რეკლამაspot_img

სანადირო სახეობები

ამ ნომერში განვიხილავთ ცხოველთა სანადირო სახეობების სარგებლობის საკითხს. საკითხის განხილვისას ამომავალი წერტილი არის და მუდამ იქნება ცხოველთა დაცვა.
ზოგადად, ფაუნის დაცვა ხორციელდება 2 ძირითადი მიმართულებით – კონსერვაცია და შენარჩუნება სარგებლობის პროცესში. ორივე მიმართულება აუცილებელია და ერთმანეთს ავსებენ.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი 1966 წლიდან აქვეყნებს „წითელი წიგნის” გამოცემებს, სადაც შეტანილია გაქრობის პირას მყოფი სახეობები.

ცხოველთა დაცვის ყველა საკონსერვაციო ღონისძიება ატარებს განსაკუთრებულ, საგანგებო ხასიათს. ყველაზე ხშირად სარგებლობა და ფაუნის დაცვა, ასევე, მისი აღწარმოების ღონისძიებები, გვაიძულებს შევუთავსოთ ისინი სხვა დარგების ბუნებათსარგებლობის ინტერესებს. მრავალი ქვეყნის გამოცდილებით დამტკიცებულია, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. ასე რომ, გამართული მიწათსარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოება შევუთავსოთ მრავალი გარეული ცხოველის შენარჩუნების ამოცანას. ინტენსიური სატყეო მეურნეობა და მერქნის დამზადება ექსპუატაციაში მყოფ ტყეებში, სწორი ორგანიზების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მრავალი ნადირისა და ფრინველის ბინადრობის პირობების შენარჩუნებას. ასე, თანდათანობითი და შერჩევითი ტყის ჭრები გვაძლევს არა მხოლოდ ტყის აღდგენის საშუალებას, არამედ, ასევე, უნარჩუნებს ცხოველთა სახეობებს თავშესაფრებს, საბუდრებს და საკვებ სავარგულებს.

ბოლო წლებში გარეული ცხოველები გახდნენ „ტურიზმის ინდუსტრიის“ მნიშვნელოვანი რგოლი. ბევრ ქვეყანაში რეკრეაციული მიზნებისთვის ეროვნულ პარკებში წარმატებით ხორციელდება ველური ფაუნის დაცვა და სარგებლობა. ეროვნული პარკების რიცხვს გაცილებით მდიდარი და კარგად დაცული ფაუნით და ამავე დროს მასობრივი ტურიზმის ორგანიზების მაღალი დონით მიეკუთვნებიან იელოუსტოუნისა და იოსემიტის ეროვნული პარკები შეერთებულ შტატებში, კრუგერი და სერენგეთი აფრიკაში, კამარგი საფრანგეთში, ბელოვეჟი პოლონეთში და ა.შ. სასურველია, რომ საქართველოსაც ამ მიმართულებით გააჩნდეს სახელმწიფო პოლიტიკა და გამოყოფილი ჰქონდეს პრიორიტეტები. მაგალითად, თბილისისა და თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ცხოველთა დაცვის კონკრეტულ ამოცანებს ახორციელებდეს თბილისის ეროვნული პარკი.
ბევრ ქვეყანაში ფაუნის გამდიდრებისთვის დიდი მოცულობით ხორციელდება გარეული ცხოველების აკლიმატიზაცია და რეაკლიმატიზაცია. საკმაოდ ეფექტური ხდება ცხოველთა დაცვის ყველა მიღებული ზომა, რაც საკმარისად ეფექტურია, თუ ისინი აგებულნი არიან ლანდშაფტურ – ეკოლოგიური პირობების ზედმიწევნითი აღრიცხვის საფუძველზე. ველური ფაუნის გამრავლებისა და ექსპლუატაციის ორგანიზების ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებისას, ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ იმას, რომ ცხოველების გარკვეული სახეობები და პოპულაციები კონკრეტულ ბუნებრივ ტერიტორიაზე და აკვალურ კომპლექსებში ან მათ ანთროპოგენურ მოდიფიკაციებზე იფარგლებიან თავის საზღვრებში.
ცხოველთა მრავალი სახეობა სეზონების მიხედვით გადაადგილდება მნიშვნელოვან მანძილებზე. მაგრამ მათი მიგრაცია შემოიფარგლება მკაცრად გარკვეული ტიპის ლანდშაფტებში. ამიტომ ცხოველთა დაცვა ითხოვს მთლიანად ბუნებრივი ტერიტორიული და აკვაკომპლექსების დაცვის ამოცანების გადაწყვეტას. ცხოველთა დაცვა პირველ რიგში მათი საბინადრო ადგილების დაცვაა.
თუკი პრობლემას განვიხილავთ ფართოდ, დაცვას ექვემდებარება ყველა ცხოველი რიცხოვნობის მართვის ჩათვლით. ნებისმიერი ბიოლოგიური სახეობის დაკარგვა, ბიოსფეროსა და მთლიანობისთვის არის არასასურველი მოვლენა. ცალკეულ სახეობას გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები და რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, მომავალში კაცობრიობისთვის რა სახეობის თვისებები რა მიზნებისთვის აღმოჩნდება სასარგებლო.
უძველესი დროიდან მოყოლებული, ნადირობა გულისხმობდა პროდუქციის მუდმივ მიღებას და არა – ნადირის განადგურებას. ნადირობის მიზანი მუდამ იყო სანადირო სიმდიდრეების გონივრული გამოყენება. მაგრამ ხშირად, მათ შორის ექსპლუატაციისთვის არ იყო საკმარისი ცოდნა, ან სოციალურ – ეკონომიკური პირობები ხდებოდა არასასურველი განვითარების მიზეზი და სანადირო სახეობების რიცხოვნობა მკვეთრად ეცემოდა (მაგალითად – ცხოველების მტაცებლური განადგურება ფულის შოვნის მიზნით).
საქართველოში ნადირობის სფერო მოუწესრიგებელია, მეტიც, იგი უმართავია. აქ შექმნილი სამონადირეო მეურნეობები, რომელთა შექმნის მიზანი იყო „გარეული ცხოველების დაცვა, აღწარმოება, მდგრადი სარგებლობა და მათი საბინადრო გარემოს გაუმჯობესება“, თავის ფუნქციას ვერ ან არ ასრულებენ. სავარაუდოდ, ამის მიზეზი არის მეურნეობების მუშაკთა არასაკმარისი სამონადირეო განათლება. ევროკავშირის და არაევროკავშირის ბევრ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო სანადირო მეურნეობა. იმ შემთხვევაში, როცა საქართველოში არსებული სამონადირეო მეურნეობები ეფექტურად ვერ ფუნქციონირებენ არასაკმარისი ცოდნის გამო, მიზანშეწონილი იქნება ქვეყანაში სახელმწიფომ შექმნას თავის მართვაში არსებული, თუნდაც ერთი, სასწავლო-საჩვენებელი სანადირო მეურნეობა.
სანადირო ცხოველებით სარგებლობა უნდა ხორციელდებოდეს გაფართოებული აღწარმოების პრინციპით. ეკოლოგიის მიღწევებით დამტკიცებულია, რომ სანადირო რესურსებით რაციონალური სარგებლობა არათუ ეწინააღმდეგება ცხოველთა სამყაროს დაცვას, არამედ ხელსაც კი უწყობს მას.
ყოველი ცხოველის პოპულაციას გააჩნია ე.წ. ეკოლოგიური რეზერვი, ანუ შესაძლებელია მისი პროდუქტიულობის ზრდა შთამომავლობის რიცხოვნობის ზრდის შედეგად და მათი გადარჩენის შესაძლებლობების ამაღლებით. სხვადასხვა ეკოლოგიურ ჯგუფში ეს ხორციელდება სხვადასხვანაირად: სქესის შეფარდების ცვლილებით, პირველი გამრავლების დროის დადგენით, ნაშიერების რაოდენობით, წელიწადში გამრავლების რიცხვის რაოდენობით და ა.შ.
პოპულაციიდან ინდივიდის ბიოლოგიურად საფუძველიანი ამოღება ხელს უწყობს პოპულაციის ეკოლოგიური რეზერვის მობილიზაციას და, როგორც წესი, აჯანმრთელებს სახეობას, შესაბამისად, ნადირობა ხელს უწყობს გამრავლების ზრდას, ახალგაზრდა თაობის მდგრადობას, ანუ იგი წარმოადგენს ცხოველთა დაცვის აქტიურ ფორმას.
ყველა სრულად შესწავლილ სახეობებზე დადგენილია, რომ მათი პოპულაციის რიცხოვნობის ზრდა, გარკვეული რიცხოვნობის მიღწევისას, სწრაფად წყდება, რადგან მოქმდებაში ერთვებიან ეკოლოგიურ – ფიზიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც მიმართულნი არიან ცხოველთა გადატვირთვის წინააღმდეგ. ნადირობის მეშვეობით ცხოველთა ნაწილის ამოღება ხელს უწყობს პოპულაციის აღწარმოების შესაძლებლობების ამაღლებას.
უმრავლეს თანამედროვე სამონადირეო სავარგულებში, რომელბმაც ადამიანის შედეგად განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, ნადირობის ბუნებათდაცვითი მნიშვნელობა ცხოველთა მასობრივი სახეობებისთვის განსაკუთრებით დიდია.ყოველივე ზემოთთქმული იქნება მნიშვნელოვანი, თუკი იგი გაზიარებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობაში.
უკვე რამდენიმე წელია, რაც, ჯერ GIZ – ის ხოლო შემდეგ FAO – ს ჩართულობოთ საქართველოში ხორციელდება პროექტი, რომელმაც სამონადირეო სისტემის სრულყოფას უნდა შეუწყოს ხელი. თუმცა რა კეთდება ამ მიმართულებით და ვინ აკეთებს, ფართო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია მიუწვდომელია. დღემდე გაუგებარი რჩება, რა დონეზეა პროექტი.
2019 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თავის სისტემაში შექმნა სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. სანადირო სახეობათა პოპულაციები არეალების დადგენა და მათი მდგომარეობის შეფასება, ხოლო შემდგომ სანადირო სახეობათა პოპულაციების მდგრადი სარგებლობისთვის სტრატეგიული მართვის მექანიზმის შემუშავება გარკვეულწილად დაეხმარება მას, ველურ ფაუნასთან არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაში. მინდა წარმატებები ვუსურვო სააგენტოს თავისი მიზნის მიღწევაში. მის საქმიანობაშ იწყება ურთულესი ეტაპი. მას მოუწევს ქვეყანაში ველურ ფაუნასთან დაჯავშრებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

იოსებ ღუტიშვილი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები