ჟურნალ "ველური ბუნების" მთავარი რედაქტორი

გოჩა კობერიძე

მე-8 ნომრის წინასიტყვაობა

 ჩვენი ჟურნალის დაარსებისას ერთ-ერთ მთავარ მიზნად და მოტივაციად იმ ძალების გაერთიანება დასახელდა, რომლებიც, მიუხედავად მათი სტატუსის, შესაძლებლობებისა და ბრძოლის მეთოდებში განსხვავებებისა – ბუნებისადმი სიყვარული აერთიანებთ და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა გააჩნიათ.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ ნაწილობრივ მივაღწიეთ დასახულ მიზანს – ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან მკითხველი იღებდა ინფორმაციას სახელმწიფო, საზოგადოებრივი, საერთაშორისო, სამეცნიერო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ საკითხებში აღნიშნული ორგანიზაციები გვევლინებიან დაპირისპირებულ მხარეებად, მკითხველი ადვილად შეამჩნევდა, რომ მათი მიზანი მეტწილად იდენტურია, თუმცა გზები და საშუალებები განსხვავებული.
ხშირ შემთხვევაში გარემოს დაცვის მიზნით გაერთიანებისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი პოლიტიკაა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი დადებითი მოვლენის შეფასებისას – თუ ჩვენ თვითონ არ მოვნაწილეობდით აღნიშნულ პროცესში, მაშინ სათუოს ვხდით მის წარმატებულობის ხარისხს, ხოლო თუ არმონაწილეობის გარდა გაირკვა, რომ ეს ჩვენმა მოწინააღმდეგემ გააკეთა, მაშინ კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებთ და ვეძებთ მხოლოდ მის უარყოფით ზეგავლენას.
კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ჟურნალისტებიც ამ პოლიტიკის ნაწილი ხდებიან და მათი რეპორტაჟები სიკეთისა და ბოროტების აღრევას ემსახურება, რის შედეგადაც რიგ შემთხვევებში, როცა გარკვეული ქმედება მხოლოდ მაგალითის მიმცემი უნდა იყოს დანარჩენებისთვის, იგი წარმოჩენილია როგორც ზიანის მომტანი რიგითი ბოროტება.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ჩვენი გუნდი არათუ ეგუება მოცემულობას, არამედ კიდევ უფრო აქტიური ხდება დასახული მიზნების მისაღწევად და „ფონდი განვითარება და გარემო“-ს დაფუძნებით ახალ ეტაპზე გადადის, რათა მეტი შესაძლებლობები შევქმნათ ბუნებაზე მზრუნველი საზოგადოებისთვის. შემდეგ ნომერში დაწვრილებით განვიხილავთ ინფორმაციას ფონდის შესახებ, რათა ყველა ჩვენი მკითხველი აქტიურად ჩაერთოს კეთილი საქმის კეთებაში.