რეკლამაspot_img

ქართველთა მიწათმოქმედების საკითხები გარემოსთან მიმართებაში

ქართველი ხალხის ერთ-ერთი ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მიწათმოქმედება იყო, რომელიც  ჩვენში საუკუნეებს ითვლის.  XIX ს-ის პირველ ნახევარში საქართველოში არსებობდა როგორც სახელმწიფო, ისე საბატონო და საეკლესიო მიწები. ბარის რაიონებში მხოლოდ ნაწილობრივ იყო შემორჩენილი სათემო მიწათმფლობელობა, იგი გაბატონებული იყო მთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, თუმცა აქაც, უმეტეს შემთხვევაში, სახნავი მიწა ცალკეული ოჯახების საკუთრებას წარმოადგენდა. იქ, სადაც მიწა სათემო საკუთრებაში იყო, პერიოდულად ხდებოდა მისი გადანაწილება.
მეურნეობის ფორმები განპირობებული იყო ფიზიკურ-გეოგრაფიული მრავალფეროვნებით. ამ თვალსაზრისით მეურნეობის სამი ძირითადი ტიპი გამოიყოფოდა: მთაში მესაქონლეობა მთის მიწათმოქმედებასთან იყო შერწყმული; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უპირატესობა ჰქონდა ბარის მიწათმოქმედებას (სარწყავი და ურწყავი მიწათმოქმედება), მევენახეობას; ბარის მესაქონლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას იყო დაქვემდებარებული. დასავლეთ საქართველოს ბარის მიწათმოქმედება ძირითადად იმით განსხვავდებოდა აღმოსავლეთისაგან, რომ პირველში ძირითადი მარცვლეული კულტურა ღომი იყო (მოგვიანებით – სიმინდი), მეორეში – პურეული კულტურები.

საქართველოს დიდ ნაწილში მემინდვრეობას უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მოყავდათ ხორბალი, ქერი, ფეტვი, ფეტვის ნაირსახეობა ღომი, ჭვავი. მოგვიანებით დასავლეთ საქართველოში ღომის კულტურა სიმინდის კულტურამ გამოდევნა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხორბლეულის 16 სახეობიდან საქართველოში გავრცელებული იყო 11. საქართველოსთვის ენდემური იყო მახა, ზანდური, კოლხური ასლი. საერთოდ, საქართველო მცენარეთა და, კერძოდ, მარცვლეული კულტურების წარმოქმნისა და ფორმირების ერთ-ერთი ძველი კერაა. ქართული მიწათმოქმედების კულტურა წარმოადგენდა რთულსა და მთლიან სისტემას, რომლის შემადგენელი ელემენტები საუკუნეთა განმავლობაში მუშავდებოდა და ყალიბდებოდა. ქართლის მაგალითზე ეს რთული და მრავალმხრივი სამიწათმოქმედო სისტემა შეიცავს სხვადასხვა სახის შრომის პროცესებს, როგორებიცაა: მოკარვება, გაპოხიერება, ხვნა, ფარცხვა, მორწყვა, თესვა, მარგვლა, მკა, ლეწვა, შენახვა, დაფქვა და სხვ. გლეხობას საკმაო ცოდნა ჰქონდა ნიადაგისა, განსაზღვრავდა მის სინოტივეს, წყალგამტარიანობას, განასხვავებდა მაგარ, რბილ, მძიმე, მშრალ, სქელ, ცივ, ქვიშაქვიან, დამზრალ და დახრუკულ ნიადაგებს. ამას თან ახლდა მორწყვის რთული სისტემა. მინდვრის მოსარწყავად იყენებდნენ მდინარეებს, ნაკადულებს, წყაროებს, აგებდნენ გოდორყურეებს, გაჰყავდათ დიდი, საშუალო და პატარა რუები და არხები; აწყობდნენ რუსხმულებს. ფართოდ იყო გამოყენებული კოოპერაციული შრომა და დაქირავებულ მერუეთა ინსტიტუტი.
რთული იყო ახოს აღებაც (ნაკაფი, ნატეხი, ნაქორჩნი, ასხეპილი, შემოყვერვა, დაწვა და სხვ.).
გამოირჩეოდა ხვნის წესები დაბლობსა, მთის ფერდობებსა და მაღლობებზე. იცოდნენ აოშვა, გადახვნა, დასვენება, თესლის ბრუნვა. ქართველმა მიწათმოქმედმა საუკუნეთა განმავლობაში შეიმუშავა სახვნელი იარაღების სხვადასხვა სახეობა, შეპირობებული კონსტრუქციული და ფუნქციური თავისებურებებით.
სახვნელი იარაღებისაგან იქმნებოდა შესაბამისი სამეურნეო შრომითი გაერთიანებანი: რიგრიგა, ნაცვალგარდა, მოდგამი, ემბაზი, ულამი, ნადი და სხვ.
შრომითი ურთიერთდახმარება ქართველებმა საერთოდ მეურნეობის თითქმის ყველა სფეროში იცოდნენ. მას დიდი ტრადიციები ჰქონდა მიწათმოქმედებასთან, მესაქონლეობასთან დაკავშირებული სამუშაოების დროს, აგრეთვე სახლის მშენებლობისას იცოდნენ გაჭირვებული ოჯახის დახმარება (ქვრივ-ობლების, მოხუცების, უსახსრო ოჯახების). ურთიერთდახმარების დროს რომელ ოჯახსაც ეხმარებოდნენ, დღის ბოლოს ის ოჯახი დამხმარეებს უმასპინძლდებოდა. გაჭირვებული ოჯახის დახმარების შემთხვევაში საგზალი დამხმარეებს მოჰქონდათ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინებისა, მიწათმოქმედების სამუშაოების შესრულებისას, შრომის ორგანიზაციის აღნიშნული ფორმა სხვა სახელწოდებებითაც აღინიშნებოდა: დაძახილი, მამითადი, ოჩხარი, მომკილი, ხარნადი. მესაქონლეობასთან დაკავშირებული ყოფილა შრომის ორგანიზაციის ისეთი ფორმები, როგორებიცაა: ონარეობა, ანუ მეცხვარეების გაერთიანება და ოკოთური – სამეგრელოში მეჯოგეთა გაერთიანება. მონარეობა ტერიტორიულ-მეზობლური გაერთიანება იყო. ის სეზონურადა ხდებოდა და ცხვრის ყველა მეპატრონე თანასწორუფლებიანი იყო.
მიწათმოქმედების იარაღებიდან შეიძლება დავასახელოთ შნაკვი, რომელიც ენდემური კულტურების – მახასა და ზანდურის ასაღებად გამოიყენებოდა, რადგან ამ კულტურების ნამგლით მკა არ შეიძლებოდა. საჭირო იყო შნაკვით თავთავების ფრთხილად მოგროვება. ბარის რაიონებში ფართოდ გამოიყენებოდა ხორბლის სალეწი იარაღი კევრი. საქართველოს ტერიტორიაზე კევრის გამოყენება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში იყო ცნობილი.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განვითარებული იყო ტერასული მეურნეობა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, როგორც მტკვრის ხეობა, ისე ჭოროხის მთელი აუზი. ტერასულ ნაკვეთებს შორის ქვის კედლებია აგებული. ორ კედელს შორის მოქცეული მიწის ზოლი, რომელიც სხვადასხვა ფართობისაა, არის ტერასა, ანუ კულტურათა გასაშენებლად შექმნილი და ხელოვნურად დაბაქნებული ადგილი. ტერასების საშუალებით ქართველი გლეხი მიწის ყოველ გოჯს იყენებდა. ტერასებს იყენებდნენ როგორც მემინდვრეობისთვის, ისე – მებაღეობისა და მევენახეობისათვის. საუკუნეების წინ აგებულ ტერასებს ჭოროხის ხეობაში დღესაც იყენებენ ადგილობრივი გლეხები, სადაც ტერასების სართულთა რაოდენობა ხშირად 15-20-მდე აღწევს.

როდესაც  მორწყვის კულტურაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ ითქვას იმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგიერთ მხარეში იცოდნენ არა მხოლოდ დამუშავებული მიწის მონაკვეთების მორწყვა, არამედ – სათიბებისაც. სათიბების მორწყვის ტრადიცია იყო და არის სვანეთში. რწყვის შედეგად სათიბი ერთი ზაფხულის განმავლობაში ორჯერ ითიბება. სათიბების მორწყვის ტრადიცია აჭარასა და შავშეთ-იმერხევშიც არსებობს. საქართველოს ამ ისტორიულ მხარეში პირველ მოთიბულს – თივას უწოდებდნენ, მეორედ მოთიბულს – მორჩვს.
ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მიწათმოქმედება გარემო პირობებთან ადაპტაციის პირობებში განავითარა. ყოველმა გლეხმა კარგად იცოდა, როგორ შეეწყო ესა თუ ის სამეურნეო დარგი გარემოსთვის, ეკოსისტემის დაცვა მიწათმოქმედების მთავარი ამოცანა იყო, ვინაიდან კარგად იცოდნენ რომ ბუნების დაზიანება მასვე დააზარალებდა. იგივე ნადირობაა და აღნიშნული მსგავსებაც ბუნებრივია.   

 

 ENG 

The Georgian people have cultivated land for centuries in terms of adaptation to environmental conditions. Every peasant knew well how to adjust each field of agriculture to the environment. Protection of the ecosystem was the main task of farming, because they knew well that the damage to nature would hurt him.     

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები