რეკლამაspot_img

საშიში არსებები

ყველასათვის ცნობილია ის ეიფორია, რომელსაც თევზაობის სამზადისში განვიცდით, როდესაც გასვლა დილაადრიან არის დაგეგმილი და ამ მომენტის მოლოდინში თითქმის მთელი ღამე არ გვძინავს… მაგრამ ამ სტატიაში მინდა იმ საშიშროებებზე გიამბოთ, რომელიც შეიძლება ახლდეს თევზაობას. ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოში არცთუ ისე ბევრი არსებაა სიცოცხლისთვის საშიში. მინდა შემოგთავაზოთ საშიშ არსებათა რეიტინგი, რომელთაც შეიძლება თევზაობისას წავაწყდეთ.

გიურზა

ამ სიაში პირველობა უდავოდ უჭირავს კავკასიურ გიურზას. ერთ-ერთი მოსაზრებით ეს გველი ადრე კავკასიაში არ ბინადრობდა და იგი აზიიდან შემოიყვანეს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან არსებობს ქვეწარმავლის ჯიში – კავკასიური გიურზა. მართალია, იგი დიდი რაოდენობით არ იყო ადრე, მაგრამ ამის მიზეზი გიურზას ბინადრობის ადგილას ცხვრის ფარის მკვეთრი კლებაა, ვინაიდან ისინი დიდი რაოდენობით გველს ანადგურებდა, განსაკუთრებით მაისი – ივნისის პერიოდში, როდესაც გიურზა ბუდობს. დრესდღეობით კი ცხვრის ფარები გიურზას ბინადრობის ადგილებში ძალიან შემცირდა, რამაც გამოიწვია მისი მომრავლება. გიურზას შხამი იწვევს სისხლძარღვების კედლების გათხელებას, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს. კბენიდან ნახევარი საათის განმავლობაში ადამიანი განიცდის მწარე ტკივილს ნაკბენის ირგვლივ, შემდეგ მას ეწყება უხვი ნერწყვგამოყოფა და გულისრევა, გულისა და სასუნთქი ორგანოების დისფუნქცია. თუ ადამიანს, გიურზას კბენის შემდეგ, უმოკლეს დროში არ გაეწია სამედიცინო დახმარება, 2-7 საათის განმავლობაში შეიძლება დაიღუპოს.

ზღვის დრაკონი

შხამის ტოქსიკურობით, რაც არ უნდა გასაკვირი ოყოს, რეიტინგის მეორე ადგილს იკავებს შავი ზღვის ბინადარი, ზღვის მორიელი ანუ ზღვის დრაკონი. იგი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ზღვის ღორჯოს, საბედნიეროდ, ზღვის დრაკონი არცთუ ისე ხშირად ხვდება მეთევზეთა ნემსკავზე. მისი შხამი მოთავსებულია ზურგის ფარფლებში განლაგებულ ეკლებში. თუ ეს ეკალი მეთევზეს შეერჭობა ხელში, იგი მომენტალურად განიცდის მწვავე ტკივილს, რომლისგანაც შეიძლება გონება დაკარგოს, შემდგომი 10-15 წუთის განმავლობაში ჩხვლეტის ადგილი სივდება და ერთ საათში აღწევს მაქსიმუმს. დაზარალებულს შეემჩნევა ღებინება, უჭირს სუნთქვა, და უწევს სიცხე. ზღვის მორიელის ნაჩხვლეტი შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს, ასე რომ, რაც უფრო სწარფად აღმოუჩენენ დაზარალებულს სამედიცინო დახმარებას, მით უკეთესი.

ზღვის კატა და ზღვის მელია

ზღვის კატა და ზღვის მელია – ეს ორი არსება შეიარაღებულია საკმაოდ დიდი, 15-20 სანტიმეტრიანი ეკლებით კუდთან. საფრთხის დროს ეს თევზები უეცრად ესხმიან თავს კუდით და ეკალს ასობენ თავდამსხმელს. ეკალი შხამიანია და ხშირად ჭრილობაშივე რჩება. მისი დარტყმა ბლაგვი დანის ჩასობას ჰგავს და იწვევს მწვავე ტკივილს, რომელსაც მოჰყვება დაზიანებული ადგილის გასიება. 10-15 წუთის შემდეგ ტკივილს ემატება თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, გულისცემის რიტმის დარღვევა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ჭრილობიდან ამოვიღოთ ეკლის ნარჩენები და სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს.

ფალანგა

ობობისებრთა ოჯახის სახიფათო წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება თევზაობისას წააწყდეთ, არის ფალანგი. მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, ფალანგი არ არის შხამიანი. იგი შეიარაღებულია საკმაოდ დიდი ეშვებით (ხილიცერებით), ამიტომაც მისი კბენა საკმაოდ მტკივნეულია. საშიშროება ისაა, რომ ბაქტერიული გარემო ხილიცერების ირგვლივ ძალიან მავნებელია, სწორე ამ ბაქტერიების მოხვედრა ღრმა ჭრილობაში, რომელიც კბენის მერე წარმოიქმნება, იწვევს კანის ნეკროზსა და სხვა, არანაკლებ უსიამოვნო შედეგებს. კბენის შემდეგ, საჭიროა ჭრილობის დეზინფიცირება და სამედიცინო დამხარები მიღება. ფალანგა ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოში.

გველგესლა

ქვეწარმავალთა კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელმაც უსიამოვნება შეიძლება მოგვაყენოს არის გველგესლა. საქართველოში მისი 2 ნაირსახეობა ბინადრობს – ჭრელი ანუ მინდვრისა და ჩვეულებრივი გველგესლა. ამ ქვეწარმავლის შხამი მომაკვდინებელი არაა, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი არ არის ალერგიული და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ აქვს. მიუხედავად ამისა, მისმა ნაკბენმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. ეს გველი ძალიან ხშირად ძვრება თევზის შესანახ ბადეში, ამოღებისას ვერ გარბის და ესხმის თავს მეთევზეს. ნაკბენი სივდება და იწვევს მაღალ სიცხესა და ორგანიზმის საერთო დისკომფორტს. ექიმთან მიმართვა აუცილებელია. გველგესლა ბინადრობს მთელს საქართველოში და განსკაუთრებით ბევრია იგი დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე.

მორიელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბინადრობს კავკასიური (შავი) და მეგრული (მოყავისფრო) მორიელი. ამ მწერების შხამი ადამიანისთვის სასიკვდილო არ არის, ნაკბენის შეშუპება და საერთო დისკომფორტი, ეს მაქსიმუმია, რაც შეიძლება დაგვემართოს, თუ, რა თქმა უნდა, ალერგიული ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ გვაქვს. ბინადობენ ეს მწერები ნესტიან ადგილებში, მორებისა და ქვების ქვეშ, ამიტომ ცოცხალი სატყუარის ძებნის დროს სიფრთხილე გვმართებს.

ზღვის ჩიქვი

შავ ზღვაში ბინადრობს თევზი, რომელიც იჭმევა და რომლისგანაც დამზადებული უხა დელიკატესად ითვლება, ეს არის შავი ზღვის ჩიქვი. ამ თევზს მეთევზეთათვის ერთი ფრიად არასასიამოვნო სურპრიზი აქვს ზურგის ფარფლებში განლაგებული შხამიანი ეკლების სახით. მისი ნაჩხვლეტი არ არის სასიკვდილო, მაგრამ დიდხანს არ ხორცდება და შეიძლება მაღალი სიცხის მიზეზიც გახდეს. ამიტომ თუ ეს თევზი ნემსკავზე დაგიჯდათ, ფრთხილად იყავით მისი განთავისუფლებისას.

ბზიკი, კრაზანა, ხარაბუზა…

ეს ის მავნე, აგრესიული მწერებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვკბენენ. ერთი კრაზანის კბენა, რა თქმა უნდა არასასიამოვნოა, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ადამიანს მასობრივად ესხმიან თავს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 20 და მეტ ეგზეპლარს უკბენია და ამას ფატალური შედეგი გამოუწვევია.

ველის ტკიპა

ველის ტკიპა სახიფათო და ხშირად სასიკვდილო ვირუსული დაავადებების გადამტანია, ამიტომ თუ შეამჩნევთ ტკიპას, რომლემაც გიკბინათ და ამას მოჰყვება მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მურა დათვი, მგელი

ალაბათ გასაგებია, ზიანის მიყენება შეუძლიათ მურა დათვსა და მგელს თავდასხმის შემთხვევაში, ამიტომ სავალალო შედეგების აღწერით თავს არ შეგაწყენთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზემოთ აღწერილი არსება, ადამიანს ვნებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ცხოველი გაურბის ადამიანს, ერიდება მას. ამიტომ თუ თქვენ არ გექმნებათ საშიშროება, ტყუილად ნუ მოკლავთ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ჰიპოთეტურად სახიფათონი არიან.

P.S. ყველაზე სახიფათო არსება, რომელსაც შეიძლება შეხვდეთ თევზაობისას, არის მთვრალი მეთევზე მეზობელი ბანაკიდან! მას არც შხამი აქვს და არც ეშვები, მაგრამ თავისუფლად შეუძლია გაგიფუჭოთ თევზაობის მშვენირი საათები.

შოთა კვარაცხელია

საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები