რეკლამაspot_img

საქართველოში გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების ახალი სახეობები და მათი ქართული სამეცნიერო სახელები

გიორგი ეპიტაშვილი
თათია ყულჯანიშვილი
ბელა ჯაფოშვილი
ლუკაშ კალოუსი
ლევან მუმლაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პრაღა, ჩეხეთი

აბსტრაქტი:

დედამიწაზე არსებული ბიომრავალფეროვნების  36 ცხელი წერტილიდან საქართველო  2 წერტილის შემადგენლობაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ არსებული უნიკალური ჰაბიტატები და ფლორა-ფაუნა ძლიერ ანთროპოგენურ ზეწოლას განიცდის. აქედან გამომდინარე, აქ არსებული სახეობების კონსერვაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მტკნარი წყლის რესურსებით და, შესაბამისად, წყლის ბიომრავალფეროვნებაც საკმაოდ მაღალია. უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველოს წყალსატევებში გავრცელებულია მტკნარი წყლის თევზის 96 სახეობა. აღსანიშნავია, რომ ამ 96 სახეობიდან არსებობენ თევზები, რომლებსაც ქართული საკუთარი სახელი არ გააჩნდათ. ესენია ახლად აღწერილი და საქართველოში პირველად დაფიქსირებული სახეობები. აღნიშნული სტატიის მიზანია, ქართულენოვანი მოსახლეობას მივაწოდოთ ამ სახეობების საკუთარი სახელები, რაც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რაოდენ დიდი ბიომრავალფეროვნება აქვს საქართველოს და რამდენად მნიშვნელოვანია სახეობების საკუთარი სახელების ცოდნა მათი იდეტიფიცირებისა და  კონსერვაციისთვის. თევზების ადგილობრივი სახელების ცოდნა ასევე მნიშვნელოვანი იქნება მუზეუმებისთვის სამუზეუმო კოლექციებისა და ექსპონატების აღსაწერად. დაბოლოს, სამომავლოდ, ქართულენოვანი საველე გზამკვლევის შესადგენად, რომელიც მკვლევარებს, მეთევზეებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს თევზების იდენტიფიკაციას.

შესავალი

მსოფლიოში არსებობს 36 ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი და მათგან კავკასიის ეკორეგიონი ორი წერტილის შემადგენლობაში შედის: კავკასია და ირანო-ანატოლიის (ამ უკანასკნელს ეკუთვნის  სამხრეთ საქართველოს ნაწილი ჯავახეთის ტბებითა და მდინარეებით). ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები სახეობების განსაკუთრებული მრავალფეროვნებითა და ენდემიზმის მაღალი დონით ხასიათდება, თუმცა, ამავდროულად, ეს მრავალფეროვნება მეტად მოწყვლადია სხვადასხვა საფრთხეების წინაშე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ველური ბუნების შესწავლა და დაცვა.
თევზები ხერხემლიანთა ქვეტიპიდან ყველაზე მოწყვლად ცხოველებს თევზი ცხოველია?! განეკუთვნებიან. მაგალითისთვის, ევროპაში მტკნარი წყლის თევზების 40% საფრთხის წინაშეა. სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთის ტერიტორია) გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების შესახებ ინფორმაცია უკანასკნელ დრომდე ქაოტური, გაფანტული და მოძველებული იყო, რადგან უმეტესწილად ძველ, ათეულობით წლის წინანდელ მონაცემებს ეყრდნობოდა. პირველი კონსოლიდირებული კვლევა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის 2020 წელს გამოქვეყნდა (Kuljanishvili et al, 2020), რის ფრგლებშიც განახლდა ინფორმაცია მტკნარი წყლის თევზების ტაქსონომიური მრავალფეროვნებისა და გავრცელების შესახებ. შედეგად დადგინდა, რომ  სამხრეთკავკასიური ქვეყნებიდან მტკნარი წყლის თევზების რაოდენობით ყველაზე მდიდარი საქართველოა და სახეობათა რიცხვი აღწევს 96-ს. ეს განპირობებულია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით, რადგან საქართველო მოიცავს როგორც, შავი, ისე კასპიის ზღვის აუზებს.
სამხრეთ კავკასიის მტკნარი წყლის თევზების განახლებულ ჩეკლისტზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს მტკნარ წყლებში გავრცლებული 96 სახეობის თევზიდან არსებობს არაერთი სახეობა, რომლებსაც ქართული, ადგილობრივი სახელი არ გააჩნდათ. ასეთია ახლად აღწერილი და საქართველოში პირველად დაფიქსირებული სახეობები. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო სამეცნიერო (ლათინურ) ბინომურ სახელთან ერთად ყველა სახეობას ადგილობრივი საკუთარი სახელი ქონდეს? პირველ რიგში, საკუთარი სახელი ამა თუ იმ სახეობის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია. ასევე, სახელების არარსებობის შემთვევაში ბიომრავალფეროვნების რაოდენობრივი აღქმა ვერ ხერხდება. სახეობებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად არსებობდნენ, მათი ქართული სახელებიც ისტორიულად შეიქმნა და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელი ჰქვია. ხშირად ამა თუ იმ რეგიონში მოსახლეობა სხვადასხვა სახეობას ერთი და იმავე, მცდარი სახელით იცნობს. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში გოჭალას (გვარი Oxynoemacheilus) ეძახიან გველანას და ზოგჯერ ღორჯოს, მაშინ როცა ეს უკანასკნელნი სხვა სახეობებს განეკუთვნებიან; ან– აღმოსავლეთ საქართველოში მტკვრის წვერას (Barbus cyri) ეძახიან მურწას, ხოლო თვითონ მურწას (Luciobarbus mursa) ეძახიან ციმორს. მარდულას და თაღლიათას სახეობებს (Alburnus და Alburnoides გვარებიდან) ხშირად ეძახიან ნაფოტას და. ა.შ. ცხადია, ასეთი ქაოტური სიტუაცია ხელს შეუშლის თევზების მრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და, შესაბამისად, კონსერვაციული ქმედებების განხორციელებას ლოკალურად. მაგალითად, თუკი მდინარეში გავრცელებულია 3 სახეობის გოჭალა (მტკვრის, არაქსის და ბერგის) და ამათგან ბერგის გოჭალა ზრუნვას საჭიროებს, ხოლო ადგილობრივები ამ მდინარეში გავრცელებულ ყველა გოჭალას ერთი სახელით იცნობენ, მეტად სავარაუდოა, რომ მათდაუნებურად მოიპოვონ საფრთხის წინაშე მყოფი ბერგის გოჭალა. დაბოლოს,  თევზების ადგილობრივი სახელები მნიშვნელოვანია მუზეუმებისთვის, სამუზეუმო კოლექციებისა და ექსპონატების აღსაწერად, ქართულენოვანი საველე გზამკვლევის შესადგენად, რომელიც მკვლევრებს, მეთევზეებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს თევზების იდენტიფიკაციას ველზე.
დღემდე არსებული ქართულ ენაზე გამოცემული ნაშრომები, როგორებიცაა: 2008 წლის, ქოქოსაძისა და სხვაავტორების ან 2013 წლის ნინუასა და სხვა ავტორების ნაშრომები მოიცავს თევზების იმ დროისთვის ცნობილი სახეობების ქართულ სახელებს და ხშირ შემთხვევაში მითითებულია ყველა ის სახელი, რომლითაც ამა თუ იმ ტაქსონს მოიხსენებენ ლოკალურად. ბოლო ათწლეულში თევზის არაერთი ახალი სახეობა (მეცნიერებისათვის თუ რეგიონისთვის) გამოჩნდა საქართველოში და ასევე განხორციელდა არაერთი ტაქსონის რევიზია. შესაბამისად, ჩვენ მიზნად დავისახეთ შემოგვეთავაზებინა ქართული სახელები იმ სახეობებისათვის რომელნიც ამ დროისათვის სახელების გარეშე არიან.

მეთოდები

სახეობათა სახელები შეირჩა შემდეგნაირად: იმ სახეობებიდან, რომელებსაც არ ჰქონდათ ქართული სახელები, მათი ინგლისური და ლათინური სახელებიდან გამომდინარე (იმისდა მიხედვით თუ რომელი უკეთ ასახავდა თევზს) მიენიჭათ შესაბამისი ქართული სახელები. ხშირ შემთხვევაში შევქმენით კომბინაცია მოცემულის  მონათესავე სახეობის სახელისა და გეოგრაფიული გავრცელების მითითებით (მაგალითად „არალის წვერა“), ან მათი ინგლისურენოვანი სახელწოდებიდან გამომდინარე. სახეობათა სახელები კი განახლდა ამ სახეობაზე არსებული ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ შემდეგი სამეცნიერო ბაზები: FishBase (https://www.fishbase.de/), IUCN ის წითელი ნუსხა (https://www.iucnredlist.org/) და შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა. მიღებული შედეგები ასევე განთავსდა საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზაში (http://biodiversity-georgia.net).

შედეგები და დისკუსია

ჩატარებული სამუშაოს შედეგად გთავაზობთ ქართულ საკუთარ სახელს 25 სახეობისთვის (ცხრილი 1), აქედან 9 სახეობა მეცნიერებისთვის ახალი აღწერილია (უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში), 6 სახეობა საქართველოსთვის პირველადაა დაფიქსირებული (აღნიშნულია *-ით),  ხოლო დანარჩენ 9 სახეობას სახელი შეეცვალა (განუახლდა), რადგან წარსულში მათი სახელები ან საერთოდ არ იყო, ან არასწორად იყო მოხსენიებული ქართულ ენაზე.
ამგვარად, შემოთავაზებული დასახელებებით თითქმის ყველა, საქართველოში გავრცელებული მტკნარი წყლის თევზის ქართული საკუთარი სახელია ხელმისაწვდომი. ზოგიერთი სხვა სახეობის ქართულ-ლათინური-ინგლისური დასახელებების მოძიება ასევე შესაძლებელია ქოქოსაძისა და თანავტორების 2008 წლის ბროშურაში, ასევე ნინუასა და თანავტორების 2013 წლის წიგნში და საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზაში.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახეობების დასახელებებში უზუსტობა და კონსენსუსის არარსებობა სერიოზული პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს მრავალფეროვნების ზოგადად თუ ცალკეული სახეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და კონსერვაციაში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად გამოცდილი მეთევზეებიც რამდენიმე ტაქსონს ერთი და იმავე ქართული სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად „ნაფოტას“ სახელით ხშირად მოიხსენებენ საკუთრივ ნაფოტას (Rutilus lacustris), სამხრეთულ მარდულასა (Alburnoides fasciatus) და აღმოსავლურ მარდულას (Alburnoides eichwaldii). ასეთივე საინტერესო მაგალითია ციმორისა და მურწას შემთხვევაც. მართლაც, ციმორი რომელიც სრულიად განსხვავებული გვარის სახეობაა (Romanogobio macropterus), როგორც წესი, მურწას (Luciobarbus mursa) აღსანიშნავად გამოიყენება და ფართო საზოგადოებისთვის ეს ორი სახეობა როგორც ერთი, ისე არსებობს.  ცხადია, არაპროფესიული საზოგადოებისთვის ამა თუ იმ სახეობის საერთაშორისო სამეცნიერო (ლათინური) დასახელების ცოდნა არაა პრიორიტეტი, თუმცა ლოკალური და სწორად შერჩეული სახელების ცოდნა (სულ მცირე არსებობა) ხელს შეუწყობს  საზოგადოებას, უკეთ აღიქვას და  შეაფასოს საქართველში გავრცელებული თევზების მრავალფეროვნება.
ჩვენი სამომავლო მიზანია, რომ გაკეთდეს განახლებული საველე გზამკვლევი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც მიმოხილული იქნება ჩვენთან გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების ზოგადი ბიოლოგიური და ეკოლოგიური მახასიათებლები, მარტივი საიდენტიფიკაციო ნიშნები, სახეობათა გავრცელების დეტალური რუკები და ფერადი ფოტოსურათები, რაც გაუადვილებს მკვლევრებს, ნებისმიერ მეთევზეს, სტუდენტსა თუ, უბრალოდ, ბუნების მოყვარულს ველზე მუშაობის ან დასვენების პროცესში მარტივად გაარკვიოს მოპოვებული თევზის სახეობები. გვჯერა, რომ ყველა ჭეშმარიტი მეთევზე და ბუნების მოყვარული, როდესაც ნახავს, რომ მათ მოიპოვეს იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, ბუნებაში დააბრუნებს მოპოვებულ ინდივიდებს, რაც მათი დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ცხრილი 1. საქართველოს იქთიოფაუნისთვის ახალი ან განახლებული ტაქსონები – შესაბამისი ლათინური, ინგლისური და ქართული სახელებით. სახეობები დალაგებულია ოჯახების მიხედვით. ახალადაღწერილი სახეობები აღნიშნულია *-ით.

სახეობაინგლისური სახელიქართული სახელი
Cobitidae
Cobitis saniae Eagderi, Jouladeh-Roudbar, Jalili, Sayyadzadeh & Esmaeili, 2017South Caucasian spined loachსამხრეთკავკასიური გველანა
Cyprinidae
Barbus ciscaucasicus Kessler, 1877Terek barbelთერგის წვერა
Capoeta banarescui Turan, Kottelat, Ekmekçi & Imamoglu, 2006Banarescu’s barbბანარესკუს ხრამული
Capoeta kaput Levin, Prokofiev & Roubenyan 2019*Blue barbარაქსის ხრამული
Luciobarbus brachycephalus (Kessler, 1872)Aral barbelარლის წვერა
Gobiidae
Ponticola cyrius (Kessler, 1874)Kura gobyმტკვრის ღორჯო
Ponticola gorlap (Iljin, 1949)Caspian bighead gobyკასპიური ჭრელი ღორჯო
Proterorhinus nasalis (De Filippi, 1863)Eastern tubenose gobyაღმოსავლური მილცხვირა ღორჯო
Gobionidae
Gobio artvinicus Turan, Japoshvili, Aksu & Bektaş 2016*Artvin gudgeonართვინული ციმორი
Romanogobio macropterus (Kamensky, 1901)South Caucasian gudgeonსამხრეთკავკასიური ციმორი
Oxudercidae
Rhinogobius lindbergi*Amur gobyამურის ღორჯო
Leuciscidae
Leucaspius delineatus Heckel, 1843Belicaმზისებრი თაღლითა
Squalius agdamicus (Kamensky 1901)*Kura chubმტკვრის ქაშაპი
Squalius orientalis Heckel, 1847Oriental chubაღმოსავლური ქაშაპი
Squalius turcicus De Filippi, 1865Transcaucasian chubსამხრეთკავკასიური ქაშაპი
Mugilidae
Chelon labrosus (Risso, 1810)Thicklip grey mulletსქელტუჩა კეფალი
Chelon ramada (Risso, 1810)Thinlip grey mulletთხელტუჩა კეფალი
Nemacheilidae
Oxynoemacheilus bergianus (Derjavin, 1934)Kura sportive loachბერგის გოჭალა
Oxynoemacheilus cemali Turan, Kaya, Kalayci, Bayçelebi & Aksu 2019*Coruh loachჭოროხის გოჭალა
Oxynoemacheilus veyselorum (Cicek, Eagderi & Sungur, 2018)*Veyseli loachვეისელის გოჭალა
Percidae
Gymnocephalus cernua (Linnaeus, 1758)Ruffeევრაზიული ქორჭილა
Petromyzontidae
Lampetra ninae (Naseka, Tuniyev & Renaud 2009)Caucasian brook lampreyკავკასიური სალამურა
Salmonidae
Salmo ciscaucasicus Kessler, 1877Caspian salmonთერგის კალმახი
Salmo coruhensisTuran, Kottelat & Engin 2010Coruh troutჭოროხის კალმახი
Salmo rizeensis Turan, Kottelat & Engin 2010Rize troutრიზეს კალმახი

 

ციტირებული ლიტერატურა:

  1. ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ. (2013). საქართველოს თევზები. წიგნიერი, თბილისი, 180 გვ.
  2. ქოქოსაძე თ., გოგორელიანი ე., შონია ლ. (2008). საქართველოს მტკნარი წლის ხერხემლიანი ცხოველების დასახელებათა ცხრაენოვანი ლექსიკონი. მრგვალპირინები, თევზები. თბილისი, 40 გვ.
  3. Kuljanishvili T., Epitashvili G., Freyhof J., Japoshvili B., Kalous L., Levin B., Mustafayev N., Ibrahimov S., Pipoyan S., Mumladze, L. (2020). Checklist of the freshwater fishes of Armenia, Azerbaijan, and Georgia. Journal of Applied Ichthyology, 1–14. Advance online publication, https://doi.org/10.1111/jai.14038

Georgia belongs to two out of 36 biodiversity hotspots in the world. It means that the region harbors unique habitats, flora, and fauna, that is under heavy anthropogenic pressure. Therefore, it is important to protect species distributed in this area. In terms of water resources, Georgia is one of the richest countries in Europe. Thus, water biodiversity is high. According to recent research, there are 96 freshwater fish species distributed in Georgian freshwaters. From these 96 species, some do not have Georgian names. These are the species that are newly described and mentioned for the first time to occur in Georgia. The aim of this article is to provide the local names of these species in Georgian that will help us understand how hight is the freshwater biodiversity and how important is the local names for species identification and conservation. Moreover, knowing the local names of these species is important for the museums, to create collections and label the specimens. Lastly, for the future, this will be important to make a field guide for researchers, fishermen, or other interested parties, that will make them available to identify species.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები