გაგწყრომია! – მითხრა ვანომ: გაჩუმდი, იქნებ გაიარონ.
– რას დაემალები! ეგ ტყუილი იმედებია! მივუგე ვანოსა და კიდევ ამოვიმღერე. (ნეტაი გაეგო ეს ჩემი სიმღერა რომელიმე რეცენზენტს: რას დასწერდა მაშინ ჩემი ნიჭისა და ხმის შესახებ!).
ამ დროს მოვიდა კიდეც მათი გამოგზავნილი „დელეგატი“ ამბის გასაგებად. მან ზრდილობიანად მოგვცა სალამი და ზრდილობიანადვე მოგვმართა:
– პაპიროზი ხომ არ გექნებათ?
– ინებეთ ბატონო! – საჩქაროდ ვიტაცეთ ორივემ ხელი ჯიბეზე.
მე მაშინვე გავუშალე „დელეგატს“ ჩემი პორტსიგარი და შევატყე, ვანომაც ჩემსავით თავისუფლად ამოისუნთქა. „თუ ამის მეტს არაფერს მოგვთხოვთ, ინებეთ რამდენიც გნებავთმეთქი,“ ვფიქრობდი გულში და ამაყად მეჭირა ხელში გადაშლილი პორტსიგარი. მშვიდობიანობამ დაისადგურა. „დელეგატმა“ გვკითხა ვინაობა და როდესაც ავუხსენით, რომ ჩვენ ტფილისის სახელმწიფო ოპერის მსახიობები ვართ სანადიროდ წამოსულნი, პატივისცემის ნიშნად მან ხელი გულზე დაიდო და დაბლა დაგვიკრა თავი.
– მერე ამ დროს რა გინდათ აქ? – იკითხა მან.
– გზა აგვერია და გავებით ჭაობებში.
– თუ ნებას მომცემთ, ცხენებს მოგართმევთ და წაგიყვანთ, სადაც ინებებთ.
სთქვა თუ არა მან, თითით ანიშნა გზის იქით მოსაფრებულთ, რომელთაც მის ნიშანზე საჩქაროდ მოგვაყენეს ცხენები. სიხარულმა აგვიტაცა. გაბედულათ დავიწყეთ ლაპარაკი და ვიყავით უაღრესად ზრდილობიანნი. ორივენი ჩავებით ლაპარაკში და ისეთი ბაასი გავმართეთ უცნობებთან, თითქო ყრმობის მეგობრები შეიკრიბნენ ერთადაო.
ვანოს ლოყები გაუთურაშაულდა სიხარულით და სთქვა:
– ღმერთმა აგაშენოთ, თქვენ გამოგვიჩნდით, თორემ ჭუკებივით ჩავიფლობოდით ამ გაუვალ ბლატეებშიო.
შიშის კვამლი სრულიად გამოიბღერტა ჩვენი გონების შეზღუდულობიდან და ვიყავით მეტისმეტად მხიარულნი. როდესაც ცხენებით მოცვივდნენ ვინტოვკებით შეიარაღებულნი, ყველას ავაზაკური, შეჭმუხვნილი და გოროზი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ „დელეგატმა“ გააცნო თუ არა მათ ჩვენი თავი თათრულად, ყველამ ქუდი მოგვიხადა და მდაბლად დახარა თავი. მათ სახეზე გამოიხატა  თბილი  ღიმილი. საჩქაროდ ჩამოხტა ორი ცხენიდან და ცხენები ჩვენ შემოგვთავაზეს. ვანო წისქვილის ქვასავით დატრიალდა. საჩქაროდ წამოავლო ხელი ნანადირევს, ბარგიბარხანას და ცხენის არჩევანშიც შევიდა: ჯაგლაგ ცხენზე ჯდომას არა ვარ ჩვეულიო, ისე გათამამდა ვანო, თითქო სადგურიდან მოართო ცხენი მოჯამაგირემაო. მაგრამ მოეწყო თუ არა ვანო ცხენზე ნანადირევით, რაც უნაგირის ტახტაზე და საწყვეტებზე ჩამოჰკიდა, მითხრა:
– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ…
ამ დროს ჩვენმა „ნაცნობმა“ მოაყენა კიდეც ცხენი და გვითხრა: წავიდეთ. შეუდექით გზას. ორი უცხენო უკან შეუსხდნენ ამხანაგებს და გაჰკურცხლეს წინ. ჩვენი „ნაცნობი“ დარჩა მხოლოდ  ჩვენთან.
– მერე ამ ცხენებს სადგურიდან – როგორ წამოიყვანთ?
– ათასი ცხენი რო იყოს, ყველას წამოვიყვან მარტო, ოღონდ იყოს. მაგრამ უფრო კარგი იქნება, – განაგრძო მან, – თუ ამაღამ სადგურზე კი არა, ჩვენთან წამოხვალთ ბინაში: სულერთია, ხვალ ცხრა საათამდე არაფერი მატარებელი არ იქნება, დილაზე წაგიყვანთ სადგურზე; ამაღამ გარეთ სიცივით დაიხოცებით და ძალიან ნასიამოვნები ვიქნებით, თუ ღამეს ჩვენსა გაათევთ.
– რას იტყვი, ვანო?
მივუბრუნდი ვანოს მისი აზრის გასაგებად.
– რა უნდა  ვსთქვა: წავიდეთ, ბედი გვწყალობს.
ორივემ თანხმობა განვაცხადეთ, თუ რასაკვირველია, მათ არ შევაწუხებდით. თათარმა ცისკენ  აღაპყრო ხელი და სთქვა:
– ალაჰმა თქვენისთანა სტუმარი გამომიგზავნა და ის მე შემაწუხებსო?
ცხენები, ჩემიც და ვანოსიც, კარგები იყვნენ, იორღით მილივლივებდნენ და ძალიან მცირე ხანში მიგვიყვანეს ერთ ადგილას, სადაც პირდაპირ დედამიწიდან ამოდიოდა ბოლი. ეს ბოლი თურმე იმ თათრის ბინიდან ამოდიოდა, რომელიც მიწაში იყო. შევედით შიგ, თბილოდა. სანამ მივიდოდით, სამზადისს შესდგომოდნენ წინ წასულები. მათი ვინტოვკები კარჩხაზე იყო ახორხლილი. გვინდოდა ორივეს გვეკითხა: ყაჩაღები იყვნენ, თუ ვინ იყვნენ, მაგრამ გვეკრძალებოდა, ვფრთხილობდით, უნებლიეთ შეურაცხყოფა არ მიგვეყენებინა. დაგვიგეს ქეჩები, მუთაქები. შეუკეთეს ცეცხლს და ჩვენც მხართეძოზე წამოვწექით. გარეთ კი ფაციფუცი იყო, ეტყობოდა,  ჩვენთვის  ვახშამს  ამზადებდნენ. როცა კარგა ღამე წამოვიდა, მოგვიტანეს ვახშამი. ცხვარი დაეკლათ და ფლავი გაეკეთებინათ ცხვრის ხორცით. იქვე ჩვენ წინ საჯზე საჩქაროდ გადააკრეს ლავაში და საჯიდან ახლად აღებულ ლავაშით შევექცეოდით მშვენიერ საჭმელს. დილით ჩაი დაგვალევინეს რძით, ყველით, კარაქით და იმავე  ახლადგამომცხვარ საჯის ლავაშით. უკვე დრო ახლოვდებოდა ჩვენი წამოსვლისა და ვსთხოვეთ ცხენები შეეკაზმათ. მოვიდა ჩვენი მასპინძელი და წელში ღრმა მოხვრით გვითხრა:
– ცხენის შეკმაზა ერთი წუთის საქმეა, ოღონდ ჩემი ამხანაგები  გვთხოვენ: თუ შეიძლება  გვიმღერონ რამეო.
– ჰა, ვანო? – მიუბრუნდი ვანოს.
– ვიმღეროთ, მანდ რა რეცენზიას დასწერენ ხვალ გაზეთებში! იმღერე როგორც მოგხვდეს, რაც მოგხვდეს.
მე ხელად წამოვიფარე ნაბადი, ვითომ მეფისტოფელი ვარ, ვანომაც, ყელზე კურდღელი, შემოირტყა, ვითომ ფაუსტია და ორივემ გავხსენით ხახა. რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ უფრო კარგად ვმღეროდით, ვიდრე სახელმწიფო ოპერის თეატრში, და ალბათ იმისთვის, რომ რეცენზენტი არ გვიყურებდა.
– სხვა ბევრი რამ ვიმღერეთ და აშკარად ეტყობოდა, მეტად ნასიამოვნები იყვნენ მსმენელნი ყარაიაზის ტყეებიდან.
ვანომ შახ ნადირის არიაც იმღერა. თათრები ერთმანეთს გადახედავდნენ და იტყოდნენ ხოლმე.
– საღოლ!  საღოლ!
ჩვენი „სპექტაკლი“ გათავდა. მათ ამისთვის დიდი მადლობა გვითხრეს, მაგრამ ისე მაინც არ გამოგვიშვეს: ჩვენ თუ ჩვენი ნიჭი და კულტურა უჩვენეთ, იმათაც მოიყვანეს თავიანთი მეფანდურე და ამღერეს  ზედ. უაღრესად ნაამებელნი შევსხედით ცხენებზე, რომელთაც იორღით მიგვაქროლეს საჩქაროდ სადგურზე. მატარებელი უკვე  მოსულიყო. გამოვემშვიდობეთ ჩვენს უძვირფასეს მასპინძელს საკადრისად და ვეცით მატარებელს, მაგრამ, დახე, ჩვენს უბედურებას: მატარებელი ისე იყო გაჭედილი, რომ ვაგონის ჭინჭილებზედაც ეკიდნენ ადამიანთა კუნწულები. დიდხანს ვურბინეთ მატარებელს გარშემო, მაგრამ  ვერსად ვერ შევძვერით. ბოლოს ვანომ მითხრა, ბიჭო, მიშლის ამდენი ბარგი, მოდი ზოგიერთი ნანადირევი გადავყაროთო, მაგრამ ამ დროს ორთქლმავალიდან შემომესმა მეგობრული სალამი.
– გამარჯობათ!
– გაგიმარჯოს!… როგორა ხარ, კაცო?.. განაგრძობს მოკითხვას ჩვენი ნაცნობი მემანქანე.
– რა დროს მოკითხვებია, კაცო, ლამის დავრჩეთ, შევძახე მე.
– ვაი, შენ, ჩემო თავო! – სთქვა მემანქანემ, მე ცოცხალი ვიყო და თქვენ აქ დაგარჩინოთ?! ამოდით ქვაბში!
ჩვენ გაგვეხარდა. ავხოხდით ორთქლმავალში და მოვთავსდით. სანამ კარგად არ მოვეწყეთ, მემანქანისთვის არ გვეცალა და როცა დავლაგდით, მაშინ „აი, გამარჯობა, გამარჯობა, როგორა ბრძანდებით,“ – დავიწყეთ მოკითხვები ერთმანეთისა… სულ მალე მატარებელი დაიძრა. ჩვენს მემანქანეს ცოტაოდენი ჩასაყლურწიც აღმოაჩნდა, რითაც ყელი ჩავისველეთ და ქალაქში ჩამოვედით. მოქადულნი საინტერესო თავგადასავლისა. ჩვენი ამხანაგი თათრები  არ  დაგვვიწყებია. მუდამ ვიგონებდით მათ. ვაპირებდით კიდეც მათთან წასვლას სტუმრად, მაგრამ მე და ვანოს შუაში უდროვოდ ჩადგა სიკვდილი, რომლის იქითაც სამუდამოდ ჩარჩა იგი.

იოსებ მჭედლიშვილი

1920-იანი წლების სამონადირეო ლიტერატურიდან
სტატია მოგვაწოდა გოგი ანდრონიკაშვილმა

ENG
This article is from the hunting magazine in 1920s. The author, Ioseb Mchedlishvili tells us about an episode from the life of famous Georgian singer Vano Sarajishvili, where one of his colleges recalls his hunting experience with his friend and college.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები