რეკლამაspot_img

საქართველოს არქეოლოგიურ მასალაში არსებული უძველესი აბრეშუმის ქსოვილის ნაშთები

ელისო ყვავაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოში არქეოლოგიური ქსოვილის დეტალურ კვლევასადა, ზოგადად,უძველესი ადამინის საფეიქრო საქმიანობას დიდი ყურადღება მიანიჭა მკვლევარმა ქიშვარდ ისაკაძემ, რომელმაც თავისი ხანგრძლივი კვლევის შედეგები 1970 წელს გამოაქვეყნა ცნობილ მონოგრაფიაში „საფეიქრო საქმე საქართველოში უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნამდე“. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „განათლების“ მიერ, მონოგრაფიის რეცენზენტები კი გახლდნენ– ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ა. აფაქიძე და დოცენტი გ.ჯოხარიძე. აღნიშნულ ნაშრომში მოყვანილია იმდროინდელი არქეოლოგიური ქსოვილის ნაშთების ნუსხა. ამ სიაში აღინიშნება  23 ძეგლი, სადაც ძვ. წ. მე-3 ათასწლეულიდან ადრე შუასაუკუნეებამდე ნაპოვნი იყო სხვადასხვა ქსოვილის მაკროსკოპიული ნაშთი. ესენია, ძირითადად, მატყლის, ჯუტისა და სელის ქსოვილები (ისაკაძე 1970). მაგრამ აბრეშუმის ქსოვილი დაფიქსირებული იყო მხოლოდ არმაზისხევში და ამ არქეოლოგიური ძეგლის  ფენები თარიღდებაახ.წ.IIსაუკუნით. ეს აბრეშუმი რკინის ჟანგმა შეინახა (სურ.1).მაგრამ შეხებისას იფშვნებოდა და ამიტომ მისი ინვენტარის ნომრის მიცემა შეუძლებელი იყო, – წერს ქიშვარდ ისაკაძე (1970). რკინის ჟანგით დაფარული აბრეშუმის ქსოვილის ფრაგმენტები და, განსაკუთრებით, მისი ბოჭკო მაინც გადარჩა, რომლის ფოტოები  მოცემულია აღნიშნული მონოგრაფიის გვერდებზე.

არქეოლოგიური ქსოვილის კვლევის ახალი ეტაპი დაიწყო ინტერდისციპლინალური მიმართულებების გავნითარებისა და არქეოლოგიაში მათი გამოყენების შემდეგ. განსაკუთრებული როლი ენიჭება პალინოლოგიასა და მის მთლად ახალ დარგს, სახელად – „არაპალინოლოგიური ხასიათის პალინომორფები“. ესენია, მაგალითად, არქეოლოგიურ მასალაში ნაპოვნის ხის მერქნის ტრაქეალური უჯრედები, სოკოს სპორები, სელის, ბამბის, კანაფის, ჯუტის, შალისა და აბრეშუმის ქსოვილის ბოჭკო, ფუტკრისა და სხვა მწერების ბუსუსები, კლანჭები, ეპიდერმისი და უამრავი სხვა ორგანიზმის მიკროსკოპული ნაშთები, რომლებიც ყოველთვის აღინიშნება მცენარეთა მტვერთან ერთად და ადამიანის ყოფის აღსადგენად გამოიყენება. სწორედაც რომ ამ მეთოდის წყალობით,ქსოვილის ტიპების ისტორიაში გაკეთდა დიდი აღმოჩენები.

სულ პირველად პალინოლოგიური კვლევისას სელის, შალისა და ბამბის ქსოვილის ბოჭკო აღმოჩნდა საფარ-ხარაბას სამაროვნის სამარხების ორგანული ნაშთების შესწავლისას (Kvavadze, Narimanashvili 2006). აღნიშნულმა კვლევამ დაადგინა, რომ საქართველოში ბამბის ქსოვილი შემოტანილი იყო უკვე ძვ.წ. XVI-XV საუკუნეებში (Kvavadze et al. 2010), რამაც კარდინალურად შეცვალა აქამდე არსებული თეორია, რომლის მიხედვით ჩვენთან ბამბა შემოტანილი იყო ძვ.წ VI-V საუკუნეებში (ისაკაძე, 1970). მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი აღმოჩენა მიღებულია ზედა პალეოლითური ძეგლის ძუძუანას ფენების პალინოლოგიურ კვლევისას, სადაც დადგინდა, რომ ჯერ კიდევ 32-30 ათასი წლის წინ იმდროინდელი ადამიანი იყენებდა ველურ სელს, ართავდა ძაფსა და ქსოვილსაც ქსოვდა (Kvavadze et al. 2009, 2010).

სათხის სტოის სამარხიდან (ახ.წ. XIII საუკუნე)

მოპოვებული აბრეშუმის თავსაბურავის ბოჭკო

რაც შეეხება აბრეშუმს, პალინოლოგიური მონაცემებით, მისი ქსოვილის ბოჭკო პირველად აღმოჩნდა დედოფლის გორის ოთახN 18-ში, სადაც სამეფო სამკერვალო სახელოსნო იყო. აბრეშუმის ბოჭკო ნაპოვნია, აგრეთვე, ამავე ძეგლის ოთახN 1-ის თაგვის სოროში და მის ექსკრემენტებში.აღნიშნული ორივე ოთახის ფენები დათარიღებულია ახალი წელთააღრიცხვის პირველი საუკუნით  (Kvavadze, Gagoshidze 2008). რამ შეინახა ამ ძეგლის ფენებში აბრეშუმის ფაქიზი ბოჭკო? ჩვენი აზრით, რადგან სამკერვალო სახელოსნო, ისევე როგორც ოთახიN 1, დაინგრა მიწისძვრისა და გაჩენილი ხანძრის შედეგად, მოხდა ფენების ცეცხლით სტერილიზაცია. ცეცხლმა ვერ მიაღწია სახელოსნოს, სამაგიეროდ, მაღალმა ტემპერატურამ მიწით დაფარული ფენები გაასტერილა და ამიტომაც სახელოსნოს იატაკზე შემორჩა უამრავი მინერალიზებული ქსოვილის ანაბეჭდი, ქსოვილი და თავად მინერალიზებული ძაფის დახვეული გორგლები, სადაც აბრეშუმიც იყო. რაც შეეხება თაგვის სოროს, რომელიც თაგვმა აბრეშუმის ქსოვილით დაათბო, გარდა მაღალი ტემპერატურისა, ეს აბრეშუმი ამოვლებული იყო ჯერ თაგვის ნერწყვში და მერე მის ცურცლებში. სწორედაც რომ თაგვის ნერწყვმა და ეკსკრემენტებმა დღემდე შემოინახეს აბრეშუმის ბოჭკო, რომელიც მიწაში  იყო 2000 წელი.

სათხის სტოიას სამარხიდან (ახ.წ. XIII საუკუნე)

მოპოვებული აბრეშუმის თავსაბურავი

განსაკუთრებულმა და უჩვეულო პირობებმა შემოინახეს აბრეშუმის ქსოვილი ფიჭვნარის ნეკროპოლის No სამარხში, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნითაა დათარიღებული და ევროპის ფარგლებში  ყველაზე ადრინდელი აღმოჩნდა (Kvavadze, Chichinadze 2020). კუბოს დიდი ზომის ლურსმანზე შემორჩენილი იყო ხის ნატეხი და მასზე კი ქსოვილის ნაგლეჯები. მიკროსკოპულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხე ფიჭვისმერქნისაა და იგი ფისით იყო გაჟღენთილი, ფისმა კი აიწება ქსოვილი და დააკონსერვა, რადგან წიწვოვნების ფისს ანტიბაქტერიული და დეზინფექციური თვისებები გააჩნია (Grossgeim 1946; Langelhelm 2003), ქსოვილი კი სელისა და აბრეშუმის ნარევი ძაფისაა, სელის ბოჭკო ჭარბობს. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში, როგორც ხის მერქნის, ასევე ქსოვილის  შენახვას  ხელი შეუწყო როგორც ფიჭვის ფისმა, ასევე რკინის ლურსმნის ჟანგმა. ამავე, კლასიკური პერიოდის, ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება ვანის ნაქალაქარის სამარხიN 22, სადაც ღვინის სავსე ამფორაში ნაპოვნია აბრეშუმის ბოჭკო, რომელიცაქ არსებულმა ალკოჰოლმა შეინახა თითქმის 2400 წელი (ჭიჭინაძე და სხვ. 2012).

ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ჟინვალის სამაროვნისN 375 ქვის სამარხის მასალა. აქ დაკრძალული იყო 10–15 წლის გოგონა, რომლის თავის ქალაზე შემორჩა ბრინჯაოს რგოლი, რომელზედაც დახვეული იყო დაწნული თმის ფრაგმენტები (ჩიხლაძე 1993; ჩიხლაძე, ყვავაძე 2011),იქვე აღმოჩენილია ოქროს საკინძისთავები, ბრინჯაოს საკინძები და უამრავი სხვადასხვა სახის თმის სამაგრი. ინვენტარის მიხედვით სამარხი დათარიღებულია ახ.წ. VI-Vსაუკუნეებით (ჩიხლაძე, ყვავაძე 2011). პალინოლოგიური მეთოდით გამოკვლეული იქნა დაწნულის თმაში ნაპოვნი უფრო მკვრივი ორგანული ნაშთი (ნიმუში #1) და თავად დაწნული რბილი თმა (ნიმუში #2). ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი ნიმუში აბრეშუმის თავსაბურავის ნაშთი უნდა ყოფილიყო, რადგან სპექტრში ჭარბობდა აბრუშუმის ბოჭკო (დათვლილია მისი 88 ბოჭკო). აბრეშუმის დაშლილი ძაფების ნაგლეჯები მცირე რაოდენობით ნაპოვნია მიცვალებული გოგონას თმაშიც (ნიმუში #2), რომლებიც თავსაბურავიდან უნდა მოხვედრილიყო. გარდა ამისა, პალინოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მიცვალებულის თავი და, შესაძლოა, კისერიც დამუშავებული იყო ნელსაცხებლებით, რომლებიც ძირითადად სმირნას (Smyrnium) და სხვა სურნელოვან მცენარეთა ზეთზე იყო დამზადებული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გოგონას თმა სიკვდილის წინ ჭინჭრის ნახარშით იყო დაბანილი, რადგან მასში ჭინჭრის მტვრის მარცვლების დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი. აღნიშნული მცენარე აგრეთვე ანტიმიკრობულია და, რკინის ჟანგისა და ნელსაცხებლის ზეთის გარდა, მანაც შეუწყო ხელი აბრეშუმისა და თმის კონსერვაციას.

სამაჯურების რკინის ჟანგმა აბრეშუმის ქსოვილის ბოჭკო შეინახა, აგრეთვე, ბაგრატის ტაძარში აღმოჩენილ მდიდარი ქალბატონის N 50 სამარხში, რომელიც, ინვენტარის მიხედვით, თარიღდება ახ.წ.VIII საუკუნით (ბითაძე და სხვ. 2010).

გვიანი შუასაუკუნეების სათხეს ეკლესიის ახ.წ.XIII საუკუნის სტოაში (სამარხიNo 1, მეორე მიცვალებული) აღმოჩენილია ახალგაზრდა ქალბატონის ჩონჩხი, რომლის ასაკია  24-32 წელი. მის თავის ქალაზე (შუბლის არე) დაფენილი იყო ნაზი ქსოვილის, ლამაზი მთლიანი თავსაბურავი. პალინოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ იგი აბრეშუმის ქსოვილისგან იყო დამზადებული. თავსაბურავი გაჟღენთილია უამრავი მცენარის მტვრის მარცვლით და მათ შორისაა კაკალი. რადგან კაკალს ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია, შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ, რომ  აბრეშუმი კაკლის ჩენჩოს  ნახარშში იყო დამუშავებული, ან შეღებილი, რამაც ის არ დაშალა და 700 წლის მანძილზე შემოინახა.

არმაზისხევის თუთის აბრეშუმი (ისაკაძის, 1970 პუბლიკაციიდან)

არ დაშლილა აგრეთვე მიცვალებული ქალბატონის აბრეშუმის სამოსი და ხელთათმანები სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ეზოში არსებულ XIX საუკუნის აკლდამაში (სიხარულიძე და სხვ. 2012). არქეოლოგიურმა, ისტორიულმა, პალინოლოგიურმა და პალეოანთროპოლოგიურმა კვლევამ დაადგინა, რომ მიცვალებული 35-40 წლის იყო და იგი საკათალიკოსო აზნაურის ფადეი თაზიშვილის მეუღლე კეკელა უნდა ყოფილიყო და დაიკრძალა, სავარაუდოდ, 1850-1854 წლებში.

პალინოლოგიურ მეთოდით გვიანი შუასაუკუნეების აბრეშუმის ქსოვილის არსებობა დადასტურდა რამდენიმე უძველეს ხატზე, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში (ყვავაძე 2016).

მაშასადამე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აბრეშუმის ქსოვილს იცნობდნენ უკვე ანტიკური ხანიდან (ძვ.წ. IVსაუკუნე), როდესაც, როგორც ჩანს, შემოტანილი უნდა ყოფილიყო შავი ზღვით საბერძნეთიდან, რადგან მისი კვალი ნაპოვნია მხოლოდ კოლხეთის ტერიტორიაზე მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებზე, რომელთა უმეტესობა წარმოადგენდა ბერძნების კოლონიებს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით,საბერძნეთში აბრეშუმის სამოსი  არსებობდა ძვ.წ V საუკუნეში, რადგან  ვაჭრებს ეს ქსოვილი შემოჰქონდათ ჩინეთიდან და  სპარსეთიდან (Richter 1929). უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრებს აბრეშუმის ქსოვილი ფოთშიც შემოჰქონდათ (ისაკაძე 1970).

მოგვიანებით, უკვე ახ.წ. პირველ საუკუნეში, აბრეშუმის ქსოვილი გავრცელდა ქართლშიცა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში.განსაკუთრებული სიძვირის გამო (მეცნიერ რიხტერის თანახმად, მისი ფასი ოქროს უდრიდა და ზოგჯერ ოქროზე ძვირიც კი იყო) თავიდან მას ხმარობდა მხოლოდ მდიდარი ხალხი. იმიტომაცაა, რომ ამ დროისთვისაბრეშუმის ნაშთები აღმოჩენილია დედოფლის გორის სამეფო სასახლეში და არმაზისხევში, რომელიც ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანია და ქართლის მეფეთა, ერისთავების (პატიახშების) რეზიდენციას წარმოადგენდა.

რაც შეეხება აბრეშუმის ადგილობრივი წარმოების პერიოდს, არგუმენტად შესაძლებელი ხდება მოვიყვანოთ თუთის (Morus alba) ხის გამოჩენის პალეობოტანიკური კვალი. პალინოლოგიური მონაცემების მიხედვით, თუთის ყვავილის მტვრის მარცვლები პირველად აღმოჩენილია კუმისის ტბის ფსკერის დანალექებში, რომლებიც, რადიოკარბონის დათარიღების მიხედვით, ახ.წ. VII-VIსაუკუნებია (Connor 2011).  ისტორიკოსებისა და ეთნოლოგების აზრით, აღნიშნულისრულიად ემთხვევა ზუსტი მეცნიერების დასკვნას, რომელთა მიხედვითაც, ადგილობრივი წარმოება ახ.წ. VII-VIსაუკუნეებში უნდა დაწყებულიყო. ამ აზრს იზიარებდა არქეოლოგი გიორგი ლომთათიძე.

სურათების აღწერა

სურ.1. არმაზისხევის თუთის აბრეშუმი (ისაკაძის, 1970 პუბლიკაციიდან, გადიდება 20 ჯერ)

სურ. 2. სათხის სტოიას სამარხიდან (ახ.წ. XIII საუკუნე) მოპოვებული აბრეშუმის თავსაბურავი, გადიდება 50 ჯერ.

სურ.3. სათხის სტოის სამარხიდან (ახ.წ. XIII საუკუნე) მოპოვებული აბრეშუმის თავსაბურავის ბოჭკო, გადიდება 400 ჯერ.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები