რეკლამა

მეძებართა საველე გამოცდები

2018 წელს ინგლისური მეძებარი ძაღლების დიდი ძებნისა და სამონადირეო ძებნის შეჯიბრზე ერთ-ერთ გამარჯვებულს გადაეცა პრიზი – ჩარჩოში ჩასმული ნახატი, რომელიც ინგლისელ მხატვარს, ჯორჯ ერლის, ეკუთვნის. ამ ნახატზე გამოსახულია საველე შეჯიბრი, რომელშიც ბევრი განთქმული მონადირე და მათი ძაღლები მონაწილეობს. სწორედ ამ ნამუშევრისა და მისი ავტორის შესახებ მინდა რამოდენიმე სიტყვით მოგითხროთ.
ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობოდი მონადირე-სპორტსმენების ცხოვრებასა და მოღვაწეობას და აღმოვაჩინე, რომ ფერწერულ ტილოზე აღბეჭდილია ბევრი მათგანი, ვისზედაც სამონადირეო წრეებში არაერთი ლეგენდარული ისტორიაა გავრცელებული.
XIX საუკუნის 80-იან წლებშია შექმნილი ეს სურათი, რომელიც სანადირო ძაღლების, ძირითადად, ინგლისური სეტერებისა და პოინტერების საველე შეჯიბრებებისთვის მზადებას ასახავს.
ინგლისური ფერწერული სკოლა ხელოვნების მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი. მისი ერთერთი საინტერესო წარმომადგენელია მხატვარ-ანიმალისტი ჯორჯ ერლი. სურათს თან ერთვის მისი სქემატური გამოსახულება და პერსონაჟთა სია, სადაც ნომრებით არის აღნიშნული ამ მრავალფიგურიანი კომპოზიციის ყველა პერსონაჟი თავიანთ ძაღლებთან ერთად. ამ ნაშრომის მომზადებაში უდიდესი დახმარება და ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები გამიწია დიდებულმა მხატვარმა, მონადირემ, მონადირე ძაღლების სანადირო იარაღის გამოჩენილმა ექსპერტმა ბატონმა თეიმურაზ ლომინაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
ჯორჯ ერლი (1824-1908) ინგლისური ფერწერული სკოლის ანიმალისტური მიმართულების მხატვარი იყო, რომელიც ძირითადად სანადირო ძაღლებისა და ნადირობის ამსახველ სურათებს ქმნიდა, ხატავდა აგრეთვე დოღის ცხენებსაც. მისი ორივე შვილი – პერსი და მაუდერლები – მხატვარ-ანიმალისტები იყვნენ, ანიმალისტი იყო, აგრეთვე, მისი ძმა ტომასიც. თვითონ ჯორჯ ერლი აზარტული მონადირე-სპორტსმენი იყო და მისი ეს გატაცება კარგად ჩანს მისსავე ნამუშევრებში. იგი  ბრიტანული „კენელ-კლუბის“ ერთ-ერთი პირველი წევრიც იყო.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი მონუმენტური ტილო „მეძებართა საველე გამოცდები“ (The Field Trail Meeting), რომელიც 1883 წელს არის შექმნილი და ინგლისური არისტოკრატიის მიერ წლის სენსაციად იქნა აღიარებული. სურათზე გამოსახულია დილაადრიან შეკრებილი შეჯიბრის მონაწილეთა დიდი ჯგუფი და მათი ძაღლები – ინგლისური სეტერები და პოინტერები. მათ შორის, მეორე რიგში, დგას ერთი ირლანდიური სეტერი, სურათის ზედა, მესამე რიგში – ერთი შოტლანდიური სეტერი, გორდონი, რომელიც 75 ნომრით აღნიშნულ მონაწილეს უჭირავს.
ამომავალი მზის სხივები ვარდისფრად ავარაყებენ შორეულ ბორცვებსა და ღრუბლებს. მონადირეთა ჯგუფი დაბლობზეა განლაგებული, მზის სინათლე ჯერ ვერ აღწევს და დილის ბინდ-ბუნდში ემზადებიან საასპარეზოდ.
კომპოზიციის ცენტრალურ ჯგუფში დგას ორი პერსონაჟი, რომლებსაც ხელში ფურცლები უჭირავთ. სავარაუდოა, რომ ისინი შეჯიბრის მსაჯები არიან და მონაწილეთა სიებს აზუსტებენ.
სურათზე ფოტოგრაფიული სიზუსტით არიან გამოსახულნი ის რეალური პიროვნებები, რომლებმაც ბრიტანეთისა – და არამარტო ბრიტანეთის – სანადირო ძაღლების, განსაკუთრებით ინგლისური სეტერებისა და პოინტერების გამოყვანასა და ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულეს. აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდ დგანან ცნობილი ინგლისელი მონადირე-სპორტსმენები, ძაღლთსაშენების მფლობელები, ეგერები, მგეშავები, ექსპერტები, ცნობილი წიგნების ავტორები და არისტოკრატიის წარმომადგენლები. ამ დინამიკურ სანახაობაში მონაწილეობენ ისეთი კორიფეები, როგორებიც არიან: უილიამ არკრაიტი, ედუარდ ლავერაკი, პიურსელ ლიუელინი, ჰერცოგი ვესტმინსტერი, ჰერცოგი პორტლენდი, ბარონი გაუტსტალი და სხვები.
ამ სურათს ერთი საინტერესო თავისებურება ახასიათებს: მასზე გამოხატული შეჯიბრი ამ შემადგენლობით არასოდეს ჩატარებულა. როცა ეს სურათი იქმნებოდა, ბევრი მისი პერსონაჟი ცოცხალიც აღარ იყო. სურათზე გამოხატული ედუარდ ლავერაკი (N8) 1877 წელს გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად დგას იმ დროისთვის ცნობილი ინგლისური სეტერი „როფს ბეიბი“ (Romp’s Baby), რომელიც 1880 წელს დაბადებულა. მხატვრის დამსახურება სწორედ იმაშია, რომ მან შეკრიბა და ერთ ჯგუფში გააერთიანა ყველა ის პიროვნება, რომლებიც სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და დიდი ამაგი დასდეს ინგლისური სანადირო მეძაღლეობის განვითარებას.
შეჯიბრის ჩატარების ადგილი რეალურია, მას ბალა ეწოდება და ჩრდილოეთ უელსში, 64,000 აკრზე იყო გადაჭიმული. ეს ადგილი გრაუსის, გნოლისა და კურდღლის მრავალრიცხოვნობით იყო ცნობილი. აქ სისტემატურად ტარდებოდა პოინტერებისა და სეტერების შეჯიბრებები. პირველი ასეთი შეჯიბრი 1873 წელს ჩატარებულა.

ცნობილი ინგლისელი კინოლოგ-ისტორიკოსი ჯერარდ მასსეი წერს, რომ ამ სურათზე გამოხატული თითოეული პიროვნება აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეჯიბრებების ორგანიზებაში. მაგალითად, პოინტერების ერთ-ერთი საშენის მფლობელი იყო პოლკოვნიკი კოკსი (N47), პოინტერების დიდი მოყვარული ვაითჰაუზი იმ დროის ცნობილ პოინტერთან „ჰამლეტთან“ ერთად არის გამოსახული. ეს ძაღლი არაერთი საველე შეჯიბრის გამარჯვებული იყო. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი შეჯიბრის წინ, ნადირობისას „ჰამლეტი“ დაიჭრა. მიუხედავად საკმაოდ სერიოზული ჭრილობისა, მან რამდენიმე დღის შემდეგ ბალას შეჯიბრი მოიგო.
სურათზე გამოსახულია მაშინდელი ცნობილი ძაღლი – დრეიკი (N16), რომელიც სერ რიჩარდ ჰარტს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ინდოეთში სამუშაოდ მიმავალმა ჰარტსმა თავისი პოინტერების კენელი გაყიდა და მათ შორის – დრეიკიც. ჰარტსის დღიურში ვკითხულობთ: „ძალზე მაინტერესებს, მოხსნა თუ არა ვინმემ ჩემი რეკორდი: წყვილი პოინტერებით (ერთ-ერთი „დრეიკი“), ერთი თოფით, ერთი გამყოლითა და ერთი პონით დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე – 82 წყვილი გრაუსი, კურდღლებს, ბეკასებს და სხვა ფრინველებს არ ვთვლი?“
58-ე ნომრით გამოსახულია განთქმული შოტლანდიელი  ეგერი  და  მგეშავი  ჯონ  ბიშოპი.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ედუარდ ლავერაკის (N8) და უილიამ არკრაიტის (N34) გამოსახულება. ინგლისური მეძებრების რომელ მოყვარულს არ წაუკითხავს მათი შესანიშნავი წიგნები: „სეტერი“ და „პოინტერი და მისი ისტორია“. საინტერესოა ისიც, რომ ჯორჯ ერლის ქალიშვილის – მაუდ ერლის მიერ არის დასურათებული არკრაიტის წიგნის პირველი გამოცემა. მის მიერვე არის ილუსტრირებული შესანიშნავი წიგნი „ბრიტანული მდევრები და მეძებრები“, რომელიც 1902 წელს გამოიცა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.
ჯორჯ ერლის მიერ არის ილუსტრირებული კიდევ ერთი ძალზე საინტერესო და იშვიათი წიგნი „ინგლისის ჩემპიონები“.
ამ მოკლე წერილში განხილული სურათის გარდა, ჯორჯ ერლიმ ნადირობის თემაზე კიდევ რამდენიმე საინტერესო სურათი შექმნა, მათ შესახებ მომავალში მოგითხრობთ.

გიორგი ანდრონიკაშვილი

The author presented one of the main works of famous British artist George Earl “The Field Trial Meeting”.  A depiction of a mythical field trial set in Bala, North Wales. Earl included many of the famous dog trial faces of the day along with their animals.

Photographical accuracy depicts the real persons that has played a major role in bringing and developing of British and not only British dogs, especially English setters and pointers. Here are the famous English hunter-sportsmen, dog owners, experts, well-known authors of the books and representatives of the aristocracy.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები