რეკლამაspot_img

ყველაზე შთამბეჭდავი გეოგრაფიული ჟურნალი

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპელ მოგზაურთა, მკვლევართა და გეოგრაფთა მრავალრიცხოვან ექსპედიციაში მონაწილეობის შედეგად დაგროვდა აურაცხელი მასალა დედამიწის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ადგილების შესახებ, მეცნიერთა კვლევის შედეგები პერიოდულად ქვეყნდებოდა წიგნებისა თუ ცალკეული პუბლიკაციების სახით, თუმცა ეს ლიტერატურა სრულად ვერ აკმაყოფილებდა საზოგადოების გაზრდილ მოთხოვნილებას, სისტემატურად გასცნობოდა ინფორმაციას ახალი აღმოჩენებისა და ბუნების საოცრებების შესახებ. ხალხის ინტერესს შესანიშნავად აუღო ალღო ფრანგმა ლიტერატორმა, გამომცემლობა „Hachette“-ის დირექტორმა, ჟურნალისტმა და რედაქტორმა – ედუარდ შარტონმა, რომელმაც გადაწყვიტა, მკითხველები ორიგინალური ჟურნალის დაარსებით გაეხარებინა. ამ ნიჭიერ ადამიანს უკვე ჰქონდა გამოცდილება ილუსტრირებული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით პარიზის ამავე გამომცემლობაში იბეჭდებოდა გაზეთი „Illustratios“ და ჟურნალი „Le Magasin pittoresque“ („მომხიბვლელი ჟურნალი“). ორივე პერიოდული გამოცემა დამშვენებულოი იყო ხის საგრავიურო დაფაზე დაბეჭდილი გრავიურებით, რამაც მათ განსაკუთრებული პოპულარობა შესძინა.

ედუარდ შარტონის ინოვაციური იდეა ითვალისწინებდა უხვად ილუსტრირებული სამოგზაურო-გეოგრაფიული ჟურნალის დაბეჭდვას. ახალი ყოველკვირეული გამოცემის წარმატება უკვე გარანტირებული იყო, რადგან მასში უნდა ასახულიყო თანამედროვე ეპოქის (XIX –XX ს.ს.) ყველა მნიშვნელოვანი ექსპედიციის დროს მოპოვებული საინტერესო მასალები შეუზღუდავი შინაარსითაა და მაღალი ხარისხის შავ-თეთრი გრავიურებით. ჟურნალის სათაურიც შესაფერისი იყო – „Le Tour du monde” („მსოფლიოს გარშემო“). ამ პერიოდული გამოცემის პირველი ნომერი ოფიციალურად დარეგისტრირდა 1860 წლის 1 იანვარს. ყოველკვირეულმა ჟურნალმა ერთგული მკითხველების მთელი „არმია“ შეიძინა. მას არ დაუკარგავს პოპულარობა მომდევნო 50 წლის განმავლობაში. ჟურნალის ბოლო ნომერი დაიბეჭდა 1914 წლის 31 ივლისს.
ახალ კოსმოპოლიტურ სამოგზაურო ჟურნალში სტატიების დაბეჭდვა შეეძლოთ როგორც ფრანგ, ასევე სხვა ქვეყნების მეცნიერებს. ის მრავალფეროვანი რუბრიკებითაც გამოირჩეოდა და მოიცავდა ყველა თემას მეცნიერ-გეოგრაფთა ინტერესების სფეროდან: ზღვაოსნობას, კარტოგრაფიას, კლიმატს, ფლორასა და ფაუნას, არქეოლოგიას, სპელეოლოგიას, ეთნოლოგიას და არქიტექურასაც კი. ჟურნალის ყოველი ნომერი შედგებოდა რამდენიმე გვერდისგან. წლის ორივე ნახევრის მასალები შემდგომ ერთად იკინძებოდა საერთო პაგინაციით და ცალკ-ცალკე გამოიცემოდა ნაწილების („სემესტრების“) სახით. ჟურნალები წლების განმავლობაში გამოიცა ორ სერიად. პირველი სერია მოიცავდა 1860-1894 წლებს, მეორე კი – 1895-1914 წლებს.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ფონდში დაცულია ზემოთ აღნიშნული 1860 წლის ამ ფრანგულ პერიოდულ გამოცემათა კრებულის მეორე ნაწილი („2-me semester de 1860“). სამწუხაროდ, ჯერჯერობით ხელთ არა გვაქვს 1860 წლის კრებულის პირველი ნაწილის ჟურნალი (N°008, 20 ET 21), რომელშიც დაბეჭდილია კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ძალზე საინტერესო წერილები (30 გვ.) შესაბამისი ილუსტრაციებით. სტატიების სათაურებია: „Voyage au littorale de la Mer Caspienne“(„მოგზაურობა კასპიის ზღვის სანაპიროზე“) და „Voyage à la mer Caspienne et à la Mer Noire“(„მოგზაურობა კასპიის ზღვასა და შავ ზღვაზე“). ორივე წერილის ავტორი და ილუსტრაციების მხატვარი გახლავთ ალექსანდრე დიუმას კომპანიონი რუსეთსა და კავკასიაში მოგზაურობის დროს – ჟან პიერ მუანე (Jean-Pierre Moynet). მეორე სტატიას ახლავს ფრანგული პერიოდული გამოცემების წამყვანი დიზაინერისა და ქსილოგრაფის, ემილ ტერონის (Emile Therond) მიერ დახატული თბილისის ხედიც.
1860 წლის ჟურნალების კომპლექტის მეორე ნაწილი (416 გვ.) წარმოდგენას გვიქმნის, მთელი გამოცემის მრავალწახნაგოვან შინაარსსა და მაღალ პოლიგრაფიულ ხარისხზე. წიგნის დასაწყისში დაბეჭდილია ილუსტრაციებისა და რუკების სია, რასაც მოჰყვება სარჩევი რუბრიკებითა და სტატიების სათაურებით. კრებულში გაერთიანებულია ჟურნალების სხვადასხვა ნომერში დაბეჭდილი მასალა დედამიწის სრულიად განსხვავებული რეგიონების გეოგრაფიაზე, ეთნოგრაფიასა და ბუნებაზე. აქ ნახავთ სამეცნიერო სტატიებს: ამერიკის, აფრიკის, ავსტრალიის, სპარსეთის, იტალიის, სკანდინავიის, იაკუტიისა და საფრანგეთის რეგიონების შესახებ.
ამავე წლის კრებულში გამოქვეყნებულია ცნობილი ინგლისელი ნატურალისტისა და მოგზაურის, ჩარლზ დარვინის სტატიის ფრანგული თარგმანი სათაურით -„ნატურალისტის მოგზაურობა“(„Voyage d’un naturaliste“), რომელშიც მეცნიერი მკითხველს აცნობს გალაპაგოსის კუნძულებზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს; ის აღწერს არქიპელაგის კუნძულების უმდიდრეს ბუნებას და მოჰყავს შესანიშნავი მაგალითები ცხოველთა და ფრინველთა სახეობების წარმოშობის, მათი ევოლუციის თეორიის გასამყარებლად. დარვინის სტატიის ილუსტრაციებზე ასახულია კუნძულების ბუნება და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები.
ედუარდ შარტონის აზრით, ილუსტრაციებს (ამ შემთხვევაში შავ-თეთრ გრავიურებს) სამოგზაურო ჟურნალში უნდა ჰქონოდა არა მარტო ვიზუალურ-ესთეტიური დატვირთვა, არამედ სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებული თვალსაჩინო მასალის ფუნქცია. ამიტომ გამომცემელი ცდილობდა ჟურნალში დაებეჭდა ისეთი გრავიურები, რომლებიც რეალურად წარმოაჩენდა ავტორის მიერ აღწერილ ობიექტს და მხატვრული ღირებულებითაც გამორჩეული იქნებოდა. ამ მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ედუარდ შარტონმა ახალ პერიოდულ გამოცემაში სამუშაოდ მიიწვია ცნობილი ფრანგი მხატვარ-გრავიორები: გუსტავ დორე, კარლ ჟირარდე, ოგუსტ ტრიშონი, ევრემონ დე ბერარი, ჟილბერტ საბატიე, პიერ ეჟენ გრანდზირი, ანჟ-ლუი ჟანეტი და სხვანი. მოგზაურები ზოგჯერ თავად იყვნენ შესანიშნავი მხატვრები (მაგ. ჟან-პიერ მუანე), ზოგჯერ კი მათ მიერ ჩახატული ესკიზებისა და დეტალური აღწერის საფუძველზე პროფესიონალი მხატვრები სტატიებისთვის ქმნიდნენ გრაფიკულ შედევრებს.

ჟურნალის რედაქტორისა და მისი საგამომცემლო ჯგუფის ერთობლივი შემოქმედებითი ტანდემი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა.  ამ გამოცემამ დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერ-მოგზაურთა მიერ დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საქმეში. ამას გარდა, ეს იყო სასიამოვნოდ საკითხავი და გემოვნებით ილუსტრირებული ჟურნალი, რომელიც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მკითხველების წარმოსახვას დიდ გასაქანს აძლევდა. ცნობილია, რომ ჟიულ ვერნიმ ამ გამოცემიდან გამოიყენა ბევრი ფაქტი და დოკუმენტური მასალა თავისი თხზულებისთვის „80 დღე მსოფლიოს გარშემო“. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოგზაურობათა და ექსპედიციათა აქტივობა მინელდა, ხოლო ზემოთ აღნიშნული გეოგრაფიული ჟურნალის რომანტიული გრავიურები ჩაანაცვლა შავ-თეთრმა ფოტოებმა. ამ მიზეზთა გამო ჟურნალი დაიხურა, მაგრამ მსოფლიოს საგამომცემლო ისტორიას სამუდამოდ შემორჩა მე-19 საუკუნის პერიოდიკის ძეგლად აღიარებული მისი ეგზემპლარები.

ENG
Edouard Charton’s innovative idea was to print an illustrated travel-geographical magazine. The success of the new weekly edition was already guaranteed, as it had to reflect the exciting materials found in all the important expeditions of the modern era (XIX-XX centuries) with unlimited content and high quality black and white engravings. The title of the magazine was also suitable – “Le Tour du monde”. The first issue of this periodical was officially registered on January 1, 1860. The weekly magazine has acquired an entire “army” of faithful readers. It has not lost popularity for the next 50 years. The last issue of the magazine was published on July 31, 1914.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები