რეკლამაspot_img

ჟან პოლი – ტფილისის პირველი ფრანგი რესტორატორი

ძველ პრესაში გამოქვეყნებულ ცნობებს ხშირად ჩვენს ქალაქში მცხოვრები სრულიად უცნობი პერსონაჟების გაცოცხლება შეუძლია – იმ ადამიანების, რომლებიც საუკუნეების წინანდელი ტფილისის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყვნენ და რომელთა შესახებ დღეს არაფერი ვიცით. სწორედ ასეთი პერსონაჟია ჟან პოლი – ტფილისის პირველი ფრანგი რესტორატორი.

ცნობილი ფრანგული ჟურნალი „ლე ფიგარო“ 1827 წლის 3 დეკემბრის ნომერში წერდა, რომ ტფილისში ფრანგი რესტორატორი, გვარად პოლი, ცხოვრობდა. პროვანსში დაბადებული პოლი, ნაპოლეონის არმიაში გრენადერი იყო, როდესაც 1812 წლის საომარი კამპანიის დროს ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ იგი ერთ რუს გენერალს თავისთან მზარეულად წაუყვანია და მოგვიანებით საქართველოშიც ჩამოუყვანია. როგორც „ლეფიგარო“ აღნიშნავდა, პოლიაზიაში ერთ-ერთი პირველი რესტორნის მფლობელიაო.

საინტერესოა, რომ „ლეფიგარომ“ შორეული ტფილისის შესახებ ამ პატარა ცნობას თავის ფურცლებზე დაუთმო ადგილი, მაგრამ როგორ უნდა მოხვედრილიყო ეს ინფორმაცია პარიზში? ჟურნალისტმა ეს ამბავი სავარაუდოდ ტფილისში საფრანგეთის კონსულის ჟან-ფრანსუა გამბას (1763-1833) ახლადგამოცემულ ნაშრომში (წიგნი 1826 წელს დაიბეჭდა) ამოიკითხა, რომელშიც ავტორი 1822-24 წლებში საქართველოში მოგზაურობას აღწერდა. გამბა ტფილისში ყოფნისას სადილად პოლის რესტორანში შეჩერებულა; როგორც იგი წერს, 1812 წელს ტყვედ ჩავარდნილი ფრანგული არმიის გრენადერი რუს გენერალს საქართველოში მზარეულად წამოუყვანია და პოლს ტფილისში რესტორანი გაუხსნია – ჭეშმარიტი სიახლე აზიაში. გამბას გადმოცემით პოლს ტფილისში ძალიან აფასებდნენ და პატივს სცემდნენ.

გამბას მიერ აღწერილი მოგზაურობიდან  10 წლის შემდეგ, 1833 წლის დეკემბერში, ახლა უკვე შვეიცარიელმა გეოლოგმა ფრედერიკ დიუბუა დემონპერემ (1798-1850) გასინჯა პოლის მიერ დამზადებული კერძები. დიუბუა დე მონპერე თავის ნაშრომში წერს, ტფილისში ცხოვრებისას კარგად ჭამა რომ მოგვინდებოდა,  ჟან პოლთან მივდიოდითო. ავტორი„კარგად ჭამაში“ ალბათ ევროპული კერძების მონატრებას გულისხმობდა,  რადგან მისი ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში მოგზაურობისას იგი გემრიელი კერძების ნაკლებობას არ უჩიოდა.  დიუბუას ქართული სამზარეულო განსაკუთრებით მოსწონდა, გასინჯული კერძების რეცეპტებს ინიშნავდა და ზოგჯერ მორიდებით ბოდიშსაც კი იხდიდა თავისი წიგნის გვერდებზე – მართალია მეცნიერი ვარ და სამზარეულოს აღწერას ამდენ დროს არ უნდა ვუთმობდე, მაგრამ რა გაეწყობა, პირველ რიგში მაინც გურმანი ვარო. დიუბუაც იმეორებს ჩვენთვის უკვე ცნობილ ინფორმაციას, რომ ტყვედ ჩავარდნილი ჟან პოლი რუსი გენერლის მზარეული ყოფილა, რომელსაც იგი ტფილისში ჩამოუყვანია.

გენერლის გამგზავრების შემდეგ ჟან პოლისთვის, რომელიც ქალაქში ცნობილი იყო როგორც პატიოსანი ადამიანი და კარგი მზარეული, რამდენიმე პიროვნებას ტფილისში რესტორნის გახსნა ურჩევია და ამ მიზნით მისთვის ავანსიც კი მიუციათ. ჟან პოლი მრავალი წლის მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა რესტორანს; ერთ დღეს კი, ხმაურიანი ცხოვრებით დაღლილმა, რესტორნის მიტოვება გადაწყვიტა და ტფილისის გერმანულ კოლონიაში დასახლდა, საიდანაც იყო მისი მეუღლე. პოლს ბოლომდე არ უთქვამს უარი საკუთარ საქმიანობაზე და მას ხშირად სტუმრობდნენ ის ევროპელი მოგზაურები, რომლებსაც მშობლიური კერძები ენატრებოდათ. კერძების მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, ჟან პოლი ზომიერ ფასებს ინარჩუნებდა და ასევე ხშირად იღებდა შეკვეთებს საქორწილო ვახშმებისათვის.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები