რეკლამაspot_img

ჩვენი ქალაქის გადასარჩენად

 

ჩვენი ქალაქის გადასარჩენად

 ირაკლი ჟვანია
არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი

კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თითქმის ყოველდღიურად გვესმის, რომ ბევრი რამ შეიცვლება, ხშირად იმასაც ამბობენ, მსოფლიოც კი შეიცვლებაო. ჯერ ალბათ რთული სათქმელია რა და რამდენად შეიცვლება და რამდენი ხნით, თუმცა, ფაქტია, ადამიანების ყოველდღიურობა სხვანაირი გახდა და დღის წერიგის გადაწყობაც მოგვიხდა. მრავალი რამ სხვანაირად დავინახეთ და მათ შორის – ქალაქებიც. მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების დაცარიელებული ქუჩების კადრები, სადაც ზოგ შემთხვევაში გარეულ ცხოველებსაც კი ვხედავთ, რომლებსაც დროებით გაუჩინარებული ადამიანების აღარ ეშინიათ და ფრთხილი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებენ უკაცრიელ ქუჩებს.
ამ ახალმა რეალობამ ადამიანებს ქალაქებიც ახალი სახით დაანახა, ისეთით, როგორიც აქამდე წარმოუდგენელი იყო და მხოლოდ ფილმებში თუ გვქონდა ნანახი. ადამიანების შეზღუდულმა მობილობამ და მანქანებისგან თავისუფალმა ქუჩებმა საშუალება მოგვცა ჩვენი ქალაქები ახლებურად დაგვენახა – მშვიდი, უხმაურო, სუფთა ჰაერით, გადატვირთულობის გარეშე. თბილისში, იმ შედარებით მოკლე დროის განმავლობაშიც კი, როდესაც აკრძალული იყო საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა, საგრძნობლად გაიწმინდა ჰაერი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა შეიგრძნო და ასე აშკარად ჩანდა შემაღლებული ადგილებიდან გადაღებულ ფოტოებზე, რომლებზეც სმოგის ნასახიც არ შეიმჩნეოდა და მოკრიალებული ცის ფონზე კავკასიონის ხედები ისეთი მკაფიო იყო, როგორც ალბათ არასდროს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. გაუმჯობესებულ ჰაერსა და უხმაურო გარემოში უკეთ შევიგრძენით გაზაფხულის სურნელი და გავიგეთ ჩიტების ჭიკჭიკი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცხოვრების ტემპი დროებით დაეცა და ადამიანებს გაუჩნდათ დრო, უფრო ხშირად ეწვიონ პარკებს ან ისეირნონ თბილისის ირგვლივ მდებარე მწვანე ტერიტორიებზე. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს ნამდვილად სასიამოვნო განცდაა და გარკვეულ ხალისს ჰმატებს ადამიანს.
დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ქალაქებში და, გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის „ურბანიტების“, ანუ ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა 75%-ს მიაღწევს. არადა, მე-20 საუკუნის შუაში ეს მაჩვენებელი 30% იყო. სწორედ მაშინ დაიწყო ურბანიზაციის ტემპის განსაკუთრებული მატება და ზრდა ქალაქებისა, რომლებიც ცდილობენ გაუმკლავდნენ ადამიანების ურბანულ დასახლებებში მიგრაციის მაღალ დონეს. ეს გამოიწვია ჯერ კიდევ ინდუსტრიალიზაციის პერიოდში დაწყებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ცვლილებებმა და შემდგომმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ. ამ პროცესებს ხელი შეუწყო ტრანსპორტის სახეობების და განსაკუთრებით ავტომობილის განვითარებამაც. დღეს ქალაქები ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და წარმოადგენენ სამეცნიერო, კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ ცენტრებს. ისინი გაფართოვდა და გადაიტვირთა, გახდა ხმაურიანი და იმატა ჰაერის დაბინძურებამ. გაძნელდა წვდომა მწვანე სივრცეებზე.

თბილისში ჰაერის დაბინძურების ორ მთავარ წყაროს წარმოადგენს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერი. დასავლეთის ქვეყნებში მკაცრად რეგულირდება მანქანების მიერ ატმოსფეროში გამოტყორცნილი მავნე ნივთიერებების დაშვებული რაოდენობა საწვავის ხარისხის კონტროლითა და ავტომწარმოებლებისთვის დაწესებული ემისიის სტანდარტებით. ყოვლად დაუშვებელია სამშენებლო მტვრის სახით ჰაერში სხვადასხვა ქიმიური ელემენტების გაფრქვევა. სამშენებლო ობიექტები სპეციალური დამცავი ბადეებით უნდა იყოს შემოფარგლული.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი ასეთ პირობებშიც კი ცდილობს შეზღუდოს საავტომობილო მოძრაობა, რათა ჰაერი გაიწმინდოს და მოქალაქეებს უფრო მეტი სივრცე დაეთმოთ. მაგალითად, პარიზი,  ყოველი თვის პირველ კვირა დღეს 10-დან 18 საათამდე კრძალავს მანქანებს. რომი და მილანი 10-დან 16-მდე სამ დღიან აკრძალვას აწესებენ, ორშბათიდან ოთხშაბათამდე. ოსლოს ქალაქის ცენტრში მთლიანად  აკრძალულია ავტომობილები. ბარსელონაში, ქალაქის ცენტრში, სადაც ბადისებრი ქუჩათა ქსელია, მანქანებისთვის ტოვებს მხოლოდ ყოველ მესამე ქუჩას ვერტიკალურადაც და ჰორიზონალურადაც. არსებობს აკრძალვები და ჯარიმები 2000 წლამდე წარმოებული მანქანების ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შესვლაზე მადრიდსა და ბრიუსელში. ლონდონში კი ამისთვის საკმაოდ მაღალი გადასახადია, რამაც მანქანების რაოდენობა 30%-ით შეამცირა.
მზარდი ქალაქების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამწვანებულ ტერიტორიებს. ქალაქების გაფართოებასა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად აუცილებელია შესაბამისი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებაც. ამას დღეს ყველაზე კარგად დასავლეთის ქალაქები ახერხებენ, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ გარემოსდაცვით მხარეს და ადამიანების ჯანმრთელობას.
ქუჩის გამწვანება, სკვერები, ბაღები, პარკები და ქალაქის გარშემო ბუნებრივი ლანდშაფტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ქალაქებისა და ადამიანებისთვის. დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილებითა და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეების წინაშე ვდგევართ, მათი მოვლა, შენარჩუნება და რაც შეიძლება მეტი განვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ყველამ ვიცით, რომ გამწვანება ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას და ჟანგბადს წარმოქმნის.  ჰაერის დაბინძურება იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ მრავალ დაავადებას და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ბავშვები არიან მაღალის რისკის ჯგუფში. ჰაერში გამონაბოლქვის სახით გამოტყორცნილი მავნე ნითიერებები მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზია, მძიმე სურათია ამ მხრივ თბილისშიც. მოსახლეობაში დაავადებათა მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემასა და მის ეფექტიანობაზე დიდ ზეწოლასაც, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესუსრის კუთხით. ეს ასევე ნიშნავს ადამიანური შრომითი  და შემოქმედებითი პოტენციალის დაქვეითებას.
ხის ვარჯები გვაძლევს ტროტუარებზე ჩრდილს და საკმარისია ზაფხულის სიცხეში გამწვანებულ ტერიტორიაზე შევიდეთ, რომ მაშინვე საგრძნობია სიგრილე. ქალაქებს სიცხის კუნძულებსაც უწოდებენ, რადგან მოასფალტებული ქუჩები, შენობების ბეტონის და შუშის სიბრტყეები ისრუტავს ან აირეკლავს მზის სხივებსა და სიმხურვალეს და აბრუნებს მათ სივრცეში. სითბოს ამგვარი უკან გამოტყორცნა მზის ჩასვლის შემდეგაც კი გრძელდება და ვიღებთ ქალაქურ გარემოში მეტად მაღალ ტემპერატურას. ეს, რა თქმა უნდა, საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ხანშესულებისთვის. სიმწვანეში ასეთ დროს ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაბალია ვიდრე მის გარეთ უშუალო სიახლოვეს, რასაც ასევე მიწის ღია ზედაპირი უწყობს ხელს, ამიტომ არის სასურველი პარკებსა და ბაღებში სასიარულო ზედაპირის უმეტესი ნაწილი არ იყოს დაფარული მოსაპირკეთებელი მასალებით. ეს ასევე ემსახურება ნალექების შესრუტვას, რაც სჭირდება მცენარეებს და ასე ნაკლები დატვირთვა აქვს წყალარინების სისტემას. ცნობილია, რომ ჭარბი ნალექის დროს, მკვრივი ზედაპირების მაღალი პროცენტულობა წყალდიდობის ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზია ქალაქებში.
ასევე მნიშვნელოვანია ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს ქალაქებში დახრჯული ენერგია, რომელიც შენობების შიდა სივრცეების გასაგრილებლად გამოიყენება. ეს კი უზარმაზარი დანახარჯებია და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს.
ალბათ ზედმეტია ლანდშაფტის მნიშვნელობაზე საუბარი, თუმცა ქალაქის განვითარებაზე მსჯელობისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს პრიორიტეტი სხვა, ინფრასტრუქტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს ენიჭება. ეს უდავოდ უმნიშვნელოვანესია, თუმცა მათი განყენებულად განხილვა თვით ამ სფეროებისთვისაც კი საზიანოა, არათუ ზოგადად ქალაქებისა და მათ მცხოვრებთა კეთილდღეობისთვის. თბილისის ეკონომიკაში დიდი წილი უკავია სამშენებლო სექტორს.  გამწვანება წლების განმავლობაში ეწირებოდა მშენებლობებს, იქნებოდა ეს ცალკეული ხეები სამშენებლო ნაკვეთებზე თუ სარეკრეაციო ტერიტორიები, რომლებიც მშენებლობას დაეთმო. სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011-2018 წლებში ჯამში 55 ჰექტარის სარეკრეაციო სივრცეებს შეეცვალა სტატუსი და იქ დაშვებული იქნა სამშნებელო განვითარება. მწვანე ლანდშაფტის განადგურება მკვეთრ ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოსა და ჯანმრთელობაზე. დეგრადირებული საცხოვრებელი ქალაქური სივრცე კი არ არის მიმზიდველი არც საცხოვრებლად, არც ტურიზმისა და არც ინვესტიციებისთვის. რაც უფრო ჯანსაღი საარსებო გარემოა ქალაქში, მით უფრო  სიცოცხლისუნარიანი და, შესაბამისად, ეკონომიკურად მიმზიდველია იგი ადამიანებისა და ინვესტიციებისთვის. ცნობილია, რომ გამწვანებით მდიდარი ქალაქები შედიან ცხოვრების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქალაქების სიაში და ასევე გამწვანებულ ტერიტორიებთან მდებარე უძრავ ქონებას უფრო მაღალი ფასი გააჩნია.
სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი ქალაქი ქმნის ე.წ. მწვანე სარტყელს ქალაქის განაშენიანების ირგვლივ, რაც გამოიხატება ურბანული გარემოს ირგვლივ ბუნებრივი და ხელოვნური გამწვანების ზოლების შექმნაში, რომლებიც მწვანე კედელივით დაიცავს ქალაქებს არასაჭირო გაფართოებისაგან და ამავდროულად მწვანე ფილტვების რკალში მოაქცევს მას. თანამედროვე ქალაქმშენებლობა ცდილობს შიდა გამწვანებული ტერიტორიები ერთმანეთსაც დაუკავშიროს და ქალაქგარე ბუნებრივ ლანდშაფტსაც, რომ უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნება. დღეს ქალაქმგეგმარებლები, ლანდშაფტის არქიტექტორები და გარემოს დამცველები ცდილობენ შემოიყვანონ ბუნება ქალაქში და დაუბრუნონ იგი ადამიანებს, რადგან ცხადი გახდა, რომ ბუნებისგან დაშორება ძალიან ცუდად მოქმედებს ქალაქებისა და ადამიანების სიცოცხლისუნარიანობაზე. სწორედ ამაში მდგომარეობს მდგრადი ურბანული განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი – ქალაქი უნდა წარმოადგენდეს  გარემოს, სადაც არის ჯანსაღი საცხოვრებელი შესაძლებლობები და, აქედან გამომდინარე, მიმზიდველი სოციალური და ეკონომიკური პირობები.
ამ მხრივ თბილისს შესანიშნავი ბუნებრივი პირობები გააჩნია, რასაც მეტი ყურადღება სჭირდება. თბილისის, განსაკუთრებით მისი ისტორიული ბირთვის, მაღალი კულტურული ღირებულება მდგომარეობს მის ჰარმონიულ შერწყმაში ირგვლივ მდებარე ბუნებრივ ლანდშაფტთან. თბილისის ხეობაში მდებარეობა და მის ირგვლივ მთიანი რელიეფი წარმოადგენს უდიდეს ბუნებრივ სარეკრეაციო რესურსს, რაც არასათანადოდ არის ათვისებული და გამოყენებული. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დიდი სამუშაოები ჩატარდა მთაწმინდის ფერდის ნარგავებით გასამწვანებლად, თუმცა მას მერე დიდი დრო გავიდა და ამ ქედზე ქალაქის უბნების განაშენიანების გასწვრივ ხეები და ბუჩქნარი მოვლასა და თავიდან გაშენებას საჭიროებს.
ბუნებრივი პირობები შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა ერთიან სისტემად ჩამოყალიბდეს მთის ფერდებზე შეფენილი მწვანე სივრცეები და მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორიები. ასე, მაგალითად, უწყვეტი კავშირის დამყარება შეიძლება ნარიყალას, სოლოლაკის ქედს, მთაწმინდის პარკსა და კუს ტბას შორის, სადაც კეთილმოეწყობა სასეირნო და ველობილიკები, მოსასვენებელი ადგილები, სპორტული ინფრასტრუქტურა. კუს ტბა ფერდობის მეშვეობით ებმის ვაკის პარკს, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა დაკავშირებოდა ვერეს ხეობას, თუმცა ეს შესაძლებლობა მეტწილად დაიკარგა ხეობასა და მის ფერდებზე მშენებლობებითა და გზის გაყვანით. აქედან დამყარდებოდა კავშირი მზიურის პარკთან, რომლის თავდაპირველი იდეაც მდგომარეობდა სწორედ ვერეს მდინარის აყოლებაზე განვითარებაში და დასავლეთით მდებარე მწვანე მთებთან კავშირში.
უცილებელია მკაცრად იყოს დაცული აღნიშნული ტერიტორიები ყოველგვარი მშენებლობებისგან, რომლებიც იჭრებია მწვანე სივრცეებში, აზიანებს მათ და უკარგავს სწორი განვითრების შანსს.
კარგი შესაძლებლობა არსებობს ასევე თბილისის წყალსაცავის მიმდებარედ ქალაქის მხარეს განვითარდეს და ერთმანეთს დაუკავშირდეს პარკები, რომლებიც თემქის დასახლებიდან ვარკეთილამდე შეიძლება გადაიჭიმოს და ქალაქის სიღრმეშიც კი შემოიჭრას ცენტრალურ სადგურთან ე.წ. ხუდადოვის ტყის მეშვეობით.
არსებობს კვლევები და საპროექტო შეთავაზებები აღმაშენებელის გამზირის უბანში, შიდა კვარტალური, ყოფილი გერმანული ბაღების აღდგენისა და მათ შორის მწვანე კორიდორის შექმნის შესახებ, რომელიც უწყვეტ მწვანე ხაზად დააკავშირებდა მუშტაიდის ბაღს დედაენის ბაღთან.
სათანადო ყურადღებისა და სახსრების გამონახვის შემთხვევაში თბილისს აქვს შანსი შექმნას თავისი მწვანე სარტყელი, რომლის ტოტებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შემოიჭრება და ერთიან ბიომრვალფეროვან მწვანე სისტემას ჩამოაყალიბებს. ასეთი მასშტაბური გეგმის განხორციელებას მრავალი წელი სჭირდება, თუმცა ის ოდესმე უნდა დაიწყოს და თბილისსაც შეეძლება ჰქონდეს ევროპის ქალაქების მსგავსი მწვანე ლანდშაფტი, რომელიც გააერთიანებს ბუნებრივ და ხელოვნურ გამწვანებას. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებდა ქალაქის მიმზიდველობას, მის ეკოლოგიას და, უბრალოდ, ბევრად უკეთეს ადგილად აქცევდა.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები