რეკლამაspot_img

ხორბალი

ძველად ამბობდნენ – თუ სოფელს თავისი სამყოფი სათესლე მარცვალი  აქვს, მას მტერი ვერ მოერევაო!

მსოფლიოში კოვიდ – 19 – ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის შიდა პროდუქტის წარმოების განვითარება და გაძლიერება, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტზე. ამ კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით  მიღებული ჯიშების  აღორძინება, რადგან ხორბალი ყოველთვის იყო და რჩება ერთ-ერთ სტრატეგიულ და ძირითად საკვებ პროდუქტად მოსახლეობისთვის. საქართველოში ამ მიმართულებით, სახელმწიფოსთან ერთად,  2017 წლიდან მუშაობს  „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება“ (Georgian Wheat Growers Association).

ჩვენი ჟურნალის სტუმარია „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე ქ-ნი ლალი მესხი

რა არის ქართული ხობლის მწარმოებელთა გაერთიანების შექმნის მთავარი მიზანი ? 

  • ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ხორბლის კულტურის დაცვასა და აღორძინებას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ხორბლის ადგილობრივი  სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ისტორიული ჯიშების (landrace) კონსერვაციას, ხორბალსა და პურთან დაკავშირებული ყოფითი ტრადიციების გაცოცხლებას. ქართული ხორბლის უძველესი ადგილობრივი ჯიშების დაცვა, საწარმოო დანიშნულებით მათი აღდგენა-გამრავლება და ჯანსაღ კვებაში დაბრუნება დიდი ეროვნული საქმეა როგორც აგრო-ბიო მრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე საქართველოში სოფლის გაძლიერების თვალსაზრისით.  ჩვენთან გაწევრიანებული არიან მცირე და საშუალო მეხორბლეები, მეპურეები და საცხობები, თანამოაზრეები და მოხალისეები, ვისაც მემკვიდრეობით მიღებული ხორბალი თავისად მიაჩნია და მისი აღდგენის საქმეში უნდა წვლილი შეიტანოს. ახალგაზრდების დაინტერესება იმედს მაძლევს, რომ ამ საქმეს მომავალი აქვს.

გვიამბეთ, რა პროექტებს ახორციელებთ ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების აღორძინების კუთხით?

რამდენიმე მთავარ მიმართულებას დავასახელებ: ჩვენი ინიციატივითა და მონაწილეობით 2018 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. შემდგომ, 2019 წელს, „ქართული ხორბლის კულტურა  (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით წარვადგინეთ  იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ელემენტების ნუსხაში საერთაშორისო აღიარების მიზნით. იუნესკოს საერთაშორისო კომიტეტი 2020 წლის ბოლოს გეგმავს წარდგენილი ბარათის განხილვას.  ამ  ბარათის შემადგენელი ნაწილია ქართული ხორბლის კულტურის დაცვის გეგმა, რომლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიული სამოქმედო გეგმის (2021-2026 წლებისთვის) შექმნას და დამტკიცებას 2020-ში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბერში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა ქართული ხორბლის კულტურის დაცვის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც დაევალა მხარდამჭერი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის მომზადება საქართველოს მთავრობისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი საცდელ-სადემონსტრაციო სათესლე მეურნეობა  ასურეთში,  თეთრიწყაროს რაიონში, რომელიც უზრუნველყოფს გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდებას მეხორბლეებისთვის, რაც მოსავლიანობისა და ფართობების გაზრდის წინაპირობაა. წელს ადგილობრივ ბაზარზე პირველად გაიყიდება დიკისა და ახალციხის წითელი დოლის  სერტიფიცირებული სათესლე მასალა.  დიკა, ხორბლის ქართული ენდემური სახეობაა, ახალციხის წითელი დოლი კი ხალხური სელექციით მიღებული ადგილობრივი ჯიშია, ორივე შესულია საქართველოს ეროვნულ კატალოგში.
ჩვენი გაერთიანება მონაწილეობს პროფესიული განათლების  რეფორმაში, მხარს უჭერს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების გამოვლენასა და ახალი პროგრამების შექმნას. მნიშვნელოვანია სამი პარტნიორის – მთავრობის, არასამთავრობო და კერძო სექტორების ერთობლივი მუშაობა ამ მიმართულებით. აგრეთვე, გაერთიანების წევრებს ვემსახურებით ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში პროფესიული რჩევებით, საჭირო კვლევებით, ინფორმაციით, ვეხმარებით პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში, საერთო საკითხების ლობირებაში.

რით განსხვავდება ქართული ხორბლის ენდემური სახეობები ხორბლის სხვა სახეობებისგან და რა დატვირთვა ჰქონდა ხორბალს ქართველი ხალხის ყოფაში?

  • საქართველო იმ გეოგრაფიული სივრცის ნაწილია, სადაც უძველესი ცივილიზაციები განვითარდა. აქ მიწათმოქმედება დაწინაურებულ დარგს წარმოადგენდა და ხორბლის ისტორიაც უხსოვარი დროიდან იწყება. ამას ადასტურებს ძვ.წ. აღ. VI ათასწლეულის ძეგლებზე (არუხლო, ხრამის დიდი გორა, შულავერი, იმირი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ხორბლისა და ვაზის ნაშთები. საქართველოს ხორბლის წარმოშობის წინა აზიურ ცენტრში განსაკუთრებული ადგილი უკავია, როგორც რბილი (საპურე) ხორბლის წარმოშობის კერას. დღეისათვის მსოფლიოში ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობაა აღწერილი, აქედან ნახევარზე მეტი – 14 სახეობა –საქართველოშია აღმოჩენილი და დარეგისტრირებული, მათ შორის 5 სახეობა ენდემურია, რაც ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული. ქართული ენდემები ნამდვილი საგანძურია:  გამოირჩევა მძლავრი იმუნური სისტემით, მდგრადია დაავადებების მიმართ, კარგად ეგუება არახელსაყრელ  გარემო პირობებს, მწირ ნიადაგებზეც იძლევა სტაბილურ მოსავალს, მათი კვებითი ღირებულება მაღალია, ამ ჯიშებით გამომცხვარი პური სურნელოვანი, გემრიელი, სასარგებლო და ყუათიანია. ამ თვისებების გამო მსოფლიოს გენეტიკოს-სელექციონერები ხშირად იყენებენ ქართულ ენდემებს კვლევებში და სასელექციო მასალად. მიუხედავად ამისა, ისინი გადაშენების პირასაა – ჯერ კიდევ წინა საუკუნის 60-70-იან წლებში წარმოებიდან განდევნა თანამედროვე უხვმოსავლიანმა ჯიშებმა. უნდა ითქვას, რომ ბოლო ათი წელია დაწყებულია მათ აღდგენა-გავრცელებაზე ზრუნვა, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, იმისთვის რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. დღევანდელმა თაობამ ცოტა რამ იცის ხორბლის ამ ჯიშების შესახებ, ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ და ვერ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას.   ხორბალმა დიდი როლი ითამაშა ქართველი ადამიანის გენოტიპის ჩამოყალიბებაში, მას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი  ადგილი აქვს ქართველთა ყოფაში. ხორბალი არის სტრატეგიული მარცვალი, პური არსობისა, სრულფასოვანი საკვები ადამიანისთვის და არამხოლოდ, გამოიყენება საწესოდ, სამკურნალოდ, ქრისტიანულ რელიგიაში ზიარებისთვის, ის მონაწილეობს  ყველა მნიშვნელოვან რიტუალში, დაწყებული მიწის ხვნიდან, დამთავრებული ქორწილით, ბავშვის დაბადებითა და დაკრძალვის ცერემონიით, ხორბლის ნამჯას იყენებენ საამშენებლოდ. ძველად ასე ამბობდნენ: თუ სოფელს თავისი სამყოფი სათესლე მარცვალი  აქვს, მას მტერი ვერ მოერევაო. დღესდღეობით საწარმოო დანიშნულებით აღდგენილია წითელი დოლი,  დიკა, შავი და თეთრი თავთუხი.

ქართული ხორბლის სახეობების აღორძინება ტურისტული თვალსაზრისითაც შეიძლება იყოს საინტერესო?

  • რა თქმა უნდა, უკვე გვაქვს ღვინის გზა, პურის გზაც საინტერესო იქნება. მაღალმთიან სოფლებში აბიბინდება პურის ყანები, წყლის წისქვილზე დაიფქვება მარცვალი, ფურნეში ან თონეში გამომცხვარი პურის სუნს ტურისტი შორიდან იგრძნობს. ეს შეიძლება იქცეს ყოფითი კულტურის სანახაობად და პურ-ღვინოდ, პურ-მარილის ნაცვლად. სოფელს კვლავ გაუჩნდება ბეღელი, ადგილობრივი თემი გაძლიერდება ფიზიკურად, სოციალურად და ფინანსურად. საქართველო ძალიან მდიდარია პურის ცხობის ტრადიციითა და წეს-ჩვეულებებით. სხვადასხვა დღესასწაულზე ცხვებოდა სხვადასხვა ფორმისა და ტიპის პური, ხორბლისა და პურისგან მზადდებოდა სხვადასხვა კერძი, მხოლოდ მესხეთში 20-ზე მეტი სახეობის პური ცხვებოდა. მსოფლიოს ჩვენი ყოფითი კულტურა რომ გავაცნოთ, ჯერ ჩვენ უნდა გავიცნოთ, შევისწავლოთ და შევიყვაროთ ის. ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ ადგილობრივ ჯიშებს და ჩვენი სამყოფი პური ჩვენვე უნდა მოვიყვანოთ. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი მოწოდება, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ინდუსტრიული ხორბლის ჩანაცვლებას ადგილობრივი ჯიშებით.

    როგორ უნდა იმუშაოს სახელმწიფომ ფერმერებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული ხორბლის მოყვანით?
  • ძნელია რეცეპტის გამოწერა დიაგნოზის გარეშე. ზოგადად, ქვეყნისთვის სასარგებლო აგროპოლიტიკისთვის, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა აუცილებელი რესურსის რეგულარული აღრიცხვაა საჭირო, შემდეგ მათი სწორი განაწილება და განკარგვა. პრიორიტეტები უნდა შეირჩეს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობითა და მოსახლეობის პირველადი მოთხოვნების მიხედვით. თუ შევთანხმდით, რომ რიგი მიზეზების გამო ქართული ხორბლის კულტურა უნდა დავიცვათ და ავაღორძინოთ, ამისთვის მიზანმიმართული მხარდამჭერი პროგრამის შემუშავებაა აუცილებელი გრძელვადიანი პერსპექტივით, რადგან მოკლე დროში არ გამოვა ეს საქმე. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ძვირფასი ჯიშების წარმოშობის ადგილებზე დარეგისტრირება და იმ ინსტრუმენტების ამოქმედება, რომლებიც უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლსა და პროდუქციის რეალიზაციას. დანარჩენი, იქნება ეს სათესლე მასალის, თუ მარცვლის წარმოების წახალისება, მთლიანი საწარმოო ჯაჭვის ხელშეწყობა, თუ ტურისტული პროდუქტების შექმნა – ეს ამ მხარდამჭერმა პროგრამამ უნდა გადაწყვიტოს მოცემულ მომენტში. მაგალითად, თუ ჩვენი სამიზნე ქართული ხორბლის აღორძინების საქმეში მაღალმთიან ტურისტულ ზონებში მცხოვრები მცირე და საშუალო ზომის ფერმერები და საოჯახო მეურნეობები იქნება, მათ დღეს ბევრი რამ აფერხებთ, რესურსიც მწირი აქვთ და ცოდნაც, ხშირ შემთხვევაში ტექნიკაზეც არ მიუწვდებათ ხელი; ასეთ ზონაში ლანდშაფტზე მორგებული ტექნიკაა საჭირო, ხოლო ორგანული მიწათმოქმედების შემთხვევაში – ცალკე ტექნიკა, რადგან საუკეთესო ხარისხი და საექსპორტო ფასი სხვაგვარად არ მიიღწევა.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები