რეკლამაspot_img

ნადირობის ხალხური მეთოდები გურიის ცხოვრებიდან

მირიან ხოსიტაშვილი ეთნოლოგიის დოქტორი

საქართველოში ნადირობა ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი მეურნეობის დამხმარე დარგს წარმოადგენდა. საქართველოს ყველა კუთხეში მკაცრად იყო განსაზღვრული ნადირობის სეზონები, წესები, სხვადასხვა პოპულაციის მოშენება-გამოხშირვის მეთოდები. ქართველი კაცისთვის ნადირობა მარტო სარჩოს მოპოვება როდი იყო! იგი ნადირობისას გარკვეულ წვრთნას გადიოდა, ნადირობა ასევე ვაჟკაცობასა და გამჭრიახობაში გამოცდა იყო. ჩვენს ქვეყანაში ისტორიულად დადასტურებულია, რომ ბიომრავალფეროვნებას გააზრებულად ითვისებდნენ, ქართველთა ყოფითი კულტურის ნაწილი მუდამ იყო ჩვენი ეკოსისტემის მოფრთხილება და ზრუნვა. ეთნოლოგიური კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ საქართველოში ნადირობის მრავალი მეთოდი არსებობდა. რაც სწორედ ბუნებასა და ცხოველთა თუ ფრინველთა სამყაროზე დაკვირვების შედეგია. ბევრ საინტერესო გადმოცემასა თუ ლიტერატურას ვაწყდებით ტრადიციული ნადირობის მეთოდების კვლევისას. ასეთი გამოჩეული ნაშრომია ტ. მამალაძის მოგონებები გურიის ცხოვრებიდან. წიგნში რომლის სათაურია „სამშობლოს სურათები“ ( გამოიცა 1918წელს) გადმოცემულია დოკუმენტური მასალა, გურგულების ყოფა მეოცე საუკუნის დასაწყისში. სამეურნეო თავისებურებებთან  ერთად, ავტორი წარმოგვიდგენს საკუთარი თვალით ნანახს,  ფრინველებზე უთოფოდ  ნადირობის სცენებს. მიმაჩნია რომ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება  უცვლელად წარმოვუდგინო ორი მეთოდი უთოფოდ ნადირობისა ტყის ქათამზე,  იხვსა და შაშვზე სწორედ დასახელებული წიგნიდან:

სასირე წარმოადგენდა დაბურულ ტყეში გაყვანის ერთნაირი სიგანის ჭრილს, ე.ი სწორად გაკაფულ ადგილს, სიგრძით ორმოციდან სამოცამდე და სიგანით სამ-ოთხ საჟენს; კაცს ეგონებოდა, აქ დიდი, ფართო გზის გაყვანა განუზრახავთო. ეს ჭრილი იყო გაყვანილი გორაკის ზურგის გარდიგარდმო და ჭრილის ერთი ნახევარი გორაკის ერთ ფერდობზე იყო, მეორე ნახევარი – მეორე ფერდობზე.

ზედ გორაკის ზურგზე, სადაც ჭრილი ერთი ფერდიდან მეორეზე გადადიოდა, პატარა დავაკება იყი. ეს დავაკება კარგად იყო მოწმენდილი, მოთოხნილი და დასუფთავებული; აქ არც დიდრონი ქვები და არც ჯაგების ძირები – კუნძები ჩანდა. გორაკის ზურგზე, ამ პატარა მოედნის ორივე მხრით, ტყის პირად იდგა ორი საკმაოდ მაღალი ხე – ერთ მხარეს რთხმელა, მეორეს – ცაცხვი. ამ ხეებშუა იქნებოდა სამი საჟენი ან ცოტა მეტი.

„ორივე ხის მსხვილსა და მძლავრ ტოტებზე, მიწიდან შვიდი თუ რვა ალაბის სიმაღლეზე, იყო მაგრად მისრული მომსხო წნელისგან გაკეთებული თითო რგოლი; თვითოეულ რგოლში გატარებული იყო ნეკის სიმსხო, ან ცოტა უფრო წვრილი, გამძლე ბაწარი. თოკის ერთი თავი იყო გატარებული და გადასკნილი მოზრდილ გახვრეტილ ქვაში, რომელიც იქნებოდა ასე ხუთი-ექვსი გირვანქა. როცა ბაწრის ბოლოს მოსწევდი, ბაწრის თავი და მასთან ერთად ქვაც ზევით აიწევდა, რგოლამდი ავიდოდა; როცა ბაწარს ხელს შეუშვებდი, ქვა მაშინე უცებ მიწაზე დაეცემოდა და, რასაკვირველია, მასზე მიბმულ ბაწარსაც თან დაიტანდა.

როცა ჩვენ სასირეზე ავედით, ჩემმა ძმამ მაშინვე დაუყონებლივ ჩანთიდან ბადე ამოიღო და ხეებს შუა გამართა.

ბადე მომსხო და მაგარი მკედისგან(იგივეა, რაც –ძაფი) იყო მოქსოვილი, როგორც სათავეზე ბადე, მაგრამ თვლება კი უფრო ფართე, უფრო მოზრდილი ჰქონდა, და კიდეებში ოთხივე მხარეს წვრილი, გამძლე ბაწარი ჰქონდა გაყრილი. როცა ბადე გაშალა, მივიდა და ხეზე მიბმული ის ქვიანი ბაწრები ახსნა; ამიტომ ქვები თავიანთ სიმძიმის გამო მაშინვე მიწაზე დაეშვა. ბადის ზედა-მარჯვენა კუთხე ბაწრის მარჯვენა ქვასთან მიაბა და ზედა მარცხენა კუთხე – მარცხენა ქვასთან; ამის შემდეგ ბადის ქვედა მარჯვენა კუთხე მარჯვენა ხეს მიაბა ბაწრით და ქვედა მარცხენა კუთხე – მარცხენა ხეს. ბოლოს ორივე ბაწარი, რომელიც რგოლებში იყო გატარებული და ქვებზე მიბმული, ხელში აიღო და თანაბრად მოსწია, მოთოკა – ქვებმა ნელ–ნელა ზევით აიწია, რგოლებამდი ავიდა; ბადეც მთლად გაიმართა, იმის ზედა კიდე რგოლებამდი ავიდა, და ბადე თითქმის გაიჭიმა, რადგან მისი ქვედა კუთხეები ძირს იყვნენ მიბმული.

ბადეს ქვედა პირი მიწაზე, ასე ერთი ალაბით, იქნებოდა დაშორებული.

როცა ჩემი ძმა ბადის აწყობას შეუდგა, მე ყოველ მის მოქმედებას გაფაციცებით, დიდის ყურადღებით თვალს ვადევნებდი, რადგანაც ყოველივე ეს ჩემთვს მეტად საინტერესო იყო.

ბადის გაშლა-აწყობაზე ჩემ ძმას ბევრი არ დაგვიანებია.

ამ წყვილი მოთოკილი ბაწრით ხელში ჩემი ძმა გამართული ბადის ახლოს, ჭრილის პირად, ერთ ხის ძირში დაჯდა და ამ ხეს ამოეფარა; მეც გვერდით მიმისვა და მითხრა, ხმა არ ამოიღო და არც გაინძრეო.

მზე ახლა ჩასული იყო. შებინდდა. ჩემ გულს ტაკატუკი გაჰქონდა. ყოველი წუთი საათად მეჩვენებოდა. მოუთმენლად მოველოდი ტყისქათამს: მე ჯერ იგი გაფრენილი არაოდეს არ მენახა.

ჩვენ ორნივე ბადეზე ისე ვიყავით მიჩერებული, როგორც მეძებარი ბალახებში მიმალულ მწყერზე.

არ გასულა არც ხუთი თუ ექვსი წამი იმის შემდეგ, რაც ბადე ავმართეთ, რომ ჭრილის დაყოლებით ჩვენს უკანიდან მომესმა; ჰუ-ჰუ-ჰუ-ჰუ!… და იმ მხრიდან, სადაც ჩვენ ვისხედით, ბადეს გაქანებული ეძგერა რაღაც ფრინველი. ჩემმა ძმამ იმ წამსვე ბაწრებს ხელი შეუშვა, და მთელი ბადე მაშინვე ფრინვლიანათ უცებ მიწაზე დაეშვა ქვების სიმძიმით დაქანებული; ჩვენ ორივე წამოვხტით და ელვის სისწრაფით ბადესთან მივვარდი, რომელშიაც გრძელნისკარტა თვალებდაპრაწული მშვენიერი ზორბა ტყისქათამი იყო გაბმული და ფართხალებდა.

                                       ო  კ  ი  ტ  ა  შ  ა

ბავშვობისას ძლიერ მიყვარდა ოკიტაშას აწყობა. მაგრამ თქვენ, შეიძლება, არც კი იცოდეთ, თუ რას ვუწოდებთ გურიაში „ოკიტაშას“.

გურიაში ოკიტაშას ჩიტის საჭერ პატარა ბადეს ეძახიან.

ეს ბადე მზადდება შაშვების დასაჭერად შემოდგომასა და ზამთარში.

ოკიტაშას ისე ქსოვენ, როგორც საჩიტე ან სათევზე ბადეს – მკედისგან. თვალებს იმოდენას უკეთებენ, რომ შაშვმა თავი შიგ ადვილად გაჰყოს, სიგძე-სიგანე ამ ბადეს ორი ალაბი აქვს, მეტი – ძალიან იშვიათად.

ოკიტაშათი უმეტესად შემოდგომასა და ზამთარში ნადირობენ. ამ დროს შაშვი ბლომად მოდის ჩვენში, რადგანაც საზრდო: სუროს მარცვლები, ყურძნი, ფითრი, კურკანტელი და სხვა ამგვარი ბლომად იშოვება. ბევრს პოულობს იგი განსაკუთრებით მწიფე კურკანტელს.

შაშვი ძლიერ ფრთხილი ფრინველია და ამიტომ ტყესა, ბუჩქნარსა და უმეტესად გვინძღში (გაუვალიეკალ-ბარდი, ეკლიანიბუჩქები, ჯაგნარი)იმალება, ძვრება და დაფრინავს ხოლმე, თუ ის მონადირის ან სხვა რამესგან შეშინებულია. ამიტომაც შაშვის დასაჭერად, რა თქმა უნდა, ოკიტაშასაც ბუჩქნარში მოაწყობენ ხოლმე.

ოკიტაშას ამნაირად მოაწყობენ: ბუჩქნარსა, ან ხშირ ტყეში გაიყვანენ ვიწრო ჭრილს, სიგანით –ორ-სამ ალაბს და სიგძით – თუთხმეტს ან ოც საჟენს. ამ ჭრილს შუა ადგილას სადმე ორ ბუჩქს, ან ორ ხეს შუა, ოკიტაშას ამნაირად გამართავენ: ორივე ზევითა კუთხეებს, ე.ი. იმ ბაწრის თავებს, რომელიც ბადის ზევითა კიდეში არის გატარებული, მაგრად მიაბამენ ბუჩქებზე (ხეებზე); იმ ბაწრის თავებს, რომელიც ბადის ქვედა ნაპირში არის გატარებული, ისე ფომფოდ დაამაგრებენ იმავე ჯაგებზე ან ხეებზე, რომ პატარა ქვა ან ჩხირი რომ ბადეს ესროლოთ, ეს ქვედა კუთხეები მაშინვე აიხსნება. ამგვარად გამართავენ ბადეს და დასტოვებენ. ამას ოკიტაშას აწყობა ჰქვია.

რადგანაც ხშირს ბუჩქნარში, ან ხშირს ტყეში შაშვი ჭრილს, როგორც თავისუფალ გასაფრენ ადგილს ძლიერ ეტანება, იგი, რაღა თქმა უნდა, ოკიტაშას მალე მოხვდება. ბადის ქვედა კუთხეები მაშინვე აეშვება. ოკიტაშას პატრონი მოვა და ნანადირევს დაეპატრონება, (შაშვს გამოხსნის), რის შემდეგ ოკიტაშას ხელახლა ააწყობს და შინ წავა.

როდესაც შაშვი ბლომად არის, დღეში ერთი და იმავე ოკიტაშათი რამდენიმე შაშვის დაჭერა შეიძლება.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ზამთარში შაშვი ძალიან მსუქანია, ადვილად მივხვდებით, რომ ოკიტაშათი ნადირობა სოფლის ბავშვებისათვის უმნიშვნელო არ არის.

ოკიტაშას ზოგჯერ ტყისქათამიც მოხვდება ხოლმე; მაგრამ, თუ ბადე სუსტა, იგი ვერ გაუძლებს, და ტყისქათამი თავს უშველის.

თუ ადგილობრივი პირობები ხელს უწყობს, ოკიტაშას ეზოს მახლობლად მოაწყობენ ხოლმე, რადგანაც მას დათვალიერება ხშირად სჭირდება.“

როგორც ვხედავთ, საკმაოდ საინტერესო და მოხერხებული მეთოდებით ნადირობდნენ გურიაში ფრინველზე. ერთი მხრივ, ნიშანდობლივია რომ ამ შემთხვევაში უთოფოდ , უსისხლოდ ხდებოდა ფრინვლთა მონადირება და გარკვეულ სპორტულ აზარტსაც ატარებდა, ხოლო, მეორე მხრივ ,საჭიროა აღინიშნოს რომ ფრინველი მასიურად არ ნადგურდებოდა.

ვფიქრობ, საჭიროა რომ ჩვენი ჟურნალის საშუალებით მკითხველს პერიოდულად გავაცნოთ  ნადირობის ქართული ტრადიციული მეთოდები, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ ჩვენი წინაპრების ყოფითი კულტურა და მათი დამოკიდებულება ფლორისა და ფაუნის მიმართ. წინაპართა მაგალითზე დაკვირვებით კიდევ ერთხელგასააზრებელია ბუნების სიყვარული და ზრუნვა მასზე.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები