რეკლამაspot_img

ტყისა და ველის ხანძრები

ტყისა და ველის ხანძრები

კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე ტყისა და ველის ხანძრები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ხოლო კლიმატის ცვლილების სამომავლო სცენარების თანახმად, ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური გახდება მათ შორის – საქართველოშიც.
წარმოშობის ტიპების მიხედვით, ხანძრები შესაძლოა იყოს ბუნებრივი წარმოშობისა (კლიმატური მოვლენების – მეხი, ელვა, მაღალი ტემპერატურის შედეგად თვითაალება) და ანთროპოგენული. როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს შემთხვევაში დადგენილია, რომ 90%-ზე მეტი ხანძრის შემთხვევა ადამიანის დაუდევრობითაა გამოწვეული. ამ შემთხვევაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ არასწორად დანთებული და უყურადღებოდ მიტოვებული კოცონი, არამედ ნარჩენი (მათ შორის–საყოფაცხოვრებო), რომელიც ტყეში რჩება.
საქართველოს შემთხვევაში ყველაზე დიდ პრობლემას სათიბების, საძოვრებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ე.წ. „გადაწვის“ პრაქტიკა წარმოადგენს, რომელსაც ფერმერები და მწყემსები იყენებენ.

რაც შეეხება ხანძრის კატეგორიას, განასხვავებენ დაბლით (ნიადაგის ზედაპირზე, ტყის ჩამო­ნაყარზე, ხმელ ბალახზე, ხმელ ფოთლებსა და ჰუმუსის საფარის ზედა ნაწილებზე მოდებული ცეცხლი), მაღლით (როდესაც ცეცხლი გადადის ან უკიდია ხის ღეროსა და ვარჯს) და მიწისქვეშა ხანძრებს (ეს უკანასკნელი დამახასიათებელია ტორფნარისთვის და, საბედნიეროდ, საქართველოში ნაკლებადაა ან არ გვხვდება).
ხანძრის კატეგორიისა და ასევე, ხანძრით მოცული ტყის ფართობის მახასიათებლების მიხედვით, ზიანი შესაძლოა სხვადასხვა იყოს.
მაგალითისთვის, დაბლითი ხანძრების უმეტესობისას ეკოსისტემას, შეიძლება ითქვას, ნაკლები ზიანი ადგება, ბუნებრივი პროცესების გათვალისწინებით, ასეთმა ხანძრებმა (მაშტაბსაც გააჩნია) გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა დადებითად იმოქმედოს, რადგანაც იწყება სუქსცესია, ხდება ბიომრავალფეროვნების ბუნებრივი განახლება და უფრო მდგრადი ეკოსისტემის ჩამოყალიბება. ამიტომ ამ მიზნებისთვის ბევრი ქვეყანა ხელოვნურადაც იყენებს „მართულ ხანძრებს“.
მაღლითი ხანძრის ზიანი გაცილებით დიდია, ამ დროს ნადგურდება ხე-მცენარეები, რაც შემდგომ მთლიან ეკოსისტემაზეც მოქმედებს. წიწვოვანების შემთხვევაში ზიანი გაცილებით მასშტაბურია, ფოთლოვანის შემთხვევაში შესაძლოა რიგი მცენარეებისა შენარჩუნდეს და რეგენერაციაც განიცადოს. ნებისმიერი ტიპისა და კატეგორიის ხანძრის შემთხვევაში საფრთხე იმისა, რომ მნიშვნელოვანი ზიანი და ზარალი მიაყენოს როგორც ეკოსისტემას, ასევე ინფრასტრუქტურასა და ადამიანს, საკმაოდ მაღალია.

ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, უკანასკნელი 10 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო (აბასთუმანი 2006 წელს, ბორჯომი 2008 წელს, რაჭა 2010 წელს, ბორჯომი 2017 წელს), სადაც დიდ ტერიტორიებზე (10 ჰა და მეტი) განადგურდა ხემცენარეები. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლამდე წელიწადში საშუალოდ 60-70 შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო ორი წლის მონაცემებით, შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია.

2020 წლის მონაცემი 16 მარტის მდგომარეობით.
შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებები უნდა პასუხობდეს ამ გამოწვევებს და მათ შორისაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ტყისა და ველის ხანძრების წარმოშობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ტყეში ყოფნისას სახანძრო უსაფრთხოებას უკავშირდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესით დადგენილია ტყეების ხანძრებისაგან დაცვის საერთო მოთხოვნებიც:

  • სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დან­თება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცე­ულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწ­მენ­დავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
  • სახელმწიფო ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხან­ძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში.
  • ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კე­რი­დან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) ადგილის გაწმენდას.
  • დამზადებული ხე-ტყის დაწყობა უნდა წარმოებდეს მხო­ლოდ ღია ადგილებში და ხე-ტყის სასაწყობო ადგილები უნდა იყოს გაწმენდილი ადვილად აალებადი მასალებისაგან.
    საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია საჯარიმო სანქციებიც: ადმინისტრაციული ჯარიმა 200-400 ლარამდეა, რასაც ემატება თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა (რომლის გაანგარიშებაც სპეციალური მეთოდოლოგიით ხდება) და თუ აღნიშნული თანხა 1000 ლარს აღემატება, დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

 

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები