რეკლამაspot_img

ცხენი – ხარვეზების გამოსწორება

რაც  უნდა მონდომებით ვარჯიშობდეს დამწყები მხედარი, უხარვეზო მაინც ვერ იქნება, ამიტომ ინსტრუქტორმა ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური ვარჯიშებს და ხარვეზების შენიშვნის შემთხვევაში მხედართან ერთად გააანალიზოს სიტუაცია, დაადგინოს  მისი წარმოშობის მიზეზი და დასახოს აღმოფხვრის გზები. ხარვეზის მიზეზი შეიძლება იმალებოდეს  მხედრის აგებულების თავისებურებაში, ყოფილ ტრავმებში და ა.შ. ამასთანავე, ხარვეზი არ უნდა აგვერიოს მხედრის თავისებურ სტილში, რომელიც ყველას,  მათ შორის დამწყებ მხედრებსაც გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვიერ შენიშვნას შედეგი არ მოაქვს და საჭიროა სპეციალური სავარჯიშოების ჩატარება. გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ ხარვეზებსა და მათ აღმომფხვრელ სავარჯიშოებს:

ხარვეზი – მხედარი ზის მოხრილად, მხედრის ხერხემალი არ არის გასწორებული
სავარჯიშო – მხედარი იჭერს გრძელ წკეპლას ზურგს უკან, იდაყვის შიდა მხარეებით, ისე, რომ წკეპლა არ გაიღუნოს, და მოძრაობს წყნარი ჩორთით რამდენიმე წუთის განმავლობაში (სურ 1).

ხარვეზი – მხედრის ფეხები დახტიან ან ქანაობენ უზანგებთან ერთად საქანელასავით.
სავარჯიშო –შენკელსა და უნაგირს შორის მხედარი იჭერს  დიდი წიგნის ზომის, დაახლოებით 5სმ. სისქის ღრუბლის ნაჭერს ან  რამდენჯერმე დაკეცილ ტილოს  და მოძრაობს წყნარი ჩორთით რამდენიმე წუთის განმავლობაში ისე, რომ ღრუბელი ან ტილო არ ჩამოუვარდეს (სურ 2).

ხარვეზი – მხედარი ახტუნავებს ან ზედმეტად განზე შლის იდაყვებს.
სავარჯიშო – მხედარი იდებს ღრუბლის ნაჭერს ან ტილოს იღლიების ქვეშ (ღრუბლის ნაჭერი უმჯობესია)  და მოძრაობს წყნარი ჩორთით რამდენიმე წუთის განმავლობაში (სურ 3).

ხარვეზი – მხედარი ზედმეტად დახტის უნაგირში ჩამჯდარი ჩორთის დროს
სავარჯიშო – მხედარი იდებს ღრუბლის ნაჭერს საჯდომის ქვეშ სიგრძეზე და მოძრაობს წყნარი ჩამჯდარი ჩორთით რამდენიმე წუთის განმავლობაში ისე, რომ ღრუბელი არ ჩამოუვარდეს (სურ 4).

ხარვეზი – მხედარი ვერ აჩერებს ერთ ადგილას ხელის მტევნებს
სავარჯიშო – მხედარი ხელებით ეჭიდება ცხენის ფაფარს და მოძრაობს ტანაყოლით და ჩამჯდარი ჩორთით.
ეს სავარჯიშოები კეთდება  ერთჯერადად და მხოლოდ რამდენიმე წუთით. ხარვეზების ბოლომდე გამოსწორება ჩვეულებრივი ვარჯიშების დროს გრძელდება. არ შეიძლება ორი ან რამდენიმე სპეციალური სავარჯიშოს ერთდროულად შესრულება (მაგ., ღრუბლები იღლიების ქვეშ და ღრუბელი საჯდომის ქვეშ) და აგრეთვე ამ სავარჯიშოების ხანგრძლივი ან სისტემატური გამოყენება, რადგან ეს ზედმეტად დაძაბავს მხედარს და ეფექტიც საწინააღმდეგო ექნება.
ვარჯიშის პროცესში ინსტრუქტორი ხშირად თავადაც უნდა შეჯდეს მოსწავლის ცხენზე და უჩვენოს  სწორი ჯდომის მაგალითი. სპეციალური სავარჯიშოები და პირადი მაგალითი მნიშვნელოვანი დახმარებაა სწავლის პროცესში.  

მარტივ დაბრკოლებათა გადალახვა

უკვე იმ ეტაპზე, როდესაც დამწყებ მხედარს ჯერ ნავარდი არ გაუკეთებია, მაგრამ საკმაოდ თავისუფლად მართავს ცხენს ნაბიჯზე და ჩორთზე, შეგვიძლია შევუდგეთ მარტივ დაბრკოლებათა გადალახვას. ამისათვის საცხენოსნო კლუბს უნდა ჰქონდეს  დაბრკოლებათა კომპლექტი, რომელიც შედგება სხვადასხვა შეფერილობის ბოძებისა და ძელებისაგან. ძელის სიგრძეა დაახლოებით 3მ. ბოძებზე დამაგრებული საკიდების მეშვეობით შეგვიძლია ძელის სასურველ სიმაღლეზე დამაგრება. თავდაპირველად ძელი იდება მიწაზე მანეჟის კედლის შუა ნაწილში. მას შემდეგ, რაც მხედართა ჯგუფი გამოცდილი მეწინავე მხედრის მიყოლებით რამდენჯერმე გადალახავს პირველ დაბრკოლებას ნაბიჯით და ჩორთით, ასეთივე დაბრკოლებები შეიძლება დალაგდეს დანარჩენი სამი კედლის შუაშიც, შემდეგ –კედლებიდან მოშორებით, დიაგონალებზე, ვოლტებზე და ა.შ. დაბრკოლება შეიძლება ამაღლდეს 30 სანტიმეტრამდე.

შესრულების ტექნიკა

დაბრკოლებაზე შევდივართ სწორხაზოვნად, ზუსტად შუაში, მართი კუთხით დაბრკოლებისადმი.  რიტმი უცვლელია დაბრკოლების წინ და დაბრკოლების შემდეგ.მხედრის  მზერა მიმართულია წინ, დაბრკოლებისაკენ. საჭიროების შემთხვევაში დაბრკოლებასთან მიახლოებისას ვაძლიერებთ შენკელებით ზემოქმედებას. სადავეები ზომიერად მოჭიმულია. სამი-ოთხი წარმატებული ცდის შემდეგ უნდა მივეფეროთ ცხენს, მივუშვათ სადავეები და გავატაროთ ნაბიჯით რამდენიმე წუთით მანეჟის თავისუფალ სივრცეზე.

The author, being a professional horse riding instructor, talks about common mistakes during riding a horse and exercises that will help us to overcome those mistakes.

“The mistake should not be confused with the peculiar style of rider that everyone, including beginner riders, has.”

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები