რეკლამაspot_img

ჰიდროენერგეტიკა და ნორვეგიის მაგალითი

21-ე საუკუნეში შეუძლებელია ქვეყანა წარმატებულად ჩაითვალოს ტექნოლოგიური განვითარების გარეშე. ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ პარამეტრს წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წარმოება. დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს წარმატებული ქვეყანა, რომელიც არ აწარმოებს განახლებად ენერგიას.
ამჟამად საქართველოში  ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხილვა. სწორედ ამიტომაც მინდა განვიხილო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის – ნორვეგიის მაგალითი.

ნორვეგია ჩრდილოთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, გამორჩეულია მაღალმთიანი პლატოებით, უხვი ბუნებრივი ტბებითა და ციცაბო ხეობებით. ქვეყნის ტოპოგრაფია ხელს უწყობს ჰიდროენერგეტიკის განვითარებას. სწორედ წყლის ენერგიამ ჩაუყარა საფუძველი ერის ტექნოლოგიურ განვითარებას მე -19 საუკუნის ბოლოს და  დღემდე რჩება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მთავარი ღერძი.

ჰიდროენერგეტიკა რეგულარულად მოიცავს მთლიანი ნორვეგიის ელექტროენერგიის წარმოების 95%-ზე მეტს, მცირე ნაწილი კი მზისა და ქარის ენერგიისგან შედგება.
2016 წლის ბოლოს, ნორვეგიის შიდა წყლებმა გამოიმუშავეს 31 გიგავატზე მეტი სიმძლავრე, რომელმაც აწარმოა 144 ტერავატი სუფთა ენერგია 1 საათში. ეს არის ნორვეგიაში დაფიქსირებული ჰიდროენერგეტიკის ყველაზე მაღალი წლიური გამომუშავების მაჩვენებელი, რასაც მეტწილად საფუძვლად უდევს ნალექების დიდი რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში.
მიუხედავად  იმისა, რომ ქვეყანაში კარგად არის განვითარებული ჰიდროენერგეტიკის სექტორი,  ნორვეგია უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს არსებული ჰიდროპოტენციალი.  ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი საშუალო ასაკი კი დაახლოებით 46 წელია.
განახლებადი ენერგიის სერთიფიკატების შემოღებამ და 2012 წელს ნორვეგიისა და შვედეთის სასერთიფიკატო ბაზრების გაერთიანებამ გამოიწვია მცირე მასშტაბის (ამ შემთხვევაში 10 მგვტ სიმძლავრის ან ნაკლები) ჰიდროენერგეტიკული პროექტების ბუმი.

2004 წელს ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორმა გამოაქვეყნა რუკა, სადაც აღნიშნული იყო ქვეყანაში არსებული სავარაუდო ადგილები, სადაც ჰესის აგება იქნებოდა შესაძლებელი. ამ ყველაფერმა ძალიან გაუადვილა საქმე ინვესტორებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ნორვეგიაში იყო 350 მცირე ჰიდროენერგიის პროექტი განხილული, ამ დროისთვის კი ეს რიცხვი საგრძნობლადაა გაზრდილი.
რაც შეეხება თავად ჰესების მშენებლობის დეტალურ პროცესს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, ნორვეგიის მაგალითზე, დიდი და მცირე მასშტაბის ჰიდროენერგეტიკული პროექტების სალიცენზიო პროცედურებს შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები.
მცირე მასშტაბის პროექტები საჭიროებს, წყლის რესურსების შესახებ კანონის თანახმად, ლიცენზირებას და აქვს დამონტაჟებული სიმძლავრე 10 მგვტ-ზე ნაკლები, თუმცა, ის არ ითვალისწინებს მდინარეში ნაკადის სიჩქარის რეგულირებას, რომელიც აღემატება მდინარეების რეგულირების შესახებ ლიცენზირების მოთხოვნების შესაბამის ზღვარს.
1-დან 10 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურისთვის საჭიროა გათვალისწინებული იყოს არსებული ბიომრავალფეროვნება. დაგეგმვისა და მშენებლობის შესახებ კანონის წესების შესაბამისად, განაცხადის საჯარო ცნობა ქვეყნდება ადგილობრივ მედიაში, ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, ხოლო კონსულტაციებს ატარებენ  ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მიწის მფლობელების წარმომადგენებლებთან. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ტერიტორია უშუალოდ  ადგილზე მოწმდება.

ფართომასშტაბიან პროექტად კი წარმოდგენილია ისეთი ელექტროსადგური, რომელსაც დამონტაჟებული სიმძლავრე 10 მგვტ-ზე მეტი აქვს. აღნიშნული პროექტი აუცილებლად უნდა არეგულირებდეს მდინარეში ნაკადის სიჩქარეს და კანონის შესაბამისად საჭიროებს ლიცენზიას მდინარეების რეგულირების შესახებ.

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატმა მოამზადა სახელმძღვანელო მითითებები ნორვეგიულ ენაზე როგორც ადმინისტრაციული პროცედურისთვის, ასევე მდინარის სისტემებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისთვის.
ეს მითითებები მოიცავს: აკვაკულტურის ობიექტებს, მცირე ელექტროსადგურების მშენებლობას, არსებული ელექტროსადგურების მოდერნიზებასაა და განახლებას, მდინარის სისტემებში ან მის გასწვრივ მშენებლობას, ხრეშის ორმოებსა და წყალდიდობისგან დაცვის ღონისძიებებს.
ენერგეტიკული პროექტის გარემოზე ზეგავლენა შეძლებისდაგვარად მინიმალური უნდა იყოს, მშენებლობა და ოპერირება კი – უსაფრთხო.

ენერგეტიკის აქტი მოითხოვს ყველასგან, ვინც აშენებს, ფლობს ან ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების, ტრანსფორმაციის, გადაცემისა და განაწილების ინსტალაციას, რომ ჰქონდეს ლიცენზია. ეს ნიშნავს იმას, რომ, თუნდაც, წყლის რესურსების შესახებ კანონის შესაბამისად, ლიცენზია მიენიჭოს ელექტროსადგურს, ელექტრული დანადგარები კვლავ ექვემდებარება ენერგეტიკის აქტის სალიცენზიო მოთხოვნებს. სალიცენზიო განაცხადებები უნდა წარედგინოს  ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორს. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჭიროება გზშ-ს დებულებითაა გათვალისწინებული, გზშ-ს ანგარიში უნდა  აისახოს განაცხადში. გზშ-ს რეგულაციებში მოცემულია ის ზღვრები, რომელთა ზემოქმედების შეფასება სავალდებულოა ან შეიძლება, რომ საჭირო გახდეს.
როგორც წესი, პროექტების განხილვის დროს გათვალისწინებულია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობები, ისეთები, როგორიცაა: წყლის ადეკვატური დინება, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ხარისხს, წყალგამტარობას, თევზების ნაკადების მიმოსვლასა და ველური ბუნების დაცვას.
ძირითადი ელექტროგადამცემი პროექტები ექვემდებარება ნორვეგიის  საინვესტიციო პროექტების მართვის წესებს.  ეს გულისხმობს მოთხოვნილებების საჭიროებების ანალიზს, კონცეფციის არჩევანსა და ხარისხის გარანტიას, არის თუ არა პროექტი სიცოცხლისუნარიანი.
ჰიდროენერგეტიკული და ენერგეტიკული პროექტები გავლენას ახდენს კომერციასა და მრეწველობაზე, ადგილობრივ პრობლემურ თემატიკებზე, გარემოსა და მომხმარებლის სხვა ინტერესებზე.
სალიცენზიო ორგანოები პასუხისმგებელნი არიან, რომ პროექტი საფუძვლიანად შეფასდეს და დეტალურად აღიწეროს  უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებამდე. მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა თემატიკისა და დამატებითი განცხადებების შესწავლის აუცილებლობა სალიცენზიო პროცედურების დროს წამოჭრილ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ სალიცენზიო განაცხადები საფუძვლიანად შეფასდეს და პროცედურები მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო აქტიურად განიხილება,  რამდენად საჭიროა საქართველოში ჰესების აშენება  და თუ არ არის საჭირო, მაშინ შეიძლება თუ არა განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების მეშვეობით იმავე რაოდენობის ენერგიის გამომუშავება, რამდენისაც აღნიშნული ჰესებით.
ჰიდრორესურსების მიხედვით, საქართველოს, ნორვეგიის მსგავსად, შეუძლია დაფაროს თავისი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე.
საქართველოშიც ჰიდროელექტროსადგურების აშენების პროცედურები ცენტრალიზებულია და ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ნებართვა აუცილებელი ეტაპია საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. ასევე მასში მოიაზრება საჯარო განხილვა და სპეციალისტების მოსაზრებების გაზიარება.
მიმაჩნია, რომ საკმაოდ ეფექტური იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ლიცენზირებისა და სერტიფიცირების არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც შეაფასებს  ჰიდროენერგეტიკული სადგურების გარემოზე ზემოქმედებას. ჰიდროენერგეტიკის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს: მდინარის ნაკადები, წყლის ხარისხი, თევზის მიმოსვლის უზრუნველყოფა, წყალგამყოფის დაცვა, საფრთხის წინაშე  და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა, კულტურული რესურსების დაცვა, რეკრეაციული ზონები. ასეთი სასერტიფიკაციო პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი გახდება იმ ჰიდროელექტროსადგურების იდენტიფიცირება, რომლებსაც აქვთ გარემოზე მინიმალური  ზემოქმედება. კრიტერიუმების გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც არსებული, ისე  ახალი ობიექტების შესაფასებლად, რაც ხარისხის ნიშნად უნდა იქცეს.
საქართველოში არსებული სისტემით, სადაც ყველაფერი ცენტრალიზებულია, ბაზარი არ არეგულირებს ელექტროენერგიის ფასს და სხვა განახლებადი ენერგიის  რესურების განვითარებისა და გამოყენების შესაძლებლობა  მცირეა.  მაგალითად, მზის პანელების განვითარება ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ არის და ამიტომაც არ ვითარდება.  მაშინ, როდესაც, კონკრეტულ რეგიონში  ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად გამოყოფილი თანხა სრულებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არსებული ყველა სახურავი დაიფაროს მზის პანელით. თუმცა ასევე უდავოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სჭირდება ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების გაზრდა, ენერგეტიკული სექტორის აქტიური განვითარება.
როგორც წესი, კაშხლის ექსპლუატაციის ნორმები განსაზღვრულია წინასწარ. ობიექტის მონიტორინგი და ზედამხედველობა გულისხმობს პერიოდულ ვიზუალურ შემოწმებას, რეგულარულ გაზომვებს, მონაცემთა შეგროვებას და პერიოდულ რეაბილიტაციას. ობიექტის მუშაობაში არსებული ყველა გადახრის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის პირებს. კაშხლის უსაფრთხოების ინჟინერი უნდა ამოწმებდეს ობიექტის უსაფრთხოებას და ვალდებულია მთავრობის ორგანოებს წარუდგინოს მოხსენება ობიექტის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური შემოწმების შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ენერგოობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაჩერება ავტომატურად ქმნის იმპორტის საჭიროებას.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, დაკონკრეტებულია გარემოზე სხვადასხვა მიმართულებით ზიანის შედეგების გამოსწორება, ფულადი ჯარიმების ჩათვლით. სამწუხაროდ,  გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევებში  მესაკუთრე არ აგვარებს გარემოზე მიყენებულ ზიანს და მხოლოდ ფულადი ჯარიმების გადახდით შემოიფარგლება, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლებელია ეკოლოგიური კატასრტოფის მიზეზიც გახდეს. მაშინ, როდესაც, ევროპული გამოცდილებით, მესაკუთრე, პირველ რიგში, გარემოზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორების გამოსწორებას ცდილობს. განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ სოლიდურია ფულადი ჯარიმა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ვფიქრობ, აღნიშნული მიდგომა საბოლოო ჯამში ბევრად უკეთესი შედეგების მომტანია და კარგი იქნება მსგავსი პრაქტიკის დანერგვა საქართველოში.
აუცილებელად უნდა აღინიშნოს, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ნორმებს. ყოველი პროექტი უნდა განიხილებოდეს დამოუკიდებლად. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი პროექტები ეფუძნება უახლეს მიღწევებს ამ სფეროში, პრაქტიკულად  შეუძლებელია ნებისმიერი ახალი სტანდარტი დროულად აისახოს ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობაში.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები