რეკლამა

ახალგაზრდა ცხენი და მასთან ურთიერთობა

ზურაბ ჭინჭარაძე – საფრანგეთის ცხენოსნობის ეროვნული სკოლის კურსდამთავრებული

ჭეშმარიტებაა- ცხენს როგორც გაზრდი ისე გამოგადგება. ამ თავში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ცხენი, რომ ის  მორჩილი, ზნეკეთილი, ძლიერი და უშიშარი იყოს. ცხენის გაზრდის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ცხენის გახედნაა.გახედნაზე საუბრისას ბევრს წარმოუდგება თვალწინ ემოციური სურათი, თუ როგორ ცდილობენ, ერთი მხრივ, ცხენი –  ნებისმიერი გზით მხედრის ამოგდებას უნაგირიდან, ხოლო,მეორე მხრივ, მხედარი –  ასევე ნებისმიერი გზით თავის შეკავებას უნაგირში. რა თქმა უნდა, ესეც გახედნაა, მაგრამ არა საუკეთესო მეთოდი გახედნისა. ასეთი ფორსმაჟორული გახედნა გამართლებულია დროის არქონის შემთხვევაში, მაგალითად, ასე ხედნიდნენ ცხენებს ჩვენი წინაპრები, როდესაც ცხენოსანი ლაშქარი უნდა შეგროვებულიყო დროის მცირე მონაკვეთში მტრის მოსაგერიებლად. საფუძვლიანი გახედნა ერთი ან  ორი თვე გრძელდება. სწორი გახედნა ჯანსაღი და კეთილგონიერი ცხენის ყოლის საწინდარია. ცხენი შეიძლება ჩაითვალოს გახედნილად, თუკი იგი  ზურგზე მხედარშემჯდარი, ისევე თავისუფლად გრძნობს თავს და მოძრაობს, როგორც მხედრის გარეშე. ასეთ გახედნას საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკულიმომზადება სჭირდება.სანამ გადავიდოდეთ საქმის წმინდა ტექნიკურ საკითხზე, გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ, ჩვენი აზრით, უფრო მნიშვნელოვან,სულიერ მხარეზე.ცხენოსანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევადსრულიად უცილებელია ცხენთან  დამეგობრება და მისი ნდობის მოპოვება. ცხენი,მაგალითად, ძაღლთან შედარებით, ბევრად უფრო უნდო დაეჭვიანი ცხოველია, რადგან თანამედროვე ცხენის წინაპარს ველურ ბუნებაში  გაცილებით მეტი საშიშროება ემუქრებოდა.  ცხენის ხასიათის ამოცნობას, მისი გუნება-განწყობილებისმიხვედრას დიდი დაკვირვება სჭირდება. ცხენოსანს უნდა გააჩნდეს საკმარისი მოთმინება, რწმენა და სიყვარული,რათა შეძლოს ცხენი დააჯეროს, რომ იგი მისი მეგობარი,  დამცველია და მასთან ყოფნა კომფორტული და უსაფრთხოა. ვინც შეძლებს ამ გზით ცხენის გულის მოგებას, ის აუცილებლად დაჯილდოვდება საპასუხო სიყვარულით –  ცხენი თავის თავს სრულიად მოგანდობთ და სიამოვნებით ითანამშრომლებს თქვენთან. იგი გაგიკეთებთ ყველაფერს, რის გაკეთებასაც ფიზიკურად შეძლებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ხშირად გვხვდება (შეიძლება ითქვას, მასობრივ ხასიათს ატარებს) უხეშობა, ყვირილი, ცხენის ცემა, აგდებული დამოკიდებულება, არასათანადო შენახვის, კვებისა და  მოვლის პირობები.  გავიხსენოთ, რას ქადაგებდა ამის შესახებ წმინდა გაბრიელ ქიქოძე მე–19 საუკუნეში (იხილეთ „ველური ბუნების“ შესაბამისი ნომერი). მას შემდეგ რომ ბევრი რამ არ შეცვლილა, ალბათ საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების ბრალიც არის.მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო კარგად მოვექცევით ცხენს, მით უფრო კარგად მოგვექცევა იგი.

გახედნის ასაკი

უმჯობესია არ გავხედნოთ ცხენი სამ წლამდე. ადრეული გახედნა აუცილებლად შექმნისმომავალში ჯანმრთელობის პრობლემებს. მთელს მსოფლიოში დანერგილი ორწლიანი ინგლისური წმინდა  სისხლის ცხენების დოღებიც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება ცხენების ჯანმრთელობაზე და მას ბევრი მოწინაარმდეგე ჰყავს  თვით ცხენოსანთა, განსაკუთრებით კი – ვეტერინართა წრეებში.

გახედნის წინა სტადია (კვიცის გამოქნა)

არის მთელი რიგი აუცილებელი უნარ-ჩვევისა, რომელიც ცხენმა უნდა შეისწავლოს დაბადებიდან გახედნის ასაკამდე. ამ უნარ-ჩვევების შესწავლას„გამოქნა“ ჰქვია. გამოქნის პროცესშიშესასწავლ უნარ-ჩვევათა თანმიმდევრული სია ასე გამოიყურება: ავშარის ასხმა (გაკეთება) და ტარება, ავშარით მიბმა თოკის მეშვეობით, წმენდა, ფლოქვების მოცემა, დაბანა, ნემსის გაკეთება,ადამიანთან ერთად სიარული ავშარით მოკლე თოკით (ხელში სიარული, დახელისავება), გაჩერება, მიხვევ-მოხვევა, უკუსვლა, კორდაზე (8-10 მეტრის სიგრძის თოკი) მოძრაობა ადამიანის გარშემო ნაბიჯით, ჩორთით და ნავარდით მარჯვნივ და მარცხნივ ხმოვანი სიგნალების მეშვეობით (მაქსიმუმ 10 წუთით თითო მხარეს).სასურველია, აგრეთვე, ხალხში სიარული გარეთ, უცნობ ადგილებში, კიდევ უფრო უკეთესია მეგობარ უფროს ცხენთან უნაგირის ტახტაზე დაახლოებით 4-5 მეტრიან თოკზე გამობმული სეირნობა უცხო ადგილებში (ამ მეთოდს გამოცდილი მხედარი სჭირდება). გუბეებში შესვლა, სხვადასხვა გრუნტის შეჩვევა, ცხენსაზიდში (ცხენების გადასაზიდი სპეციალური ავტომანქანა) შესვლა-გამოსვლა. ორი წლის ასაკიდან უკვე შეგვიძლია შევაჩვიოთ ცხენი მხერდის შეჯდომა- გადმოჯდომას უუნაგიროდ და ნაბიჯით სიარულს ამხედრებული 5-10წუთით. უმჯობესია, შესაჯდომად ცხენისთვის კარგად ნაცნობი ადგილი გამოვიყენოთ , სადაც ცხენი თავს გრძნობს უფრო დაცულად. შესაჯდომად გამზადებულ ახალგაზრდა ცხენს სრულებით არ უნდა ეშინოდეს ადამიანის უეცარი მოძრაობების, მოკლე და გრძელი წკეპლის სწრაფი მოქნევებისა და წკეპლით სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეხების.

დესენსიტიზაცია

ცხენი განსაკუთრებით სენსიტიურია უცხო და მოულოდნელი ხმებისა და უცხო,ხმაურიანი საგნების სხეულზე მიკარებისადმი. ამ მოვლენის დაძლევის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ე.წ. დესენსიტიზაცია. დესენსიტიზაციის არსი მდგომარეობს ცხენისათვის საშიში ხმებისა და შეხებების შეჩვევაში. გთავაზობთ დესენტისიზაციის ყველაზე გავრცელებულ სავარჯიშოებს:გრძელი წკეპლის ბოლოს აბამენ პოლიეთილენის პარკს, იქნევენ მას და ატარებენ ცხენის სხეულზე ცხენის სრულ შეჩვევამდე; პლასტმასის ცარიელ ბოთლში ყრიან კენჭებს და აჟღარუნებენ; უფრიალებენ ცხენს დროშას. და ა. შ. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მსგავსი სავარჯიშოების მოფიქრება. დესენსიტიზაციის კურსი შეიძლება ერთი კვირიდან ერთ თვემდე გაგრძელდეს. თქვენ გაგაოცებთ ცხენში დესენსიტიზაციის საშუალებით მომხდარი ცვლილებებით.

პირველი შეჯდომა

დესენსიტიზაციის კურსის დამთავრების შემდეგ შეგვიძლია განვახორციელოთ პირველი შეჯდომა. შეჯდომა უმჯობესია ერთი ან ორი ერთმანეთზე დადებული თივის პრესიდან, ან შესაბამისი სიმაღლის ტაბურეტიდან. თივის პრესი ან ტაბურეტი ცხენის მარცხენა მხარეს უნდა განვათავსოთ. გამოუცდელმა მხედარმა უნდა მიმართოსასისტენტის დახმარებას. თავდაპირველად ვდგებით თივის პრესზე ან ტაბუპეტზე, რომელიც დგას ცხენის მარცხენა მხარეს და ვაჩვევთ ცხენს ჩვენს სიმაღლეს, ვეფერებით და ვწმენდთ ცხენს ზურგის მეორე მხარეს,შემდეგ ფრთხილად ვეკიდებით ცხენს უნაგირის ადგილას მუცლით ხურჯინივით. მთელი ამ დროის განმავლობაში ასისტენტს უჭირავს ცხენი ავშარით ან აღვირით (თუ ამ დროისათვის ცხენი უკვე მიჩვეულია აღვირს) და მოფერებით, ტკბილი სიტყვებით ართობს მას და დროდადრო უმასპინძლდება სტაფილოს ნაჭრებით. თუ ცხენი არავითარ შიშს არ გამოხატავს ასისტენტი ფრთხილად დაძრავსცხენს ნაბიჯით. დაძვრის მომენტი მნიშვნელოვანია, რადგან დაძვრისას შეიგრძნობს ცხენი მხედრის მთელ წონას და შეიძლება დაფრთხეს. თუ ცხენი არ ფრთხება დაძვრისა და გაჩერების შემდეგ, მხედარს ფრთხილად გადააქვს მარჯვენა ფეხი ცხენის ზურგის მეორემხარეს და იმართება წელში. ცხენის  ნერვიულობის ან დაძაბულობის შემჩნევისთანავე დროებით ვწყვეტთ მცდელობებს და განვაახლებთ, როდესაც ცხენი სრულიად დამშვიდდება. ორი-სამი დაძვრა- გაჩერების შემდეგ ვაჯილდოვებთ ცხენს და ვწყვეტთ ვარჯიშს. თუ ცხენი ამ დროისათვის საკმაოდ მიჩვეული გვყავს, როგორც წესი არანაირი გართულებები არ წარმოიშვება.

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები