რეკლამაspot_img

ცოფი

ცოფი (Rabies, Lissa, Hydrophobia), ტეტანუსთან ერთად, მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც გადაეცემა ჭრილობის გზით, მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და, როგორც წესი, მთავრდება სიკვდილით. დაავადება პირველად აღწერა კორნელიუს ცელსიუსმა. ცოფის პროფილაქტიკის ეფექტური მეთოდების შემუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვით პასტერს, რუს და შამბერლანს.
ცოფით შეიძლება დაავადდეს ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, თაგვი, ცხენი, კურდღელი, დათვი, ლომი, მგელი, მელა, ტურა, ღორი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონელი), მაგრამ ყველაზე მეტად ცოფს ავრცელებს ძაღლი, კატა, მგელი, მელა და ტურა.

ცოფის პროფილაქტიკა გულისხმობს:

  1. ნაკბენი ჭრილობის სწორად დამუშავებას საპნიანი წყლით და არა იოდით ან სპირტით;
  2. დაკბენილი ადამიანის დროულად მიმართვას ქირურგ რაბიოლოგთან;
  3. ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროულად და კვალიფიციურად ჩატარება;
  4. ჭრილობა ღია უნდა იყოს 3 დღის განმავლობაში, განსაკუთრებული და სასიცოცხლო ჩვენების გარდა;
  5. ცხოველის კბენის, დაკაწვრის, დადორბვლის შემდეგ, თუნდაც ცხოველი ჯანმრთელი გეგონოთ, აუცილებელია ქირურგ-რაბიოლოგთან მიმართვა, რადგან დაავადების ფარული პერიოდის უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ცოფის ვირუსი უკვე ნერწყვშია და არაა გამორიცხული, რომ, ერთი შეხედვით, ჯანმრთელი ცხოველი დაავადებული აღმოჩნდეს. ცოფის ინკუბაციური (ფარული) პერიოდი რამდენიმე დღიდან ერთ წლამდე, ზოგჯერ მეტ ხანსაც გრძელდება.

გახსოვდეთ:

  1. აცრების დროს და მათი დამთავრების შემდეგ 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია ნებისმიერი სახის ალკოჰოლის მიღება, ლუდისაც კი. ალკოჰოლი ასუსტებს ცოფის ვირუსისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს, აგრეთვე შეიძლება თვითონ გახდეს ანტირაბიული ვაქცინის რეაქტოგენობის მიზეზი;
  2. ერიდეთ გადაღლას, გადაცივებას, ზედმეტ ჩაფუთვნას;
  3. აუცილებელია კანის ჰიგიენის დაცვა და ჰიპოალერგიული დიეტა;
  4. უზმოზე აცრები არ უნდა ჩატარდეს;

ანტირაბიული ვაქცინაციის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 2 თვის განმავლობაში აკრძალულია ყველა სახის პროფილაქტიკური აცრა (გარდა ანტიტეტანუსისა). პოსტვაქცინალური გართულების პირველი ნიშნების (თავის ტკივილი, წელის ტკივილი, ტემპერატურა, სისუსტე კიდურებში და ა.შ.) გამომჟღავნებისთანავე საჭიროა ვაქცინაციის დროებით შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
მოქმედი ინსტრუქციის თანახმად, ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს მიმართვის დღეს და შემდეგ მესამე, მეშვიდე,მეთოთხმეტე და ოცდამერვე დღეს. ანუ, სანამ 10 დღე გავა და ცხოველს შეეტყობა ჯანმრთელია თუ არა, სამ აცრას ვასწრებთ და თუ ცხოველი ჯანმრთელია, დანარჩენი აცრები აღარ ტარდება.

ჰიპოალერგიული დიეტა:

ალერგიული რეაქციებისა და შრატისმიერი დაავადების განვითარების რისკების შესამცირებლად საჭიროა ჰიპოალერგიული დიეტის მკაცრი დაცვა 10-14 დღის განმავლობაში. იმ პროდუქტების აკრძალვით, რომლებიც ხშირად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს: რძე და რძის პროდუქტები (ახალი რძე, მაწონი), შოკოლადი და კაკაოს ნაწარმი, ციტრუსები, ქათმის კვერცხი, სოიო, არაქისი, თხილი, კაკალი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ღორისა და ცხვრის ხორცი, ძეხვეული, ძმარი, მაიონეზი, ცხარე სანელებლები (მდოგვი, აჯიკა, ტყემალი და ა.შ.), პომიდორი, პირშუშხა, თალგამი, ბოლოკი, ბადრიჯანი, სოკო, მარწყვი, ნესვი, ყურძენი, ანანასი, საფუარიანი ცომის ნაწარმი, თაფლი, გაზიანი სასმელები და ყავა.

ჰიდროფობიის სიმპტომები:

დაავადება საერთო სისუსტით იწყება, რასაც თან ერთვის თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, პირის ღრუში სიმშრალე, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, გულისრევა და ღებინება. შეხორცებული ძველი ნაკბენი ჭრილობის ნაკბენ ადგილზე ნაწიბური ხელახლა ახსენებს თავს, აღინიშნება წვა, ქავილი, მომატებული მგრძნობელობა, ჰიპერემია და შესიება.
ცოფით დაავადებული დეპრესიულია, ჩაკეტილია თავის თავში, უარს ამბობს საკვების მიღებაზე, უჩივის უძილობას, კოშმარებს, უმიზეზო შიშებს. 1-3 დღის შემდეგ ჰიდროფობიით დაავადებულს ეწყება წყლის შიში, წყლის დანახვისას ან ხსენების დროსაც კი ეწყება შიშის, ფორიაქის შეგრძნება, ხორხისა და ხახის კუნთების მტკივნეული სპაზმები, ხმაურიანი სუნთქვა.
შემდგომში აღენიშნება სპაზმები სახეში ჰაერის შებერვის, კაშკაშა სინათლის, ხმაურის, კანზე შეხების დროს. დაავადებული ხდება აგრესიული და შეურაცხადი. აღენიშნება ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები, პარალიჩი.
სიკვდილის მიზეზი სუნთქვის დამბლა ხდება. დაავადების ხანგრძლივობა 5-7 დღეა.

ცოფის სიმპტომები ცხოველებში:

დაავადების ადრეულ ეტაპზე ცხოველი შესაძლოა ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, მაგრამ მომდევნო 10 დღის განმავლობაში მას აუცილებლად გამოუვლინდება ცოფის ნიშნები. ეს უკანასკნელი გამოიხატება დაავადებული ცხოველის ქცევის შეცვლით, აგრესიულობით, აღგზებით, გუგების გაფართოებით, კანკალით ან დამბლით, დორბლიანობით, რაც, საბოლოოდ, სიკვდილით მთავრდება.

დაზღვეულნი ვართ თუ არა აცრილ ცხოველთან ურთიერთობისას?

სამწუხაროდ არა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცოფი აცრილ ცხოველებსაც დაემართათ. ამის მიზეზი გახლდათ არა ვაქცინის უეფექტურობა, არამედ ცივი ჯაჭვის პრინციპის დარღვევა. ვაქცინა 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. შენახვის ვადაა 1,5 წელი. ტემპერატურული რეჟიმი ტრანსპორტირების დროსაც უნდა იქნას დაცული. სიცხეში მოხვედრილმა ვაქცინამ შესაძლოა მოქმედების უნარი დაკარგოს. ამიტომ, თუ დარწმუნებული არა ვართ, რომ ცხოველი კეთილსინდისიერად არის აცრილი, ვაქცინაციის კურსი მაინც უნდა ჩავიტაროთ. დაავადების ბუნებიდან გამომდინარე, ამ რეკომენდაციას ვეტერინარებიც კი არ ეწი-ნააღმდეგებიან, როგორც იტყვიან „სიფრთხილეს თავი არ სტკივა.“

თეიმურაზ გოგიძე – მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ ერთადერთი გზაა ცოფის ვირუსით დასნებოვნებული ადამიანის გადასარჩენად!

 

 

 

ENG
Rabies is aviral disease that causes inflammation of the brain in humans and other mamals . Early symptoms can include fever and tingling at the site of exposure. These symptoms are followed by one or more of the following symptoms: violent movements, uncontrolled excitement, fear of water, an inability to move parts of the body, confusion, and loss of consciousness. Once symptoms appear, the result is nearly always death.

The circumstances of an animal bite or other contact with an animal suspected to have this disease require post-exposure prophylaxis. In such situations, medical advice should be obtained immediately.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები