რეკლამაspot_img

„ქათამურა“

„ქათამურა“ ხელნაკეთი ნამუშევრების სახელოსნოა, რომელიც საქართველოს ველურ ბუნებაში გავრცელებული სახეობების პოპულარიზაციას ეწევა. ამზადებენ როგორც ენდემურ სახეობებს, ასევე – არაენდემურებს, ბუნებაში ხშირად შემხვედრ ცხოველებს და ისეთებს, რომლებიც ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის.
ამჟამად, ჯგუფში ოთხი ადამიანია: თომა გლურჯიძე, თათია თვალაძე, ლუკა ტყემალაძე და ნინო ტორიაშვილი.
სახელოსნო დაარსდა 2017 წლის ნოემბერში. სახელი „ქათამურა“ შეარჩიეს გარეული ფრინველის „ქათამურას“ საპატივცემულოდ, რომელიც იმ პერიოდში თომასა და თათიასთვის საყვარელი ფრინველი იყო. თომა და თათია სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები არიან. დაამთავრეს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. ამის პარალელურად პატარა ქანდაკებებსა და კონსტრუქციებზეც უმუშავიათ ერთობლივ პროექტებში. როცა უნივერსიტეტი დაამთავრეს, გადაწყვიტეს, თავიანთი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დაეწყოთ საკუთარი, დამოუკიდებელი საქმე, რომელიც თან სახალისო იქნებოდა და, ამავდროულად, შემოსავლის წყაროც გახდებოდა. „ქათამურამ“ შექმნიდან მოკლე ხანში ინტერესი გამოიწვია, მართალია, არც ისე დიდ აუდიტორიაში, თუმცა ესეც საკმარისი იყო. თანდათან უფრო და უფრო მეტს მოეწონა იდეა და შესრულების ტექნიკა. ნელ-ნელა თემატური შეკვეთებიც მოგროვდა, რომლებიც ასე გამოიყურებოდა: ხისგან გამოთლილი ფაუნის წარმომადგენლები, რომლებსაც მოჰყვება ზოგადი, მოკლე ინფორმაცია ბროშურის სახით. შემდეგ თომამ და თათიამ ლუკა გაიცნეს. ლუკას ეხერხება სხვადასხვა ტექნიკით და მასალით მუშაობა და პირველივე ცდაზე აღმოჩნდა, რომ ხისგან ფიგურების გამოთლაც მშვენივრად გამოსდის. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მას თეორიული ცოდნა აქვს საქართველოს ველური ბუნების შესახებ. ზოოპარკის მოხალისე იყო ბავშვობიდან, ამჟამად ზოოპარკის თანამშრომელია და პარალელურად სწავლობს ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგად ერწყმის „ქათამურას“ იდეას. შემდეგ ნინოც შემოუერთდა გუნდს, რომელიც ასევე ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. დაინტერესებულია ფლორით და აპირებს ბოტანიკოსობას. ქალაქიდან გასვლისას ყოველთვის აგროვებს ველური ფლორის ერთეულ ნიმუშებს, აქვს ჰერბარიუმი, რომლისგანაც შემდეგ სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების აქსესუარებს ამზადებს. ეს ცალკე პატარა განხრაა „ქათამურაში“ – ველური ფლორა, რომელიც ბევრს მოეწონა. აქსესუარებს ასევე აწერია მცენარის ლათინური სახელწოდება, ამიტომ ვინც დაინტერესდება იმით, თუ რა მცენარისგან შედგება, მაგალითად, მისი ბროში, მარტივად მოიძიებს ინტერნეტში ან შესაბამის წიგნებში. ნინოს აქსესუარები უმეტესად პატარა გამოფენა-გაყიდვებზეა წარმოდგენილი და ნაკლებად დამოკიდებულია შეკვეთებზე. ნინოს აქსესუარებიც ბევრს მოეწონა, მსგავსად ფაუნისა, ფლორის ეს აქსესუარებიც ლიმიტირებულია, რადგან ხელით მზადდება მისი ფორმა და სხვა დეტალები.

„ქათამურას“ ძირითადი სამუშაო მასალა არის ცაცხვი. აღმოჩნდა რომ დეტალიზებული, მომცრო ფიგურის გამოსათლელად იგი მოსახერხებელი მასალაა, რბილი და ერთგვაროვანი. პირველ ეტაპზე ჭრიან ფიგურის ზოგად ფორმას, სილუეტს. რომელსაც შემდეგ ამუშავებენ სპეციალური დანებით, საჭრეთლებით, სხვადასხვა ფორმის ქლიბებით, საჭიროებისამებრ – ბორმანქანით და ზუმფარით. ბოლოს ღებავენ წყლის საღებავებით და ფარავენ დამცავი ლაქით. ფიგურა უმეტესად აკვარელით იხატება, რომელიც ასევე გამჭვირვალეა და ნაწილობრივ ხის ფაქტურასაც ტოვებს. თითოეულ ფიგურას აქვს მისთვის შერჩეული, სხვადასხვანაირი დიზაინის სადგამი. ძირითად შემთხვევაში სადგამები ნაკლებად გადატვირთული, მინიმალისტური და მარტივია. როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, ჰქონიათ ბევრნაირი სადგამი, მაგრამ ცდილობენ, რომ ძირითადი აქცენტი მაინც თვითონ ცხოველზე იყოს. ხშირად იყენებენ სპილენძის, თითბრის ან ალუმინის მცირე დეტალებს: ფრინველის ნისკარტისთვის, ფეხებისთვის, ჩლიქოსანთა რქებისთვის და ა.შ.  მასალად იყენებენ  ხეს, მაგალითად, ცაცხვს,  რომელიც ავეჯისთვის უვარგისია, თუმცა ფიგურებისთვის გამოსადეგია. ასევე აგროვებენ ბუნებაში ჩამოვარდნილ ან უკვე მოჭრილ ტოტებს.
მათთვის თანაბრად საინტერესო და სახალისოა ნებისმიერ სახეობაზე მუშაობა, იქნება ეს ძუძუმწოვარი, ფრინველი, მწერი, ამფიბია, ქვეწარმავალი თუ თევზი. შეკვეთებს იმის მიხედვით ინაწილებენ, თუ რომელს აქვს დრო, ან რომელს უფრო ეხალისება (ან გამოსდის). მაგალითად, თომას ეხალისება და ეხერხება ქვეწარმავლები და ამფიბიები. ასევე ჩლიქოსნები, მაგალითად ჯიხვი. ლუკასთვის ყველაზე ახლოსაა ფრინველების თემა. თათიასთვის – ხან როგორ, ხან როგორ, კონკრეტულად საყვარელი „ჟანრი“ არა აქვს. ფიგურებს ხშირად უკვეთავენ საჩუქრებისა ან პირადი კოლექციისთვის. არსებობს 4-5 ადამიანი, რომელიც, პერიოდულად საკუთარი „ქათამურას“ კოლექციისთვის უკვეთავს. მსგავსი ფაქტები დიდ სტიმულს აძლევს ჯგუფის წევრებს. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როცა შრომასა და ჩანაფიქრს გიფასებენ.
რადგან ყველა ნივთი ხელნაკეთია, ორი იდენტური ფიგურა ვერ გამოვა, შეიძლება დაამზადონ მსგავსი, თუმცა განსხვავება მაინც ბევრ ნიუანსში იქნება. ამიტომ გამოდის, რომ ყველა ნივთი ერთადერთია. ყველაზე პოპულარული სახეობები, რომლებსაც უკვეთავენ, არის ტყის ბუ, შაშვი, მერცხალი, ჯიხვი, ზღვის ცხენი და ა.შ. ჯერ კიდევ ბევრი სახეობა დარჩათ გასაკეთებელი და „ასათვისებელი“ სხვადასხვა ინტერპრეტაციით, ამიტომ არ თვლიან რომ ამ თემას მარტივად ამოწურავენ.
ფიგურის ფასი დამოკიდებულია სირთულესა და დეტალებზე. საშუალო ფასი 50-70 ლარია, რასაც ადექვატურად მიიჩნევენ, ნამუშევრის სირთულისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. საქართველოს გარეთ მათი ფიგურები ჯერჯერობით არ იყიდება, რადგან გაგზავნა სირთულესა და ხარჯებთანაა დაკავშირებული.
„ქათამურას“ წევრები აპირებენ ეტაპობრივად გაამრავალფეროვნონ თავიანთი პროდუქცია, შემოიტანონ სიახლეები და ეცადონ საქართველოს ველური ბუნების პოპულარიზაციას სხვადასხვა მხატვრულ-დეკორატიული ხერხით.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები