რეკლამაspot_img

ცხენი და ადამიანი – ცხენთან პირველი კონტაქტი

პირველი ნავარდი

პირველად ნავარდით გაჭენება (დაოთხება) მნიშვნელოვანი მოვლენაა დამწყები მხედრის ცხოვრებაში. მხედარი მომზადებული უნდა შეხვდეს მას როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. როდესაც მხედარი სისტემატური ვარჯიშის შედეგად თავისუფლად შეძლებს უუზანგოდ ტანაყოლით და ჩამჯდარი ჩორთით სამანეჟო ფიგურების (ვოლტი, სერპანტინი, მიმართულების შეცვლა დიაგონალზე, „რვიანი“) გაკეთებას, მას შეუძლია ნავარდზე  ჯდომის შესწავლის დაწყება. ამისათვის წინასწარ უნდა შეირჩეს შესაფერისი დღე და კარგი, უქარო ამინდი. მანეჟში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ ინსტრუქტორ (თანაშემწეებთან ერთად) და ოთხი ან ნაკლები მხედრისგან შემდგარი სასწავლო ჯგუფი. ვარჯიშის პირველი ნაწილი წინამორბედი ვარჯიშებისაგან (ჯგუფური და ინდივიდუალური სვლა ნაბიჯით და ჩორთით სამანეჟო ფიგურებით) განსხვავებით დასრულდება 2-3 წუთიანი გააქტიურებული ჩორთით მანეჟის კიდეების გასწვრივ. შემდეგ ჯგუფი თავს მოიყრის მანეჟის ცენტრში ინსტრუქტორის გარშემო. ინსტრუქტორი აუხსნის მხედრებს ამოცანას. ამის  შემდეგ რიგრიგობით გამოიხმობს მათ სანავარდოდ მანეჟის კიდესთან. სანამ ერთ-ერთი მხედარი ნავარდობს, დანარჩენები მანეჟის ცენტრში არიან გაჩერებული და აკვირდებიან. არსებობს მარცხენა და მარჯვენა ნავარდი. მარცხენა ნავარდის დროს ცხენი მარცხენა წინა ფეხს უფრო წინ დგამს, ვიდრე მარჯვენა წინა ფეხს. მარჯვენა ნავარდის დროს ცხენი მარჯვენა წინა ფეხს უფრო წინ დგამს, ვიდრე მარცხენა  წინა  ფეხს.

შესრულების ტექნიკა

მხედარი სამი-ოთხი სანტიმეტრით იმოკლებს სადავეების (ტოტების) სიგრძეს ხელში და მოძრაობს ნაბიჯით პირველ კვალში მანეჟის გრძელი კედლის გასწვრივ საათის ისრის საწინააღმდეგოდ. სადავის ორივე ტოტი ორივე მხრიდან თანაბრადაა დაჭიმული. ცხენის თავი შეტრიალებულია ოდნავ მარცხნივ, ისე რომ მხედარი ხედავდეს ცხენის მარცხენა თვალის ნაწილს. მხედრის მარცხენა (შიდა) ფეხი დევს უშუალოდ მოსართავის უკან, ხოლო მარჯვენა (გარე) ფეხი მოსართავის უკან ოთხი-ხუთი თითის დაშორებით. მოსახვევამდე დაახლოებით ექვსი მეტრით ადრე მხედარი გადადის ჩამჯდარ ჩორთზე. მოსახვევის გავლის შემდეგ მხედარი არბილებს ტოტებს, ენერგიულად აგზავნის ცხენს შენკელებით და წელით და გადაყავს ცხენი ნავარდზე. ცხენი აიწევა მარცხენა ნავარდზე. მხედარი გრძნობს ჩორთთან შედარებით უფრო ძლიერ ბიძგებს. მიუხედავად ამისა, მხედრის მუხლების, ქუსლების და ხელების მდებარეობა და, აგრეთვე, ხერხემლის სწორი დგომა არ იცვლება. მხედარი ძლიერად უჭერს შენკელებს ცხენის გვერდებს, რათა არ ამოვარდეს უნაგირიდან. მხედარი გაივლის ნავარდით რამდენიმე მეტრს და შემდეგ ისევ გადაიყვანს ცხენს ჯერ ჩორთზე, ხოლო შემდეგ ნაბიჯზე. მხედარი აანალიზებს ინსტრუქტორთან ერთად შესრულებულ სავარჯიშოს, ბრუნდება ნაბიჯით საწყის წერტილში და იმეორებს მცდელობას. საჭიროების შემთხვევაში მხედარი აძლიერებს შენკელებით გაგზავნას წკეპლის მირტყმით ცხენის მხარზე და დაწრუპუნებით. მხედარი უნდა აჰყვეს წელით უნაგირის მოძრაობას, რათა დარჩეს უნაგირში მუდამ ერთ (უნაგირის ზედაპირის ყველაზე დაბალ) ადგილას და არ ისრიალოს წინ და უკან უნაგირის ზედაპირზე ან იხტუნაოს ზევით-ქვევით. ამის მიღწევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია პირველივე ცდით და საჭიროებს სისტემატურ ვარჯიშს. ნავარდიდან ისევ ჩორთზე გადასასვლელად მხედარი თითებში ჭიმავს ტოტებს და მთელი სხეულის  ვერტიკალურ მდგომარეობაში გამაგრებით თანდათან ახშობს წელით უნაგირის ბიძგებს. რაც უფრო გულდასმით ემზადებოდა მხედარი წინა ვარჯიშებისას, მით უფრო ადვილად შეძლებს იგი ნავარდზე ჯდომას. შემდგომი ვარჯიშების დროს მხედრები ანალოგიურად შეისწავლიან მარჯვენა ნავარდს და მოძრაობენ ნავარდით რიგრიგობით მოკლე მანძილებზე მანეჟის კედლების გასწვრივ პირველ კვალში ორივე მხარეს მარჯვნივ და მარცხნივ თანაბარი რაოდენობით. ნავარდის დრო, მანძილი და მცდელობათა რაოდენობა თანდათან იზრდება. მხედარმა არ უნდა ინავარდოს ზედმეტად დიდხანს, ყოველთვის თვითონ უნდა დაასრულოს ნავარდი და არ უნდა მიაჩვიოს ცხენი ნავარდის თვითნებურად შეწყვეტას. მცირეწლოვანი მხედრებისათვის (6-9 წელი) პირველი ანავარდება მიზანშეწონილია 7-8 მეტრის სიგრძის თოკზე (კორდაზე), რომლის ერთი ბოლო ინსტრუქტორს უჭირავს, ხოლო მეორე ბოლო ცხენის ლაგამზეა გამობმული. ინსტრუქტორი ერთ ხელში კორდის, ხოლო მეორე ხელში გრძელი წკეპლის შეთანხმებული მოქმედებებით ატარებს ცხენს თავის გარშემო 5-7 მეტრის რადიუსის წრეზე და თავად გადაჰყავს ცხენი ჩორთიდან ნავარდზე და – პირიქით, რაც აადვილებს მცირეწლოვანი მხედრის ამოცანას. ნავარდი ცხენის ყველაზე სწრაფი და დინამიკური ალურია, სწორედ ამიტომაა იგი მრავალი მხედრისათვის ასეთი სასიამოვნო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი ამავე დროს უფრო სახიფათოცაა, მხედრის უსაფრთხოება კი მთავარია ცხენოსნობაში.

ზურაბ ჭინჭარაძე
ახალუბნის საცხენოსნო კლუბის დირექტორი

Under the heading “Horse and Human” we continue lessons for successful first contact with horse by the expert Zurab Chincharadze, who explains in details all the important aspects that one should consider.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები